რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები, საერთაშორისო ტერორიზმი, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობა, კორუფცია და სამოხელეო დანაშაული, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების შესაძლო გავრცელება - ეს იმ ძირითადი საკითხების ჩამონათვალია, რომლებიც 2017 წლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში მოხვდა და რომელთა შესახებაც უწყების ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ტრიბუნიდან ილაპარაკა. ანგარიშის გაცნობის შემდეგ სხდომა დაიხურა, რასაც საპარლამენტო ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა.
Your browser doesn’t support HTML5
უსაფრთხოების გამოწვევების განხილვა დახურულ კარს მიღმა
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა სამსახურის საქმიანობის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიში წარადგინა, სხდომა, ხმათა უმრავლესობით, დაიხურა.
- მთავარი საფრთხეები: რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები, საერთაშორისო ტერორიზმი, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობა, კორუფცია და სამოხელეო დანაშაული...
- უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის კიდევ ერთი მთავარი თემაა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ საქართველოს საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება და საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის, იმიჯის შელახვა.
მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა სამსახურის საქმიანობის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიში წარადგინა, სხდომა, ხმათა უმრავლესობით, დაიხურა, ანუ კითხვა-პასუხის რეჟიმი პარლამენტის დარბაზში დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა. სხდომის დახურვის მიზეზი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ასე განმარტა:
„ამ უწყების საქმიანობის უდიდესი ნაწილი შეეხება საიდუმლო ოპერატიულ საქმიანობას, რაც მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც საჭიროა დეპუტატებისთვის, რომლებიც უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ. ამიტომ ჩემი წინადადება იქნება, რომ შემდგომი პროცესი გაგრძელდეს დახურულ რეჟიმში“.
ვახტანგ გომელაურთან კითხვა-პასუხის რეჟიმის დახურულ კარს მიღმა წარმართვა მიუღებელი აღმოჩნდა საპარლამენტო ოპოზიციისათვის, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძისთვის:
„ნუ გამოვიგონებთ, კოლეგებო, ველოსიპედს. ასეთი პროცედურები არსებობს ყველა ნორმალურ პარლამენტში. გასაგებია და იმედი მაქვს, რომ სუსის თავმჯდომარეს ექნება ისეთი ინფორმაცია, რომელიც საჯარო არ არის და სენსიტიურია. ამისათვის არსებობს მარტივი პროცედურა: კითხვები დაისმის საჯაროდ და თუ მას მიაჩნია, რომ რომელიმე კითხვაზე პასუხი მოითხოვს დახურულ სხდომას, ის ამბობს, რომ ამ კითხვას უპასუხებს დახურულ ნაწილში. ასე მიმდინარეობს მოსმენა ყველა ნორმალურ პარლამენტში. რაც შეეხება იმას, რომ დეპუტატების გამოსვლები იხურება, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა“.
სხდომის ნაწილობრივ დახურვის შესაძლებლობა არ გამორიცხა კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სერგო რატიანმა, თუმცა აბსურდულად მიიჩნია კითხვა-პასუხის რეჟიმის სრულად დახურვა. გარდა ამისა, მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გააკრიტიკა იმის გამო, რომ გარკვეული კონკრეტული საკითხები 2017 წლის ანგარიშში ვერ მოხვდა:
„მაგალითად, კორუფციასთან დაკავშირებული საკითხები, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული თემები... მაგალითად, აფგან მუხთარლის გატაცების საქმე, რომელიც საერთოდ ვერ მოხვდა თქვენს ანგარიშში. რატომ უნდა იყოს სხდომა დახურული, არ გაქვთ არანაირი არგუმენტი“.
მსგავსი ტრაგედიები ნათლად გვიჩვენებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ხშირი დარღვევა არის ის უპირატესი გამოწვევა, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღის წესრიგს...ვახტანგ გომელაური
რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები, საერთაშორისო ტერორიზმი, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობა, კორუფცია და სამოხელეო დანაშაული, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების შესაძელო გავრცელება - ეს იმ ძირითადი საკითხების ჩამონათვალია, რომლებიც 2017 წლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში მოხვდა და რომლებზეც ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა. ვახტანგ გომელაურის თქმით, იმას, რომ უკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ვითარებაა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს 22 თებერვალს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მომხდარი ფაქტი - არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვა. გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 126, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 52 უკანონო დაკავების ფაქტი აღირიცხა:
„მსგავსი ტრაგედიები ნათლად გვიჩვენებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ხშირი დარღვევა არის ის უპირატესი გამოწვევა, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღის წესრიგს. წლების განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილმა ვითარებამ ცხადყო, რომ რუსეთის ფედერაცია სოხუმსა და ცხინვალში ეტაპობრივ ანექსიის პოლიტიკას ახორციელებს. მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაცია, უკანონო დაკავებები, იზღუდება თავისუფალი გადაადგილება და მშობლიურ ენაზე განათლების მიღება“.
ვახტანგ გომელაურის მტკიცებით, ამ პროცესის ხელის შეშლის მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად ახდენს ოკუპირებული ტერიტორიებისა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარების მონიტორინგს და აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან. ვახტანგ გომელაურის თქმით, უსაფრთხოების სამსახურის აქტიური ჩართულობის შედეგად 2017 წელს ცხინვალის ე.წ. ციხის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა 2016 წელს დაკავებული გიორგი გიუნაშვილი, რომელსაც 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთიდან ექვსწლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა გიორგი ლუკავა, რომელსაც ასევე 20 წლით ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა.
ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში მოხვდა, არის ტერორიზმთან ბრძოლა, რომელიც, უწყების ხელმძღვანელის თქმით, უსაფრთხოების სამსახურის მთავარი გამოწვევაა. ანგარიშის თანახმად, 2017 წელს რეგიონსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არსებული ტერორისტული საფრთხეები არ შემცირებულა. ამავე პერიოდში დაფიქსირდა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის წევრებისა და მათი მხარდამჭერების აქტივობები საქართველოშიც:
გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად გამოიკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მცდელობები გააძლიერონ და გააფართოონ პოლიტიკური გავლენები...ვახტანგ გომელაური
„გასულ წელს საქართველოში ადგილი ჰქონდა ტერორიზმის დაფინანსების მცდელობის, ექსტრემისტული და ტერორისტული იდეების მხარდაჭერისა და საქართველოს ცალკეული მოქალაქეების რადიკალიზაციის ფაქტებს. 2017 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული აქტები აღკვეთა დაგეგმვის პროცესში. სამსახურის მიერ გამოვლინდა ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფი და მათი ხელშემწყობი საქართველოს მოქალაქეები. არსებული ინფორმაციით, ტერორისტული ჯგუფის მიზანს წარმოადგენდა ტერაქტების მოწყობა საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე“.
უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის კიდევ ერთი მთავარი თემაა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ საქართველოს საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება და საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის, იმიჯის შელახვა. ვახტანგ გომელაურის თქმით, საკუთარი ამოცანების შესასრულებლად სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები აქტიურად იყენებენ ჰიბრიდული ომის ტაქტიკას:
„გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად გამოიკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მცდელობები გააძლიერონ და გააფართოონ პოლიტიკური გავლენები. შეიმჩნევა საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ექსპერტული სამეცნიერო კვლევითი ცენტრებისა და სააგენტოების შექმნის მცდელობა, სადაც ხდება კონკრეტული საკითხების დამუშავება და საზოგადოებისათვის საკუთარი ინტერესების შესაბამისად მიწოდება“.
ვახტანგ გომელაურის სიტყვებით, გამოვლინდა პირთა წრე, რომელთა ქმედებებში იკვეთება უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები. გამოვლენილნი არიან ასევე პირები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის იდეის პროპაგანდას ეწევიან.