უსაფრთხოება - თბილისი პრაიდის გამოწვევა

ივნისში დაგეგმილი თბილისი პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეტა სამინისტრო გარკვეულ რისკებს ხედავს უსაფრთხოების დაცვის კუთხით. სწორედ ამიტომ, ის როგორც პრაიდის ორგანიზატორებს, ისე პრაიდის მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ყოველგვარი განცხადებებისგან, სანამ შს სამინისტროსთან მოლაპარაკებები არ დასრულდება.

ნათია მეზვრიშვილი

შსს- არაერთხელ უთქვამს და ახლაც ვიმეორებთ: სადაც არ უნდა მოხდეს, რა დემონსტრაციაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს ამის ორგანიზატორი, იქნება ესქართული მარშითუ ლგბტ თემის წარმომადგენლები, დავიცავთ ყველას გამოხატვის თავისუფლებას, რაც არ გასცდება კანონის ფარგლებს“.

მისი სიტყვებით, განცხადება, რომელიც 23 აპრილს თბილისი პრაიდის გუნდმა გაავრცელა, რეალობას არ შეესაბამება. მეტიც, მეზვრიშვილმა ამ ამბავს „დაუფიქრებელი ნაბიჯი უწოდა“

ეს აზიანებს მხოლოდ და მხოლოდ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის იდეას, რაც ჩვენი ყველას ინტერესი უნდა იყოს. მოლაპარაკებები ჯერ მხოლოდ ორშაბათს დავიწყეთ. შედეგების შესახებ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ადგილობრივ არასამთავრობოებს, სახალხო დამცველს ინფორმაცია მივაწოდეთ. ჩვენ უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს ვხედავთ. ეს ვუთხარით შეხვედრის მონაწილეებსაც და ეს იცის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ. ამიტომ, გადაჭრით რაიმეზე საუბარი, ვიდრე ივნისი არ მოახლოვდება, პრაქტიკულად შეუძლებელია“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

თბილისი პრაიდის გუნდის წევრები შსს-ს წარმომადგენლებს უკვე მეორედ შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრის შემდეგ კი მათ გაავრცელეს განცხადება, რომელშიც, როგორც პრაიდის გუნდის წევრმა, გიორგი თაბაგარმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა რადიო თავისუფლებას, დაწერეს ის, რაც ამ შეხვედრაზე მოისმინეს შსს-ს წარმომადგენლებისგან - რომ „სახელმწიფო გააკეთებს მაქსიმუმს, რომ ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს და დაცული იყოს თითოეული გამომსვლელის უსაფრთხოება“.

ასევე ნახეთ თბილისი პრაიდის განცხადებით, შსს დაიცავს "ღირსების მარშის" უსაფრთხოებას

„ჩვენც ვიცით, რომ რისკი არსებობს. ამაზე შეხვედრაზეც ბევრი ვილაპარაკეთ. ითქვა, რომ „ღირსების მარშის“ მშვიდობიაბად ჩასატარებლად ყველაფერს გააკეთებენ. თუმცა, ჩვენ, ცხადია, გვესმის, რომ იმის სრული გარანტია არ არსებობს, რომ ადამიანების უსაფრთხოება დაცული იქნება. გვახსოვს წინა წლებიც და ის, რაც 2013 წელს, 17 მაისს მოხდა. მაგრამ შსს არის ერთადერთი ინსტიტუცია, ვისაც ასეთი საჯარო შეკრების დროს ევალება უსაფრთხიების კონტროლი“, - გვითხრა გიორგი თაბაგარმა.

გიორგი თაბაგარი

მისი თქმით, თბილისი პრაიდის მიმართ არსებობს ძალიან დიდი ინტერესი, განსაკუთრებით ბევრია კითხვები სწორედ უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, ასევე ბევრს აინტერესებს რა პოზიცია აქვს შსს-ს. ამ კითხვებს სვამს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მედია:

„ეს განცხადებაც იმიტომ გავავრცელეთ, რომ დაინტერესებულ პირებს, ვერც თემის წევრებს და ვერც მედიას, ვერ დავტოვებთ ინფორმაციულ ვაკუუმში. ჩვენ განცხადებაში მხოლოდ სიმართლე დავწერეთ“, - გვითხრა გიორგი თაბაგარმა.

თბილისი პრაიდის მოსამზადებელი შეხვედრები თბილისს გარეთაც გრძელდება. ორგანიზატორები მოელიან, რომ მასში 2000-დან 3000-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

ასევე ნახეთ ლგბტქი პრაიდი თბილისში - ტესტი პოლიციისთვის. აასრულებს თუ არა მუქარას „ქართული მარში“?

პრაიდის ჩატარების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა თავად თემშიც არსებობდა, თუმცა როგორც გიორგი თაბაგარმა გვითხრა, ეს ამ პროცესის თანმდევი ნაწილია და სხვა ქვეყნებშიც ასე ხდება. თემის წევრებთან ამ საკითხზე საუბარი დღესაც გრძელდება, თუმცა დღეს, ამბობს გიორგი თაბაგარი, პრაიდის დღეებში უსაფრთხოების დაცვა არის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი.

თბილისი პრაიდის კვირეული 18-23 ივნისს არის დაგეგმილი.