უსასრულობის იმედით

”უსასრულობის შესახებ” (2019, შვედეთი, რეჟისორი როი ანდერსონი)

კინო თუ გიყვართ, ეს ფილმი არ უნდა გამოგრჩეთ. პირველად თუ ნამდვილად სიტყვა იყო, კინოში პირველად სწორედ ასეთი ფილმი იყო - კინემატოგრაფის პიონერების, ძმები ლიუმიერების, ”ცოცხალი კადრები”. კინოს ისტორია იმ კადრებით დაიწყო - კადრებით, რომლებშიც მოძრაობენ ადამიანები, მანქანები, მატარებლები, შრიალებენ ფოთლები, ქარხნის მილიდან კვამლი ამოდის. ლიუმიერების ფილმებში ამბავი თითქმის არ ვითარდება, ამ პატარა კინომინიატურებს სიუჟეტი არა აქვთ. მაგრამ ლიუმიერების ფილმებში არის მთავარი - არის სიცოცოხლე, არის ხილული სამყარო, რომელიც კინოს დაბადებამდე თითქმის განდევნეს ტრადიციულმა ხელოვნების დარგებმა.

გავიდა დრო და თავად კინოხოელოვნებამ განდევნა ეს ცოცხალი კადრები. კინოში ხმა შემოვიდა. გამოსახულებას დიალოგები დაემატა. ხალხი კინოთეატრში კონკრეტული ისტორიის სანახავად გაემართა. მერე ტელესერიალები გაჩნდა. ”არ დამასპოილერო, იცოდე!” - ამბავმა მთლიანად შეჭამა ეს ცოცხალი კადრები - ფაქტობრივად, განდევნა სიცოცხლე ეკრანიდან.

სწორედ ამ დროს შვედურ კინოს მოევლინა როი ანდერსონი. ფული რეკლამის გადაღებით შეაგროვა. წარმატება მალე მოიპოვა. ბუნებრივიცაა: ლაკონიურად თხრობის უნარი, სახიერი აზროვნება, ირონია - ეს თვისებები ანდერსონმა ჯერ კიდევ კინოს სკოლაში სწავლის დროს გამოავლინა. შეგროვილი ფულით სტუდია გახსნა. უფრო სწორად, ააშენა ორი პავილიონი, რომელიც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა მისი მომავალი ფილმების დეკორაციებისათვის. აქ, ანდერსონის პავილიონებში, ”დაიხატა” სტოკჰოლმი და გეტერბორგი, შვედეთის კაფეები, წიგნის მაღაზიები, პარკებიც კი... ყველაფერი დაიხატა. და ამითაც დაიზოგა ფული. მას მერე ანდერსონი არავის სთხოვს დაფინანსებას. ის იღებს მცირებიუჯეტიან ფილმებს - უფრო სწორად, ”ცოცხალ კადრებს”, რომელთა მშვენიერება კინოს სამყარომ თანდათან აღიარა: მისი ფილმი ”მტრედი იჯდა ტოტზე და ყოფიერებაზე ფიქრობდა” 2014 წელს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზით აღინიშნა.

”უსასრულობის შესახებ” შარშან ვენეციის კინოფესტივალზე უჩვენეს. ანდერსონი ისევ დააფასა ჟიურიმ - მას გადაეცა პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის. ამ, მართლაცდა, მარგალიტებისგან აწყობილ კინოსანახაობას რომ ნახავთ, შეიძლება იკითხოთ, სადაა აქ რეჟისურა? ”უსასრულობის შესახებ” ხომ, ფაქტობრივად, სტატიკური კადრებით გამთლიანებული უსიუჟეტო ფილმია. მინიეპიზოდებს აერთიანებს ქალის ხმა, რომელიც კადრს გარედან ისმის. ეს შეჰერეზადაა, რომელიც ზღაპრებს გვიამბობს... უფრო სწორად, ”კადრებს” გვიამბობს. თითქოს არც კადრებში ხდება რამე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ”მე დავინახე ქალი, რომელსაც მოსტყდა ფეხსაცმლის ქუსლი”, ”მე დავინახე ქალი, რომელსაც უყვარდა შამპანური”, ”მე დავინახე კაცი, რომელსაც უნდოდა ცოლი გემრიელ ვახშამზე დაეპატიჟებინა”... ამ მოძრავ კადრებს არაფერი აკავშირებთ. თუმცა არა, ფილმში არის ერთი პერსონაჟი, რომელიც სხვადასხვა ეპიზოდში გვხვდება - მღვდელი, რომელიც დეპრესიაშია. ფსიქოთერაპევტთანაც კი მიდის და ეკითხება ”აბა, რისი უნდა გწამდეს, თუკი ღმერთი არ არსებობს?”. თერაპევტი უპასუხებს: ”უბრალოდ, უნდა გიხაროდეს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ!”.

მართალი გითხრათ, თუნდაც ამ ფრაზის გამო გავიხსენე დღეს როი ანდერსონის ფილმი, უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო იმ სურათებს შორის, რომელთა პრემიერა გასულ წელს შედგა. ”უსასრულობის შესახებ” მხოლოდ ერთი შეხედვითაა სტატიკური, გაყინული სამყარო, რომელშიც არაფერი იცვლება... აი, ისეთი, ამ მღვდელივით რომ შეიძლება დეპრესიაში ჩაგაგდოს (თანაც, არ დაგვავიწყდეს, მოქმედება შვედეთში ხდება, იმ ქვეყანაში, სადაც სულ მუდამ ენატრებათ მზე). ფილმის მსვლელობის სადღაც მეათე, მეთხუთმეტე წუთზე, როცა ანდერსონის რიტმს გაითავისებთ და მისი სტილის გემოს დააფასებთ, ყოველ ამ სტატიკურ ეპიზოდში იუმორსაც იგრძნობთ, თვითირონიასაც და უძლიერეს მუხტსაც, რომელიც გარინდებულ სამყაროს სიცოცხლეს და ენერგიას ანიჭებს. რაღაც მომენტში იაპონური პოეზიაც გაგახსენდებათ. მერე რა, რომ შვედეთია? იაპონელი პოეტი წერდა ასე:

”ჰოი, როგორ სევდით გასცქერდა,

თვალს ადევნებდა ჩიტუნია

გალიიდან პეპლების ფარფატს”.

იაპონელი პოეტი ასე წერდა და როი ანდერსონი ასე იღებს. არ მალავს, რომ, პირველ რიგში, მხატვარია. მის სურათებს არ სჭირდებათ პროფესიონალი მსახიობები და ნატურაზე გადაღება. არც კამერის მოძრაობა სჭირდებათ. დიაგონალები, მიმართულებები სიღრმეში (გაძლიერებული გზის მოტივით) ქმნიან დასამახსოვრებელ კომპოზიციებს, ერთდროულად სურათოვანს, ”მოჩარჩოებულს” და, ამავე დროს, გახსნილს სიღრმეში. იმის ხაზგასასმელად, რომ ”სურათებიან კინოს” გვთავაზობს, რეჟისორი პირდაპირ ციტატასაც კი რთავს ფერწერის ისტორიიდან - შეგვახსენებს მარკ შაგალის სურათს ”ქალაქის თავზე”; ფილმის პროლოგსა და ფინალში ცაში მოფარფატე წყვილი გაიელვებს. ორი თითქოს ერთნაირი კადრი შეკრავს როი ანდერსონის ფილმს. მაგრამ ფინალში ამ სურათს უკვე სულ სხვანაირად აღვიქვამთ - შეიძლება ითქვას, უსასრულობაში აღვიქვამთ! სწორედ ესაა ავტორის მიზანი - რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შექმნას სრულიად ბანალურისგან, აი იმისგან, რასაც არავითარ შემთხვევაში არ მივაქცევდით ყურადღებას... რატომაა, მაგალითად, საინტერესო კაცი, რომელსაც შუა გზაში მანქანა გაუფუჭდა? აღმოჩნდა, რომ დიახაც, საინტერესოა. კარგ კინოს შეუძლია ეს კაცი, რომელსაც შუა გზაში მანქანა გაუფუჭდა, პოეტურ სახედ აქციოს... და თვითონ ეს კაცი? მანქანითაა გართული და ვერ ამჩნევს ცაში მოფარფატე ჩიტებს. აბა, ბოლოს როდის აიხედეთ მაღლა და როდის დაინახეთ ფრინველთა მიმოფრენა? არ გახსოვთ, ხო? როი ანდერსონის ფილმი მოგანდომებთ თავიდან შეხედოთ იმას, რაც უმნიშვნელოდ მიგაჩნიათ.

შეჰერეზადა ფილმში ”უსასრულობის შესახებ” შემთხვევით არ იწყებს ყველა კომენტარს ფრაზით ”მე დავინახე”... დიახ, დანახვა არის ის, რასაც მაყურებელს სთხოვს როი ანდერსონი. დაძაბე ყურადღება, ფართოდ გახსენი თვალები, დააკვირდი და დაინახავ, აუცილებლად დაინახავ უსასრულობას! ეს კი სრულაიდ საკმარისია იმისთვის, რომ გიხაროდეს - ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ!