ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ცხელი ხაზის მეშვეობით ცდილობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრების აღდგენას. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ამ საკითხზე მხარეების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს. ერგნეთში რიგით 89-ე შეხვედრა 14 სექტემბერს ოსური მხარის მიერ გამოთქმული პროტესტის გამო ჩაიშალა.
Your browser doesn’t support HTML5
დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის დღის წესრიგიდან არჩილ ტატუნაშვილის და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის საკითხების ამოღება მოითხოვეს და უარის მიღების შემდეგ შეხვედრა დატოვეს. ოსური სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ეგორ კოჩიევი ცხინვალში ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და იმ პრეტენზიებზე ისაუბრა, რაც შეხვედრაზე გამოთქვა. კოჩიევი ახალგორის პროკურორის დავით გურწიევის და ახალგორის უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის ალიკ ტაბოევის ინტერპოლით ძებნის საკითხსაც აპროტესტებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მის მიერ ივლისში გაგზავნილი მასალების საფუძველზე, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა ქართველი სამართალდამცავების მიერ ძებნილი დავით გურწიევის და ალიკ ტაბოევის მიმართ. დე ფაქტო რესპუბლიკის "პროკურატურის" და "უშიშროების კომიტეტის" თანამშრომლებს, გურწიევს და ტაბოევს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებებში არჩილ ტატუნაშვილის წამება და არჩილ ტატუნაშვილისთვის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილისთვის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა. ერგნეთში ამ საკითხების წამოწევამ გააღიზიანა ეგორ კოჩიევი.
ასევე ნახეთ რუსეთმა საქართველო დაადანაშაულა ერგნეთის შეხვედრების პოლიტიზებაშიჩაშლილი შეხვედრის გამო შეშფოთება გამოხატეს, როგორც რუსეთის ფედერაციის, ისე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებში, თუმცა განსხვავებული პოზიციებით. რუსეთის ფედერაციამ საკითხის პოლიტიზირებაში საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა.
„ამ ფონზე კიდევ უფრო დამაზიანებელია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის კომენტარები, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანას ფაქტების დამახინჯების გზით."ზურაბ ბენდიანიშვილი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას სახელით გამოქვეყნებული კომენტარით, 14 სექტემბრის შეხვედრის ჩაშლის მიზეზი ის იყო, რომ „მონაწილეთა მიერ წინასწარ შეთანხმებულ დღის წესრიგში თბილისის მოთხოვნით შეიტანეს სამხრეთოსური მხარისთვის მიუღებელი პოლიტიზებული პუნქტები.“ ზახაროვას განცხადებითვე, გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ საქართველომ ინტერპოლით საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა „სამხრეთ ოსეთის ორ მოქალაქეზე“ და „ამ ყველაფერმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დელეგაცია აიძულა, შეხვედრა დაეტოვებინა.“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ უფრო ადრე „ქართული მხარის კონფრონტაციულმა მოქმედებებმა გამოიწვია ანალოგიური მექანიზმის მუშაობის შეჩერება საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე.“ ზახაროვას განცხადებითვე, თბილისის კურსი, რომელიც მიმართულია ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის პოლიტიზებისკენ, ქმნის „სასაზღვრო რაიონებში უსაფრთხოების საკითხების პრაქტიკული გადაწყვეტისთვის შექმნილი ამ სასარგებლო ფორმატის დაბლოკვის საფრთხეს.“ ამასთან, ზახაროვა აღნიშნავს, რომ ცხინვალი უარს არ ამბობს შემდგომ მონაწილეობაზე ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, „გამოიჩინონ საჭირო პრინციპულობა და ხელი შეუწყონ მექანიზმის მუშაობის დაბრუნებას ნორმალურ კალაპოტში.“
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი ფიქრობს, რომ რუსეთის და დეფაქტო ხელისუფლებების მხრიდან ეს არის პასუხისმგებლობებისგან თავის არიდების მცდელობა, რომელიც სწორედ ტატუნაშვილის მკვლელობის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ეხება.
ბენდიანიშვილის აზრით შეხვედრები უნდა განახლდეს და საქართველოს ხელისუფლებამ ტატუნაშვილის თემა საბოლოოდ დღის წესრიგიდან არ უნდა მოხსნას. თუმცა არც ჩიხური მდგომარეობა უნდა დაუშვას და თუნდაც სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ამ თემის მიღმა განიხილოს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა საპასუხო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია რომ ვითარების დესტაბილიზაციით რუსეთის მხარეა დაინტერესებული.
„ამ ფონზე კიდევ უფრო დამაზიანებელია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის კომენტარები, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანას ფაქტების დამახინჯების გზით."
ასევე ნახეთ ტატუნაშვილის წამებაში ბრალდებულთა ინტერპოლით ძებნას ოსური მხარე უკომენტაროდ ტოვებსბოლო პერიოდის განმავლობაში ქართული მხარე მუდმივად აყენებდა აღნიშნულ საკითხს პარტნიორ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მაღალი დონის შეხვედრებზე. საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია იმასთან დაკავშირებით, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაზიანება გამოიწვევს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას.
"მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და დაუბრუნდეს სამუშაო პროცესს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში, რათა თავიდან იქნას აცილებული ადგილზე ვითარების შემდგომი დესტაბილიზაცია.
მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ გააძლიეროს ძალისხმევა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების დაუბრკოლებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, მოლაპარაკებების ფუძემდებლური პრინციპებისა და პროცედურების სრული დაცვით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ოსური მხარე შეხვედრების განახლებას საკუთარი პირობებით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ნოემბრის დასაწყისში ითხოვს, თუმცა კონკრეტულ თარიღზე შეთანხმება ამ დრომდე მიღწეული არ არის. მოლაპარაკებების პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.