ურანის ბრიტანული ჭურვები - რუსეთის ახალი თავისტკივილი  

ვლადიმირ პუტინი, კოლაჟი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, ბარონესა ანაბელ გოლდიმ (Annabel Goldie) განაცხადა, რომ ლონდონი უკრაინას მიაწვდის საარტილერიო ჭურვებს გაღარიბებული (დაქვეითებული აქტივობის) ურანის გულარებით. ამ განცხადებას რუსეთის ხელისუფლების, მათ შორის ვლადიმირ პუტინის უკიდურესად მწვავე რეაქცია მოჰყვა. მოსკოვი ბრიტანეთის ინიციატივას ისე წარმოაჩენს, თითქოს დასავლეთს ომის მსვლელობაში ბირთვული იარაღის კომპონენტი შეაქვს.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ერთ-ერთი წევრის შეკითხვის პასუხად გოლდიმ განაცხადა, რომ ტანკების, Challenger-2-ის მიწოდებასთან ერთად, ლონდონი უკრაინას მისცემს საბრძოლო მასალასაც, მათ შორის, ჯავშანგამტარ სატანკო ჭურვებს, რომლებიც შეიცავენ ე.წ. გაღარიბებულ ურანს.

დიდი ბრიტანეთი ტანკებთან ერთად უკრაინას მიაწოდებს ჯავშანგამტარ სატანკო ჭურვებსაც

„ასეთი ჭურვები უაღრესად ეფექტიანია თანამედროვე ტანკებისა და ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - დასძინა ანაბელ გოლდიმ.

რუსეთის ხელისუფლება დაიმუქრა, რომ სერიოზულად დაფიქრდება, ამ ამბის შემდეგ როგორ უპასუხოს უკრაინასა და დასავლეთს.

რა არის გაღარიბებული ურანი

გაღარიბებული ურანი - ეს არის ერთგვარი ნარჩენი, რომელიც წარმოიშვება გამდიდრებული ურანის წარმოების დროს და, რომელშიც ურან-235-ის შემცველობა 0.72%-ზე ნაკლებია; გამოირჩევა მაღალი სიმკვრივითა და სიმტკიცით. ამ თვისებების გამო გამოიყენება როგორც სამხედრო ტექნიკის ჯავშნის დასამზადებლად, ასევე საბრძოლო მასალის წარმოებაში - ძირითადად ჯავშანსატანკო ჭურვების გულარებად.

გაღარიბებული ურანი არ არის მაღალი რადიოაქტივობის, თუმცა ითვლება ტოქსიკურად და კანცეროგენულად. გაღარიბებული ურანის საბრძოლო მასალებს იყენებდნენ სპარსეთის ყურის ომის დროს, ასევე სერბეთსა და კოსოვოში. ამ გამოცდილებამ გააჩინა შეშფოთება ჯანმრთელობის რისკებთან დაკავშირებით, რომელიც გამოწვეულია გაფრქვეული ურანის ნაწილაკების ატმოსფეროზე ზემოქმედებით. აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს ვებსაიტზე აღნიშნულია, რომ გაღარიბებული ურანი სახიფათოა ორგანიზმში შეღწევის შემთხვევაში.

უკრაინელი სამხედროები ეროვნული დროშით ჩელენჯერ 2-ზე, წვრთნის დასრულების შემდეგ. ბოვინგტონის ბანაკი. 2023 წლის 22 თებერვალი.

გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2018 წელს მიღებულ „გაღარიბებული ურანის გამოყენების შესახებ“ რეზოლუციაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კვლევაზე დაყრდნობით, ნათქვამია, რომ რადიოლოგიური საფრთხე, რომელიც მოსახლეობისა და გარემოსთვის წარმოიქმნება გაღარიბებული ურანის ნაწილაკებით ტერიტორიის ლოკალური დაბინძურების შედეგად, რაც შეიძლება მოხდეს საბრძოლო მასალის გამოყენებისას, არ არის მნიშვნელოვანი“.

„თუმცა, როდესაც საქმე ეხება გაღარიბებული ურანის შემცველი ფრაგმენტების ან მთლიანი საბრძოლო მასალის აღმოჩენას, არსებობს რადიაციული ზემოქმედების პოტენციური რისკი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უშუალო კონტაქტში არიან ასეთ ფრაგმენტებთან ან საბრძოლო მასალასთან“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

2022 წლის დეკემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები არ იძლევა საკმარისად სრულ სურათს ადამიანისა და გარემოსთვის შესაძლო გრძელვადიანი შედეგების შესახებ, რაც შეიძლება გამოწვეული იყო გაღარიბებული (გაფუჭებული) ურანის შემცველი იარაღისა და საბრძოლო მასალის გამოყენებით.

მოსკოვი იმუქრება

კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინაში ამგვარი საბრძოლო მასალის გამოყენებას „ბინძურ ბომბად“ მიიჩნევს. ვლადიმირ პუტინის თქმით, თუ დიდი ბრიტანეთი კიევს მიაწვდის Challenger-2-ისთვის განკუთვნილ გაღარიბებული ურანის გულარიან ჭურვებს, რუსეთი იძულებული იქნება, სათანადო რეაგირება მოახდინოს:

„როგორც ჩანს, დასავლეთმა მართლაც გადაწყვიტა რუსეთთან ბრძოლა ბოლო უკრაინელამდე არა სიტყვით, არამედ საქმით. თუ ეს ყველაფერი მოხდება, მაშინ რუსეთი იძულებული იქნება საპასუხო ნაბიჯი გადადგას იმის გათვალისწინებით, რომ კოლექტიური დასავლეთი უკვე იწყებს ბირთვული კომპონენტის მქონე იარაღის გამოყენებას“.

დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის შეერთებული შტატები არ გეგმავს გაღარიბებული ურანით აღჭურვილი საბრძოლო მასალის უკრაინისათვის მიწოდებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ კიევისათვის გაღარიბებული ურანის ჭურვების მიწოდება იმის ნიშანი იქნება, რომ დასავლეთი მზად არის არა მხოლოდ რისკზე წავიდეს, არამედ დაარღვიოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი.

სერგეი ლავროვი

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმაც ბირთვული ომის საფრთხის კონტექსტში განაცხადა, რომ გაერთიანებულდი სამეფოს გადაწყვეტილებით კატასტროფის გზაზე მორიგი საფეხური იქნა გავლილი.

„მხოლოდ ერთი რამის თქმა შეგვიძლია. არც ისე ბევრი საფეხურია... კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა, სულ უფრო და უფრო ნაკლები საფეხური რჩება“, - თქვა სერგეი შოიგუმ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ლონდონის გადაწყვეტილებას „მორიგი ბრიტანული პროვოკაცია“ უწოდა:

„ამ პროვოკაციის მიზანიცაა, მიიყვანოს უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარება აგრესიის, კონფლიქტისა და დაპირისპირების ახალ რაუნდამდე, შესძინოს თვისობრივად განსხვავებული განზომილება“.

თუმცა რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის პასუხად გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ არ არის არავითარი ბირთვული ესკალაცია.

"ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ბირთვულ თემაზე ლაპარაკობს, რუსეთია. რუსეთს არაფერი ემუქრება. ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რომ დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში“, - თქვა ბრიტანელმა მინისტრმა.

ჯეიმს კლევერლი

უკრაინის გლობალური კვლევების ცენტრ „სტრატეგია 21“-ის სამხედრო უსაფრთხოების პროგრამების ხელმძღვანელი, პავლო ლაკიიჩუკიც ამბობს, რომ რუსეთის რეჟიმი პროპაგანდისთვის იყენებს სიტყვა ურანთან დაკავშირებულ სტერეოტიპებსა და შიშს.

„როცა სიტყვა „ურანს“ ამბობენ, მაშინვე ჩნდება ბირთვული იარაღის შიში, ბირთვული ბომბისა და დაბინძურების შიში. ამ შემთხვევაში რუსეთის ხელმძღვანელობა და პროპაგანდისტები უბრალოდ იტყუებიან“, - ამბობს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი, რომელიც იმის განსამარტად, თუ რას წარმოადგენს ჭურვი ურანის გულარით, ამბობს, რომ არსებობს ორი ტიპის ჯავშანსატანკო ჭურვი:

  • I - კუმულაციური, რომელიც ჯავშანთან შეხებისას გამოყოფს გავარვარებული პლაზმის ჭავლს, რომელიც წვავს ჯავშანსა და ყველაფერს კოშკის შიგნით
  • II - კინეტიკური მოქმედების, რომელიც თავისი მაღალი სიმტკიცით და ძლიერი სასტარტო იმპულსით, ხვრეტს და ანგრევს ტანკის ჯავშანს, ანადგურებს ყველაფერს, რაც ტანკის შიგნით იმყოფება.

საშიშია თუ არა კინეტიკური ჭურვის რადიოაქტივობა?

„ამერიკული „აბრამსები“ თავიანთ მრავალშრიან კომპოზიტურ ჯავშანში იყენებენ გაღარიბებულ ურანს. ამერიკელებს არ ეშინიათ, რომ ეკიპაჟი დასხივდება. ურანის რაოდენობა და მისი რადიოაქტიურობა საფრთხეს არ უქმნის ეკიპაჟის წევრებს“, - ამბობს პავლო ლაკიიჩუკი.

პავლო ლაკიიჩუკი

პაველ აქსიონოვიც, BBC-ის სამხედრო მიმომხილველი, ამბობს, რომ ჭურვები გაღარიბებული ურანის გულარით, რაზეც ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა, სულაც არ არის რაღაც ეგზოტიკური იარაღი.

„ესაა სტანდარტული საბრძოლო მასალა, რომელსაც იყენებს მსოფლიოს მრავალი არმია. ასეთი ჭურვები შედგება მძიმე და მყარი შენადნობების თხელი გულარისგან, რომელშიც გამოყენებულია ვოლფრამი ან გაღარიბებული ურანი, და გარსისგან, რომელიც, პირიქით, მსუბუქია“, - ამბობს სამხედრო მიმომხილველი, რომლის თქმითაც, გულარი ფორმით ძალიან ჰგავს ისარს.

„იდეა კი იმაში მდგომარეობს, რომ ჭურვი აჩქარდება ქვემეხის ლულაში როგორც ჩვეულებრივი საბრძოლო მასალა და მხოლოდ ფრენის დროს, მსუბუქი გარსის მოშორების შემდეგ, გადაიქცევა წვრილ „ისრად“, რომელიც მოძრაობს ფაქტობრივად ჰაერის წინააღმდეგობის გარეშე. ასეთ ჭურვს შეუძლია უზარმაზარი სიჩქარით ფრენა და ჯავშანტექნიკასთან შეჯახებისას დიდი კინეტიკური ენერგიის გამოთავისუფლება - რაც წარმოადგენს კიდეც ჯავშანგამტარი ჭურვის მთავარ დამაზიანებელ ფაქტორს. ასეთი ჭურვი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საბრძოლო საშუალებაა, რომელიც გამოიყენება ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან. ამ ტიპის ჭურვებით შეიარაღებულია ყველა თანამედროვე ტანკი. ბევრი მათგანში გამოყენებულია სწორედ გაღარიბებული (დაქვეითებული) ურანი“.

Challenger-2 ტანკის L30 ქვემეხისთვის შემუშავებულია საბრძოლო ჭურვების ორი ტიპი - L26A1 და L27A1, ასევე ურანის გულარიან ჭურვებს მოიხმარს Rheinmetall Rh-120 ქვემეხი, რომლითაც აღჭურვილია გერმანული Leopard-2 და ამერიკული Abrams M1 ტანკები. რუსეთში ასეთი ჭურვები შეიარაღებაშია 1980-იანი წლებიდან. 2A46M-4 ქვემეხისთვის, რომლითაც შეიარაღებულია T-80 ტიპის ტანკები და 2A46M-5 ქვემეხისთვის, რომელიც დამონტაჟებულია T-90A და T-90M ტანკებში, რამდენიმე წლის წინ გაკეთდა ჭურვი 3BM59 („Свинец -1“), რომელშიც გამოყენებულია ურანის გულარი. კიდევ ერთი, ფართოდ გავრცელებული სატანკო საბრძოლო მასალა გაღარიბებული ურანის გამოყენებით, 3BM32-ია.

თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობს დადასტურებული მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის არმია უკრაინაში იყენებს გაღარიბებული ურანისგან დამზადებულ საბრძოლო მასალას.

გაღარიბებული ურანი ასევე გამოიყენება Abrams-ის ტანკების ზოგიერთი მოდიფიკაციის Chobham-ის ტიპის მრავალშრიან ჯავშანში. ამასთან, არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რამდენად საზიანოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა ყველა თანხმდება იმაზე, რომ ასეთი ჭურვი ძალზე ეფექტიანი საბრძოლო მასალაა და გამოირჩევა ჯავშანგამტარიანობის მაღალი მაჩვენებლით. როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, მათთვის, ვინც ჭურვის მოხვედრისას ტანკში იმყოფებიან, გაღარიბებული ურანის გულარის შესაძლო ტოქსიკურობა ყველაზე ნაკლები პრობლემაა.

„როგორც ჩანს, რუსეთის ხელმძღვანელობის მკვეთრი რეაქცია გამოწვეულია არა იმდენად ბრიტანული ტანკების ჭურვების შემადგენლობაში გაღარიბებული ურანის შემცველობით, არამედ იმით, რომ ამ ჭურვების გამოყენებით უკრაინელები შეძლებდნენ უფრო ეფექტიანად შეუტიონ რუსულ ტანკებს“, - ამბობს პაველ აქსიონოვი.