კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვები ნელ-ნელა იხსნება, თუმცა, ის ყბადაღებული წინადადება „ამიერიდან, ჩვენ ამ ვირუსთან თანაცხოვრება მოგვიწევს“, ძალაში რჩება და მეტიც, ძალასაც იკრებს. ანუ, ახლა დგება დრო, როცა მოწოდება „დარჩი სახლში“, ტრანსფორმირდება და გარდაიქმნება აი, დაახლოებით ასეთ მოწოდებად - „გადი სახლიდან უსაფრთხოდ“.
და რა უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას?
- ცხადია, პირველ რიგში, აწ უკვე გაცვეთილი ფრაზა (პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით) - ხელების ჰიგიენა (და არა მხოლოდ ხელების);
- სოციალური დისტანციის შენარჩუნება;
- და, რაღა თქმა უნდა, პირბადე, თუ ნიღაბი.
სხვათა შორის, რომელია სწორია, პირბადე თუ ნიღაბი, ამ კითხვით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ენათმეცნიერებსაც კი მიმართა. აბა, უცქირეთ:
Your browser doesn’t support HTML5
ჰოდა, როდესაც საქმე პირბადეებსა და მათ მოხმარებაზე მიდგება, აქ ერთ მეტად უცნაურ, გნებავთ, პარადოქსულ ამბავს ვაწყდებით. დარგის სპეციალისტები, ინფექციონისტები, მკურნალი ექიმები, პოლიტიკოსები, ანუ, ის ადამიანები, რომლებიც დღენიადაგ პირბადეების მოხმარებისა და სოციალური დისტანციის აუცილებლობაზე აფრთხილებენ მოქალაქეებს, საზოგადოების წინაშე (უიშვიათესი გამონაკლისის გარდა), ნიღბისა და სოციალური დისტანციის გარეშე ჩნდებიან. მათ შორის, იმ კლინიკებიდან გამოსული ექიმებიც, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ.
ალბათ ბევრს გახსოვთ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ეს რეპლიკა:
Your browser doesn’t support HTML5
რადიო თავისუფლების ფეისბუკის გვერდის მომხმარებელი, თითქმის ორი თვეა, დღეში რამდენჯერმე ადევნებს თვალს სხვადასხვა კლინიკიდან ჩართულ ე.წ. ლაივებს, ანუ პირდაპირ ეთერებს. ექიმები კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობის შესახებ გვიყვებიან. ძირითადად, ნიღბების გარეშე.
Your browser doesn’t support HTML5
დარწმუნებული ვარ, ყოველი ლაივის კომენტარების ველში, სულ ცოტა, 5-7 კომენტარი მაინც შეგხვედრიათ (ან თავად დაგიწერიათ) დაახლოებით ასეთი: „ვაიმე, დისტანცია დაიცავით, ხალხო“, „ეს ექიმები კლინიკიდან არ გამოდიან? პირბადეები რატომ არ უკეთიათ?“ და ა.შ.
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ, მაგალითად, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაკა სოლოღაშვილი, ჟურნალისტებისათვის ინფორმაციის გასაზიარებლად, ხშირად სწორედ პირბადით გამოდის. თუმცა, არა ყოველთვის:
Your browser doesn’t support HTML5
ნიღბის ტარების უიშვიათესი გამონაკლისი, ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ მაშინ დაუშვა, როცა აპრილის დასაწყისში, ბაზარზე გამოვიდა ქართული წარმოების პირბადეები. პირბადეები საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა. ჟურნალისტებთან ტრადიციულ ბრიფინგზე გამოსულმა მარინა ეზუგბაიამ ქართული წარმოების პირბადეები შეაქო. სხვათა შორის, ქართული წარმოების პირბადეები მოიწონა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემაც. ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, რატომ ახსენა პაატა იმნაძემ ცნობილი ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია და ასევე შეგიძლიათ იხილოთ, როგორ გამოიყურება მარინა ეზუგბაია პირბადით.
Your browser doesn’t support HTML5
ჰო, აი, პირბადის ასე, ნიკაპქვეშ გაკეთება არ შეიძლება. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ამასთანავე ყველაზე სახიფათო შეცდომაა, როდესაც პირბადეების მოხმარების წესებზე ვლაპარაკობთ:
Your browser doesn’t support HTML5
ვიდეოში, რომელსაც ახლა თქვენ ნახავთ, ხათუნა ზახაშვილი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პირდაპირ ეთერში გვიხსნის, თუ როგორ უნდა ვატაროთ პირბადე ისე, რომ არც სხვა დავაინფიციროთ და არც ჩვენ დავინფიცირდეთ. ან, სულაც, როგორ შევიკეროთ ჩვენი ტანსაცმლისა თუ გემოვნების შესაფერისი პირბადე. თუმცა, ამ პირდაპირი ეთერის მსვლელობისას, არც ხათუნა ზახაშვილსა და არც ამირან გამყრელიძეს, პირბადეები არ უკეთიათ:
Your browser doesn’t support HTML5
თუმცა, ცხადია, ჩვენ ასეთი ამირან გამყრელიძეც გვინახავს. 2 მაისს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდსიტუაციას გაეცნენ:
ალბათ ეს კადრებიც გახსოვთ, როცა 25 აპრილს, სხვადასხვა კლინიკის ექიმები, ინფექციონისტები, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიკრიბნენ კორონავირუსის მკურნალობის მეთოდებზე სადისკუსიოდ. კლინიკის კიბეებზე მათ სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს. ამ კადრების გავრცელების შემდეგაც „იხუვლა“ ხალხმა, „სად არის დისტანცია?“, „სოციალური დისტანცია ექიმებს არ ეხებათ?“ და ა.შ.
Your browser doesn’t support HTML5
აი, ამ 25-წამიან ვიდეოში, ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, მთავარ რეკომენდაციად სწორედ სოციალურ დისტანციასა და პირბადეების მოხმარებას ასახელებს. ის და კლინიკის ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინე ენდელაძე, ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციის“ სტუმრები არიან. უნიღბოდ:
Your browser doesn’t support HTML5
სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობის საილუსტრაციო ფოტოები ჯერ კიდევ აპრილის შუა რიცხვებში გაავრცელა საქართველოს მთავრობამ. პრემიერ-მინისტრი ზის საკუთარ კაბინეტში და ექვსი სკამის გამოტოვებით ელაპარაკება მთავრობის წევრებს. ოღონდ, ნუ დაგავიწყდებათ, ონლაინ, დიდ ეკრანზე:
რამდენიმე დღეში კი, ისევ და ისევ პრემიერ-მინისტრი, შეზღუდვების მოხსნისა და ეკონომიკის ამოქმედების გეგმას, მთავრობასა და უმრავლესობის წევრებს ზუსტად იმ ფორმით წარუდგენს, როგორც უწინ, კორონამდელ ცხოვრებაში. არადა, თავადვე ამბობს, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, სოციალური დისტანციის შენარჩუნება და პირბადეებით სიარული ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იქნებაო.
Your browser doesn’t support HTML5
ჰო, რაც შეეხება პირბადეების გამოყენების ვალდებულებას, გაგახსენებთ, რომ ეს ვალდებულება ქვეყანაში 17 აპრილიდან გვაქვს და, სხვათა შორის, მას სოლიდური ჯარიმაც მოსდევს. აი, მოისმინეთ:
Your browser doesn’t support HTML5
უყურა ხალხმა ექიმებს, პოლიტიკოსებს, უყურა, უყურა და გაუჩნდათ ერთი და ალბათ ლეგიტიმური კითხვა: თავად ის ადამიანები, რომლებიც სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადეების მოხმარების აუცილებლობისკენ მოგვიწოდებენ, თავად რატომ არ იცავენ ამ რეკომენდაციებს? მარინე ენდელაძე რადიო თავისუფლების ამ კითხვას, სატელეფონო კომენტარით პასუხობს და ხსნის მიზეზს, თუ რატომ არ უკეთიათ ექიმებს პირბადეები ღია სივრცეში, ჟურნალისტებსთან ბრიფინგებზე თუ ტელევიზიებში სტუმრობისას. და კიდევ ამბობს: „შენიშვნა მიღებულია“.
Your browser doesn’t support HTML5