მოლაშქრე ირინა პაიჭაძე თრუსოს ხეობაში, მოლაშქრეთა სხვა ჯგუფებთან ერთად, ბოლო სამ წელიწადში 8-ჯერ იმყოფებოდა, უკანასკლენელად - ერთი თვის წინ. მოლაშქრეები კობის ხეობიდან ყელიწადის ტბისა და არჩვების ტბის მიმართულებით მიდიან ხოლმე. არჩვების ტბაზე გადის ე. წ. პირობითი საზღვარი. იმის იქით მოლაშქრეები აღარ მიდიან ხოლმე, თუმცა „იმის გამო, რომ პირობითი საზღვრის აღმნიშვნელი არავითარი ნიშანი იმ ტერიტორიაზე არ დგას, ალბათობა, რომ მოლაშქრე საქართველოს არაკონტროლირებად ზონაში მოხვდეს, საკმაოდ მაღალია“,- ამბობს ირინა პაიჭაძე. ასეთი შემთხვევები რამდენჯერმე ყოფილა კიდეც, თუმცა საქართველოს მოქალაქეები 28 აგვისტომდე სეპარატისტებს არასოდეს დაუკავებიათ.
ქართველი მესაზღვრეები სოფელ აბანოში, ზაქაგორის ციხესთან დგანან და ყელწადის ტბამდე რამდენიმეკილომეტრიან პერიმეტრზეც პატრულირებენ. გზის ამ მონაკვეთზე ირინას არასოდეს უნახავს ე. წ. სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეები. ბოლო წლებია სოფელ აბანოდან ყელიწადის ტბაზე მისასვლელად ქართველი მესაზღავრეები საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიერ გაცემულ საშვსაც აღარ ითხოვდნენ ხოლმე.
„[ამ ტერიტორიაზე] არასდროს არავინ შემხვედრია, თუმცა რისკი საკმაოდ მაღალია, ვინაიდან ეს ბილიკი მარკირებული არ არის. რელიეფის გამო ბილიკი არც კი ჩანს, ვინაიდან ნაშალი კლდეა. ყელიწადის ტბიდან რამდენიმე ასეულ მეტრში არის არჩვების ტბა, სადაც ოკუპირებული პირობითი საზღვარი გადის და შარშანაც და შარშანწინაც იყო შემთხვევები, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდნენ მოლაშქრეები, რადგან უკან დაბრუნებისას თრუსოს ხეობაში მოსახვედრად უნდა გადმოიარო ესის უღელტეხილი, მაგრამ მეორე, უფრო მცირე უღელტეხილში ერევათ ხოლმე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხვდებიან. გამოსავალი იქნება ის, რომ მოხდეს ბილიკების მარკირება, რომ ასეთი შეცდომებიდან იყვნენ დაზღვეული მოლაშქრეები“.
Your browser doesn’t support HTML5
ე. წ. სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, 28 აგვისტოს საქართველოს 5 მოქალაქე ყელის ტბის მიდამოებში დააკავეს. ყელის ტბასთან შემთხვევით მოხვედრის გარდა, სხვა ალბათობას ირინა პაიჭაძე გამორიცხავს. როგორც წესი, არჩვების ტბის იქით მოლაშქრეები აღარ მიდიან ხოლმე. არჩვების ტბიდან ყელის ტბამდე, დაახლოებით, 5 კილომეტრია.
ის, რომ უკვე თრუსოს ხეობაში შეინიშნა საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევა, ხელისუფლებისთვის საგანგაშო სიგნალად და ძალზე დამაფიქრებელ ფაქტად უნდა იქცეს, მიიჩნევს „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის“ ხელმძღვანელი ბესიკ ალადაშვილი.
„ოკუპანტები და სეპარატისტული ხელისუფლება უნისონში მოქმედებს და ცდილობს გააფართოოს მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. [თრუსოს ხეობაში] საქართველოს 5 მოქალაქის დაკავებით ისინი რეზონანსს აძლევენ იმას, რომ ისინი ფლობენ და აკონტროლებენ ამ ტერიტორიასაც. სეპარატისტების მადა გაიზარდა და ყაზბეგის, თიანეთისა და სხვა ტერიტორიაზეც განაცხადეს პრეტენზია. აქ პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ ეს უსიამოვნო ფაქტები რაიმე სერიოზულ პროვოკაციაში არ გადაიზარდოს“,- ამბობს ბესიკ ალადაშვილი.
Your browser doesn’t support HTML5
ალადაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოს საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავებების ფაქტებს და უნდა შეიქმნას საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავებების ტერიტორიული რუკა, რათა პრევენცია უკეთესად განხორციელდეს.
რუსი ჯარისკაცები ან პატრულირებენ, ან იქ არიან და გადაადგილების შესაძლებლობა ამოქოლილი აქვთ საქართველოს შუაგულში.ქეთევან ციხელაშვილი
„ეს სამწუხარო, დამაფიქრებელი, უფრო მეტიც, შემაშფოთებელი ფაქტია“, - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თრუსოს ხეობაში საქართველოს 5 მოქალაქის დაკავების ფაქტს. დამატებითი განმარტებები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ჯერ არ გაკეთებულა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს: თრუსოს ხეობის მიმდებარე ოკუპირებულ ჯავის რაიონში, სადაც 5 პირი დააკავეს, აქამდე უკანონო დაკავების ფაქტები იმის გამო არ ყოფილა, რომ მაღალმთიანი რაიონია და იქ მიმოსვლა იშვიათია, თორემ ოკუპირებული ტერიტორიების მთელ პერიმეტრზე განლაგებული არიან რუსეთის საოკუპაციო ძალები და დე ფაქტო ოსი მესაზღვრეები და იქ, სადაც აქტიური კომუნიკაციაა, მაგალითად, შიდა ქართლში, უკანონო დაკავებები გაცილებით მასშტაბურიაო. თუმცა, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ნებისმიერი უკანონო დაკავება თანაბრად მნიშვნელოვანია და ამას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოჰყვება სათანადო - მათ შორის პრევენციული - ღონისძიებები:
„ცხინვალის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიების მთელი პერიმეტრი გამაგრებულია რუსული კონტროლით - რუსი ჯარისკაცები ან პატრულირებენ, ან იქ არიან და გადაადგილების შესაძლებლობა ამოქოლილი აქვთ საქართველოს შუაგულში. სადაც არ უნდა ხდებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო დაკავება, ეს არის თანაბრად მძიმე და ამასთან შეგუებას არავინ აპირებს“.
Your browser doesn’t support HTML5
თრუსოს ხეობაში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე. წ. საზღვრის უკანონო ბრალდებით 28 აგვისტოს დაკავებული ხუთი პირი 30 აგვისტოს გაათავისუფლეს. გათავისუფლებულ ახალგაზრდებს ერგნეთში ოჯახის წევრები დახვდნენ.