მთავრობა იმედოვნებს, რომ ჩავარდნა ტურისტული სეზონში გამოსწორებადია.ექსპერტ მაია სიდამონიძის თქმით კი, საქართველომ რუსეთის არასტაბილურ ბაზარს ფული აღარ უნდა დაახარჯოს.
„ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ტურისტულ სექტორში იმ ძალიან მზარდ დინამიკას, რომელიც გვქონდა... დავამუშავეთ ორი პროგრამა, რომელიც, ვფიქრობ, საკმარისი იქნება, რომ ტურიზმის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო მეწარმეები გაუმკლავდნენ იმ პრობლემებს, რომლებიც მოკლე ვადაში შეგვექმნა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ივლისის მონაცემებით, ტურისტული სექტორის ზარალმა 60 მილიონ დოლარამდე შეადგინა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა კი განაცხადა, რომ„თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ჯამურად 10 პროცენტიანი კლება აღინიშნება“.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ივლისში ტურისტების რაოდენობა ირანიდან 60.8%-ით, ხოლო რუსეთიდან 6.4%-ითშემცირდა.
„იზვესტიასთან“ საუბარში რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, იური ბარზიკინმა აღნიშნა, რომ რუსეთიდან საქართველოში ტურისტების ნაკადი 70%-ით შემცირდა და ეს ჯერ საბოლოო მონაცემები არ არის. იქვე ნათქვამია, რომ რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლას სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში არ აღადგენს, სავარაუდოდ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.
ტურიზმის ექსპერტი მაია სიდამონიძე ამბობს, რომ ტურისტების ნაკადი ზოგადად შემცირებული არ არის და ივლისში 5 პროცენტიანი ზრდა მაინც ფიქსირდება. რაც შეეხება რუს და ირანელ ტურისტებს,მათი ჩანაცვლება შესაძლებელია და ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.
„კარგს იზამენ თუ მაქსიმალურად იზრუნებენ ახალი ბაზრების დივერსიფიკაციაზე, რათა რუსეთზე არ ვიყოთ დამოკიდებულები. ეს რამდენიმე კრიტერიუმით ხდება: უვიზო მიმოსვლა, ქვეყნის ცნობადობა და პირდაპირი რეისები. სახელმწიფო ამას აკეთებს, მაგრამ არა ისეთი ინტენსივობით, როგორითაც საჭიროა.კვლავ ფულს ვხარჯავთ რუსეთის ბაზრის სუფსიდირებაზე. ვფიქრობ, ეს სტრატეგიული შეცდომაა, რადგან ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ რუსეთის ბაზარი არ არის სტაბილური.უნდა ვეცადოთ ფული სხვა ბაზრებზე დავხარჯოთ“, - ამბობს მაია სიდამონიძე.
მისივე თქმით, საქართველომ აქცენტი ძირითადად ევროპელ ტურისტებზე უნდა გადაიტანოს, რომლებიც ამ ქვეყანაში მისი კულტურული და ბუნებრივი მრავალფეროვნების სანახავად ჩამოდიან.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროშიც აღნიშნავენ, რომ მათი პრიორიტეტი ქვეყნის ცნობადობის გაზრდა და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვაა. სამინისტრომ ასევე შეიმუშავარამდენიმე პროგრამა:
- საკრედიტო-საგარანტიო სქემა - ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება, იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები. სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, მაქსიმალური 2 000 000 ლარს.
- მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა - ტურიზმის სექტორში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დამატებითი ქულა მიენიჭება ბიზნესებს, რომლებიც საქმიანობენ ტურიზმის სფეროში, მათ შორის: ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, მცირე ზომის მარნები...
- მცირე მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამა - მას საქართველოს მასშტაბით (გარდათბილისისა) სააგენტო - „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს. გრანტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 30 000 ლარით. პროგრამის ახალი ეტაპისმიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში გამოცხადდება.