„არ შეიძლება, საგანმანათლებლო სისტემაში საგნების პედაგოგებად შედიოდნენ პატრულები, სამხედროები, სპორტსმენები და ა.შ“, - ასე ეხმაურება შალვა ტაბატაძე, ექსპერტი განათლების საკითხებში, გავრცელებულ ინფორმაციას სკოლებში ახალი არჩევითი საგნის შემოღებისა და ამ საგნის პედაგოგებად ოფიცრების გამწესების შესახებ.
ის, რაც თავდაცვის სამინისტროსგან ვიცით ახალი საგნის შესახებ
- საგნის სახელწოდება - „თავდაცვა და უსაფრთხოება“.
- საგნის მისია: პატრიოტული სულისკვეთების გაზრდა
- საგნის პედაგოგები - ოფიცრები, რომლებიც სპეციალურად გადაამზადეს
- საგნის სტატუსი - არჩევითი
- საგნის სახელმძღვნელო - წიგნზე მუშაობს თავდაცვის სამინისტრო. ამ ეტაპზე, არსებობს სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია, რომელიც დამუშავების პროცესშია და არ არის საჯარო. 2017 წლის 23 სექტემბერს, თავდაცვის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საგნის - „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სახელმძღვანელოს შექმნა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობას თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 16 მაისის #393 ბრძანებით დაევალა.
- სახელმძღვანელოს თემები - 2008 წლის ომი; საქართველო საერთაშორისო მისიებში; შეიარაღება;
- „თავდაცვასა და უსაფრთხოებას“ საპილოტე რეჟიმით შეისწავლიან 14 სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები. საგნის შესწავლა 2018-19 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან დაიწყება.
თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ცდილობს განმარტოს სკოლებში ახალი არჩევითი საგნის შემოღების მნიშვნელობა და აუცილებლობა: „ჩვენი მიდგომა ეფუძნება ტოტალური თავდაცვის პრინციპს. რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა მოხდეს არა მხოლოდ სამხედრო რესურსების, არამედ მთელი ეროვნული რესურსების მობილიზება და კოორდინირება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის საინფორმაციო-ფსიქოლოგიური კომპონენტი, მათ შორის ტოტალური თავდაცვის. ჩვენ გავეცანით სკანდინავიის, ბალტიის ქვეყნების, ისრაელის გამოცდილებას, ლაპარაკია მცირე ერებზე, სადაც საზოგადოების ფართო ჩართულობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ცნობიერების, პატრიოტული სულისკვეთების გაზრდის მიზნით, შეგვემუშავებინა სახელმძღვანელო პილოტ-პროექტის სახით, კერძოდ, „თავდაცვისა და უსაფრთხოების“ სახელმძღვანელო, რომელიც მოზარდ თაობას გააცნობს, თუ რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო. ეს საფრთხეებია როგორც კონვენციური, ისე არაკონვენციური. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული ბიოლოგიურ ან სხვა კატასტროფებთან. და შესაბამისად, ამ საფრთხეებს სჭირდება ადეკვატური აღქმა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე ქვეყნისთვის, რომლის 20% ოკუპირებულია, მომდინარეობს რუსეთის ფედერაციიდან, აქედან გამომდინარე, ყველა ქართველმა უნდა იცოდეს, თუ როგორ იქნა რეალიზებული ეს საფრთხე ოკუპაციის სახით. ამ სახელმძღვანელოს მიზანია პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება. სახელმძღვანელოს შექმნა ემსახურება ტოტალური თავდაცვის პრინციპის განხორციელებას საქართველოში, რომლის მნიშვნელოვანი ელემენტია აღმზრდელობითი, საგანმანათლებლო და საინფორმაციო კომპონენტი. ასე რომ ეს აპრობირებულია მთელ მსოფლიოში იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გარკვეული საფრთხეების წინაშე დგანან. სახელმძღვანელო პილოტ პროექტის სახით იქნება წარდგენილი 14 საშუალო სკოლაში. ჩვენ მოვამზადეთ ოფიცრები, რომლებიც ინფორმაციას მიაწვდიან ჩვენს მოზარდებს გარკვეულ საფრთხეებზე, განსაკუთრებით სამოქალაქო უსაფრთხოების თემაზე, წიგნი არსებობს ელექტრონული სახით, რომლის საბოლოო დამუშავება მიმდინარეობს და თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ მას და ეს იქნება საჯარო“.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა სახით მიაწვდიან ოფიცრები მოსწავლეებს ინფორმაციას 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ, თავდაცვის მინისტრი პასუხობს: „სახელმძღვანელოში იქნება 2008 წლის აგვისტოს ომის ფაქტების კონსტატაცია. ეს ფაქტები წარმოჩენილი იქნება ისეთი ფორმატით, რომელიც მიზანშეწონილი მოზარდებისთვის პედაგოგიური თვალსაზრისით“.
Your browser doesn’t support HTML5
ის, რაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ვიცით
განათლების სამინისტრო, ამ ეტაპზე, თავს იკავებს სკოლებში არჩევითი საგნის შემოღების დეტალებზე საუბრისგან და ამბობს, რომ სასწავლო კურსის შემოღების ინიციატორი თავდაცვის სამინისტროა. განათლების სამინისტროში რადიო თავისუფლებას მხოლოდ ის უთხრეს, რომ „საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სწავლა-სწავლება მიზნად ისახავს: ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტული სულისკვეთების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას; გააცნოს მოსწავლეს საქართველოსა და მსოფლიოს წინაშე არსებული საფრთხეები და მათზე რეაგირების მექანიზმები; გააცნოს მოსწავლეს სამხედრო საქმის საფუძვლები; გამოუმუშავოს საგანგებო ვითარებაში უსაფრთხო ქცევის, თვითგადარჩენისა და სხვისი დახმარების უნარ-ჩვევები. საგანი სამ სავალდებულო სასწავლო თემას მოიცავს: 2008 წლის ომი; საქართველო საერთაშორისო მისიებში; შეიარაღება. იგეგმება სასწავლო პროცესზე დაკვირვება, მონიტორინგი“.
განათლების სფეროს სპეციალისტების მოსაზრებები საპილოტე კურსზე
შალვა ტაბატაძე ფიქრობს, რომ თავდაცვის სამინისტროს იდეა სკოლებში ახალი სასწავლო კურსის შემოღების თაობაზე ეს არის „ბუნდოვანი ინიციატივა ბევრი ხარვეზით“. ხარვეზები კი მისი თქმით, პირველ რიგში, სწორედ საგანმანათლებლო პოლიტიკას უკავშირდება. როგორც შალვა ტაბატაძე ამბობს, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ისედაც მოიცავს პატრიოტი, აქტიური მოქალაქის აღზრდას და ამ თვალსაზრისით, რაიმე ცალკე საგნის შემოღება აზრს არის მოკლებული: „პრობლემა ისაა, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, შემოგდებული, ფრაგმენტული, საპილოტე პროექტი და ჩემთვის ბუნდოვანია, როგორ ჩაჯდება ის საერთო საგანმანათლებლო რეფორმის კონტექსტში. ჯერჯერობით არ დამტკიცებულა მეათე-მეთორმეტე კლასების ახალი სასწავლო გეგმა. ამიტომ, ლაპარაკი, რომ მეათე კლასში უნდა შემოვიდეს რაღაც ახალი, თუნდაც საპილოტე და თუნდაც არჩევითი საგანი, გაუგებარია. გარდა ამისა, თავდაცვა და უსაფრთხოება არსებული სასწავლო გეგმის მიხედვით უკვე ისწავლება მეოთხე-მეთორმეტე კლასებში. მეტიც, არსებობს არჩევითი საგანი „თავდაცვისა და სამხედრო ისტორია“, რომელიც ისწავლება ზედა საფეხურზე“, - ამბობს შალვა ტაბატაძე.
რაც შეეხება საპილოტე კურსის სახელმძღვანელოს, შალვა ტაბატაძისთვის მიუღებელია, რომ წიგნის შინაარსზე თავდაცვის სამინისტრო მუშაობს. აღსანიშნავია ისიც, რომ კანონმდებლობის მიხედვით, არჩევით საგნებში, განსხვავებით სავალდებულო საგნებისგან, არ არის სავალდებულო გრიფირებული სახელმძღვანელოებით სწავლება. მაგალითისათვის, დღეს, სკოლებში არსებული 30 არჩევითი საგნიდან, მხოლოდ 3 საგანში არსებობს გრიფირებული სახელმძღვანელო. დანარჩენ შემთხვევაში, პედაგოგი და სკოლა საკუთარი შეხედულებებისამებრ ირჩევს შესაბამის სასწავლო რესურსს.
პრობლემა ის არის, რომ ყველა ერევა საგანმანათლებლო სისტემაში, ეხება ეს და არ ეხება.
შალვა ტაბატაძის თქმით, უმჯობესია, თავდაცვის სამინისტრომ და მინისტრმა იზრუნონ თავდაცვის საკითხებზე და საგანმანათლებლო პროცესი მიანდონ დარგის სპეციალისტებს: „პრობლემა ის არის, რომ ყველა ერევა საგანმანათლებლო სისტემაში, ეხება ეს და არ ეხება. პრობლემაა ისიც, რომ თავად განათლების სისტემის მესვეურნიც იმდენად სუსტნი არიან, რომ თავდაცვის სამინისტროს ინიციატივებზე დაყრდნობით, მარტივად შემოაქვთ განათლების სისტემაში გაურკვეველი მიმართულებები. განათლების სისტემა არის სხვა სფერო და განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში, ეპოქაში, როდესაც მნიშვნელოვანი ხდება ანალიტიკური და სააზროვნო უნარების განვითარება. იმისათვის, რომ მოზარდს სააზროვნო და ანალიტიკური უნარები განვუვითაროთ, ამის სრულყოფილად გაკეთება ხშირად თავად პროფესიონალ პედაგოგებსაც კი უჭირთ“, - ამბობს შალვა ტაბატაძე, რომლისთვისაც აბსოლუტურად მიუღებელია განათლებისა და თავდაცვის სამინისტროების გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ახალ არჩევით საგანს სკოლებში ოფიცრები ასწავლიან.
გაუგებარია ახალი არჩევითი საგნის შემოღების გადაწყვეტილება განათლების საკითხებში კიდევ ერთი ექსპერტისთვის, სიკო ჯანაშიასთვის, რომელიც ისევე როგორც შალვა ტაბატაძე, ამბობს, რომ მსგავსი საგანი უკვე არსებობს ზოგადსაგანმნათლებლო სკოლებში და დამატებითი რესურსის ხარჯვის აუცილებლობას ვერ ხედავს. პრობლემაა მისი აზრით ისიც, რომ საგანი სკოლებში სამხედრო პირებმა უნდა ასწავლონ: „სამხედრო სფეროში მომუშავე ადამიანები აღზრდილნი არიან ბრძანებების შესასრულებლად და სკოლაში არ უნდა ისწავლებოდეს ბრძანებების შესრულება. ეს არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანია, რომ მოზარდებს ვასწავლოთ კრიტიკული აზროვნება და შეფასება. და რამდენად ექნება ამის უნარი და მანდატი სამხედროს, რთული სათქმელია“.
ძველი იდეის გაცოცხლება
სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების პროგრამა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2010 წლიდან, საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის საფუძველზე დაიწყო. ახალი საპილოტე პროგრამა მაშინ განათლების სამინისტრომ თავდაცვის, შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების წარმომადგენლებთან და უცხოელ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა. პროგრამა კი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამოქალაქო თავდაცვა, საგზაო უსაფრთხოება, პირველადი სამედიცინო დახმარება, ქართული ჯარის ისტორია და ქართული არმიის შეიარაღების გაცნობა. „სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება“ მეოთხე და მეთორმეტე კლასებში ისწავლება.
იდეა, მოსწავლეებში ქართული ჯარის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების თაობაზე კი 2015 წელს გაჩნდა. იმჟამინდელი მინისტრები თინათინ ხიდაშელი და თამარ სანიკიძე ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ და გადაწყვიტეს, რომ ამ მიზნით გაიმართებოდა ერთობლივი სასკოლო კონკურსები, საინფორმაციო-საგანმანათლებლო ექსკურსიები და სხვა სასწავლო პროგრამები. მაშინ, თავდაცვის მინისტრი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა გმირების თემის პოპულარიზაციაზე და ამბობდა: „ჩვენი გმირების თემაზე ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია ერთობლივად გავაკეთოთ სკოლის მოსწავლეებისთვის და თავდაცვის სამინისტროს განათლების სარდლობის რესურსი გამოვიყენოთ სამოქალაქო თავდაცვის საგნის სწავლების დროს“. პროექტის დაწყება კი იგეგმებოდა 2015-16 სასწავლო წლიდან.