აფხაზეთში ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტს ემატება საბიუჯეტო კრიზისიც: რუსეთიდან ფინანსური დახმარების შეწყვეტის გამო დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა ვერ არიგებს ხელფასებს და ვერ გასცემს სოციალურ დახმარებებს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა მეორე კვირაა უმწვავეს ენერგოკრიზისს ებრძვის. საბიუჯეტო კრიზისის გამო სოხუმი ვერ ახერხებს სამყოფი ელექტროენერგიის შეძენას რუსეთიდან, ენგურჰესი კი, ჯვრის წყალსაცავში წყლის დონის ვარდნის გამო, სანახევროდაც ვერ ახერხებს ზამთრის გამო გაზრდილი დეფიციტის დაფარვას. ვითარების სიმწვავეზე მეტყველებს სოხუმის მოსახლეობის ერთი ნაწილის წერილობითი მიმართვა, რომლის ადრესატი აფხაზეთში მოქმედი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციებია:
„ჩვენ, უბრალო ხალხი, მარტო დავრჩით სახელმწიფო მასშტაბის პრობლემასთან. არ ვიცით, ვის მივმართოთ ან რა გავაკეთოთ. სახლებში და ბინებში დარჩენა შეუძლებელია. გარეთ ჰაერის ტემპერატურა ყოველდღიურად ეცემა. ელექტროენერგიის მუდმივი უქონლობის გამო ჩვენი სამუშაო თითქმის მთლიანად პარალიზებულია.
პრაქტიკულად აღარ გაგვაჩნია შემოსავლის არანაირი წყარო. საჯაროდ მივმართავთ ყველა ჯანსაღ ძალას ქვეყანაში! გთხოვთ, გადადგათ გადაუდებელი ნაბიჯები სიტუაციის სტაბილიზებისთვის. ამჟამინდელი-წარმავალი ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს ხალხს და ხელოვნურად ქმნის ცხოვრების გაუსაძლის პირობებს.
ამ ხელისუფლებამ აჩვენა თავისი სახე და განუდგა ხალხს. ჩვენ გვჭირდება ეროვნული ლიდერი! ჩვენ გვჭირდება ეროვნულობაზე ორიენტირებული გუნდი. თუ არ შეისმენთ ჩვენს მოწოდებას, მზად ვართ დამოუკიდებლად გავიდეთ ქუჩაში და დავანახვოთ ყველას ხალხის რისხვა!“
კრიზისის სათავე
2024 წლის 1 სექტემბრიდან რუსეთმა შეაჩერა აფხაზეთისთვის სოციალური დახმარება, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკის პედაგოგებზე, ექიმებსა და სამართალდამცავებზე ნაწილდებოდა. გარდა ამისა, მოსკოვმა გადაწყვიტა, სოხუმისთვის ელექტროენერგია კომერციულ ფასად მიეყიდა.
აფხაზეთში ფიზიკური პირებისთვის დენის ტარიფი 1,4 რუბლია (1,3 ცენტი), იურიდიული პირებისთვის - 2,4 რუბლი და ეს მაშინ, როცა რუსულ ელექტროენერგიაში სოხუმი 4 რუბლს იხდის, სხვაობას ანაზღაურებს დე ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტი, რომელიც ასევე უმძიმეს კრიზისშია რუსეთიდან ფინანსური დოტაციის შეწყვეტის გამო.
„რუსეთიდან ფინანსური დახმარების შეწყვეტის გამო წავაწყდით პრობლემას. სახსრები, რომლებიც აკუმულირდებოდა რუსული დენის შესაძენად, წავიდა ხელფასებსა და სხვა სოციალურ ხარჯებზე. ამით აიხსნება ფულადი სახსრების დეფიციტი, რამაც დღეს მძიმე ვითარებაში ჩაგვყარა.
1 სექტემბრის შემდეგ ჩვეულ რეჟიმში რომ მიგვეღო ბიუჯეტში ჩადებული თანხა, რაც დაახლოებით 1,8 მლრდ რუბლია, პრობლემა არ გვექნებოდა“, - განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა, ჯანსუხ ნანბამ.
აფხაზეთის მთავარი ენერგეტიკული კომპანიის, „ჩერნომორენერგოს“ დირექტორის, ტიმურ ჯინჯოლიას თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკას რუსული დენის ექსპორტი დღე-ღამეში 8,8 მლნ რუბლი უჯდება [1$ - 104 რუბლი]:
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის, კრისტინა ოზგანის თქმით, ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, ზამთრის დასაწყისში, როცა ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე ეცემა, აფხაზეთს ექმნება დაახლოებით 400 მლნ კვტ-სთ დეფიციტი, რომელიც იანვარში 700 მლნ კვტ-სთ-მდე იზრდება.
2023 წელს სოხუმმა რუსეთიდან 280 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია მიიღო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა დეფიციტის აღმოსაფხვრელად, რადგან, როგორც ადგილობრივი ენერგეტიკოსები ამბობენ, უწყვეტი მიწოდებისთვის აფხაზეთს სჭირდება 340 მლნ კვტ-სთ.
დე ფაქტო აფხაზეთის 2024 წლის ბიუჯეტი:
- აფხაზეთის 2024 წლის ნაერთი (კონსოლიდირებული) ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები:
- შემოსავალი - 15 მილიარდ 526 მილიონ 893,4 ათასი რუბლი,
- ხარჯები - 16 მილიარდ 273 მილიონ 010,7 ათასი რუბლი,
- დეფიციტი - 746 მილიონ 117,3 ათასი რუბლი.
ასევე ნახეთ უმწვავესი ენერგოკრიზისი აფხაზეთში - რუსეთის შურისძიება?
რუსეთის ფედერაციის ფინანსური დახმარება:
- სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის - 3,9 მლრდ რუბლი,
- აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამაში საბიუჯეტო ინვესტიციების განხორციელებისთვის - 1,1 მლრდ რუბლი,
- სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში ეკონომიკური სექტორების სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებების დაფინანსებისთვის - 162 მლნ რუბლი.
მაინინგი და მრიცხველები
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტროენერგიის კრიზისს ერთიორად აღრმავებს მოხმარებული დენის საფასურის დაბალი მაჩვენებელი და კრიპტოვალუტის არალეგალური მაინინგი, რომელსაც კორუფციის გამო ადგილობრივი ხელისუფლება არაეფექტიანად ებრძვის.
დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წელს დამონტაჟდა 22,3 ათასამდე მრიცხველი, რამაც მოხმარებული დენის საფასურის გადახდის მაჩვენებელი გაზარდა 928 მლნ რუბლამდე (2022 წელს - 552 მლნ რუბლი), თუმცა მოსახლეობამ არ გადაიხადა დაახლოებით 1,3 მილიარდი რუბლის დენის საფასური, მაშინ, როცა 835 მლნ რუბლის შეიძინა.
„ძალიან ცუდი მაჩვენებელია, სამწუხაროდ, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, რაც მეტი მრიცხველი დამონტაჟდება, მით მეტი წესრიგი იქნება ამ სფეროში. თუ არ გადავიხდით, ელექტროენერგია არ იქნება. სხვა ყველაფერი ზღაპარია“, - აღნიშნა 2023 წლის დეკემბერში დე ფაქტო რესპუბლიკის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა.
დე ფაქტო აფხაზეთში გამრიცხველიანების მაჩვენებელი 20%-ს არ აღემატება.
„თუ ენერგეტიკის დარგში ყოველ წელს დაიხარჯება 500-600 მლნ რუბლი მრიცხველების შეძენასა და ავარიული უბნების შეკეთებაზე, დარგი კრიზისიდან 3-4 წელში გამოვა. სულ ჯამში 83 ათასი მრიცხველია შესაძენი“, - განაცხადა ერიკ რშტუნმა, დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ეკონომიკური რეფორმების კომიტეტის წევრმა.
რაც შეეხება არალეგალურ მაინინგს. „აფხაზეთში მაინინგი მოიხმარს 20 მეგავატზე მეტს, - განაცხადა 15 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე „ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა ტიმურ ჯინჯოლიამ, რომლის თქმითაც, წინა კვირაში, ვიდრე ადმინისტრირება გამკაცრდებოდა, მოხმარება ორჯერ მეტი (40,5 მგვტ) იყო.
დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ენერგეტიკის მინისტრის ჯანსუხ ნანბას თქმით, 2024 წელს აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგის 1600 აპარატი ამოიღეს.
დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, გარი კოკაია მაინინგის მფარველობასა და აფხაზეთის ენერგეტიკის დანგრევაში ასლან ბჟანიას მთავრობას ადანაშაულებს.
„მინდა შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, რატომ გაჩნდა დენის ასეთი დეფიციტი, - განაცხადა მან ერთ-ერთი შეკრების დროს, - 2020 წელს ბჟანიას მთავრობის მოსვლისა და მაინინგის ლეგალიზების გადაწყვეტილების შემდეგ, დენის მოხმარება გაიზარდა 500 მილიონი კილოვატით, ერთი წლის შემდეგ კიდევ 500 მილიონი კილოვატით, ანუ დღეს ჩვენ წელიწადში 3 მილიარდ კილოვატ საათს მოვიხმართ, მაშინ როცა 2019 წელს მოვიხმარდით დაახლოებით 2 მილიარდ კვტ-სთ-ს. ეს დეფიციტი მთლიანად ბჟანიას ხელისუფლების დამსახურებაა“.
„თავის თავს დააბრალონ“
სოხუმში ეჭვი არ ეპარებათ, რომ რუსეთი აფხაზეთს ურჩობისთვის სჯის. აშკარაა, რომ მოსკოვის მოთმინების ფიალა აავსო ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულების გამო დაწყებულმა საპროტესტო გამოსვლებმა, რასაც ხელშეკრულების გაწვევა და დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა მოჰყვა.
რუსული პროპაგანდისტული მედია არც მალავს, რომ აფხაზეთში მიმდინარე მწვავე ენერგეტიკული და ფინანსური კრიზისი მოსკოვის ერთგვარი პასუხია აფხაზეთის ოპოზიციისა და მთლიანად საზოგადოების ურჩობაზე.
პროკრემლისტურ ტელევიზია „ცარიგრადს“, თავისი სარედაქციო წერილი ასე აქვს დასათაურებული: „აფხაზეთმა თავის თავს თვითონ მოუწყო ბლოკადა: რუსეთი მატყუარებთან ხუმრობას აღარ აპირებს“.
ასევე ნახეთ კრემლი ახალ იდეოლოგიურ საყრდენს ეძებს„რუსეთის ხელისუფლებამ მწვავე უკმაყოფილება გამოხატა აფხაზეთში მომხდარ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, როცა პარლამენტმა ოპოზიციური ძალების ზეწოლის გამო უკან გაიწვია ე.წ. საინვესტიციო შეთანხმება.
ჩვენი ხელისუფლების პასუხმა არ დააყოვნა - აფხაზეთს მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა შეუჩერდა. ეს მოულოდნელი იყო აფხაზური მხარისთვის, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მათი „სუვერენიტეტი“ ფაქტობრივად დამოკიდებულია მოსკოვის დახმარებაზე.
ამ დროისთვის აფხაზეთი სერიოზული ფინანსური სიძნელეების წინაშე დგას: პენსიების გარდა, ყველა სხვა ფინანსური დახმარების გაცემა შეჩერებულია.
აფხაზეთის ხელისუფლება აღმოჩნდა ისეთ ვითარებაში, როდესაც მას არ აქვს ფული საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების ხელფასების გადასახდელად, მათ შორის ძალოვანი უწყებებისათვისაც, რასაც შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს“, - „ცარიგრადის“ სარედაქციო წერილში გამეორებულია რუსეთის ეროვნული გაერთიანებების კონგრესის პრეზიდენტის, ვლადიმირ ხომერიკის ციტატაც: „დიახ, აფხაზეთში შესვლა უნდოდათ რუს ოლიგარქებს, მაგრამ სოხუმში უნდა ესმოდეთ, რომ მხოლოდ რუსეთია აფხაზეთის სუვერენიტეტის მთავარი გარანტორი. და კიდევ: მოსკოვი ცდილობს დაფინანსების ტვირთის ნაწილის ბიუჯეტიდან კერძო ბიზნესზე გადატანას“.
ასევე ნახეთ „რად გვინდა ასეთი ინვესტორი?“ - რას გულისხმობს საინვესტიციო ხელშეკრულება მოსკოვსა და სოხუმს შორისЦарьгра́д ТВ - რუსული საინფორმაციო ინტერნეტ სატელევიზიო არხი, რომელიც დაარსდა 2015 წელს რუსი ბიზნესმენის კონსტანტინ მალოფეევის მიერ და, რომელიც ეწევა ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტური იდეოლოგიის პროპაგანდას. არხი მჭიდროდ თანამშრომლობს რუსულ საზოგადოებრივ, კულტურულ და რელიგიურ ორგანიზაციებთან, მათ შორის - რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.
ტელეკომპანია „ცარიგრადის“ რედაქციაში მიიჩნევენ, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობას მოუწევს შეეგუოს ამ ვითარებას, რადგან მისი მომავალი მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან:
„აშკარაა, აფხაზეთში, ისევე როგორც რუსეთში, ძველ მდგომარეობას ვეღარ დაუბრუნდებიან. ეკონომიკის, პოლიტიკისა და საზოგადოების ორგანიზების მოძველებული ფორმები თანდათან უთმობს ადგილს ახალს, რომელიც უფრო მეტად შეესაბამება დღევანდელ გამოწვევებს. შესაძლოა ეს იყოს პოზიტიური ცვლილება. აფხაზეთმა თვითონ მოუწყო თავის თავს ბლოკადა, თავისივე ელიტების ხელით“.
აფხაზეთში შექმნილ მძიმე მდგომარეობას „კარგი პოლიციელის“ კომენტარით გამოეხმაურა რუსეთის კიდევ ერთი მთავარი პროპაგანდისტი, მედიაჯგუფ Russia Today-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი, რომელმაც გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი არ დაკარგავს აფხაზეთს, როგორც მოკავშირეს.
„აფხაზეთის, როგორც ჩვენი უახლოესი მოკავშირის დაკარგვა... ეს, მაპატიეთ, თვითმკვლელობაა, თქვენ იცით, რომ ჩვენი საყვარელი სირიუსისგან, რომელიც ასევე ძალიან უყვარს პრეზიდენტს და ყველა ჩვენგანს, ფეხით ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს. ყურადღება: ნახევარი საათის! ივლი და ნახევარ საათში აფხაზეთში იქნები. უბრალოდ დაფიქრდით: რამე ცუდი რომ მოხდეს, წარმოიდგინეთ რა მასშტაბის კატასტროფა იქნება“.
სირიუსი - პირველი ფედერალური ტერიტორია რუსეთში, რომელიც პუტინის პატრონაჟით 2020 წელს შეიქმნა იმერეთის დაბლობის ადლერის რაიონიდან გამოყოფით. „სირიუსის“ ტერიტორია შემოსაზღვრულია მდინარეებით ფსოუ და მზიმთა, ასევე ჩრდილოეთიდან უროჟაინაიასა და კასპიისკაიას ქუჩებით.
რა გამოსავალს ხედავენ სოხუმში
აფხაზეთში შექმნილ კრიზისს ბევრი ადგილობრივი მიმომხილველი ადარებს 1994 წელს, თუმცა, როგორც აფხაზი ეკონომისტი ახრა არისტავა ამბობს, 2020-2024 წლების ვითარება განსხვავებულია იმით, რომ ამჯერად ე.წ. ხელისუფლებას არ აქვს ეროვნული სამოქმედო გეგმა:
„ეროვნული გეგმის არარსებობის გამო, ჩვენ გავხდით რუსეთის გეგმის ნაწილი, რომელიც პირდაპირ და ნათლად ჩამოაყალიბა 2022 წლის მარტში რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დმიტრი ვოლვაჩმა. ამ რუსული გეგმის ნაწილია შეთანხმება კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ, რომელიც 2020 წლიდან მიმდინარეობს.
შემიძლია ვთქვა, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობას რომ ჰქონდეს ეროვნული განვითარების დამტკიცებული გეგმა, მაშინ, რუსეთის ხელმძღვანელობა ანგარიშს გაუწევდა მას და დაგვეხმარებოდა გეგმის განხორციელებაში. დღევანდელი კრიზისი ამ გეგმის არარსებობის შედეგია“.
15 დეკემბერს აფხაზეთის საზოგადოებრივ პალატაში გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც ენერგეტიკულ კრიზისი და დარგის განვითარების პერსპექტივები განიხილებოდა, პალატის წევრებმა დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრს ჰკითხეს, როგორ აპირებს მომავალში მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხის გადაჭრას.
ჯანსუხ ნანბამ განაცხადა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილება როგორც მზის ენერგიის გამოყენება, ასევე მცირე ჰიდროელექტროსადგურების განახლება:
„განიხილება მზის პანელების დაყენების საკითხი, რაც შესაძლებელს გახდის დღისით ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას. იგეგმება მზის პანელების იმპორტის გათავისუფლება საბაჟო გადასახადისგან.
ჩვენ გვაქვს სამი უმოქმედო ჰიდროელექტროსადგური, რომელთა აღდგენით ორი უცხოური კომპანიაა დაინტერესებული. მათი შეთავაზებიდან რაღაც მისაღებია, რაღაცაში არ ვეთანხმებით.
განვუმარტეთ, რომ აფხაზეთში ენერგეტიკული ობიექტები ხალხის საკუთრებაა და ისინი არ შეიძლება იყოს კერძო. ამ ფირმებმა უნდა მისცენ სახელმწიფოს გარანტიები.
კარგი იქნებოდა, თუ სახელმწიფო საკუთარი ხარჯებით აღადგენდა სადგურებს, მაგრამ ასეთი სახსრები ჩვენ არ გვაქვს. ამ ჰიდროელექტროსადგურების აღდგენისთვის საჭიროა დაახლოებით 10 მილიარდი რუსული რუბლი (96 მლნ დოლარი). შედეგად მივიღებდით წელიწადში დამატებით 350 მლნ კვტ-სთ-ს, რაც დაფარავდა აფხაზეთის დეფიციტის (700 მლნ კვტ-სთ) ნახევარს“.
მოკლევადიან გეგმაზე საუბრისას კი ჯანსუხ ნანბამ განაცხადა, რომ მოსკოვიდან ელოდება დადებით პასუხს ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ოქტომბერში გაგზავნილ წერილზე.
„მივმართეთ რუსეთს 327 მლნ კვტ-სთ მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტის სოციალური ტარიფით უზრუნველყოფის თხოვნით.
ოფიციალური დადასტურება, რომ „სოციალური ნაკადის“ დაგეგმილ მოცულობას მივიღებთ, ჯერ არ ყოფილა. აფხაზურ მხარეს ყველა ტექნიკური პროცედურა დასრულებული აქვს“, - განაცხადა დე ფაქტო აფხაზეთის ენერგეტიკის მინისტრმა.