ბუნებისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ომმა გამოიწვია, სულ უფრო იზრდება. ექსპერტები გაფრთხილებას გამოთქვამენ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ხანგრძლივი უარყოფითი შედეგების შესახებ.
დატბორილი ტერიტორიის ხედი (27 ოქტომბერი) სოფელ დემიდივის მახლობლად. სოფელი კიევის ჩრდილოეთით 40კმ-ში მდებარეობს. უკრაინამ ტერიტორია განზრახ დატბორა, რათა შეენელებინა რუსეთის წინსვლა და დაეცვა დედაქალაქი ომის დასაწყისში.
დემიდივში წყალდიდობის შემდეგ, მისი მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ ონკანის წყალი მღვრიე გახდა, უცნაური გემო ჰქონდა და თხელ ნალექს ტოვებდა ქვაბებსა და ტაფებზე, საჭმლის დამზადების შემდეგ. სოფელი მოსკოვის კონტროლის ქვეშ იყო აპრილამდე, როცა რუსულმა ჯარებმა უკან დაიხიეს მას შემდეგ, რაც კიევი ვერ აიღეს. World Wildlife Fund-ის თანახმად, 6 მილიონზე მეტ ადამიანს უკრაინაში შეზღუდული აქვს ან საერთოდ არ აქვს წვდომა სუფთა წყალზე.
71 წლის დემიდიველი ოლჰა ლეჰანის მომავალი გაურკვეველია: სახლი დაობებულია, სუფთა წყალი არ აქვს და ბაღი განადგურებულია.
პროდუქტი, რომლის იმედადაც იყო ოლჰა ერთ დროს, ახლა მის დატბორილ სარდაფში დამყაყებულ წყალში ტივტივებს.
უკრაინის ხელისუფლებას დემიდივში წყალი შეჰქონდა, მაგრამ შეწყვიტა ოქტომბერში, როცა ავტოცისტერნა გაფუჭდა და ხალხი იძულებული გახდა ბინძური წყალი მოეხმარა. "სხვა არჩევანი არ არის. არ გვაქვს ბოთლებში ჩამოსხმული წყლის საყიდელი ფული", უთხრა ირინა სტეტცენკომ Associated Press-ს. მისი ოჯახის წევრებს ფაღარათი აქვთ და მას თავისი ორი მოზარდი შვილის ჯანმრთელობა აშფოთებს.
"დათრგუნული ვარ - სახლის გარშემო და მის ქვეშ წყალია", ამბობს დემიდივის მცხოვრები ტეტიანა სამოილენკო. "არა მგონია, მომავალში რამე დიდად შეიცვალოს".
25 მარტს კალინივკაში საწვავის საცავზე რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ, ბრიტანულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ ახლომდებარე წყალსატევში დაბინძურების ნიშნები აღმოაჩინა. ეჭვობენ, რომ ეს გამოწვეული იყო ნავთობით, რომელიც წყალში ჩაიღვარა და თევზი დახოცა.
კალინივკაში მუშები თვეების შემდეგ კვლავ ასუფთავებენ საწვავის საწყობის მიმდებარე არეალს.
კიდევ ერთი მუშა კალინივკაში, საწვავის საწყობში. "ომით გამოწვეული დაბინძურება ასე არ გაქრება. ეს ჩვენმა შთამომავლობამ უნდა მოაგვაროს, ტყეების გაშენება იქნება თუ დაბინძურებული მდინარეების გაწმენდა", - ამბობს დმიტრო ავერინი, შვეიცარიაში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია Zoi Environmnt Network-ის გარემოს დაცვის ექსპერტი.
ბრძოლაში დაღუპულებთან ერთად, ომი ჯოჯოხეთია ასევე ადამიანების ჯანმრთელობისთვის, ფიზიკური და ფსიქიური ჯანმრთელობისთვის", - თქვა რიკ შტაინერმა, გარემოს დაცვის მკვლევარმა. კონფლიქტის შედეგად გამოწვეული დაბინძურებული წყლისა და ტოქსინების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების "გამოვლინებას შეიძლება წლები დაჭირდეს", - თქვა მან.
დაზარალდა უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორი, მისი ეკონომიკის ძირითადი ნაწილი. ხანძარმა დააზიანა მოსავალი, დახოცა პირუტყვი, გადაწვა ათასობით ჰექტარი ტყე და ფერმერებმა ვერ აიღეს მოსავალი, თქვა სერჰი ზიბცევმა, უკრაინის სიცოცხლისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებების ეროვნული უნივერსიტეტის სატყეო საქმის პროფესორმა. "ხანძრები იმდენად მასშტაბურია", თქვა მან, რომ ფერმერებმა "დაკარგეს ყველაფერი, რაც ზამთრისთვის ჰქონდათ მომარაგებული“.
ასევე ნახეთ დანაღმული სამოთხე და ნახშირის ჯოჯოხეთი - რუსეთი უკრაინის გარემოს ანადგურებს