ფოტორეპორტაჟი უკრაინის ომით დაღდასმული ზმეინიდან

უკრაინის კუნძულ ზმეინის ხედი გასაბერი ნავიდან 18 დეკემბერს.

უკრაინელმა სამხედროებმა კუნძული დაათვალიერებინეს რადიო თავისუფლების კორესპონდენტ რომან პაჰულიჩს, AP-ის ფოტოგრაფს და CNN-ის გადამღებ ჯგუფს.

უკრაინელი ჯარისკაცი კუნძულ ზმეინის აღმნიშვნელ აბრასთან. თეთრ ფონზე ხელითაა მიწერილი: "ჩვენი!"

კუნძული რუსულმა ხომალდებმა 24 თებერვალს, უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე საათში დაიკავეს.

უკრაინელი ჯარისკაცები და უპატრონო კატები ათვალიერებენ რუსულ სამხედრო კვების პაკეტებს.

კუნძული უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა, როდესაც გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსეთის ფლოტის ერთ-ერთ ფლაგმანს, 24 თებერვალს დანებების მოთხოვნაზე მიუგეს: „რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ხ...“

განადგურებული რუსული სარაკეტო სისტემა კუნძულ ზმეინიზე.

კიევმა თავდაპირველად განაცხადა, რომ 13-ვე ჯარისკაცი, რომლებიც კუნძულს იცავდნენ, დაიღუპა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი ტყვედ აიყვანეს. ნოემბრისთვის პატიმრების გაცვლის შედეგად ყველა გაათავისუფლეს.

ვერტმფრენის ნამსხვრევები კუნძულ ზმეინიზე.

Mi-8-ის ტიპის ვერტმფრენის მსგავსი ვერტმფრენი განადგურდა კუნძულზე ძლიერი აფეთქების დროს, როდესაც რუსული ჯარები თვითმფრინავის გარშემო იკრიბებოდნენ. აფეთქების ვიდეო მაისში გავრცელდა.

მიტოვებული რუსული TOR-ის ტიპის სარაკეტო სისტემა.

კუნძული რუსეთის ჯარმა ივნისში დატოვა, უკრაინის მხრიდან ინტენსიური თავდასხმების შემდეგ. კრემლი ამტკიცებდა, რომ ზმეინის დატოვება იყო "კეთილი ნების საქციელი", რათა უკრაინიდან  სურსათი, პროდუქტი გაეტანათ. დასავლელი სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ HIMARS-ის ზუსტი სარაკეტო დარტყმების შედეგად კუნძულზე რუსეთის მუდმივ ყოფნა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.

რუსეთის თავდაცვითი საგუშაგოს ნაშთი კუნძულის კლდოვან სანაპიროზე.

ზმეინი უკრაინის ხმელეთის სანაპიროდან სულ რაღაც 35 კილომეტრშია, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის საოკუპაციო  ძალები უკრაინის მხრიდან უწყვეტი ცეცხლის სამიზნე იყო.

შენობები კუნძულ ზმეინიზე.

კუნძული ახლა უკრაინის საერთაშორისო ლეგიონის მებრძოლების კონტროლქვეშაა, მასში ირიცხებიან რუსებიც, რომლებმაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღეს.

უკრაინელი ჯარისკაცი კუნძულზე  დაზიანებულ, 180 წლის შუქურასთან.

2009 წლის ფოტოებზე ჩანს შენობა ამ შუქურის ირგვლივ. იგი განადგურდა კუნძულისთვის ბრძოლის დროს.

 

დანგრეული შენობა კუნძულ ზმეინიზე.

გარდა სამხედრო ბაზისა, ზმეინიზე იყო საზღვაო კვლევის ობიექტიც. ძნელი სათქმელია, როდის განახლდება სამოქალაქო ცხოვრება ბრძოლით დაღდასმულ კუნძულზე.