ბრძოლები სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სოფლის გარშემო - უკრაინის კონტრშეტევა ბახმუტს უახლოვდება
ოფიციალური კიევის მიერ გავრცელებული ფოტო ასახავს უკრაინელ ჯარისკაცებს, ეროვნული დროშებით, სოფელ კლიშჩიივკაში დანგრეული შენობის ფონზე. ფოტო დონეცკის რეგიონში 17 სექტემბერს არის გადაღებული.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა გაათავისუფლეს ბახმუტის სამხრეთით მდებარე დასახლება კლიშჩიივკა, რომელსაც დიდი ტაქტიკური მნიშვნელობა აქვს კიევის კონტრშეტევის მიმდინარეობისთვის. ზელენსკის განცხადებამდე ორი დღით ადრე, უკრაინის სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს ახლომდებარე პატარა სოფელზე, ანდრიივკაზე, ბახმუტიდან სამხრეთ-დასავლეთით.
უკრაინელი ჯარისკაცი მე-3 მოიერიშე ბრიგადიდან, დონეცკის რეგიონის ფრონტისპირა სოფელ ანდრიივკაში დანგრეულ სახლზე აღმართავს გათავისუფლების სიმბოლოს - ეროვნულ დროშას.
ანდრიივკისა და კლიშჩიივკის დაკავება - ორივე სოფელი მაღლობზეა - საშუალებას აძლევს უკრაინის ჯარებს, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შეუტიონ ბახმუტში მყოფ რუსეთის ძალებს. ანდრიივკა ბახმუტიდან 10 კილომეტრშია.
უკრაინელი ჯარისკაცები ბრძოლებს შორის ისვენებენ. 18 სექტემბრის ადრე დილით მძიმე შეტაკებები იყო კლიშჩიივკის გარშემო, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე რუსული ძალები აკონტროლებდნენ.
უკრაინელი ჯარისკაცი მე-3 მოიერიშე ბრიგადიდან დაბომბვის დროს თავს აფარებს ბუნკერს ანდრიივკის მახლობლად.
„თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს კლიშჩიივკის მიდამოებში და ახალ პოზიციებს იკავებენ; მტერმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა ცოცხალი ძალითა და ტექნიკით“, - წერს უკრაინის გენერალური შტაბი ფეისბუკზე 18 სექტემბერს.
უკრაინელი ჯარისკაცი ანდრიივკის მახლობლად და ბრძოლის ველზე დაცემული რუსი ჯარისკაცის ცხედარი. 16 სექტემბერი, 2023 წ.
უკრაინის ჯარებმა კონტრშეტევის დაწყებიდან, ბახმუტთან 51 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. სამი დღის განმავლობაში ანდრიივკისა და კლიშჩიივკის აღება განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა უკრაინის კონტრშეტევის მძიმე ოპერაციის მსვლელობაში.
საბრძოლო მანქანაზე მდგარი უკრაინელი ჯარისკაცი ეწევა სიგარეტს, ბახმუტის ფრონტის ხაზთან ახლოს.
სამთვიანი კონტრშეტევის დროს კიევმა მიაღწია ნელ, მაგრამ სტაბილურ პროგრესს მოსკოვის პოზიციების წინააღმდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში.
უკრაინელი ჯარისკაცი სიგარეტს ეწევა ბომბსაფარში.
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ამ კვირაში ვაშინგტონს ესტუმრება მეტი საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად. მისი ვიზიტის წინ ბრძოლის ველზე გამარჯვებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კიევის კონტრშეტევის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ პროგრესი ძალიან ნელია.
მწვავე ბრძოლის პირობებში რადიო თავისუფლებას არ შეუძლია გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება.