უკრაინის ვეტერან ქალთა მოძრაობის - ქალი სამხედროების უმსხვილესი ორგანიზაციის - შტაბბინაში დღის მეორე ნახევარში მისულ სტუმრებს გვამების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ტომრებით სავსე ყუთები გვხვდება.
ცარიელი ტომრები მიაქვთ ბახმუტში, დონეცკის ოლქში, სადაც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლები მიმდინარეობს თვეების განმავლობაში, ამბობს ოლენა ხარჩენკო, ტვირთის გაგზავნაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი. „ასეა ყოველდღე“, - ამბობს ხარჩენკო.
„ჩვენ მოძრაობა დავაარსეთ ქალი სამხედროების და ვეტერანთა უფლებების დასაცავად“, - გვიხსნის კატერინა პრიმაკი, ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილე, „მაგრამ რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში გვაიძულა, ჯარის მხარდაჭერაზე გადავრთულიყავით“.
გრძელი დერეფანი, რომელიც შტაბბინას კვეთს, გაგიყვანთ სამხედრო და ჰუმანიტარული მარაგის საცავამდე, დრონების წარმოების სახელოსნომდე, უსაფრთხოების ბადის ქსოვის ოთახსა და დიდ სამკერვალო სახელოსნომდე, სადაც მოხალისეები ქმნიან სამხედრო ფორმას ქალებისთვის.
თითქმის ყველაფერი ჯარის, პირველ რიგში, ქალი სამხედროების საჭიროებას ხმარდება, თქვა ხარჩენკომ.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, დაახლოებით, 50,000 ქალი მსახურობს და მათ შორის, დაახლოებით, 5,000 ფრონტის ხაზზეა. თავდაცვის მინისტრის მოადგილის ჰანა მალიარის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ევროპაში ყველაზე „ფემინიზებულ“ არმიებს შორისაა.
სამსახური: "სამშობლოს დაცვა"
კიევიდან აღმოსავლეთით 600 კილომეტრში, დონეცკის ოლქის სოფელ იაცკოვკაში - ლეიტენანტი ლიუბოვ პლაკსიუკი შემდეგი ბრძოლისთვის ემზადება.
პლაკსიუკი პირველი ქალია, რომელიც უკრაინის არმიის საარტილერიო ქვედანაყოფს მეთაურობს. ის ომშია ჩაბმული 24 თებერვლის დილიდან, როდესაც მის ქვედანაყოფზე, როგორც თვითონ უწოდებს, „უწყვეტი მრავალმხრივი დაბომბვა“ განახორციელა რუსეთის არმიამ უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე საათში.
შესვენების დროს, როცა თავის საარტილერიო ნაწილს ფრონტზე დასაბრუნებლად ამზადებდა, პლაკსიუკმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ვითარება, რომელიც შეიქმნა კრემინას - მთავარი ლოგისტიკური ცენტრის - გარშემო, რომლის აღებას უკრაინელები ცდილობენ მეზობელ ხარკოვის რეგიონში წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ, „კონტროლის ქვეშაა, მაგრამ საკმაოდ რთულია“.
„ძნელია ებრძოლო მტერს, რომელსაც რაოდენობით და იარაღით უპირატესობა აქვს და არ აინტერესებს, რას ესვრის“, - გვითხრა მან ტელეფონით.
პლაკსიუკი, რომელიც მონაწილეობდა ლიმანის, დონეცკის რეგიონის მთავარი სარკინიგზო კვანძისა და სხვა დასახლებების განთავისუფლებაში ამ შემოდგომაზე, ახლა საარტილერიო დაზვერვაზეა პასუხისმგებელი. „ჩვენ ვუშვებთ პატარა ჩიტებს, რომლებიც ცოტა უფრო შორს მიფრინავენ, ვიდრე ვხედავთ, პოულობენ მათ, ვისაც სჭირდება მცირე საჩუქარი და ანადგურებენ მტერს“, - გვითხრა მან ხუმრობით, როცა დრონებითა და არტილერიით თავის ყოველდღიურ საქმიანობაზე გვიყვებოდა.
პლაკსიუკმა შვიდი წლის წინ, როცა დახურეს სკოლა, სადაც მუშაობდა, მიატოვა ისტორიის მასწავლებლის კარიერა და გადაწყვიტა აესრულებინა თავისი „ოცნება“ - ჯარში წასულიყო.
„არის ასეთი სამსახური - სამშობლოს დაცვა და ახლა სწორედ ამას ვაკეთებ“, - ამბობს უკრაინის არმიის ლეიტენანტი ქალი.
პლაკსიუკი ერთ-ერთია ორი ქალიდან, რომლებიც მის ქვედანაყოფში მსახურობენ. „სქესს მნიშვნელობა არ აქვს“, თქვა მან და დასძინა, რომ ხელქვეითი კაცები „პატივს სცემენ“ პროფესიონალიზმის გამო.
„მე ვარ იქ, სადაც ვარ, რადგან ამას ვესწრაფოდი“, - თქვა მან.
„ცხოვრებამ ამისთვის არ მომამზადა“
უკრაინის დასავლეთში, ქალაქ უსტილუგში, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მსახურობს 26 წლის ალინა პანინა. ის საბაჟო კონტროლს ატარებს სპეციალური ძაღლის დახმარებით.
პანინას ყოველთვის აინტერესებდა ძაღლებთან მუშაობა და ბავშვობიდან სურდა კარიერის გაკეთება სამხედრო უნიფორმით, უთხრა მან რადიო თავისუფლებას, მაგრამ - პლაკსიუკისგან განსხვავებით - არასოდეს ელოდა, რომ ომის შუაგულში აღმოჩნდებოდა. „ცხოვრებას არ მოვუმზადებივარ იმისთვის, რაც ხდება“, - თქვა მან.
როდესაც რუსეთმა თებერვალში ომი დაიწყო, პანინა მსახურობდა აზოვის ზღვაზე, დონბასში, მარიუპოლში, რომელიც დიდი ხანი იყო რუსეთის სამიზნე. ის მუშაობდა ნავსადგურში და ტვირთებს ამოწმებდა.
მარიუპოლში პირველი რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შემდეგ მალევე, მას უბრძანეს, შეერთებოდა ჯერ ქალაქის მცირე მეტალურგიული ქარხნის, „აზოვმაშის“, შემდეგ კი „აზოვსტალის“ დამცველთა რიგებს.
სანამ რუსული ჯარები ანადგურებდნენ უკრაინის წინააღმდეგობის ბოლო დასაყრდენს, ის სხვა ქალებთან ეხმარებოდა უკრაინელ მებრძოლებს, მათ საკვებს უმზადებდა და დაჭრილებს უვლიდა.
„გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენი ხილვა მათ იმედს აძლევდა“, - იხსენებს ის.
მაისის შუა რიცხვებში პანინა იყო იმ ასობით უკრაინელ ჯარისკაცს შორის, რომლებიც ტყვედ რამდენიმეკვირიანი წინააღმდეგობის შემდეგ ჩაბარდნენ. პანინა ოთხთვე-ნახევარი ტყვედ იმყოფებოდა დონეცკის, რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფ, ცნობილ ოლენევკის ციხეში, სადაც ათობით პატიმარი დაიღუპა ივლისში საშინელი დარტყმის შედეგად.
იქ ის იმყოფებოდა „არაადამიანურ“ პირობებში, სხვა 28 ქალთან ერთად, ოთხისთვის განკუთვნილ საკანში. მაგრამ ყველაზე რთული იყო „გარე სამყაროსგან მოწყვეტა“, - თქვა მან.
პანინა გაათავისუფლეს 100-ზე მეტ უკრაინელ ქალთან ერთად ოქტომბერში პატიმრების გაცვლის დროს. მრავალდღიანი მოგზაურობის შემდეგ, თვალახვეული, იგი შინ რუსეთის ტერიტორიისა და ყირიმის გავლით დაბრუნდა. მისი ქმარი, ასევე სამხედრო, რომელთან ერთადაც მარიუპოლში ცხოვრობდა, რუსების ტყვეობაში რჩება.
„უფრო მტკიცე და ძლიერი გავხდი, ვიდრე ოდესმე მეგონა, - ამბობს პანინა, - მაგრამ გავიგე, რომ კაცებიც ტირიან, როდესაც ხედავენ ყოველდღე თავიანთი ამხანაგების სიკვდილს“.
მისი თქმით, ხანმოკლე დასვენებისა და რეაბილიტაციის შემდეგ, გადაწყვიტა სამხედრო სამსახურში დაბრუნება, რათა „ყველაფერი გამეკეთებინა გამარჯვების მოახლოებისთვის“.
მტკივნეული გზა
უკრაინის ვეტერან ქალთა მოძრაობის შტაბბინაში, კიევში, საბრძოლო მოქმედების ზონიდან მომარაგებისთვის ორი სამხედრო - კაცი და ქალი, ზედმეტსახელად „მონახი“ და „ბემბი“ ჩავიდნენ.
მათ მიიღეს, სხვათა შორის, პარტნიორი ორგანიზაციის მიერ შემოწირული საახალწლო საჩუქრები ქალი ჯარისკაცებისთვის: ტკივილგამაყუჩებლები, მედიკამენტები, მოყინვის საწინააღმდეგო კრემები, სველი ხელსახოცები, პრეზერვატივები და სახვევები. ხარჩენკომ თითოეულ ჩანთას დაამატა ხელით შეკერილი ქალი ჯარისკაცის თოჯინა.
„უკრაინა წინ მიიწევს ძალიან სწრაფად. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთის შემოჭრას, მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების უზრუნველსაყოფად“, - ამბობს კატერინა პრიმაკი, სკამზე გადახრილი ხმაურიან ოფისში.
ახლა 500-მდე წევრის მქონე ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პრიმაკი 21 წლის იყო, როდესაც რუსეთმა დონბასში 2014 წელს სიტუაცია გაამწვავა, „ევრომაიდნის“ პროტესტის და პრომოსკოვური პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობის შემდეგ.
შემდეგ იგი ჩაირიცხა მოხალისეთა სამედიცინო ბატალიონში და 11 თვე მსახურობდა ფრონტის ხაზზე სანიტრად.
„ასაკი და სქესი არანაირ როლს არ თამაშობს ბრძოლის ველზე მოტივაციაში“, ამბობს ის. „ევრომაიდნის შემდეგ ჩემს წრეში გაჩნდა ძლიერი განცდა, რომ თუ არ მივიღებდით მონაწილეობას ბრძოლაში, დავკარგავდით სინდისის თავისუფლების, თვითიდენტიფიკაციისა და იმ ადგილის ჩამოყალიბების უფლებას, სადაც ვცხოვრობთ“.
მაგრამ რეალობა ის არის, რომ როდესაც დონბასში ომი დაიწყო, უკრაინის არმიაში იყო უამრავი პრობლემა, კორუფცია, ძირითადი მარაგის ნაკლებობა და მრავალი სხვა და იქ ხშირად აშკარად მტრულად იყვნენ განწყობილი ქალების მიმართ, ამბობს ის.
„ჩვენ გამუდმებით გვესმოდა, რომ „ომი ქალების ადგილი არ არის“, „ჯობია შვილებთან ერთად დარჩეთ სახლში“ ან „როდესაც ქალი კვდება, სულისკვეთება იკარგება“, - იხსენებს ის.
2018 წლამდე უკრაინის კანონმდებლობა არ აძლევდა ქალებს საბრძოლო პოზიციებზე დანიშვნის უფლებას, ამბობს სოციოლოგი ანა კვიტი, რომელიც 2015 წლიდან შეისწავლის უკრაინელ ქალ ჯარისკაცებს ადამიანის უფლებათა პროექტ „უხილავ ბატალიონში“ გაერთიანებულ კოლეგებთან ერთად.
შედეგად, უთხრა მან რადიო თავისუფლებას, მოხალისე მებრძოლებს აფორმებდნენ მზარეულებად, დამლაგებლებად ან ბუღალტრებად, მაშინაც კი, თუ ისინი ბრძოლაში ჩართული იყვნენ როგორც სნაიპერები, ყუმბარმტყორცნები, მზვერავები ან არტილერისტები.
ამ ლეგალურმა დისკრიმინაციამ, კვიტის თქმით, დონბასში ომში მონაწილე ქალების უმეტესობას წაართვა სოციალური და სამხედრო შეღავათები, სამხედრო ჯილდოები და შეიარაღებულ ძალებში კარიერული ზრდის შესაძლებლობები.
ახლა, როდესაც ძირითადად, პროპაგანდისა და სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლის შედეგად, სამართლებრივი დისკრიმინაცია გაქრა, უამრავი პრობლემა რჩება და ჩნდება ახალი.
Your browser doesn’t support HTML5
ის ფაქტი, რომ უკრაინელმა სამხედროებმა თითქმის ცხრა წლის ომის შემდეგ ქალების უნიფორმების გაცემა დაიწყეს, „პროგრესის ნიშანია“, მაგრამ ასევე აჩვენებს, რომ „უმთავრესი ინფრასტრუქტურაც კი არ არის მომზადებული ქალებისთვის“, - თქვა კვიტმა.
პრიმაკმა - რომელმაც ორი კვირა გაატარა მედიკოსად ხერსონის რეგიონში უკრაინის კონტრშეტევის დროს - გვითხრა, რომ უკრაინელი ქალები - სამხედრო პერსონალი, ყურადღების ცენტრშია ახლა, მაგრამ „მძაფრი ომი აძლიერებს არქაულ პირველყოფილ ინსტინქტებს და ეს გავლენას ახდენს ქალთა უფლებებზე“.
„ომი რთული პერიოდია კრიტიკისთვის, მაგრამ რაც უფრო გრძელდება ის, უფრო და უფრო მეტი რამ არის გასაკრიტიკებელი“, - თქვა მან.
ყველა ეს წამება
კვიტის თქმით, ჯარში ქალების სტატუსის თანდათანობითი ცვლილების მიუხედავად, უკრაინის კანონმდებლობაში სექსუალური შევიწროება მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, ჯარს ჯერ კიდევ არ აქვს მასთან ბრძოლის შესაბამისი პროცედურები შემუშავებული და შემთხვევების შესახებ შეტყობინება არ მოდის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში, ოქსანა გრიგორიევამ, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ მან მხოლოდ ორი შეტყობინება მიიღო შევიწროების ან გენდერული დისკრიმინაციის შესახებ. მაგრამ ის ამტკიცებს, რომ ეს არ ასახავს რეალობას ზუსტად.
„წინა ხაზზე არ არის შევიწროება“, - თქვა მან და დასძინა, რომ „ჯარში ქალები აიძულებენ მამაკაცებს, აჩვენონ თავიანთი საუკეთესო მხარე“.
გრიგორიევამ თქვა, რომ მისი ძირითადი საქმიანობა მიმართულია უკრაინის მიერ დაბრუნებულ რეგიონებში რუსი სამხედროების სექსუალური ძალადობის შედეგების ლიკვიდაციის, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მქონე ჯარისკაცების რეაბილიტაციის, ასევე რუსეთის ტყვეობაში მყოფი და ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების მხარდაჭერისკენ.
„იდეა, რომ ჯარი ქალების ადგილი არ არის, საბჭოთა მენტალიტეტის გადმონაშთია“, - თქვა გრიგორიევამ და დასძინა, რომ ქალები „დიდი რესურსია ყველა დონის არმიებისთვის“.
პრიმაკის თქმით, რომ არა უკრაინელი ქალები, რომლებიც „იბრძოდნენ თავიანთი უფლებებისთვის, როგორც თავიანთი ქვეყნისთვის“, გაცილებით ნაკლები ქალი იქნებოდა უკრაინის არმიაში და ის არ იქნებოდა ის, რაც არის.
„შესაძლოა, ჩვენ უნდა გავიაროთ მთელი ეს წამება, რათა განვაგრძოთ განვითარება, როგორც საზოგადოებამ“, - თქვა მან. „წინააღმდეგ შემთხვევაში, შევწყვეტთ არსებობას, როგორც ერი და სახელმწიფო“.