ოლესია არხიპოვა დონეცკიდან იძულებით გადაადგილებული პირია. ოლესიას მამა 2014 წელს დონეცკში განვითარებული მოვლენების დროს ომში მოხალისედ წავიდა და პირველივე შეტაკებებისას დაიღუპა. ის დონეცკთან ახლოს არის დასაფლავებული, ოლესია კი, 5 წელია, მამის საფლავის მონახულებას ვერ ახერხებს. დეიდა იქ დარჩა, საფლავს უვლის, მაგრამ ნათესავების მონახულება შეუძლებელია. ოლესია არხიპოვა დღეს ერგნეთში ჩავიდა, ნახა აგვისტოს ომის მუზეუმი და შეიტყო, რომ ცხინვალის რეგიონიდან დევნილებიც მსგავსი პრობლემების წინაშე დგანან. რამდენიმე დღეში აღდგომის დღესასწაულზე ვერც ისინი მივლენ ნათესავების საფლავებთან.
Your browser doesn’t support HTML5
“მუზეუმის დიასახლისი გვიამბობდა, რომ საფლავზე მოხვედრა არ შეუძლია. ესეც ძალიან მსგავსი ამბავია. მამაჩემი დონეცკთან დაიღუპა, იქ არის დაკრძალული და მე უკვე ხუთი წელია იქ ჩასვლა არ შემიძლია. მტკივნეული ისტორიაა”, - ამბობს ოლესია არხიპოვა.
უკრაინიდან ჩამოსულ ქალებს ერგნეთის აგვისტოს ომის მუზეუმში მეგზურობას მისი დამაარსებელი ლია ჩლაჩიძე უწევდა - უამბობდა ომის ისტორიას, იმას, თუ როგორ გროვდებოდა მუზეუმისთვის ნივთები. ექსკურსია დიდხანს გაგრძელდა, უკრაინელებს ყველაფერი აინტერესებდათ ქართულ-რუსული კონფლიქტის შესახებ. დროდადრო მათი თვალები ცრემლით ივსებოდა. აგვისტოს ომი მათ დონბასის კონფლიქტს ახსენებდა. სტუმრები და მასპინძელი ერთმანეთისადმი თანადგომას გამოხატავდნენ. ლია ჩლაჩიძე ამბობს, რომ რუსეთი ყველგან ერთი სცენარით მოქმედებს, რაც ადამიანების უბედურებას იწვევს.
„მეც ვტიროდი და ეს ქალებიც ტიროდნენ, როცა ვუყვებოდი. მათაც ზუსტად ის გზა გაიარეს, რომელიც ჩვენ გავიარეთ. ზუსტად ანალოგიური სურათია. ავტორი ამ უბედურებისა ერთია, რუსული მხარე. ზუსტად ისევე ექცევიან მათ, როგორც ჩვენ. ამდენად, ჩვენი ინტერესები და ჩვენი აზრები ერთმანეთს ძალიან ემთხვევა და ძალიან ბევრი საერთოა, რომელიც ცრემლში პოვებს გამოხატულებას“, - ამბობს ლია ჩლაჩიძე.
უკრაინელმა სტუმრებმა საქართველოში შეიტყვეს ვლადიმერ პუტინის ახალი ინიციატივის შესახებ, გამარტივებული წესით მიენიჭოთ დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკების მცხოვრებთ რუსეთის მოქალაქეობა. ეს გზა კრემლმა ცხინვალსა და სოხუმში უკვე გაიარა. უკრაინელი სამოქალაქო აქტივისტის, ელენა კრასკოს აზრით, აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებამ ხმა აიმაღლოს საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის უკანონო ქმედების წინააღმდეგ, თუ არადა, კრემლი ახალ კონფლიქტებს სხვა რეგიონებშიც წამოიწყებს.
“ისინი ახალს არაფერს იგონებენ. უბრალოდ, ოკუპაციას ახდენენ და შემდეგ ერთნაირ ნაბიჯებს დგამენ. ამიტომ ქვეყნები, რომლებიც რუსულმა აგრესიამ დააზარალა, უნდა გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ. რაც შეეხება პასპორტებს, რუსეთი ოფიციალურად კი ამბობს, რომ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ იმყოფება, მაგრამ ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იქ არის და დაინტერესებულია კონფლიქტის ესკალაციით. მე, პირადად, იქ ნათესავები მყავს და ძალიან მიმძიმს. რუსეთის ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს. ამ დროში ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია”, - აცხადებს ელენა კრასკო.
Your browser doesn’t support HTML5
უკრაინელ ქალთა დელეგაცია საქართველოში სასწავლო ვიზიტით იმყოფება. სახელმწიფო სტრუქტურებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ეცნობიან საქართველოს გამოცდილებას გაეროს უშიშროების საბჭოს № 1325 რეზოლუციის - „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის “ - სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით. საქართველოში ისინი ხვდებიან ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს,
სამუშაო ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს გენდერული პოლიტიკის ინტეგრირების კუთხით უსაფრთხოების სექტორში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარმატებით განხორციელებულ არაერთ ძირეულ ცვლილებაზე; ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების, უწყებათა კომპეტენციისა და საზოგადოების ცნობიერების გაზრდის მიმართულებებით გადადგმულ ნაბიჯებზე. გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტ მაია ავალიანის ცნობით, უკრაინელ ქალთა დელეგაციაში შედიან ის ადამიანები, ვისაც უშუალო შეხება აქვს კონფლიქტთან, არიან იძულებით გადაადგილებული პირები ან ცხოვრობენ ოკუპაციის ხაზთან ახლოს. ავალიანის თქმით, მათი ინტერესის საგანს საქართველოში კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯები წარმოადგენს.
აღნიშნული ღონისძიება იმართება გაეროს ქალთა ორგანიზაციის, უკრაინის დევნილთა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების სამინისტროსა და დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციების ხელშეწყობით.