უკრაინელი სამხედრო ექიმების ერთი დღე ფრონტის ხაზზე

ვიდრე ფრონტის ხაზზე მოხვდებიან, წვევამდელები ტაქმედის (ტაქტიკური მედიცინის) გაძლიერებულ კურსებს გადიან.

ისინი ბრძოლაში არ მონაწილეობენ, მაგრამ სადღეღამისო რეჟიმში, ყოველთვის ფრონტის ხაზის სიახლოვეს იმყოფებიან და ფაქტობრივად ტყვიების ცეცხლში ყველაფერს აკეთებენ დაჭრილი ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად.

„არ შემიძლია ვთქვა, თუ რა არის ჩემთვის ყველაზე უფრო მძიმე. შემიძლია ვთქვა, თუ რა არის ყველაზე კარგი ჩემს მუშაობაში. არ გვქონია ისეთი შემთხვევა, რომ მოეყვანათ ვინმე და ვერ გადაგვერჩინა. ხეზე დავაკაკუნებ, მაგრამ მე ამით ვამაყობ“, - ამბობს ექიმი ვიქტორ როდინი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების 93-ე ბრიგადის „ხოლოდნი იარის“ სტაბილიზაციის პუნქტში ეწევა სამსახურს სხვა სამხედრო ექიმებთან ერთად.

სწორედ ამ ბრიგადის ჯარისკაცები უტევენ რუსეთის ჯარების პოზიციებს კლეშჩეევკის რაიონში, ქალაქ ბახმუტის მიმართულებაზე, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ დაჯგუფების მეთაურის, გენერალ ალექსანდრ სირსკის განცხადებით, ნოემბრის დასაწყისში რუსეთმა გაააქტიურა საბრძოლო ოპერაციები ქალაქ ავდეევკის ხელში ჩასაგდებად.


ზოგჯერ უსამართლობის განცდის გამო უმწეობა და ბრაზი გვეუფლება

წინა ხაზთან მყოფ უკრაინელ სამხედრო ექიმს ვიქტორ როდინს და მის კოლეგებს ძალიან ბევრი საქმე აქვთ. მორიგი სანიტარული ევაკუაციის შემდეგ სტაბილიზაციის პუნქტში ისინი დაჭრილ მებრძოლს, ვლადს უტარებენ ოპერაციას.

ვიქტორ როდინს, რომელიც ომამდე ერთ-ერთი ქალაქის საავადმყოფოში მუშაობდა ექიმად, საოპერაციოში ამავე საავადმყოფოდან მობილიზებული მისივე კოლეგები ეხმარებიან. ისინი ერთმანეთს მრავალი წლის განმავლობაში იცნობენ და ერთმანეთისა უსიტყვოდ ესმით.

მაგრამ მანქანაში მოწყობილი „სტაბილიზაციის პუნქტი“ მხოლოდ ერთ-ერთი რგოლია ჯარისკაცების გადარჩენის რთულ ჯაჭვში.

ევაკუაციის პროცესი იწყება სწორედ ასეთი, ფრონტის სიახლოვეს ასობით სამედიცინო ავტომობილის მობილიზებით. მათ მთავარ ამოცანას შეადგენს მოწინავე ხაზზე არსებულ ევაკუაციის წერტილებამდე მაქსიმალურად სწრაფად მისვლა და სახიფათო, წითელი ზონიდან დაჭრილი ჯარისკაცის გამოყვანა.


სამხედრო-სამედიცინო ბრიგადას ევაკუაციის წერტილამდე მისასვლელად მხოლოდ 10 წუთი აქვს. ექიმები გამოძახებისთანავე მივიდნენ ამ წერტილამდე და დაჭრილის მოყვანას იქ დაელოდნენ.

მათ უკვე იციან, რომ დაჭრილი ვლადი „მძიმე 300“-ია (უკრაინისა და რუსეთის არმიებში სამხედროები დაჭრილებს უწოდებენ „300“-ებს, დაღუპულებს „200“-ებს. რედ). მისი პოზიციიდან გამოყვანა რთულია - სანგარს, რომელშიც დაჭრილი მებრძოლი იმყოფება, რუსეთის არტილერია ცეცხლს უშენს.

„მთავარია, რომ იგი გამოვიყვანეთ, მოვიყვანეთ და გავკერეთ“, - ამბობენ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაჭრილების ევაკუაციით არიან დაკავებულები. ომამდე არც ერთი მათგანი არ ყოფილა ექიმი, ერთი პროფესიით მძღოლია, მეორე - შემდუღებელი. შემდეგ კი ჯერ იყო გაწვევა, შემდეგ ტაქმედის (ტაქტიკური მედიცინის) გაძლიერებული კურსები და აი, ახლა ისინი უკვე აქ არიან.

ვლადისლავი ძლივს სუნთქავს. ნამსხვრევების ჭრილობა შიგ გულში აქვს მიყენებული. გზად სტაბილიზაციის პუნქტამდე მას პირდაპირ მანქანაში გაუკეთეს ტკივილგამაყუჩებელი. ვლადი ხან კარგავს გონებას, ხან ისევ უბრუნდება. ხელი ხან ეკუმშება, ხანაც უღონოდ უვარდება.

ყველა დაჭრილი ასეთი მძიმე არ არის. ვიდრე ვლადი ფრონტის ხაზიდან გამოჰყავდათ, მეორე საევაკუაციო ჯგუფს სტაბპუნქტში ფეხში დაჭრილი კიდევ ერთი ჯარისკაცი მოჰყავს. ჯარისკაცი გონზეა და ჩვენთან ხუმრობს კიდეც.

- კიდევ რამდენ ხანს ვერ შევძლებ პოზიციებზე გავლას?

- საერთოდ, ხვალ შეიძლება.

- და დღეს რატომ არა?

„ხუმრობის გარეშე არანაირად არ შეიძლება. ბევრს ვხუმრობთ. ანეკდოტებს ვყვებით, - ამბობს სამხედრო ექიმი, ვიქტორ როდინი, - მაგრამ როდესაც დაჭრილი ბიჭები მოჰყავთ და ვმუშაობთ, ხუმრობის დრო აღარ არის“.

ევაკუაციის ჯგუფს რამდენიმე წუთი აქვს დასასვენებლად. ყავას და ბუტერბროდებს შეექცევიან. ამბობენ, რომ დახმარებისათვის ძალები საკმაოდ აქვთ, მაგრამ ზოგჯერ უსამართლობის განცდის გამო უმწეობა და ბრაზი ეუფლებათ.

„გაბრაზება ძალიან დიდია, - აღიარებს ექიმი, - როდესაც მოგყავს სულ მთლად ყმაწვილი ბიჭი, რომელიც კუნგში, ჯიხურში შენ თვალწინ კვდება. და შენ, მედიკოსს, არაფრის გაკეთება არ ძალგიძს. რადგან რაც არ უნდა გააკეთო, ის მაინც მოკვდება. და შენ მიდიხარ და იცი, რომ ის შენ ზურგს უკან კვდება. და ამ დროს ყველა ჯურის ყოჩი ბიჭები სადღაც კაფეებში სხედან და არაყს სვამენ“.

„აუცილებლად შევხვდებით გამარჯვების შემდეგ!“

ამ დროს „მძიმე 300“ ვლადი წინა ხაზიდან გამოჰყავთ და შედარებით უსაფრთხო ადგილას სხვა, სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ „სასწრაფოში“ გადაჰყავთ. ვლადს უკეთებენ რამდენიმე ნემსს და უდგამენ წვეთოვანს. ყველაფერი წამებში ხდება. ექიმს სახეზე ოფლი ღვარად მოსდის.

თითქმის უგონო მდგომარეობაში მყოფი, სუსტი პულსაციის მქონე ვლადი მისი სიცოცხლის გადარჩენის ფინალურ წერტილში - სტაბპუნქტში მიჰყავთ.

„აქ მოქმედებს ე.წ. ოქროს საათის წესი. ყველაფერი სწრაფად უნდა მოხდეს“, - გვიხსნის ექიმი ვიქტორ როდინი.

20 წუთში ვიქტორ როდინის გუნდი ვლადის სტაბილიზაციას ახერხებს. უწევენ პულსს. უჩერებენ სისხლისდენას და ცდილობენ უპოვონ კუჭში მოხვედრილი ნამსხვრევი. და მერე, როდესაც ვლადის სიცოცხლე უკვე ბეწვზე აღარ ჰკიდია, იგი გადაჰყავთ კიდევ ერთ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანაში, რომელიც დაჭრილს საოპერაციოდ ჩვეულებრივ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანს.

"ნასტოიაშჩეე ვრემიას" კორესპონდენტის შეკითხვაზე, ღირს კი გამარჯვება ამ ფასად, მედიკოსი ასე გვიპასუხებს: „როდესაც ბიჭებთან ერთად ვიკრიბებით, მე ყოველთვის ვეუბნები, რომ აუცილებლად შევხვდებით გამარჯვების შემდეგ. და, ალბათ, ეს ფრაზა უნდა იყოს თქვენი შეკითხვის პასუხი. ის ამად ღირს“.

და ჩვენს თხოვნაზე, რომ ერთი სიტყვით დაახასიათოს ეს დღე, ვიქტორი ამბობს: „შევძელით!“