უკრაინელი დევნილები ევროპაში - რას აჩვენებს რიცხვები და რას ამბობს რუსული პროპაგანდა

უკრაინელი ლტოლვილებით სავსე ავტობუსი პოლონეთის საზღვარზე

უკრაინის ომით დაღლილობაზე საუბრისას, ხშირად ისმის შეკითხვა, ხომ არ დაიღალა ევროკავშირი უკრაინიდან დევნილების მიღებითაც?

ევროკავშირის ქვეყნებში ეკონომიკის ვარდნისა და მიგრანტებისადმი არაერთგვაროვანი, ზოგჯერ კონსერვატიული მიდგომის ფონზე, ასეთ მოსაზრებას აქვს ობიექტური საფუძველი.

მაგრამ ამ მხრივ არსებულ რთულ სურათს დიდწილად დამახინჯებულად წარმოადგენს რუსული დეზინფორმაცია, რის გამოც ბევრი ევროპელი ექსპერტი სკეპტიკურად აფასებს და გაზვიადებულს უწოდებს უკრაინით ევროკავშირის გადაღლილობას.

„რუსეთის დეზინფორმაციის სუბიექტები ცდილობენ გამოიყენონ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებული პოლიტიკური დისკურსი და საზოგადოებრივი განწყობა, რათა დათესონ ეჭვი, გამოიწვიონ დაბნეულობა, რისხვა და შეარყიონ ადგილობრივი ხელისუფლებებისადმი საზოგადოების ნდობა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პეტერ სტანომ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერმა.

ევროპის მიგრანტთა კრიზისი და ევროკავშირის ერთსულოვნება


2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტიდან ქვეყანა რამდენიმე თვეში მილიონობით ადამიანმა დატოვა.

ასევე ნახეთ გზა კიევამდე და უკან - რეპორტაჟი ღამის მატარებლიდან


გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისიის (UNHCR) მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, 21 ნოემბრის მონაცემებით უკრაინა დატოვა 6,3 მილიონ ადამიანზე მეტმა, აქედან 5,9-მა მილიონმა დევნილმა - ქალებმა, ბავშვებმა და მოხუცებმა, რომლებმაც ძირითადად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეაფარეს თავი.

რუსეთის სასტიკი თავდასხმის გამო შეშინებულ და სასომიხდილ უკრაინელ დევნილებს ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში გულღიად შეხვდნენ მათი ბედით შეწუხებული და დახმარების სურვილით გაერთიანებული მოქალაქეები, ხოლო ხელისუფლებებმა სასწრაფოდ უზრუნველყვეს უკრაინელი დევნილები თავშესაფრითა და ყველა საჭიროებით.

ევროკავშირი კრიზისის პირველივე დღეებიდან უსწრაფესად მოქმედებდა და რუსეთის შეჭრიდან 10 დღის განმავლობაში, პირველად მოიყვანა მოქმედებაში ჯერ კიდევ 2001 წელს მიღებული „დროებითი დაცვის დირექტივა“.

ამ დირექტივით განსაზღვრულ პროგრამაში დასარეგისტრირებლად თავშესაფრის უკრაინელ მაძიებლებს სჭირდებოდათ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ან პასპორტების წარდგენა.

შემოდგომაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთი წლით გააგრძელეს უკრაინელი დევნილების სოციალური დაცვის ზომების მოქმედება, რომლის ვადაც 2024 წლის მარტში იწურება.

მიგრაცია უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ყოველთვის იწვევდა ცხარე კამათს ევროკავშირის შიგნით. სწორედ ამ ფაქტორმა განსაზღვრა 2016 წელს „ბრექსიტი“ - ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ბრიტანეთში რეფერენდუმის ჩატარება.

რეფერენდუმის შედეგად დიდმა ბრიტანეთმა დატოვა ევროკავშირი, რამაც თავის მხრივ ევროპის კონტინენტზე ულტრამემარჯვენე ძალების გაახალგაზრდავება გამოიწვია.

ასევე ნახეთ

„ბრექსიტი“ დასრულდა! გაუმარჯოს „პოსტბრექსიტს“

მანამდე, 2015 წელს, ახლო აღმოსავლეთიდან დაძრულმა, ხმელეთითა თუ ზღვით საშიში, ზოგჯერ სასიკვდილო მოგზაურობის შემდეგ ევროპაში მოხვედრილმა რეკორდული რაოდენობის 1,3 მილიონმა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი.

ევროკავშირში ჩასულ ახალ დევნილთა უმრავლესობა სირიის გამანადგურებელ სამოქალაქო ომს და ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სასტიკ რეჟიმს გამოექცა.

ამან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის განხეთქილება გამოიწვია. დაიწყო კამათი იმის შესახებ, თუ რომელ ქვეყანას რამდენი დევნილი უნდა მიეღო. ზოგიერთი წევრი ქვეყანა მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ ბლოკის მორალური ვალი იყო რაც შეიძლება მეტი დევნილის მიღება; სხვები საპირისპირო აზრზე იდგნენ და მხარს უჭერდნენ საზღვრებზე კედლებისა და ღობეების მშენებლობას.

მაგრამ მიუხედავად ყველა ამ სირთულისა და გაურკვევლობისა, უკრაინელებმა დევნილთა სხვა ჯგუფებთან შედარებით კარგად შეძლეს ადაპტირება ევროკავშირში, - ამბობს ჟან-კრისტოფ დიუმონი, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო ორგანიზაციაში (OECD) საერთაშორისო მიგრაციის განყოფილების ხელმძღვანელი.

პოლონეთში, სადაც უკრაინის მრავალრიცხოვანი სათვისტომო ისედაც ცხოვრობდა, მარტის სტატისტიკის თანახმად, მეზობელი ქვეყნიდან ჩასული მიგრანტების 71%-მა იპოვა სამუშაო. გერმანიაში დასაქმების დონე უფრო დაბალია: ივნისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, უკრაინიდან დევნილმა 24%-მა იპოვა სამუშაო.


სტატისტიკის თანახმად, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის პირველ თვეებში პოლონეთმა ყველა ქვეყანაზე მეტი უკრაინელი დევნილი მიიღო. უკრაინელი მიგრანტების უკვე არსებული ჯგუფისადმი მყარი სიახლოვის, ნაცნობი ენისა და კულტურის გამო პოლონეთი უკრაინელებისთვის ბუნებრივ თავშესაფრად უნდა ქცეულიყო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ომის მეორე წლისთავზე უკრაინელი დევნილები საცხოვრებლად გერმანიას არჩევენ.

ასევე ნახეთ მოყინული ხელ-ფეხი და დამტვრეული ნეკნები - წერილი 3

ევროკავშირის სტატისტიკის თანახმად, სექტემბრის ბოლოს გერმანიაში დარეგისტრირდა 1,2 მილიონზე მეტი უკრაინელი, შედარებისთვის, პოლონეთის შემთხვევაში ეს რიცხვი 985 000-ია.

პოლონეთის დასაქმების სააგენტოს მიერ ვარშავის უნივერსიტეტის ევროპულ ცენტრთან (EWL) ერთად, პოლონეთიდან გერმანიაში გადასულ უკრაინელ დევნილებს შორის ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ უკრაინელები გერმანულ საზოგადოებაში უკეთ ახერხებენ ინტეგრირებას, ვიდრე პოლონურში.

ანგარიშის თანახმად, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორია გერმანიაში უკვე დაფუძნებული უკრაინელი თემი, რომლის წევრებიც ამ ქვეყანაში გადასვლასა და დასაქმებაში ეხმარებიან მეგობრებსა და ნაცნობებს.

სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, EWL-ის ანგარიშში მოხვედრილმა უკრაინელებმა განაცხადეს, რომ გერმანია მათ სთავაზობს უფრო მაღალ შრომით ანაზღაურებას, სავალდებულო ენობრივ კურსს, უფრო უხვ შემწეობასა და უკეთეს სამედიცინო მომსახურებას.

ზოგიერთი ქვეყანა ეკონომიკური რეცესიის გამო ამცირებს დახმარებას

იმ ფონზე, როდესაც ომით დევნილმა ბევრმა უკრაინელმა შეძლო მასპინძელ ქვეყანაში წარმატებული ინტეგრირება და ახალ ცხოვრებასთან შეგუება, დაძაბულობამ იჩინა თავი მთელ ევროკავშირში, რომელიც უკვე აწყდება კორონავირუსის პანდემიის განგრძობადი შედეგით გამოწვეულ ეკონომიურ სტაგნაციას, მზარდ ინფლაციასა და უმუშევრობას.

ევროკავშირში, სადაც ამჟამად უმუშევრად ან ნაწილობრივ დასაქმებულად ითვლება 27 მილიონზე მეტი ადამიანი, - სულ უფრო რთული ხდება მიგრანტების სოციალური შემწეობით, საცხოვრებელითა და ახალი სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფა.


ევროკავშირის დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ უკრაინელი დევნილებისადმი სოლიდარობაში „გამოვლენილი დაღლილობა“ მთელი ევროკავშირის პირქუში ეკონომიკური პერსპექტივის შედეგია.

„ცხოვრების დონის მხრივ შექმნილმა კრიზისმა ძალიან დაარტყა დევნილთა მიმღებ ქვეყნებში საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს“, - წერს თავის ანგარიშში ლოდევეიკ აშერი, უკრაინის საკითხებში ევროპული კომისიის მრჩეველი.

ამის გამო, ბერლინს არ აღმოაჩნდა საცხოვრებელი იმ 10 000-ზე მეტი დევნილისათვის, რომლებმაც გერმანიის დედაქალაქს წელს მიმართეს თავშესაფრისთვის.

„ეს იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენ გასულ წელს ველოდით. ვითარება ამ მომენტისათვის არ არის ხელსაყრელი“, - ამბობს საშა ლანგენბახი, ბერლინის დევნილთა საქმეების ოფისის ოფიციალური წარმომადგენელი.

მოელიან, რომ ბერლინი, რომელმაც უკვე მისცა თავშესაფარი 11 ათას უკრაინელ დევნილს, წლის ბოლომდე დამატებით კიდევ 5500 უკრაინელს მიიღებს.

ბერლინი არ არის ამ მხრივ გამონაკლისი, ბიუჯეტისა და რესურსების ნაკლებობას გერმანიის სხვა ქალაქებიც განიცდიან. მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტომდე თავშესაფრის მისაღებად გერმანიას 220 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა. მათი უმრავლესობა სირიის, ავღანეთის, თურქეთის, მოლდოვისა და საქართველოს მოქალაქეა. შარშან ეს რიცხვი დაახლოებით 240 ათასს შეადგენდა.

მაგრამ ეს რიცხვები ფერმკრთალდება შეიარაღებულ კონფლიქტებსა და ექსტრემისტულ რეჟიმებს გამოქცეულ 1 მილიონ ლტოლვილთან შედარებით, რომლებიც 2015-16 წლებში გერმანიაში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და ავღანეთიდან ჩავიდნენ.

25 სექტემბერს, Reuters-მა, გერმანიის ფინანსთა სამინისტროს ანონიმ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბერლინი გეგმავს მომავალ წელს გაანახევროს ფედერალური დახმარება რეგიონებისთვის, რათა დაფაროს ლტოლვილების მიღებასა და ინტეგრაციასთან დაკავშირებული ხარჯები.

ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც გერმანიაზე მეტს ხარჯავდა დევნილებისათვის, პოლონეთია.

ვარშავამ ამავე პერიოდში დევნილებისთვის 15,4 მილიარდი ევრო (დაახლოებით 16,6 მილიარდი დოლარი) გამოყო, რითაც მათი უფასო განათლება, ჯანდაცვა და ოჯახებისთვის შემწეობების გაცემა უზრუნველეყო.

მაგრამ ისევე, როგორც გერმანიამ, პოლონეთმაც გამოაცხადა, რომ შეამცირებს მომავალ წელს დახმარებას უკრაინელი დევნილებისათვის.

პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა პეტრ მიულერმა 18 სექტემბერს Polsat News-ს განუცხადა, რომ 2024 წელს, შესაძლოა, დევნილებისათვის დახმარება ან აღარ გაგრძელდეს, ან ვეღარ შენარჩუნდეს არსებულ დონეზეო.

მაგრამ გაჩნდა იმედი, რომ ვითარება შეიძლება შეიცვალოს მას შემდეგ, რაც პოლონეთს 13 დეკემბრიდან ჰყავს ახალი მთავრობა პროევროპული „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერის, დონალდ ტუსკის სახით, რომელმაც იმავე დღეს მთელი მსოფლიოს გასაგონად უკვე გამოაცხადა, რომ „ხმამაღლა და მტკიცედ მოითხოვს თავისუფალი სამყაროსაგან ამ ომში უკრაინის დახმარებას“.

ჩეხეთის რესპუბლიკამ, რომელიც უკრაინელი დევნილების დახმარებისათვის გამოყოფილი 3,9 მილიარდი ევროთი მესამე ადგილზე იყო ევროკავშირში, - უკვე შეამცირა ამ დახმარების მოცულობა. ხოლო პრაღაში დაიხურა მთავარი საიმიგრაციო ცენტრი მემარჯვენე პოპულისტების განცხადების შემდეგ, რომ უკრაინიდან ჩამოსული ზოგიერთი დევნილი, კონკრეტულად კი ბოშები, თითქოს „საქველმოქმედო ტურიზმით“ (ასე უწოდებენ სოციალური დახმარების პაკეტით სარგებლობას - რედ.) სარგებლობდნენ.

პარადოქსულია, მაგრამ უკრაინელი „დევნილებისგან დაღლილობა“ თავს იჩენს იმ ფონზე, როდესაც საგრძნობლად კლებულობს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებლად ჩასულ უკრაინელთა რიცხვი.

ჟან-კრისტოფ დიუმონის თანახმად, ამაზე მეტყველებს Eurobarometer-ის ანგარიში, რომლის თანახმად, თუ ევროკავშირის 27 ქვეყანასა და ასევე ნორვეგიასა და შვეიცარიაში 2022 წლის ივლისიდან - აგვისტომდე პერიოდში, ყოველთვიური დახმარება გაიცემოდა 200 000 დევნილზე, 2023 წლის იმავე პერიოდში ეს რიცხვი 80 000-მდე შემცირდა.

„ბოლო 12 თვის განმავლობაში ევროპაში უკრაინიდან მიგრაციის სუფთა სახის (net) ნაკადი ნულთან ახლოს იყო. ამდენად, უკრაინელთა დიდი ჯგუფების მხარდაჭერის აუცილებლობის საკითხი გარკვეულწილად გაქრა“, - განაცხადა დიუმონმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

მცოცავი უკმაყოფილება და რუსეთის დეზინფორმაცია

ეკონომიკური სტაგნაციისა და უკრაინაში მიმდინარე გაჭიანურებული ომის მიუხედავად, ევროკავშირში ცალკეული კვლევები უკრაინისა და უკრაინელებისადმი მხარდაჭერის არაერთგვაროვან სურათს უჩვენებს.

Eurobarometer-ის გამოკითხვით, რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში განხორციელებული ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მოყოლებული მთელ ევროკავშირში უცვლელად ძლიერია უკრაინისადმი მხარდაჭერა.

ბოლო გამოკითხვით, ევროკავშირში მცხოვრების ადამიანების 86% დადებითად ეკიდება ომით დაზარალებული უკრაინელებისადმი ბლოკის მიერ მხარდაჭერის შემდგომ გაგრძელებას;

77% ემხრობა, რომ ევროკავშირმა მიიღოს დევნილები, რომლებიც ომს გამოექცნენ; ხოლო 71% მხარს უჭერს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.

მაგრამ სხვა კვლევები მზარდ უკმაყოფილებაზე მეტყველებენ.

ასე მაგალითად, გერმანული „ბერტელსმანის ფონდის“ მიერ 2022 წლის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 70%-ზე მეტი უჭერდა მხარს ევროკავშირის ქვეყნების მიერ დევნილების მიღებას. მაგრამ მარტიდან სექტემბრის პერიოდში ეს მაჩვენებელი შემცირდა. კერძოდ, გერმანიასა და საფრანგეთში მხარდაჭერა შემცირდა 12%-ით, ბელგიასა და ნიდერლანდში 11 პუნქტით, პოლონეთში - 10-ით, იტალიაში - 8-ით, ხოლო ესპანეთში - 4%-ით.

ზაფხულში პოლონეთში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 85% კვლავაც უჭერს მხარს უკრაინის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ამავე გამოკითხვამ პირველად ცხადყო, რომ პოლონელების უმრავლესობა, 55% უკრაინისათვის დამატებით დახმარების წინააღმდეგია.

ჩეხეთში ჩატარებულმა გამოკითხვამ კიდევ უფრო პირქუში სურათი აჩვენა. პრაღის ემპირიული კვლევების ინსტიტუტის (STEM) მიერ გამოკითხულთა 43%-მა განაცხადა, რომ მათი დამოკიდებულება უკრაინელი დევნილებისადმი 2022 წლის შემდეგ გაუარესდა. ამასთან, გამოკითხულთა მხოლოდ 51%-მა დაუჭირა მხარი ჩეხეთში მყოფ უკრაინელ დევნილებს.

„ჩეხეთის საზოგადოება ძალიან კონსერვატიული და ჩაკეტილია, უყვარს იმის შენარჩუნება, რასაც მიეჩვია. ეს აისახება მიგრაციისადმი საერთო დამოკიდებულებაზეც. უკრაინელი დევნილებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება იმას კი არ ეფუძნება, რომ ეს ჩვენთვის კარგია, რომ ჩამოსული მიგრანტები ესაა ახალი სამუშაო ძალა, ახალი სტიმული და სხვა, არამედ აქ ადამიანები მიგრაციის ისტორიას არ აღიქვამენ პოზიტიური თვალსაზრისით“, - უთხრა რადიოს თავისუფლებას სოციოლოგმა იარომირ მაზაკმა, STEM-ის დირექტორმა.

ევროკავშირში უკრაინით გამოწვეული დაღლილობის სიმპტომები რუსეთის პროპაგანდის მომეტებული ყურადღების ცენტრშია.

ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა კრემლი დაადანაშაულეს ბლოკში, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში, ანტიუკრაინული განწყობის გაღვივებაში.

„ზოგიერთ ქვეყანაში, უფრო მეტად, ვიდრე სხვებში, რუსული ნარატივები და დეზინფორმაცია ნაყოფიერ ნიადაგს პოულობს არა მხოლოდ ხალხში, არამედ ზოგიერთ ადგილობრივ პოლიტიკოსსა და პოლიტიკურ აქტორებში. ეს განპირობებულია ისტორიული კონტექსტით, მენტალიტეტით, კულტურითა და სხვა ასპექტებით“, - განაცხადა პეტერ სტანომ.
მთელ მსოფლიოში არსებულ რუსეთის დიპლომატიურ მისიებს, სტანოს თანახმად, მასპინძელ ქვეყნებში სოციალური მედია წალეკილი აქვთ ყალბი ამბებით ან შეცდომაში შემყვანი ისტორიებით.


იმ 40%-დან, ვინც ჩეხეთში უკრაინელი ლტოლვილებისთვის რაიმე დახმარების გაწევას ეწინააღმდეგება, - მაზაკის თანახმად, „დაახლოებით 15%“ მტკიცედ უჭერს მხარს პრორუსულ შეხედულებებს. „მათ მიაჩნიათ, რომ ომი პროვოცირებული იყო ნატოს მიერ და რუსეთი, ფაქტობრივად, უბრალოდ რეაგირებს. ან რომ უკრაინა მტერი ქვეყანაა“, - ამბობს მაზაკი.

სოციალურ მედიაში გაჩაღებულ რუსულ პროპაგანდას თვალს ადევნებს დიდ ბრიტანეთში არსებული სტრატეგიული დიალოგის ინსტიტუტი, რომელმაც ოქტომბერში გააანალიზა უკრაინელი დევნილების შესახებ რუსულენოვან ტელეგრამის არხებზე მიმდინარე დისკუსია. ამ ინსტიტუტის წარმომადგენლის, იულია სმირნოვას თქმით, რუსული აუდიტორისთვის კრემლის პროპაგანდისტული ნარატივი უკრაინელ დევნილებს წარმოსახავს ადამიანებად, რომლებიც ცდილობენ გაექცნენ ქვეყნის მმართველ „ნაცისტურ“ რეჟიმს.

მაგრამ ევროპულ, არა რუსულ აუდიტორიაში, სმირნოვას თქმით, კრემლის პროპაგანდა ავრცელებს მოსაზრებას, რომ ლტოლვილები საშიში, უმადური, ძალადობისა და დანაშაულისკენ მიდრეკილი ხალხია.

კრემლის პროპაგანდის სამიზნე, რასაც ვარშავის ინსტიტუტის ანალიტიკურმა ცენტრმა „სრული სპექტრის სადეზინფორმაციო კამპანია“ უწოდა, აღმოჩნდა პოლონეთი. თავის სექტემბრის ანგარიშში, ინსტიტუტი მივიდა დასკვნამდე, რომ ასეთი დეზინფორმაცია მოიცავდა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ „ყალბ ცნობებს“, რომლებიც უკრაინელ დევნილებს ისეთი დანაშაულებისთვის აკისრებდა პასუხისმგებლობას, როგორიცაა ყაჩაღობა, ძარცვა და გაუპატიურება.

მაგრამ მიუხედავად კრემლის უნარისა, რომ ინდივიდუალური „ცრურწმენა და მიკერძოებულობა“ ქვეყნის დონეზე წარმოაჩინოს, RAND-ის ინსტიტუტის თანამშრომლის, ტომაშ ს. სზიანას თანახმად, „დევნილებისგან დაღლილობა, გარკვეული აზრით, მოსალოდნელი ფენომენია“. სხვა საკითხია, რომ ევროპის უკრაინელი „დევნილებისგან დაღლილობის“ აღრევა და, ზოგადად, „დევნილებისგან ევროპის დაღლილობის“ ფაქტად წარმოჩენა, იულია სმირნოვას აზრით, თავად წარმოადგენს ცილისწამებას.