„მინდა ბავშვი დამრჩეს“ - უკრაინელ სამხედროებში სპერმის კრიოკონსერვაცია პოპულარული ხდება

უკრაინელი სამხედრო

ვიტალი ეს-ეს არის ფრონტიდან დაბრუნდა და ანაზე დაქორწინდა. ქორწილის გარდა მათ ახლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმე აქვთ მოსაგვარებელი - კრიოკონსერვაცია.

„სროლის დროს წევხარ და მხოლოდ გადარჩენისთვის ლოცულობ. თან ფიქრობ, ბავშვი და საყვარელი ადამიანი მაინც დამრჩენოდაო“, - ამბობს უკრაინელი ჯარისკაცი ვიტალი ხრონიუკი.

კრიოკონსერვაცია - ეს ბიომასალის, ამ შემთხვევაში სპერმის გაყინვაა. თხევად აზოტში ის შეიძლება ათეულობით წლები შეინახოს. ამ პროცედურაზე ანა მაშინვე არ დათანხმებულა. იმის გააზრება, რომ ქმარი შეიძლება ბრძოლიდან ვერ დაბრუნდეს, რთული იყო. „ცოლი, მეგობარი გოგო თავის საყვარელ ადამიანს ან ქმარს თუ დაკარგავს, როცა მდგომარეობიდან გამოვა, მას ეს შესაძლებლობა ექნება. თუმცა, მესმის, რომ მდგომარეობიდან გამოსვლა მართლა რთული იქნება. მაგრამ თუ სხეულით საყვარელი ადამიანის ნაწილს ატარებ, ცხოვრებას, ბრძოლას აზრი მიეცემა“.

უკრაინელ სამხედროებში ეს პროცედურა ბოლო თვეებში პოპულარული გახდა. ირინა და მისი ქმარი ახალ სახლში სულ ახლახან გადმოვიდნენ, მაგრამ მისი მეუღლე ახლა დონეცკის რეგიონშია. სანამ წავიდოდა მანაც კრიოკონსერვაცია გაიკეთა.

„ვდარდობ მასზე. სულ ვწერ, რომ უსაფრთხოების ზომები არ დაივიწყოს, რომ გაფრთხილდეს. ოჯახი ბავშვებით ჩვენი მომავალია, მათთვის არ ვიბრძვით?! მართალია, ახლა არ გვყავს ბავშვები, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ გვეყოლება. ამისთვის ვიცავთ ქვეყანას“, - ამბობს ირინა.

ელექტროენერგიის გათიშვამ ბიომასალა რომ არ დააზიანოს, კლინიკაში გენერატორები მუშაობს. რეპროდუქტორები ამბობენ, რომ სამხედროების მიმართვიანობა ჯერ კიდევ ზაფხულიდან გაიზარდა.

„მარტიდან ეს პროცედურა ძალიან აქტუალური გახდა. აპრილში, კიევის გათავისუფლების შემდეგ, კლინიკა რომ გავხსენით, უკვე ბევრი იკეთებდა. ყველაზე მეტი პროცედურა შემოდგომას ჩავატარეთ, არც ახლაა ნაკლები“, - განმარტავს რეპროდუქტოლოგი ვლადიმირ კოტლიკი.

ბიომასალის გამოყენება მხოლოდ იმ კლინიკაში შეიძლება, რომელიც რეპროდუქციის მიმართულებით მუშაობს. ზოგიერთმა ლაბორატორიამ სამხედროებისთვის კრიოკონსერვაცია უფასოდ ჩაატარა.

„ამაზე ახლა არავინ საუბრობს, მაგრამ როდესაც ყველაფერი დასრულდება, საშინელი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით. ყველას ისე უჭირავს თავი, თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ არც კი ვიცი, ამას როგორ გავუმკლავდებით“, - ამბობს რეპროდუქტოლოგი გალინა

როგორ იმოქმედებს ომი ქვეყნის მოსახლეობაზე? ამ თემაზე „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ეთერში ისაუბრა ალექსანდრ გლადუნმა, უკრაინის დემოგრაფიისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ.

- იღუპებიან როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირები, როგორ აისახება ეს უკრაინის დემოგრაფიაზე?

- ომმა უკრაინის დემოგრაფიული მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. ნეგატიური ტენდენცია ჯერ კიდევ 1990-იან წლებში იყო, უკვე მაშინ მცირდებოდა მოსახლეობა. მაშინ ეს ბუნებრივი მიზეზით აიხსნა, იმით, რომ სიკვდილიანობა შობადობას უსწრებდა.

ახლა გარდა იმისა, რომ შობადობა კლებულობს და სიკვდილიანობის მაჩვენებელი იზრდება, მიგრაციაც ხდება. ევროკავშირში 4-5 მილიონი უკრაინელია, რუსეთში კი დაახლოებით 2,9 მილიონი. მიგრაციის გამო დანაკარგი ძალიან დიდია. ჩვენ არ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, ომის დამთავრების შემდეგ უკან რამდენი კაცი დაბრუნდება. ამაზე ომის ხანგრძლივობა და სამსახურის შოვნის შესაძლებლობა იქონიებს გავლენას.

კიდევ ერთი ფაქტორია მნიშვნელოვანი - ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკა ლტოლვილებთან დაკავშირებით. ომის დასრულების შემდეგ, როდესაც მათ ლტოლვილის სტატუსი მოეხსნებათ, ექნებათ თუ არა საშუალება ლეგალურად იმუშაონ? თუ უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებენ და ეტყვიან: „დაგეხმარეთ, ახლა კი უკრაინაში დაბრუნდით“. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც არ დაბრუნდება.

- რამე შეგვიძლია ვთქვათ, რამდენი ადამიანი კვდება არა პირდაპირი საომარი მოქმედებების შედეგად, მაგალითად, იმის გამო, რომ ჭურვი მოხვდა სახლს, არამედ იმიტომ, რომ სამედიცინო დახმარება დროულად ვერ აღმოუჩინეს?

- ამაზე ვერაფერს ვიტყვით, აღრიცხვის სისტემა მოშლილია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათ თითქმის არავინ ითვლის. დანარჩენ უკრაინაში სიკვდილიანობას აღრიცხავენ, მაგრამ რამდენად სრულად, რთული სათქმელია.

სამედიცინო დახმარებას დროულად ყველგან ვერ იღებენ. გარდა ამისა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ვისაც აქვს, მათთვის ფსიქოლოგიური ტრავმები მომაკვდინებლად მოქმედებს. მაგრამ ახლა კონკრეტული რიცხვები არ გაგვაჩნია, ოფიციალური მონაცემები მალე არ გვექნება. უკრაინაში მიიღეს კანონი, რომლის თანახმად ინფორმაციის ნაწილს ახლა ეხება კატეგორია „სამსახურებრივი მოხმარებისთვის“, ანუ ინფორმაციას აგროვებენ, მაგრამ უწყებებს არ გადასცემენ. ეს მონაცემები უკრაინაში ომის დასრულებიდან 4-6 თვის მერე გამოქვეყნდება. ამიტომ ახლა რთულია კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი. ახლა მხოლოდ შეფასებებით ვსაუბრობთ.

უკრაინელი ლტოლვილები პოლონეთის საზღვარზე, 2022 წელი.

- უკრაინა ძირითადად ქალებმა და ბავშვებმა დატოვეს. საზღვარგარეთ ბავშვები სკოლებში წავიდნენ, დედები -სამსახურში. არავინ იცის, ისინი დაბრუნდებიან თუ არა, როდესაც ომი დამთავრდება.

- ძირითადად აღმოსავლეთ უკრაინიდან გავიდნენ. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, სახლი რა მდგომარეობაში დახვდებათ. ვიცით, რომ ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში ისეთი ბრძოლებია, ყველაფერი დაინგრა. მეორე საკითხია, იშოვნიან თუ არა სამსახურს. აღმოსავლეთ უკრაინის ეკონომიკა ნულიდან იქნება აღსადგენი.

უკრაინის ეკონომიკური განვითარების ახალი სტრატეგიაა საჭირო. აქ საცხოვრებელი ფართებიც უნდა იგულისხმებოდეს. მეშახტეების ზოგიერთი დასახლების აღდგენა ალბათ არც ღირს, მსხვილი საწარმოების მომავალიც საკითხავია. რუსეთის საზღვრიდან რა მანძილზე უნდა იყოს მსხვილი საწარმოები, რომ ომის განმეორების შემთხვევაში არ დაზიანდნენ?

- შეიძლება იმის პროგნოზირება, თუ რამდენი იქნება უკრაინის მოსახლეობა უახლოეს მომავალში?

- ახლა ჯერაც 1991 წლის საზღვრებში ვაფასებთ - 33-34 მილიონი. სამომავლოდ ვფიქრობ, 30 მილიონი იქნება, შეიძლება ცოტა ნაკლებიც, პლუს-მინუს მილიონი.