უკრაინაში კრემლის მხარეს მებრძოლი ქართველებიც იღუპებიან. რა ვიცით მათზე?

რუსულ ჯარში იწვევენ 21-დან 30 წლამდე მამაკაცებს. მობილიზაცია 18-დან 60 წლამდე კაცებს შეეხებათ.

ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში საოკუპაციო ჯართან ბრძოლაში სულ ცოტა 36 ქართველი დაიღუპა. თუმცა არიან ისინიც, ვინც კრემლის მხარეს იბრძვის. მათ შორის - როგორც წარმოშობით ქართველები, ისე ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა.

13 იანვარს, რუსულმა მედიამ დაწერა, რომ უკრაინაში “გმირულად დაიღუპა” წარმოშობით ქართველი არტილერისტი, ალექსი ბექაური.

ალექსი ბექაური

31 წლის კაცი მოსკოვიდან 300 კილომეტრში, ივანოვოს ოლქში ცხოვრობდა. ადგილობრივი გამოცემა წერს, რომ მან ბრძოლის ველზე “გამოავლინა სიმამაცე და თავგანწირვა”.

ბოლო ერთი თვის მანძილზე, ეს სულ ცოტა მეორე შემთხვევაა. 25 წლის რიგითი, რამაზ გორგაძე უკრაინაში 11 იანვარს დაიღუპა. იგი რუსეთის შორეულ ჩრდილო-აღმოსავლეთში, მაგადანის ოლქში მდებარე სოფელ იაგოდნოედან იყო.

რამაზ გორგაძე

რეგიონული მედიაპორტალი ჰყვება, რომ მთელი ცხოვრება მან სოფელში გაატარა. “იტაცებდა რეპი, წერდა სიმღერებს, და ჰქონდა საკუთარი მუსიკალური ჯგუფი”. რუსეთის ჯარში პირველად 2015 წელს მოხვდა, სკოლის დამთავრების შემდეგ.

იქამდე, 27 ივლისს, უკრაინის აღმოსავლეთით, ქალაქ იზიუმის სიახლოვეს იპოვეს პანკისელი ქისტის, მაგომედ ბორჩაშვილის ცხედარი. “რადიო თავისუფლების” კავკასიური სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდოდ პანკისის ხეობელი ქისტი ბორჩაშვილი 2004 წლიდან გროზნოში, ადგილობრივ მილიციაში მსახურობდა. ჰქონდა ეფრეიტორის წოდება.

მოხალისეები ოკუპირებული ტერიტორიებიდან

უკრაინაში რუსეთის ჯარის მხარეს იღუპებიან მებრძოლები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც. “რადიო თავისუფლების” ცნობით, 24 თებერვლის მერე, უკრაინაში დაიღუპა სულ ცოტა 7 მოხალისე აფხაზეთიდან. 29 დეკემბერს ტელეგრამარხმა “აბხაზია-ცენტრმა” დაწერა, რომ დონეცკის ოლქში, სოფელ ავდეევკასთან გამართულ ბრძოლებში ერთბაშად 4 აფხაზი ჯარისკაცი დაიღუპა.

7 დეკემბერს გალში გადმოასვენეს სერჟანტის, 24 წლის ბესლან ტაბაღუას ცხედარი. ადგილობრივი ტელევიზიის, “გალ ტვ-ს” თანახმად, 2015 წელს მან დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. შემდეგ სწავლა გააგრძელა სოჭში. 2022 წლის აგვისტოში თავისი ნებით შეუერთდა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და მსახურობდა სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარში.

ბესლან ტაბაღუა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელიც დაკრძალვას ესწრებოდა, ტაბაღუას ოჯახს “სიმამაცის ორდენი” გადასცა.

“ეხო კავკაზას” ინფორმაციით, დღეისთვის უკრაინაში დაიღუპა 20-ზე მეტი ცხინვალის რეგიონის მკვიდრი. ბოლო პანაშვიდი ცხინვალში 13 იანვარს გაიმართა. დაკრძალეს 21 წლის მოხალისე თამერლან ოსტაევი, რომელიც იზიუმთან ბრძოლაში 26 სექტემბერს დაიღუპა.

რუსი ჯარისკაცები ქართული გვარებით

უცნობია, ზუსტად რამდენი საქართველოს მოქალაქე თუ წარმოშობით ქართველი იღებს მონაწილეობას პუტინის “სპეცოპერაციაში”. ომის პირველ დღეებში უკრაინულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “თავდაცვითი სტრატეგიების ცენტრმა” გაავრცელა სია, სადაც თითქმის 120 ათასი სახელია.

ფაილში, რომელსაც ლაკონიურად “ორკები” ჰქვია, 150-ზე მეტი ქართული გვარია. “რადიო თავისუფლებამ” ვერ შეძლო იმის გადამოწმება, თუ რამდენად ზუსტია ეს სია. თუმცა მასში არც ერთი ჩვენთვის ცნობილი უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი არ იძებნება.

2020 წლის აღწერის თანახმად, რუსეთში თითქმის 113 ათასი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს. მათგან 66 ათასზე ოდნავ მეტი კაცია. აქედან თითქმის 58 ათასი 20-დან 60 წლისაა. საქართველოს მოქალაქე ოფიციალური აღწერით 3045 ადამიანია. ამას ემატება დაახლოებით 1000 ადამიანი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, რომელთაც რუსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს.

რუსულ ჯარში იწვევენ 21-დან 30 წლამდე მამაკაცებს. რაც შეეხება მობილიზაციას, ანუ უკრაინაში საომრად წაყვანას, ის, სხვადასხვა კრიტერიუმით, 18-დან 60 წლამდე კაცებს შეეხებათ.