„არ გეგონოს, უაზრო იყო შენი სიკვდილი“ - უკრაინაში დაღუპული კახა თილიძე დაკრძალეს

ფოტოილუსტრაცია: 11 იანვარს, კახა თილიძე ზაპოროჟიეს სიახლოვეს, რუსეთის საოკუპაციო ძალების დრონის აფეთქებას ემსხვერპლა. 12 იანვარს ის 40 წლის უნდა გამხდარიყო.

„გამარჯობა, იცი, რაზე ვფიქრობ? ვინმეს გიკეთებიათ საქმე, ყველაზე მაგრად რაც გამოგდით, გინდ პროფესია დავარქვათ, გინდ გატაცება. მოკლედ, საქმე, რაც გისწორდება, იმას რომ აკეთებ და ყველაზე მაგრად რომ გამოგდის ეგ საქმე, ხომ მაგარია? აი, მასე ვარ მეც“...

ეს ფრაგმენტია ერთ-ერთი ბოლო ვიდეოსი, რომელიც უკრაინაში მებრძოლმა კახა თილიძემ 25 დეკემბერს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

შუაღამეა, მანქანას მართავს, ერთ-ერთი დავალებიდან ბრუნდება და ჰყვება:

„ახლა არის 23 საათი და 23 წუთი. მანქანა გაიჭედა ტალახში, მოწინააღმდეგესა და ჩვენს შორის შეხების წერტილი სადაცაა. ჩემს თავზე კი გამომდის ლაპარაკი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ყველა ასე თუ ისე, ერიდება, რომ შევიდეს იქ, იმიტომ, რომ მოწინააღმდეგისთვის გაჭედილი ავტოტრანსპორტი კარგი სამიზნეა. ბიჭები ჩამოქვეითდნენ, ორი „რეისი“ გავაკეთეთ, უცებ შევედით და ბიჭები წამოვიყვანეთ. ახლა შევედით მანქანის გამოსატანად და გამოვიტანეთ.

ისინი ქართველები არ იყვნენ. ამას რატომ ვამბობ, იცი? არის რაღაცები, რასაც კონკრეტულად შენი ჯგუფისთვის გააკეთებ და არც დაფიქრდები... რეალურად, ჩვენ ხო უკრაინელების დასახმარებლად ჩამოვედით, რა მნიშვნელობა აქვს, რომელ დანაყოფს დაეხმარები...

ალბათ ეს ომი რომ მორჩება, გამოვაქვეყნებ ბევრ მასალას, რაც ჩემმა GOPRO-მ გადაიღო. მოკლედ, მშვიდობის ფასი მართლა არაფერია, მაგრამ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში, ამოცანებს რომ ართმევენ თავს ადამიანები, მაგრად ასწორებს. ძალიან მიყვარხართ ყველანი“.

ამ ვიდეოს გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში, 11 იანვარს, კახა თილიძე ზაპოროჟიეს სიახლოვეს, რუსეთის საოკუპაციო ძალების დრონის აფეთქებას ემსხვერპლა. 12 იანვარს ის 40 წლის უნდა გამხდარიყო.

პრეზიდენტის პირად დაცვაში

25 წლის იყო, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი რომ გახდა.

თემურ ჯანაშია, იმ წლებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და პრეზიდენტის დაცვის უფროსი, რადიო თავისუფლებას კახა თილიძეზე უყვება:

„გასაუბრებაზე რომ მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ პატარა იყო, ძალიან ცოცხალი, მოუსვენარი, ანთებული ბავშვის შთაბეჭდილება დატოვა. დიდხანს არ მიფიქრია, მიუხედავად ასაკისა, არჩევანი მასზე შევაჩერე. ასე გახდა ჯერ პრეზიდენტის დაცვის ოფიცერი, შემდეგ კი დაცვის უფროსი ოფიცერი.

პატარა ბიჭი იყო, მაგრამ თითქოს უნდოდა, რომ ჩქარა გაზრდილიყო. სანიმუშო ოფიცერი იყო, თავდადებულად იმსახურა თითქმის 11 წელი, თუმცა, შემდგომ, როგორც სხვა ბევრ თანამშრომელს, მასაც მოუწია საქართველოს დატოვება და ემიგრაციაში წასვლა“.

ემიგრაცია ამერიკაში

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ, კახა თილიძე 2014 წელს, ამერიკაში წავიდა. მალევე მიიღო იქ ცხოვრებისა და მუშაობის უფლება და ცოლი და შვილიც წაიყვანა:

„არაჩვეულებრივად ცხოვრობდა. ჰქონდა კარგი სამსახური, კარგი შემოსავალი. მუშაობდა ერთ-ერთ დიდ ფერმაში, მართავდა დიდ მეურნეობას. იქვე ცხოვრობდა, კონექტიკუტში, არაჩვეულებრივ სახლში, ექვსი წლის წინ მეორე შვილიც შეეძინათ. ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ ეცხოვრა უზრუნველად და ბედნიერად“, - უყვება რადიო თავისუფლებას მარინე ძაგნიძე.

მან კახა ამერიკაში ემიგრაციისას, 2018 წელს, სოციალური ქსელით, მაშინ გაიცნო, როდესაც საქველმოქმედო ფონდისთვის ამერიკელი ემიგრანტები თანხას აგროვებდნენ. მარინე გვიყვება, რომ კახამ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია და მას შემდეგ, განუყრელი მეგობრები გახდნენ:

კახა თილიძე და მარინე ძაგნიძე

„ჩემი ფარი და მახვილი იყო კახა. ხომ ასეთი მეგობრები ვიყავით, მაგრამ ქალბატონო მარინეს გარეშე სიტყვას არ მოაბრუნებდა. ისეთი თბილი, ისეთი ტკბილი. სხეულის ნაწილი მომიკვდა კახას სახით, შვილი და მეგობარი.

თუ სადმე აქცია იყო, თუ სადმე ვიკრიბებოდით ქართველები, სულ ერთად ვიყავით. მართალია, ჩემი შვილის ასაკისაა, მაგრამ პოლიტიკურად, იდეურად ერთ აზრზე ვიყავით. ისეთი მეგობრობა გვქონდა, საათები შეგვეძლო გვესაუბრა, რომ არ მოგწყინდებოდა ურთიერთობა, ასეთი ადამიანი იყო“.

ბრძოლის ხაზი - უკრაინა

კახა თილიძე ამერიკიდან უკრაინაში ჯერ კიდევ 2014 წელს წავიდა, მაშინ, როდესაც რუსეთმა უკრაინაში აგრესიის პირველი ტალღა დაიწყო და ყირიმის ანექსიით დაასრულა, ხოლო რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოცხადდა.

მას შემდეგ, რაც 2014 წელს უკრაინაში თავისი მისია ამოწურა, მერიკაში დაბრუნდა, თუმცა, სხვა საქმიანობასთან ერთად, სამხედრო მიმართულებით განვითარებისთვის თავი არ დაუნებებია.

2021 წელს კახა თილიძემ ამერიკის შეიარაღებულ ძალებში რეინჯერის კურსი გაიარა. მიიღო სერტიფიკატი და 2022 წელს, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, კვლავ ომში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„თუში“, ასე ვეძახდით. თუშეთში ჰქონდა ფესვები, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, ქართველი გმირების, გიორგი ანწუხელიძის სისხლის ასაღებად იბრძოდა უკრაინაში“, - გვეუბნება კახა თილიძის მეგობარი და კოლეგა, რომელიც იხსენებს იმ დღეს, როცა კახამ ამერიკიდან ვიდეო გაუგზავნა - უკრაინაში მივდივარო:

„ვემზადები, გიო, ვემზადებიიი“, - ასე ამბობს ვიდეოში და პატარა ბავშვივით უხარია. აი, იცით როგორ? შვილს რომ ეტყვი, გასართობ მოედანზე უნდა წაგიყვანო, ან მაკდონალდსშიო და ისიც ბედნიერი და აჟიტირებული რომ არის, აი, ასეთი გახარებული იყო კახა, მართლა პატარა ბავშვივით უხაროდა“...

კახა თილიძე უკრაინაში 2022 წლის მაისის ბოლოს წავიდა.

როგორც მისი მეგობარი გვიყვება, ის უკრაინაში თავდაპირველად ინსტრუქტორად ჩავიდა და სამხედროებს მომზადებაში ეხმარებოდა:

„პირადი ხარჯებით ყიდულობდა საკმაოდ ძვირადღირებულ ამუნიციას სამხედროებისთვის. და ამას აკეთებდა სიამაყით და სიხარულით“, - გვეუბნება ის.

კახა თილიძე ხშირად აქვეყნებდა სოციალურ ქსელში უკრაინიდან ვიდეოებს და ეხმაურებოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

ერთ-ერთი ვიდეო, რომელიც მან 2024 წლის მაისში, ხარკოვიდან გამოაქვეყნა, ე.წ. აგენტების კანონის მიღების გამო, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მიუძღვნა და სპეციალური დანიშნულების რაზმების თანამშრომლებს მიმართა:

„აი, ის ქართველი ვაჟკაცები, ძალოვნებს გეხებათ, განსაკუთრებით სპეცრაზმელებს, თავი მამაცი სპეცრაზმელები რომ გგონიათ და თავის მამაცობას და თავის ძალას უდანაშაულო ქართველ ახალგაზრდებზე, ჩვენს დებზე, ძმებზე რომ ხარჯავთ უმოწყალოდ, პოლიტიკური რეჟიმის გამო.

თუ ძალა გერჩით, თუ პრეტენზია გაქვთ და რაღაც შეგიძლიათ, ჩამოდით, აგერ 600 მეტრში მოწინააღმდეგეა წინ, საერთო მტერია და აქ დახარჯეთ თქვენი ენერგია.

ქალებს და ბავშვებს, მშვიდობიან დემონსტრანტებს უნდა ურტყათ? ეს არის თქვენი პროფესიონალიზმი? იმის თავიც არ გაგაჩნიათ, რომ ნიღბები მოიხსნათ... ცოტა გონს მოეგეთ. ან იმის არ გერიდებათ, რომ ხვალ, ზეგ, მანდ არ იმუშავებთ? მეც უწყების წარმომადგენელი ვიყავი, 11 წელი პირნათლად ვემსახურე ჩემს ქვეყანას, მაგრამ ქუჩაში გავლა, როგორც ადამიანს, ხომ უნდა შეგეძლოს... ქუჩაში დევნა და ხალხის გამწარება ხომ რუსული სცენარია?“...

რამდენიმე თვეში, აგვისტოს ომის 16 წლის თავზე, ქართველმა მებრძოლმა კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა -

„საქართველოსთვის და ჩვენი ბიჭებისთვის, ვინც აგვისტოში გმირულად დაეცა. არ ვართ ისეთი მიფარჩაკებულები ქართველები, რომ სადღაც ვიღაც ღორისშვილები არ გავაგოროთ... საქართველოს წინააღმდეგობა გრძელდება, მტერთან ბრძოლა გრძელდება და სადაც შეგვიძლია, იქ ვიბრძვით, ჩვენ ანწუხელიძის სამშობლოდან ვართ. მიზეზი გვაქვს, რომ აქ ვიყოთ“...

უკანასკნელი გამგზავრება უკრაინაში

მარინე ძაგნიძემ კახა თილიძე უკანასკნელად ამერიკაში, საპარლამენტო არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანთან ნახა:

„კახა სამ თვეში ერთხელ შვებულებით ჩამოდიოდა ხოლმე ამერიკაში. 2024 წლის შემოდგომაზე კი საბოლოოდ დაასრულა უკრაინაში ინსტრუქტორის კონტრაქტი და არჩევნებისთვის ჩამოვიდა ნიუ-იორკში ხმის მისაცემად. მაშინ გავიგე, რომ ომში უკვე მოხალისედ სურდა წასვლა. ვეფერე, ვკოცნე, მინდა, დიდხანს გამყვეს შენი სიყვარული და სურნელი, კიდევ რამდენ ხანს ვერ გნახავ-მეთქი. ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ მიცინოდა და მეხუტებოდა.

კახას უნდოდა, რომ ყოფილიყო გმირი, გმირის სახელით წასულიყო ამ ქვეყნიდან, მისი ყველა ფიქრი და ემოცია საქართველოს გარშემო ტრიალებდა. უკრაინაშიც საქართველოს სახელით იბრძოდა და მისი სურვილიც ახდა - გმირულად დაიღუპა“.

2024 წლის შემოდგომაზე კახა თილიძე უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე დაბრუნდა. ის დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეციალური დანაყოფის, „სოლიდარითის“ მეთაურის, ზაზა ნანუაშვილის მოადგილე იყო და სწორედ ამ პოზიციაზე იბრძოდა სიცოცხლის ბოლომდე.

როგორც მისი მეგობარი უყვება რადიო თავისუფლებას, კახა თილიძისა და მისი ჯგუფის ანგარიშზე არაერთი წარმატებული ოპერაციაა.

თუმცა, 2025 წლის 11 იანვარი კახასთვის და მისი თანამებრძოლებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა:

„მასშტაბური ბრძოლა მიმდინარეობდა ზაპოროჟიეს მიმდებარე ტერიტორიაზე. კახა თავის ხუთკაციან ჯგუფთან ერთად შევიდა ბრძოლის ხაზზე. დღე-ნახევარის განმავლობაში იყო უწყვეტი ცეცხლი. ევაკუაციის დროს ორი კაცი დაიჭრა მძიმედ. კახაც დაიჭრა, მაგრამ მსუბუქად. არ დატოვა დაჭრილები, თუმცა, იმდენად მძიმე ჭრილობები ჰქონდა მათ, რომ ორივე დაიღუპა. ევაკუაცია რომ დაიწყო და კახამ საევაკუაციო მანქანაში ჩაჯდომა მოახერხა, სწორედ მაშინ მოხვდა მანქანას კამიკაძე დრონი.

კახა ადგილზე გარდაიცვალა. დაახლოებით 48 საათი დარჩა მისი ცხედარი ბრძოლის ველზე. კახას ცხედრის ევაკუაცია მეორე მცდელობისას მოხერხდა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის მის მეგობარსა და მეთაურს, ზაზა ნანუაშვილსა და მის ჯგუფს“, - უყვება რადიო თავისუფლებას კახა თილიძის მეგობარი, რომელიც კახას ბოლოს 2 იანვრის ღამეს, ტელეფონით ელაპარაკა.

„შუაღამე იყო. ფოტო მომდის მისგან, თავზე ახურავს სანტა კლაუსის კამუფლირებული ქუდი, ასხმულია იარაღით და მწერს, „ახალ წელს გილოცავ“. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ კახა ამერიკაში იყო, რადგან ვიცოდი, რომ საახალწლოდ სახლში უნდა დაბრუნებულიყო, მანამდე მწერდა, ბავშვები მენატრებიანო. მაშინვე დავურეკე, რატომ არ წახვედი-მეთქი და მიპასუხა, აქ ჯერ ბევრი საქმეა, ვერ წავალ, ვერ დავტოვებო. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მისი მეგობარი.

ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის, გარდა სიცოცხლეში მიღებული ჯილდოებისა, სიკვდილის შემდეგ კახა თილიძეს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებასა და მის დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესი წვლილისათვის გადაეცა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГУР МОУ) უმაღლესი ჯილდო - „ბრწყინვალების ვარსკვლავი“.

კახა თილიძე უკრაინიდან საქართველოში 18 იანვარს, გამთენიისას ჩამოასვენეს. 21 იანვარს, თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს:

„არ გეგონოს, უაზრო იყო შენი სიკვდილი, არ გეგონოს, უაზრო იყო ეს სიკვდილი“... ამ სიტყვებით გააცილა დედამ კახა თილიძე.

ქართველ მებრძოლს ორი შვილი, დანიელი და ანამარია დარჩა.

თბილისში, ზანდუკელისა და ასათიანის ქუჩებზე კი სტენსილები გაჩნდა კახა თილიძის გამოსახულებით.

კახა თილიძე, ლადო ასათიანის ქუჩა

  • ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის.
  • ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
  • ომის დაწყებიდან (2022 წლის 24 თებერვლიდან) დღემდე, უკრაინაში 80-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.