„დრონმა მოგვიკლა სიცოცხლითა და იუმორით სავსე ბიჭი“ - უკრაინაში 24 წლის ლევან ლოხიშვილი დაიღუპა

ლევან ლოხიშვილი 19 ნოემბერს, დავალების შესრულებისას დაიღუპა

უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 24 წლის ლევან ლოხიშვილი. როგორც მისი თანამებრძოლი, ალექსანდრე როგავა ეუბნება რადიო თავისუფლებას, ის 19 ნოემბერს, ხერსონის ოლქში, დავალების შესრულებისას დაიღუპა.

მისი თქმით, ლევან ლოხიშვილს ე.წ. ხელნაკეთი დრონი დაეჯახა:

ლევან ლოხიშვილი და ალექსანდრე როგავა, უკრაინა, 2024 წელი

„ერთად ვიყავით გასულები პოზიციის მოსამზადებლად. ვასრულებდით დაზვერვა-ყურება-პოზიციების მომზადების სამუშაოს. ერთი საათი ვიმუშავეთ და მალევე დრონის ხმა გავიგეთ. ე.წ. ხელნაკეთი დრონი მოფრინდა. ცოტა ხანი დავიცადეთ, თუმცა, რაღაც მომენტში, სწორედ ლევანს დაეჯახა დრონი. სულ ოთხნი ვიყავით. ლევანი ადგილზე დაიღუპა. კიდევ ერთ მებრძოლს დრონის ნამსხვრევი მოხვდა და დაიჭრა. ერთმა - კონტუზია მიიღო“, - უყვება რადიო თავისუფლებას ალექსანდრე როგავა.

ლევან ლოხიშვილი ოდესის 126-ე ბრიგადის, 220-ე ბატალიონის მესამე ასეულის წევრი იყო. ეს ჯგუფი ძირითადად მოხალისეებისგან შედგება.

უკრაინაში 2022 წლის 29 მარტს ჩავიდა. უკრაინაში წასვლამდე პროფესიონალი მზარეული იყო. სამხედრო გამოცდილება კი უკრაინაში მიიღო:

„ლევანი უკრაინისკენ მიმავალ გზაზე, ომის დაწყების პირველივე დღეებში გავიცანი. იქ ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი და მას შემდეგ ერთად მოვდივართ. ჩემი უმცროსი ძმა იქნება სიცოცხლის ბოლომდე“, - ეუბნება ალექსანდრე როგავა რადიო თავისუფლებას.

ერთი წლის შემდეგ ლევანი ცოტა ხნით საქართველოში დაბრუნდა, თუმცა, 2024 წლის გაზაფხულზე კვლავ უკრაინაში წასვლა გადაწყვიტა:

„ლევანს საქართველოში მხოლოდ სავალდებულო სამხედრო სამსახური ჰქონდა მოხდილი. დანარჩენი სამხედრო გამოცდილება უკრაინაში შეიძინა. აქ გაიარა მოსამზადებელი კურსები. მოქნილი იყო, ყველა დავალებას, რასაც კი სავარჯიშო პოლიგონზე მივცემდით, ხუთიანზე ასრულებდა, ისე, როგორც პროფესიონალი სამხედრო. ძალიან გონიერი და პასუხისმგებლობით სავსე ადამიანი იყო. ამ ყველაფრის პარალელურად იყო იუმორითა და სიცოცხლით სავსე. გარშემო ყველას შეგვაყვარა თავი“, - ამბობს ალექსანდრე როგავა.

ლევან ლოხაშვილს საქართველოში 24 ნოემბერს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.

ქართველი მებრძოლის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა მისმა ძმამ, ბლოგერმა თამაზ ლოხიშვილმა: „ასეთ მწარე სიკვდილს არ იმსახურებდით, ძმებო“. მისი პოსტიდან ირკვევა, რომ ლოხიშვილების ოჯახმა წლების წინ კიდევ ერთი შვილი, მცირეწლოვანი ბიჭი დაკარგა.

8 ნოემბერს უკრაინაში დაუღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 26 წლის ზურაბ შვანგირაძე. ის 19 ნოემბერს დაკრძალეს თბილისში.

ასევე ნახეთ „სიკვდილი არ არის საშიში, ვნახე უკვე“ - უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი

ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.

ომის დაწყებიდან (2022 წლის თებერვლიდან) დღემდე, უკრაინაში 74 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს. ფრონტის ხაზი დღეისთვის 1000 კილომეტრზე მეტია.

ასევე ნახეთ სინამდვილეში რა გეგმები ჰქონდა პუტინს უკრაინაში შეჭრისას