უკრაინაში დაბრუნებული კოლომოისკი ჩრდილში ყოფნას არ აპირებს

უკრაინის 41 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ამბიციური რეფორმების გეგმითა და რუსეთში მყოფი 35 პატიმრის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, თავის ქვეყანაში ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე ვლადიმირ პუტინი - რუსეთში.

მაგრამ ბოლო ხანს ზელენსკის აშკარად გადაუსწრო სკანდალურად ცნობილმა ოლიგარქმა და მედიამაგნატმა იგორ კოლომოისკიმ.

სწორედ უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის მფლობელობაში არსებულ ტელეკომპანია „1+1“-ზე გადაიცემოდა უკრაინის პირველი შოუმენის, ვოლოდიმირ ზელენსკის, კომედიური პროგრამები, რამაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა მისი წარმატება საპრეზიდენტო არჩევნებში.

ნიშანდობლივია, რომ ჟენევასა და ტელ-ავივში დევნილობაში მყოფი მილიარდერი სწორედ ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა უკრაინაში, რომელიც მან დატოვა წინა ხელისუფლების დროს, რათა თავიდან აეცილებინა სისხლისსამართლებრივი დევნა „პრივატბანკის“ საქმეზე.

წინა პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, დროს უშიშროების სამსახურმა კოლომოისკის ბრალი წაუყენა 5,5 მილიარდი დოლარის დატაცებაში ომში მყოფი ქვეყნის ფინანსური სექტორიდან, ხოლო მაგნატის მფლობელობაში არსებული „პრივატბანკი“ ნაციონალიზებული იქნა ეროვნული ბანკის მიერ.

წერენ, რომ კოლომოისკი უკრაინაში დაბრუნდა იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც წავიდა. უკრაინული მედიის თანახმად, აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურო იძიებს კოლომოისკის მიერ დიდი რაოდენობით თანხის გათეთრების საქმეს, ხოლო უკრაინაში, რომელიც არ ახდენს თავისი მოქალაქეების ექსტრადიციას, კოლომოისკი თავს უხიფათოდ გრძნობს.

ამასთან, უკრაინაში დაბრუნების შემდეგ 55 წლის კოლომოისკი საყოველთაო ყურადღების ობიექტია.

„მას(კოლომოისკის) სურს აჩვენოს, თუ რამდენად ძლიერი და გავლენიანია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვოლოდიმირ ფესენკომ, კიევის პოლიტიკურ სწავლებათა პენტა ცენტრის პოლიტიკურმა მიმომხილველმა.

ამასთან, კოლომოისკის პოლიტიკურ სცენაზე დაბრუნება, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ძირს უთხრის ზელენსკის პოპულარობას, ეწინააღმდეგება ახალი პრეზიდენტის დღის წესრიგს და აფრთხობს ინვესტორებს.

გარდა ხმაურიანი ინტერვიუებისა, კოლომოისკის მიმართ მზარდი ყურადღება განპირობებულია იმითაც, რომ მაგნატი და უკრაინის მთავრობა, როგორც „ფაინენშელ ტაიმი“ წერს, ცდილობენ მიაღწიონ კომპრომისს „პრივატბანკის“ საქმეზე, რასაც დაემთხვა რამდენიმე უკანონო ქმედება, მათ შორის პოლიციის რეიდი ბანკის ოფისში, ცეცხლის წაკიდება თუ თავდასხმა ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტზე, ვინც „პრივატბანკის“ ნაციონალიზაციის პროცესს ხელმძღვანელობდა.

ჩხრეკა პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ

კოლომოისკის პერსონა საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა განსაკუთრებით 10 სექტემბერს, როდესაც ოლიგარქი ქვეყნის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე აღმოჩნდა მიწვეული ვიწრო წრესთან ერთად, რომელშიც შედიოდნენ პრემიერ-მინისტრი ოლექსი ჰონჩარუკი, ენერგეტიკის მინისტრი ოლეკსეი ორჟელი და ადმინისტრაციის უფროსი და კოლომოისკის პირადი ადვოკატი ანდრეი ბოჰდანი.

ინფორმაცია ამის შესახებ გაასაჯაროვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რომელიც ცნობაში აღნიშნავდა, რომ ზელენსკისა და კოლომოისკის საუბრის დროს „პრივატბანკის“ საკითხი არ განხილულა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან კოლომოისკის სთხოვა ინვესტიციები განეხორციელებინა რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან კონფლიქტის შედეგად დანგრეული აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონში.

მაგრამ ამ განცხადებისა არ სჯერა ბევრ მიმომხილველს, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ ზელენკისთან შეხვედრაზე ოლიგარქს თავისი პირადი ინტერესები ექნებოდა, მათ შორის „პრივატბანკზე“ კონტროლის დაბრუნება.

ამის დასტურად მოჰყავთ მეორე დღეს მომხდარი ამბავი.

11 სექტემბერს პოლიციამ მოაწყო ჩხრეკა „პრივატბანკის“ ოფისში იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომლის თანახმად, ბანკის ხელმძღვანელობამ გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას ადგილობრივ და უცხოელ კომპანიებთან შეთანხმებების გაფორმების დროს.

პასუხად ბანკმა განაცხადა, რომ მოქმედებს კანონის ფარგლებში, სპეცდანიშნულების რაზმის მიერ მოწყობილი რეიდი კი შეაფასა როგორც „შემაშფოთებელი“ ფაქტი. ამ შეფასებას იზიარებს ანალიტიკოსი ფესენკო, რომელმაც რადიო თავისუფლებასთან საუბარში „საგანგაშო“ უწოდა „პრივატბანკის“ ოფისში ჩატარებულ ჩხრეკას ზელენსკისა და კოლომოისკის შეხვედრიდან მეორე დღეს.

პოლიციის რეიდიდან ორ დღეში კოლომოისკი მოულოდნელად გამოჩნდა „ევროპული სტრატეგიის იალტის“ ფორუმზე კიევში, სადაც ყოველწლიურად იკრიბებიან უკრაინის პოლიტიკური ელიტა და დასავლეთის წამყვანი ექსპერტები.

რეპორტიორებითა და ტელეკამერებით გარშემორტყმული კოლომოისკი საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს და, თანაც, მიუხედავად იმისა, რომ ფორუმზე უამრავი ცნობილი სტუმარი იმყოფებოდა, მათ შორის კონოვარსკვლავი მილა კუნისი და რობინ რაიტი, ფორუმის ორგანიზატორმა, მილიარდერმა ვიქტორ პინჩუკმა, კოლომოისკის უწოდა „ყველაზე მოთხოვნადი სტუმარი“.

უკრაინელმა ოლიგარქმა ჟურნალისტებთან სამსაათიანი კითხვა-პასუხის დროს განაცხადა, ვიმედოვნებ, „პრივატბანკის“ პრობლემა „მშვიდობიანად“ მოგვარდება, რისთვისაც „შესაძლებლობების კარი ღიააო“.

ამ კომენტარმა შეაშფოთა ანალიტიკოსები და ინვესტორები. მათი შეშფოთება კიდევ უფრო გაძლიერდა „ფაინელშენ ტაიმსში“ მეორე დღეს გამოქვეყნებული ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც უკრაინის პრემიერ-მინისტრი ოლექსი ჰონჩარუკი აცხადებს, რომ მთავრობა ეძებს „კომპრომისს“ კოლომოისკისთან.

საჯარო კრიტიკის შემდეგ ჰონჩარუკმა გადათქვა თავისი, პრემიერ-მინისტრის პრესცენტრის განცხადებით, „კონტექსტიდან ამოგლეჯილი“ სიტყვები.

მაგრამ ამან ნაკლებად დაამშვიდა ინვესტორები, რომლებიც საგანგაშოდ მიიჩნევენ კოლომოისკისთან შესაძლო კომპრომისს „პრივატბანკის“ თაობაზე.

„დღევანდელ პრეზიდენტს აქვს დიდი ძალაუფლება და პასუხისმგებლობა, ხოლო ამ შემთხვევაში მისი პასუხისმგებლობაა, არ გაურიგდეს სატანას“, - დაწერა მკვეთრი ფორმით სერგეი ფურსამ, საინვესტიციო ჯგუფ „დრაგონ კაპიტალის“ სპეციალისტმა სახელმწიფოს ვალდებულებებისა და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საკითხებში.

ფურსა აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში „პრივატბანკის“ თაობაზე სააპელაციო ბანკის გადაწყვეტილებით გამოჩნდება, თუ რა პოზიცია უკავია ზელენსკის.

მანამდე კი, აპრილის თვეში, კიევის სასამართლომ არაკანონიერად მიიჩნია „პრივატბანკის“ ნაციონალიზაცია, რაც უკრაინის ეროვნულმა ბანკმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

„თუ სააპელაციო სასამართლო უკანონოდ ჩათვლის „პრივატბანკის“ ნაციონალიზაციას, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა კოლომოისკისთან კომპრომისზე წასვლა გადაწყვიტა“, - ამბობს ფურსა.

დაშინების კამპანია

ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა, კოლომოისკის მედიდურობა და ცნობები ხელისუფლებასთან შესაძლო გარიგების თაობაზე მხოლოდ ნაწილია კიევში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა, რომლებიც საზოგადოების მზარდ შეშფოთებას იწვევს.

ამ ფონზე უცნაური ამბები ტრიალებს უკრაინის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, კოლომოისკის „პრივატბანკის“ ნაციონალიზაციის პროცესში მთავარი მოქმედი პირის, ვალერია გონტარევას თავზე.

მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, გონტარევა ლონდონში ცხოვრობს და ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში მეცნიერ-თანმშრომლად მუშაობს. იგი არ ბრუნდება კიევში, მიუხედავად ხელისუფლების მოწოდებისა, გამოცხადდეს დაკითხვაზე სასამართლოში, როგორც თანამდებობის ბოროტად გამოყენების საქმეზე ეჭვმიტანილი.

რადიო თავისუფლებასთან საუაბარში გონტარევამ 17 სექტემბერს განაცხადა, რომ ეშინია არ გახდეს თავდასხმის ობიექტი კიევში, რადგანაც თავს დაცულად არც უცხოეთში გრძნობს. საამისოდ მას რამდენიმე მიზეზი აქვს.

იმ დროს, როდესაც უკრაინაში ფინანსური სექტორის გაწმენდას ცდილობდა, გონტარევას არაერთხელ დაემუქრნენ მოკვლით, ცენტრალური ბანკის წინ გამართული ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დროს კი დემონსტრანტებმა გამოიტანეს კუბო, რომელშიც ესვენა ცხედრის მაკეტი, მისი გამოსახულებით.

ამის შემდეგ გონტარევამ თანამდებობა დატოვა და ლონდოში გადავიდა, თუმცა მუქარები მის მიმართ კვლავ გრძელდებოდა, რასაც, როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა, მალე ტრაგიკული და საშიში ინციდენტების მთელი სერია მოჰყვა:

26 აგვისტოს ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე გონტარევას მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც ძლიერ დაუზიანდა ფეხები. 5 სექტემბერს ბოროტმოქმედებმა ცეცხლი წაუკიდეს მანქანას, რომელიც გონტარევას რძალს, ასევე ვალერია გონტარევას, ეკუთვნოდა.

12 სექტემბერს, კოლომოისკისა და ზელენსკის შეხვედრის მეორე დღეს, კიევში, უკრაინის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთ სახლში, პოლიცია შევიდა ჩხრეკის ჩასატარებლად.

შემდეგ, 17 სქტემბერს, უცნობებმა ცეცხლი წაუკიდეს მის რეზიდენციას კიევთან ახლომდებარე სოფელ გორენიჩში.

გონტარევა არ არის დარწმუნებული, რომ ლონდონში მომხდარი შემთხვევები განზრახ ჩადენილი ბოროტმოქმედებაა, მაგრამ ეჭვი არ ეპარება, რომ დანარჩენი ეპიზოდები მისი დაშინების მცდელობას და ტერორს წარმოადგენს.

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაგმო გონტარევას აგარაკზე ხანძრის გაჩენა და სამართალდამცველებს სასწრაფო გამოძიებისკენ მოუწოდა.

„პოლიცია თავს იკავებს დაასახელოს ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილთა ვინაობა, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი უკრაინაში მთავარ ეჭვმიტანილად სწორედ კოლომოისკის მიიჩნევს“, - ამბობს ფესენკო. - „იგი თავადაც არ მალავს, რომ შურისძიების წყურვილითაა შეპყრობილი გონტარევას მიმართ“.

თავის მხრივ, კოლომოისკი უარყოფს თავის რაიმე კავშირს გონტარევას დაშინების კამპანიასთან, იქნება ეს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის სახლის გადაწვა თუ მისი რძლის მანქანაში ხანძრის გაჩენა.

ხოლო ლონდონში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით უკრაინელი ოლიგარქი აცხადებს, რომ მან გონტარევას კიევში დაბრუნება სხვა საშუალებით შესთავაზა:

„მე შევპირდი, რომ თვითმფრინავს გავუგზავნიდი და არა მანქანას“, - ირონიულად აღნიშნა კოლომოისკიმ.