უკრაინა ტრამპის პირველ ვადაში: ჯაველინები, სამხედრო კატარღები, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, 2018 წლის 27 ივნისი

მსოფლიო ყურადღებით აკვირდება მეორე ვადით არჩეული ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირველ ნაბიჯებს, მათ შორის ელოდება გადაწყვეტილებებს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.

ანალიტიკოსების ნაწილი შიშობს, რომ ტრამპის მიერ გაცემულმა ომის სწრაფად დასრულების დაპირებამ შესაძლოა დიდწილად რუსეთის წისქვილზე დაასხას წყალი, მით უმეტეს, რომ არსებობს მოსაზრება, რომ ტრამპი თავისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში (2017-2021) უპრობლემოდ ურთიერთობდა ვლადიმირ პუტინთან და სკეპტიკურად უყურებდა უკრაინის მხარდაჭერას. თუმცა ფაქტები საწინააღმდეგოზე მეტყველებენ.

სწორედ ტრამპის ადმინისტრაციამ დაუწესა სანქციები რუსეთს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის გამო და მიიღო არაერთი ისეთი გადაწყვეტილება, რამაც თვისებრივად შეცვალა უკრაინის თავდაცვისუნარიანობის ხარისხი.

რადიო თავისუფლების უკრაინულმა სამსახურმა შეაგროვა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 2017-2021 წლებში გადადგმული შვიდი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლებიც ახლა ცოტა ვინმეს თუ ახსოვს.

JAVELIN

2018 წლის მარტი - 2014 წლის ანუ დონბასში ომის დაწყების შემდეგ აშშ-მა უკრაინას პირველად გადასცა ლეტალური იარაღი. პროცესი 2017 წლის დეკემბერში დაიწყო.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კიევს გადასცა 47 მილიონ დოლარად ღირებული 210 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და 37 Javelin-ის სისტემა, რომელიც მოქმედებს პრინციპით „ესროლე და დაივიწყე“ (Fire-and-Forget), რაც იმას ნიშნავს, რომ მსროლელს არ მოეთხოვება სამიზნის განადგურებამდე მართოს რაკეტა და საწყის პოზიციაში დარჩეს, არამედ საშუალება ეძლევა, სწრაფად მიიღოს თავდაცვითი ზომები, რაც საპასუხო შეტევის ეფექტიანობის შანსებს ამცირებს.

სისტემა თვითონ პოულობს სამიზნეს, ზემოდან ეცემა და ანადგურებს ტანკის კოშკურას. ჯერ კიდევ მაშინ წერდნენ სამხედრო ბლოგერები, რომ დონბასელი რუსი ტანკისტები, Javelin-ების შიშით ტანკებში ვეღარ სხდებიანო.

ჯაველინის გამოყენება უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. დონეცკის ოლქი, უკრაინა, 2021 წლის დეკემბერი

რუსეთმა მკვეთრად გააკრიტიკა ტრამპის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება. კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „მოტივაციას აუმაღლებს კიევში ცხელ თავებს“ და უფრო მეტი აგრესიისკენ უბიძგებს მათ.

მაგრამ ტრამპის ადმინისტრაცია საპასუხოდ ამბობდა, რომ ეს ნაბიჯი აძლიერებდა უკრაინის თავდაცვისუნარიანობას.

„ტრამპის ადმინისტრაციამ იარაღის გადაცემით მიანიშნა, რომ რუსეთისადმი იმაზე მეტად ხისტია, ვიდრე პრეზიდენტი ბარაკ ობამა იყო“, - დაწერა მაშინ ტელეკომპანია ABC-ის ვებსაიტმა.

Javelin-ებმა ასევე გაახარეს უკრაინის საზოგადოება, როდესაც 2018 წლის აგვისტოში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე ახალი იარაღი ჰრეშჩატიკზე ჩამოატარეს სამხედროებმა.

უკრაინელი სამხედროები ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით (Javelin ) უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე. კიევი, 2018 წლის 24 აგვისტო

შემდეგაც, უშუალოდ რუსეთის შეჭრამდე, შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა დამატებითი კიდევ გადასცეს უკრაინას Javelin-ები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ომის პირველ თვეებში კიევის დაცვასა და რუსული ჯავშანტექნიკის განადგურებაში.

დიდი ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, Fox-თან ინტერვიუში, ექსპრეზიდენტმა ტრამპმა თქვა: „რუსეთი ღრმად ჩაეფლო, იმაზე ბევრად ღრმადაც კი, ვიდრე წარმოიდგენდნენ - და ეს იმ იარაღის გამო, რომელიც მე მივეცი მათ და, რომელიც უკრაინელებმა ასე ოსტატურად გამოიყენეს“.

სამხედრო კატარღები

2019 წელს ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას გადასცა Island კლასის ორი სამხედრო კატარღა („Слов’янськ“ და „Старобільск“). 2021 წელს უკრაინამ დამატებით მიღოო კიდევ სამი ამერიკული კატარღა, რომელთა ეკიპაჟების წევრებმა სწავლება ბალტიმორში (აშშ) გაიარეს.

ამ კლასის კატარღების ნაოსნობის დიაპაზონი 6,1 ათასი კმ-ია, სიგრძე - 33 მ-ზე მეტი. Island-ი გამოირჩევა სერიოზული საბრძოლო აღჭურვილობით.

"Island" კლასის ორი საპატრულო კატარღა, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა გადასცა უკრაინის საზღვაო ძალებს. ბალტიმორი, 2018 წლის 27 სექტემბერი

2020 წლის ივლისში, ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე გადაწყვიტა უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალებისთვის მიეყიდა როგორც 16 ცალი Mark VI ჩქაროსნული საპატრულო კატარღა, ასევე სხვა არაერთი აღჭურვილობა.

Mark VI კატარღები დაცურავენ მეჩხერ წყლებში სანაპიროს მახლობლად და ასრულებენ საპატრულო ფუნქციებს, ავითარებენ მაღალ სიჩქარეს - 76 კმ/სთ.

„ეს არის სათანადო დახმარება უკრაინის სუსტი ფლოტის გასაძლიერებლად, რომელსაც არ გააჩნია პატრულირების შესაძლებლობა სანაპირო ზოლის გასწვრივ შავ და აზოვის ზღვებში, რომ აღარაფერი ვთქვათ დახმარებაზე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპირწონედ“, - წერდა მაშინ მედია.

საპატრულო კატარღა Mark VI

უკრაინისათვის გადაცემულ ამ კატარღებს განსხვავებული ბედი აღმოაჩნდათ. ზოგიერთი, მაგალითად „Слов’янськ-ი“, განადგურდა რუსეთის საზღვაო ფლოტის რაკეტებით სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ კვირებში საბრძოლო ამოცანების შესრულებისას.

როგორც უნდა იყოს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იყო პირველი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციებს შორის, რომელმაც ქმედითი ნაბიჯები გადადგა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების გასაძლიერებლად.

„ყირიმის დეკლარაცია“

დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრიდან (2018 წლის 16 ივლისი) ათი დღის შემდეგ (2018 წლის 25 ივლისი) ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გამოაქვეყნა „ყირიმის დეკლარაცია“, რომლის ტექსტი გადაეცა უკრაინელ პოლიტიკოსს, ყირიმელი თათრების ლიდერს, მუსტაფა ჯემილევს.

„ყირიმის დეკლარაციამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიის არაღიარება და გამოაცხადა ამერიკის გრძელვადიანი პოლიტიკა, არ ცნოს რუსეთის პრეტენზიები საერთაშორისო სამართლის დარღვევით მიტაცებულ ტერიტორიებზე.

„ყირიმის დეკლარაციას“ აქვს სამი პუნქტი, რომელთაგან პირველში ნათქვამია: „რუსეთმა, უკრაინაში შეჭრით და 2014 წელს ყირიმის ანექსიის მცდელობით, სცადა დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ დაცული ფუნდამენტური საერთაშორისო პრინციპისათვის ძირის გამოთხრა : არცერთ ქვეყანას არ შეუძლია ძალით შეცვალოს სხვა ქვეყნის საზღვრები“.

მუსტაფა ჯემილევმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწისგან მიიღო "ყირიმის დეკლარაციის" ტექსტი. კიევი, 2018 წლის 26 ივლისი

ბევრმა ანალიტიკოსმა მაშინვე გაავლო პარალელი „ყირიმის დეკლარაციასა“ და 1940 წლის „უელსის დეკლარაციას“ შორის, რომლითაც შეერთებულმა შტატებმა არ აღიარა საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიის სამი ქვეყნის - ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ოკუპაცია. იყო კომენტარები, რომ „ყირიმის დეკლარაცია“ ასევე, ადრე თუ გვიან, დაუბრუნებს უკრაინას სუვერენიტეტს ყირიმზე - უბრალოდ საჭიროა მოთმინება.

2020 წელს მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა პომპეომ განაცხადა: „ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ აცხადებს: ყირიმი უკრაინაა. როგორც ნათქვამია 2018 წლის ივლისის ყირიმის დეკლარაციაში, შეერთებული შტატები არ აღიარებს და არც არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს ნახევარკუნძულზე“.

NORD STREAM-2

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის ბოლოს, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთის კუთვნილ მილსადენების გამყვან ხომალდებსა და მათ მფლობელებს, რომლებსაც შეეძლოთ დაემთავრებინათ გაზსადენ Nord Stream-2-ის („ჩრდილოეთის ნაკადი-2“) მშენებლობა ბალტიის ზღვის ფსკერზე, რუსეთიდან გერმანიამდე. მაშინ მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სანქციების დაწესება (რამაც შეაჩერა გაზსადენის გაყვანა) იყო უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შეკავების ერთ-ერთი მექანიზმი.

კერძოდ, სანქციებს დაექვემდებარა გემი „ფორტუნა“, რომელიც ზღვის ფსკერზე აწყობდა Nord Stream 2-ის მილებს. „ფორტუნას“ გარდა სანქციები ასევე დაუწესდა გემებს „მაქსიმ გორკის“ და „სიერას“, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ ვენესუელაში და ასევე მონაწილეობდნენ პროექტში.

მილები Nord Stream 2 გაზსადენისთვის, გერმანიის პორტი მუკრანი. 2020 წელი

პირველი საპრეზიდენტო ვადის დასრულებიდან ექვსი თვის შემდეგ, დონალდ ტრამპმა გაიხსენა Nord Stream-2-ის ამბავი.

„ამბობენ, ტრამპი არ იყო საკმარისად მკაცრი რუსეთის მიმართო. მართლა? მე გავაჩერე მათი მილსადენი. მილსადენი იყო რუსეთისთვის შემოსავლის მთავარი წყარო. და მე გავაჩერე იგი, ამ ბიჭმა კი ეგრევე მწვანე შუქი აუნთო მას“, - თქვა ტრამპმა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე.

ჯო ბაიდენმა მართლაც გააუქმა გარკვეული სანქციები, რომლებიც მოქმედებდა „გაზპრომის“ გერმანელი პარტნიორების, მათ შორის Nord Stream 2 მილსადენის ოპერატორი კომპანიის AG-ისა და მისი აღმასრულებელი დირექტორის, შტაზის ყოფილი ოფიცრის, მათიას ვარნიგის წინააღმდეგ.

საბოლოო ჯამში, Nord Stream-2-ის ბედი დრამატულად განვითარდა - გაზსადენი იდუმალებით მოცულ პირობებში ააფეთქეს 2022 წლის სექტემბერში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

გაზის გაჟონვა Nord Stream-2 მილსადენიდან, ფოტო გადაღებულია დანიის F-16 სამხედრო თვითმფრინავიდან კუნძულ ბორნჰოლმის მახლობლად. დანია, 2022 წლის 27 სექტემბერი

დიპლომატების გაძევება

2018 წლის მარტში დასავლეთის ქვეყნებმა ერთდროულად გაძევეს თავიანთი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატები. მიზეზი: რუსეთის სპეცსამსახურის მიერ დიდ ბრიტანეთში ФСБ-ს (უსაფრთხოების ფედერალური სამსახური) ყოფილი თანამშრომლის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ქვეყნიდან გაეძევებინა 60 რუსი დიპლომატი და დაეხურა სიეტლში მდებარე რუსეთის გენერალური საკონსულო. საუბარია საელჩოს 48 თანამშრომელსა და გაეროში (ნიუ-იორკი) რუსეთის ფედერაციის მუდმივი მისიის 12 წევრზე.

განკარგულების შესაბამისად, რუსმა დიპლომატებმა ქვეყანა ერთ კვირაში დატოვეს. 2018 წლის 1 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაძევებულმა რუსმა დიპლომატებმა აშშ დატოვეს რუსული Ил-96 თვითმფრინავის ორი სპეციალური რეისით.

„დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლის საპასუხოდ ტრამპის ადმინისტრაციამ ორშაბათს (26 მარტს) გამოსცა განკარგულება ნიუ-იორკიდან და ვაშინგტონიდან 60 რუსი მზვერავისა და დიპლომატ-ოფიცრის გაძევების შესახებ. ამავე განკარგულებით დაიხურა რუსეთის საკონსულო სიეტლში“, - ნათქვამი იყო თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამერიკის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი სიეტლში, რუსეთის გენერალური კონსულის ყოფილი რეზიდენციის კარიბჭესთან. 2018 წლის 25 აპრილი

ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების შეფასებით, რუსეთის საკონსულო სიეტლში იყო „რუსეთის სადაზვერვო ოპერაციების ძირითადი ფორპოსტი“.

საინტერესოა, რომ სიეტლში მდებარეობს ამერიკული თვითმფრინავების წამყვანი მწარმოებლის, Boeing-ის შტაბბინა და წარმოების ობიექტები, რომლებიც პენტაგონისთვის ასრულებენ სამხედრო კონტრაქტებს.

თურქეთი და С-400 კომპლექსები

2020 წლის დეკემბერში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა თურქეთს რუსული С-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის გამო.

2017 წელს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 2,5 მლრდ დოლარის ხელშეკრულება გააფორმა პუტინთან რუსული მობილური სახმელეთო სარაკეტო სისტემების შეძენაზე.

რუსული С-400 საჰაერო თავდაცვის სისტემის პირველი ნაწილების ჩამოტვირთვა "მურტედ"-ის აეროდრომზე, ანკარის მახლობლად. 2019 წლის 12 ივლისი

აშშ მიიჩნევდა, რომ თურქეთი, როგორც ნატოს წევრი, კარგად უნდა დაფიქრებულიყო რუსეთთან სტრატეგიული თავდაცვის ხელშეკრულების დადებამდე, რადგან მის მიერ შეძენილი რუსული სისტემები საფრთხეს წარმოადგენდა ალიანსის თვითმფრინავებისთვის.

ვაშინგტონის გაფრთხილების მიუხედავად, თურქეთმა 2019 წლის ივლისში მაინც შეიძინა პირველი ოთხი С-400 ბატარეა.

ამის გამო აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსსა და თურქეთის ოფიციალურ პირებს. გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა ანკარას ასევე შეუჩერა Patriot-ის სისტემების მიწოდებაც.

2019 წელს, ტრამპის ადმინისტრაციამ თურქეთი ამოიღო საერთაშორისო კონსორციუმიდან, რომელიც ახალი F-35 მრავალფუნქციური თვითმფრინავის შექმნაზე მუშაობდა. F-35 ითვლება მსოფლიოში საუკეთესო, მოწინავე საბრძოლო თვითმფრინავად.

F-35

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამი იყო: „F-35 ვერ შეძლებს თანაარსებობას სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების რუსულ პლატფორმასთან, რომელიც გამოყენებული იქნება (F-35-ის) გაფართოებული შესაძლებლობების შესასწავლად“.

„ვაგნერის“ განადგურება სირიაში

2018 წლის 7 თებერვალს, საერთაშორისო კოალიციის ავიაციამ აშშ-ის მეთაურობით იერიში მიიტანა სირიაში რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ დაქირავებულ ჯარისკაცებზე.

როგორც ამერიკული ტელეკომპანია CBS News-ი ცხელ კვალზე იტყობინებოდა, თუ დაღუპულთა შორის იყვნენ რუსი დაქირავებულები, ეს იმას ნიშნავდა, რომ სირიაში აშშ-ის საჰაერო თავდასხმას პირველად შეეწირნენ რუსეთის მოქალაქეები. დეტალებს შორის იყო შემდეგი ინფორმაცია: რუსი დაქირავებულები აკონტროლებდნენ ნავთობის საბადოებს სირიაში ან ცდილობდნენ მათზე კონტროლის დამყარებას.

"ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები სირიაში. არქივი

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ამერიკული ავიაიერიშის შედეგად, სავარაუდოდ, 200-მდე „ვაგნერელი“ დაიღუპა.

2022 წლის თებერვლის შემდეგ „ვაგნერელები“ აქტიურად მონაწილეობდნენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან ომში, განსაკუთრებით დონბასში (მათ შორის ავდიივკის მახლობლად), ვიდრე 2023 წლის ივნისის წარუმატებელი ამბოხის შემდეგ არ დახოცეს მისი ხელმძღვანელები, ევგენი პრიგოჟინი და დმიტრი უტკინი.

ასევე ნახეთ ნიკოლაი პატრუშევი: "უკრაინა გაქრება, მოლდოვა დაიშლება..."