უკრაინა ATACMS-ებით შეეცდება ყირიმში პუტინის ციხესიმაგრის განეიტრალებას

აშშ-ის წარმოების ATACMS-ს შეუძლია მიაღწიოს ნებისმიერ სამიზნეს 300 კილომეტრამდე მანძილზე, მაგალითად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის რეგიონს.

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, მისი შეიარაღებული ძალები უკრაინას ყირიმის შედარებით უსაფრთხო ტერიტორიიდან ესხმოდნენ თავს რაკეტებითა და დრონებით.

2014 წელს უკრაინის შავი ზღვის ნახევარკუნძულის ოკუპაციის შემდეგ, კრემლის ლიდერმა მილიარდობით დოლარი ჩადო ყირიმის მილიტარიზაციაში, გააფართოვა ბაზები, ააშენა დეპოები და სხვა ინფრასტრუქტურა.

ახლა კი ყირიმის ციხესიმაგრე მნიშვნელოვანი ახალი საფრთხის წინაშე დგას, რამაც შეიძლება გაანეიტრალოს მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც ის ამ ომის დროს, 26 თვის განმავლობაში ასრულებდა. ეს საფრთხეა ამერიკული ATACMS-ი (Army Tactical Missile System), იგივე არმიული ტაქტიკური სარაკეტო სისტემა. თითქმის ორწლიანი ყოყმანის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თვის დასაწყისში კიევს გადასცა ეს მძლავრი ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ 300 კილომეტრის დაფარვა. მათ შეუძლიათ მისწვდნენ ნახევარკუნძულზე განლაგებულ 100-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს.

"ATACMS-ის მიწოდება დიდი მიღწევაა. ამას შეუძლია ყირიმი სამხედროდ ძირითადად უსარგებლო გახადოს", - უთხრა ფილიპ კარბერმა, ვაშინგტონში ბაზირებულმა სამხედრო ანალიტიკოსმა, რადიო თავისუფლებას.

ყირიმში განლაგებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, ექვსი საჰაერო ბაზა, სარდლობისა და კონტროლის ცენტრი, იარაღის დეპოები, დოკები, ყაზარმები და სხვა. საჰაერო თავდაცვის რადარები და ანტისარაკეტო სისტემები კი ამ ობიექტებს იცავს.

რუსეთი ყირიმიდან რეგულარულად უშვებს რაკეტებს – მათ შორის, ჰიპერბგერითს და უპილოტო თვითმფრინავებს სამხრეთ უკრაინის მიმართულებით. ბოლო დროს ის ნახევარკუნძულიდან უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ესხმის თავს.

“ავიამზიდი, რომელსაც ვერავინ ჩაძირავს”

ყირიმი ამავე დროს პუტინის საომარი ძალისხმევის მთავარი ლოგისტიკური კვანძიცაა.

რუსეთს საბრძოლო მასალა, მძიმე ჯავშანტექნიკა, საწვავი, საკვები და სამედიცინო აღჭურვილობა კრასნოდარის რეგიონიდან ყირიმში საავტომობილო, სარკინიგზო გზებით, ბორანითა და სხვა გემებით გადააქვს. შემდეგ კი ეს მარაგები და ცოცხალი ძალის დიდი ნაწილი ნახევარკუნძულის გავლით ჩრდილოეთით გადადის ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილებში.

"ახლა ყირიმი რუსებისთვის წარმოადგენს ერთგვარ ავიამზიდს, რომელსაც ვერავინ ჩაძირავს. აქედან უშვებს თვითმფრინავებსა და დრონებს და ლოგისტიკურ მხარდაჭერას უწევს თავის ძალებს სამხრეთ უკრაინაში", - განუცხადა რადიო თავისუფლებას ბენ ჰოჯესმა, აშშ-ის არმიის გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა, რომელიც მეთაურობდა აშშ-ს ძალებს ევროპაში.

რუსული ხომალდები ნოვოროსიისკის პორტში 2023 წლის ივლისში.

უკრაინამ რამდენიმე ძირითადი სამხედრო სამიზნეს დაარტყა ნახევარკუნძულზე, მათ შორის, საჰაერო ბაზებსა და 19-კილომეტრიან ყირიმის ხიდს, რომელიც რუსეთსა და ყირიმს შორის ერთადერთი ფიზიკური კავშირი და სამხედრო მიწოდების მარშრუტი გახლავთ. ეს 24 აპრილს აშშ-ის მიერ ATACMS-ის უახლესი მიწოდების დამტკიცებამდე მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი რეგულარულად კეტავს ხიდს საფრთხეების გამო, მოსკოვი მაინც ახერხებს ყირიმის მომარაგებას ამ ხიდის და ბორნების მეშვეობით, - ამბობს კარბერი. გემებს ასევე გადააქვთ ტვირთი სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბში, რომელიც ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარეობს.

ზელენსკი თვეების განმავლობაში მოუწოდებდა ბაიდენის ადმინისტრაციას, მისთვის გადაეცა შორეული მოქმედების რაკეტები, რათა გაენადგურებინა სამხედრო სამიზნეები, რომლებიც ფრონტის ხაზისგან მოშორებით, განსაკუთრებით კი ყირიმში მდებარეობს. უკრაინა შორეული მოქმედების რაკეტებს თავადაც აწარმოებს, ოღონდ მხოლოდ მცირე რაოდენობას. თუმცა კიევი იმედოვნებს, რომ წელს წარმოების გაზრდას შეძლებს.

გასულ შემოდგომაზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში გაგზავნა ATACMS-ის უფრო მოკლე მოქმედების ვარიანტი, რომლებსაც 165 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. უკრაინამ ისინი პირველად ოქტომბერში გამოიყენა აღმოსავლეთ უკრაინაში სამიზნეების წინააღმდეგ.

შორეული მოქმედების ATACMS-ის მიღებიდან ცოტა ხნის შემდეგ, უკრაინამ განაცხადა, რომ 17 აპრილს გამოიყენა ისინი ყირიმის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საჰაერო ბაზაზე თავდასასხმელად და დააზიანა რუსული ვერტმფრენები, S-400 - რუსეთის მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემა და სარდლობისა და კონტროლის ცენტრი. ამ ცნობის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ მოხერხდა.

მთავარი რაოდენობაა

ამერიკას არ უთქვამს, თუ რამდენი შორეული მოქმედების ATACMS-ი გააგზავნა უკრაინაში ან კიდევ რამდენი შეიძლება მიიღოს კიევმა უახლოეს თვეებში.

“ნიუ-იორკ ტაიმსის” წყარო აცხადებს, რომ უკრაინას აშშ-მა 100-ზე მეტი შორეული მოქმედების ATACMS-ი მიაწოდა. ერთი სამიზნის გასანადგურებლად ან მნიშვნელოვნად დასაზიანებლად შეიძლება საჭირო გახდეს რამდენიმე ATACMS-ის გამოყენება, - აცხადებენ კარბერი და ჰოჯესი.

კოლბი ბადჰვარმა, დამოუკიდებელმა თავდაცვის ანალიტიკოსმა, X-ზე (ყოფილი Twitter-ი) დაწერა, რომ ამერიკას შეუძლია უკრაინას 200 შორი მოქმედების ATACMS-ი გადასცეს. შეიძლება მეტიც, თუ დაახლოებით 1140 „ვადაგასული“ რაკეტა აშშ-ს მარაგებში კვლავაც ვარგისია.

უკრაინას სხვა დასავლური რაკეტებიც აქვს, თუმცა მათი მარაგი მცირდება. გასულ წელს დიდმა ბრიტანეთმა კიევს გაუგზავნა ფრთოსანი რაკეტები Storm Shadow, რომლებსაც შეუძლიათ სამიზნეებს 250 კილომეტრამდე მისწვდნენ. გასულ კვირას ლონდონმა გამოაცხადა, რომ მალე უფრო მეტს გაგზავნის.

ამ რაკეტებს უზარმაზარი ეფექტი აქვთ

2023 წლის სექტემბერში უკრაინამ 10 დღის განმავლობაში გამოიყენა Storm Shadow-ის რაკეტები ყირიმში ორი სამიზნის: გემთსაშენი ქარხნისა და სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის შტაბის წინააღმდეგ. უკრაინამ გაანადგურა ან დააზიანა დაახლოებით 24 რუსული ხომალდი შავ ზღვაში უკრაინული და დასავლური იარაღის ერთად გამოყენებით.

შტაბზე თავდასხმიდან ორ კვირაში რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის დიდი ნაწილი ნახევარკუნძულიდან რუსეთის პორტ ნოვოროსიისკში გაიყვანა.

„უკრაინელებმა უკვე დაამტკიცეს, თუ რისი გაკეთება შეუძლია რამდენიმე ზუსტ იარაღს ყირიმში რუსების წინააღმდეგ“, - თქვა ჰოჯესმა ყირიმზე Storm Shadow-ებით თავდასხმის შესახებ.

გასულ თვეში The Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ ATACMS-ი საშუალებას მისცემს უკრაინას, განდევნოს რუსული საჰაერო ძალები ნახევარკუნძულიდან.

„თუ რუსეთს ეცოდინება, რომ ჩვენ ამ თვითმფრინავების განადგურება შეგვიძლია, ისინი ყირიმიდან თავს ვეღარ დაგვესხმებიან“, - თქვა მან. "საზღვაო ფლოტის შემთხვევაშიც ასე იყო. ის ჩვენი ტერიტორიული წყლებიდან გავაძევეთ. ახლა კი ყირიმის აეროპორტებიდან განვდევნით".

ბადჰვარი ამბობს, რომ გერმანული ფრთოსანი რაკეტა Taurus-ი ყირიმის ხიდის დასაზიანებლად ATACMS-ს სჯობნის. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჯერჯერობით უარს ამბობს უკრაინისათვის ამ მძლავრი რაკეტის გადაცემაზე, თუმცა დასავლეთის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება ATACMS-ის მიწოდების შესახებ გერმანიის ლიდერსაც შეაცვლევინებს აზრს.

23 აპრილს ოდესაში რუსული თვითმფრინავის თავდასხმის შემდეგ.

დასამალი არსადაა

ახლა, როდესაც უკრაინა ATACMS-ით არის შეიარაღებული, ყირიმში რუსული ძალები ვერსად დაიმალებიან, - ამბობს ჰოჯესი. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა "იციან ნახევარკუნძულის ყველა კვადრატული მეტრი". ზელენსკი ამბობს, რომ თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვიზიტის დროს მან აჩვენა აშშ-ის ოფიციალურ პირებს ყველა სამიზნე, რომელთა განადგურებასაც აპირებს ATACMS-ის მეშვეობით.

"ყირიმის განთავისუფლებისკენ გადადგმული პირველი დიდი ნაბიჯი იქნება მისი სამხედრო კუთხით უსარგებლოდ ქცევა. შორი მოქმედების, ზუსტი დარტყმები უკრაინას სწორედ ამის შესაძლებლობას მისცემს", - თქვა ჰოჯესმა.

"არ არის საჭირო ყველა რუსის დახოცვა", - თქვა მან. "საკმარისია დარწმუნდეთ, რომ მათ აღარ გააჩნიათ საწვავი, საბრძოლო მასალა და საკვები".