უკვე დააყენეთ Signal-ი? აი, კიდევ 3 მესენჯერი, სადაც სუს-ი ვერ მოგისმენთ... წესით

სულ უფრო მეტი ადამიანი აცხადებს, 13 სექტემბერს გავრცელებულ ჩანაწერებში საკუთარი თავი ამოვიცანითო. სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილი ფაილები ცხადყოფს, რომ ნაწილს უთვალთვალებდნენ სკაიპსა და ფეისბუკის მესენჯერში.

იმისთვის, რომ წაიკითხოს თქვენი მიმოწერა, სუს-მა ან ნებისმიერმა სხვა მოთვალთვალემ უნდა გააკონტროლოს თქვენი ინტერნეტკავშირი, ანდაც შეაღწიოს თქვენს მოწყობილობაში.

თუკი ამ უკანასკნელზე უკვე დაყენებულია Pegasus, ან მსგავსი ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მას მთლიანად აკონტროლებს, მაშინ უსაფრთხო მესენჯერებიც კი ვერ დაგიცავთ. თუ არადა, არსებობს საიმედო ალტერნატივები.

ციფრული უსაფრთხოების ექსპერტები გვირჩევენ - თუკი თავისუფლად ლაპარაკი გსურთ, ნუ გამოიყენებთ ფეისბუკის მესენჯერს, ინსტაგრამსა და სკაიპს. იმას თავი დავანებოთ, რომ ისინი თქვენს პირად მონაცემებს ყიდიან თქვენთვის რეკლამის უკეთ „დასამიზნებლად”. პრობლემური სხვა რამეა - მიმოწერა დაშიფრული არ არის.

ყველაზე დაცული ის საკომუნიკაციო არხებია, რომლებიც ინფორმაციის მიღება-გადაცემისას „ორმხრივი დაშიფვრის” (End-to-end encryption) ტექნოლოგიას იყენებენ. ამ ტექნოლოგიის წყალობით, თქვენს შეტყობინებას წაიკითხავთ მხოლოდ თქვენ და მისი ადრესატი. როგორ? საქმე ისაა, რომ შეტყობინება გაგზავნისას იშიფრება, იტვირთება სერვერზე და იქიდან იგზავნება ადრესატთან, რომელსაც შიფრის მოსახსნელი გასაღები აქვს.

დაშიფრული ელექტრონული ფოსტის (მაგალითად, Protonmail-ის) შემთხვევაში, მოსაუბრეებმა ჯერ გასაღებები უნდა გაცვალონ. მესენჯერებში კი შიფრაცია ავტომატურად ხდება.

ამ ტექნოლოგიას დღეს არაერთი მესენჯერი იყენებს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

Signal

ციფრულ სივრცეში გამოხატვის თავისუფლებისთვის მებრძოლის, ამერიკელი მოქსი მარლინსპაიკის მიერ შექმნილი მესენჯერი სულ უფრო პოპულარული ხდება.

ყველაფერი, რასაც ამ მესენჯერში აგზავნით (ტექსტი, სურათები, ვიდეო და სტიკერები), ორმხრივადაა დაშიფრული. გარდა ამისა, დაცულია აუდიო და ვიდეო ზარები. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ სპეციალური ფუნქცია ჩართოთ და შეტყობინებები გარკვეული დროის შემდეგ წაიშლება. ამასთან, პარამეტრებს თუ შეცვლით, თქვენ მიერ გაგზავნილი ფოტოები და ვიდეოები პირველივე გახსნის შემდეგ გაქრება. როგორც ინსტაგრამში.

აპლიკაცია უფასოა. იგი არ ინახავს და არ ყიდის თქვენს მონაცემებს. მისი თავდაპირველი კოდი კი საჯაროა. მესენჯერის დაყენება შეგიძლიათ როგორც ანდროიდსა და აიფონზე, ისე პირად კომპიუტერებზე.

სიგნალის გამოყენებისკენ სხვებს მოუწოდებენ ტესლას მფლობელი ილონ მასკი და აშშ-ის თავდაცვის სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ედვარდ სნოუდენი, რომელმაც ხელისუფლების უკანონო მოსმენის გრანდიოზული სქემა გაასაჯაროვა.

Wire

შვეიცარიულმა კომპანია Wire Swiss-მა აპლიკაცია 2014 წლის 3 დეკემბერს გამოუშვა. 2016 წლის მარტიდან მიმოწერაცა და ზარებიც Wire-ში ორმხრივადაა დაშიფრული.

აპლიკაციის უფასო ვერსიაში შეგიძლიათ დაურეკოთ ერთდროულად 25 ადამიანს, ვიდეოკონფერენცია კი „დაიტევს” 12 მომხმარებელს. არსებობს ფასიანი ვერსიაც, რომელიც ორგანიზაციებზეა გათვლილი.

Wire-ის მტკიცებით, ის არ ყიდის მომხმარებელთა მონაცემებს მესამე პირებზე. ხელმისაწვდომია ტელეფონებისა და პერსონალური კომპიუტერებისთვის.

Telegram

2013 წელს იგი შექმნეს რუსული სოციალური ქსელის, ვკონტაქტეს შემქმნელებმა, ძმებმა ნიკოლაი და პაველ დუროვებმა. 2014 წელს, ზეწოლის შედეგად, მათ ვკონტაქტე ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პირებს მიჰყიდეს და მას შემდეგ, მთელი ყურადღება მესენჯერზე გადაიტანეს. 2017 წელს Telegram-ის გუნდი დუბაიში გადავიდა.

თქვენი ანგარიში უნდა მიაბათ ტელეფონის ნომერს და მართალია, Telegram-ის გამოყენება პერსონალურ კომპიუტერშიც შეგიძლიათ, მაგრამ საამისოდ სმარტფონი დაგჭირდებათ.

მიმოწერა და ფაილები (თითოს მაქსიმალური მოცულობა - 2 გიგაბაიტი), რომელსაც Telegram-ში აგზავნით და იღებთ, ე.წ. ღრუბელზე ინახება. ანუ მათზე წვდომა ნებისმიერი მოწყობილობიდან გექნებათ.

ტელეგრამის კიდევ ერთი ფუნქცია ე.წ. არხებია. 2020 წელს ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ლუკაშენკას რეჟიმმა ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა შეზღუდა. ხელისუფლების ცენზურისგან დაცულ ინფორმაციას აქციების შესახებ მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ტელეგრამის არხებით ცვლიდა.

2020 წლის აპრილში ტელეგრამმა განაცხადა, რომ დღეში მას 400 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

Teams

მაიკროსოფტის მიერ 2017 წელს შექმნილ პროგრამაში ასევე შეგიძლიათ ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა და კონკრეტულ ადამიანთან ლაპარაკი, თუმცა მისი მთავარი ფუნქცია ჯგუფური ზარების მოწყობაა.

2021 წლის აპრილში, მაიკროსოფტის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ აპლიკაციას დღეში 145 მილიონი ადამიანი იყენებს.

და WhatsApp?

ამ აპლიკაციასთან ციფრული უსაფრთხოების ექსპერტებს და უბრალო მომხმარებლებს ბოლო წლებში სულ უფრო მეტი კითხვა და ეჭვი უჩნდებათ. 2014 წლიდან მოყოლებული აპლიკაციას Facebook-ი ფლობს. 2020 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ კორპორაცია მესენჯერის მომხმარებლების ინფორმაციაზე წვდომას მიიღებს.

გარდა ამისა, Whatsapp არაერთხელ გამხდარა ჰაკერული თავდასხმების სამიზნე და მასში სისუსტეები არაერთხელ აღმოუჩენიათ.