ერთ-ერთი მათგანია პავლოგრადი, ქალაქი, დასავლეთ დონბასის ნახშირის აუზის ცენტრი, რომელიც დონეცკიდან დნეპრისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს.
სწორედ პავლოგრადში მოქმედებს მრავალი წლის განმავლობაში დიდი საევაკუაციო ცენტრი, სადაც დონეცკის ოლქის სხვადასხვა ნაწილიდან მოჰყავთ ევაკუირებული ადამიანები. ადრე ასეთი ცენტრი დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკშიც მოქმედებდა, მაგრამ ამჟამად იქ ძალიან საშიში ვითარებაა.
რუსეთის არმია კურახოვკისა და პოკროვსკის მიმართულებით ყოველდღიურად აძლიერებს იერიშებს მას შემდეგ, რაც ოქტომბრის დასაწყისში წარმატებით იგდო ხელთ ქალაქი უგლედარი და სერიოზულ პლაცდარმს დაეუფლა შემდგომი წინსვლისთვის.
ამიტომ პავლოგრადის განთავსების ცენტრში ყველაზე მეტი ევაკუირებულები სწორედ ფრონტისპირა ქალაქებიდან, კურახოვკიდან და პოკროვსკიდან მოჰყავთ.
როგორ ცხოვრობს დღეს ქალაქი პავლოგრადი და რას ფიქრობენ მისი მცხოვრებლები რუსეთის შეტევაზე? ამის გასაგებად ქალაქში "ნასტოიაშჩეე ვრემიას" კორესპონდენტი იმყოფებოდა, რომელსაც თავის ოპერატორთან ერთად, ფხიზლად მყოფმა მოქალაქეებმა უკრაინული ენის ცოდნა შეუმოწმეს.
"ბებია, ჩვენ გავიმარჯვებთ! აუცილებლად გავიმარჯვებთ!"
გეოგრაფიული ადგილმდებარეობით ქალაქი პავლოგრადი ეკუთვნის არა დონეცკს, არამედ დნეპროპეტროვსკის რეგიონს, მაგრამ, ფაქტობრივად, ის დონბასის ნაწილია. აქ მოიპოვება ნახშირი, ხოლო ქალაქი ადმინისტრაციულ ცენტრ დნეპრისგან გამოყოფილია არა მხოლოდ 60 კმ-იანი გზით, არამედ ფართო მდინარე დნეპრით. ჯერჯერობით, ომი პავლოგრადში საერთოდ არ იგრძნობა: ქალაქში ბევრი რესტორანი, მაღაზია, სავაჭრო და ბავშვთა გასართობი ცენტრი მუშაობს, ბევრ ბავშვს შეხვდებით სათამაშო მოედნებზე.
ამავე დროს, უკვე დღეს, ფრონტისპირა პოკროვსკიდან პავლოგრადამდე მისასვლელად, თქვენ ერთდროულად უნდა გაიაროთ თავდაცვის რამდენიმე ხაზი, ტანკსაწინააღმდეგო თხრილების და სანგრების უზარმაზარი სისტემებისგან რომ შედგება. ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია, მაგრამ უსაფრთხოებიდან გამომდინარე მედიისთვის აკრძალულია იმის ჩვენება, თუ როგორ გამოიყურება ეს თავდაცვითი ხაზი. მაგრამ ქალაქის თავდაცვისთვის მომზადება უწყვეტად მიმდინარეობს: თავდაცვის ერთი ხაზი კი ქალაქ პავლოგრადის განაპირას მდებარე სახლებთან ძალიან ახლოს გადის.
რუსეთის ჯარის მიერ ქალაქის დაკავების საფრთხეს ადგილობრივები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან.
"სანგრები აქ სადღაც ძალიან ახლოს მდებარეობს. მაგრამ ქალაქს ვინ დაიცავს? ჩემი აზრი ასეთია: იმ ომის (მეორე მსოფლიო ომის - რედ.) დროს, სამამულო ომში, ბავშვებიც კი იბრძოდნენ. არა მხოლოდ მოსახლეობა, არამედ ბავშვებიც! ახლა კი იმდენმა დატოვა (ქალაქი), იმდენი თავის ამრიდებელია", - ასე მსჯელობენ ადგილობრივი მცხოვრებლები.
მაგრამ მათ კატეგორიულად არ ეთანხმება ადგილობრივი მოხუცი ქალი.
"ომში ჩემი ოთხი შვილიშვილი იმყოფება. ისინი მეუბნებიან: ბებია, ჩვენ გავიმარჯვებთ! აუცილებლად გავიმარჯვებთ. ისინი მეც განმაწყობენ გამარჯვებისთვის!".
მისი მეზობლები კი საკმაოდ პესიმისტურად არიან განწყობილნი.
"გულწრფელად გითხრათ, ჩვენ უკვე დავიღალეთ ფრონტისთვის თვალის დევნებით. გვეშინია, ძალიან გვეშინია. როგორ არ უნდა შეგეშინდეს?! როდესაც სირენის ხმა ისმის, შიში გვიპყრობს".
"პალიანიცია" - კოდური სიტყვა
პავლოგრადელთა განწყობაზე ბევრს ლაპარაკობს ის ფაქტი, რომ სანამ ადგილობრივ ეზოებში "ნასტოიაშჩეე ვრემიას" გადამღები ჯგუფი 20 წუთის განმავლობაში სიუჟეტს იღებდა, მოსახლეობამ პოლიციას დაურეკა და აცნობა, რომ "გაურკვეველი პირები დადიოდნენ და რაღაცას იღებდნენ".
პარალელურად ადამიანებმა რუსულენოვან ოპერატორს უკრაინული ენის ცოდნაც შეუმოწმეს. სთხოვეს წარმოეთქვა კოდური სიტყვა "პალიანიცია" (უკრაინულად პურს უწოდებენ - რედ.). მიჩნეულია, რომ ვინც უკრაინაში არ ცხოვრობს, პირველ ჯერზე ვერ წარმოთქვამს ამ სიტყვას.
როგორც ზემოთ ითქვა, ქალაქ პავლოგრადში ახლა ფუნქციონირებს ევაკუაციის უზარმაზარი ცენტრი მათთვის, ვინც იძულებული გახდა დაეტოვებინა დონეცკის რეგიონის ის ადგილები, სადაც ან ბრძოლები მიმდინარეობს, ან რომლებიც უკვე დაიპყრო რუსეთმა. აქ ხდება ადამიანების რეგისტრაცია, ეხმარებიან მათ ზოგიერთი დოკუმენტის აღდგენაში და შემდეგ გზავნიან უკრაინის უსაფრთხო ნაწილებში.
"ამ საქმიანობაში მუდმივად მონაწილეობს 13 ორგანიზაცია. პლუს ვითვალისწინებთ ეკიპაჟებს, რომლებიც ფრონტისპირა ტერიტორიებიდან ადამიანების ევაკუირებას ახდენენ: ესაა 20-მდე ორგანიზაცია, რომლებსაც ყოველდღე მოჰყავთ ადამიანები სატრანზიტო პუნქტზე", - გვიყვება ილია ნოვიკოვი, საკოორდინაციო-ჰუმანიტარულ ცენტრში დევნილებთან მუშაობის გუნდის ხელმძღვანელი.
როგორც აქ მყოფი ერთ-ერთი დევნილი ჰყვება, ისინი მირნოგრადიდან (პოკროვსკის რაიონის ქალაქია) ქალაქ პოკროვსკში გადავიდნენ საცხოვრებლად იმის იმედად, რომ იქ უფრო წყნარად და უხიფათოდ იქნებოდნენ. მაგრამ შემდეგ იქიდან ქალაქ დობროპოლიეში გადავიდნენ, საბოლოოდ კი პავლოგრადში აღმოჩნდნენ.
"პოკროვსკში არ არის შუქი, არ არის წყალი. ყველაფერი დავტოვეთ. კარგია, რომ აქ ნათესავები გვყავს, დაგვეხმარნენ აქ ჩამოსვლაში", - გვიყვება ევაკუირებულთა ოჯახი.
"გვეშინია, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალების იმედი გვაქვს"
პავლოგრადის საევაკუაციო ცენტრიდან დევნილები სპეციალური მატარებლით სხვა ადგილებში გადაჰყავთ. მატარებელი ლამის მთელ ქვეყანას გადის და ბოლოს ქალაქ ლვოვში ჩერდება, მაგრამ გზად დევნილებს ნებისმიერ ადგილზე შეუძლიათ ჩასვლა. თუ ევაკუირებულებმა თავად არ იციან, საბოლოოდ სად უნდათ წასვლა, მათ დროებით თავშესაფრებში ათავსებენ.
"თუ ადამიანს არსად აქვს წასასვლელი, თუ მას არ ჰყავს ნათესავები, მაშინ მოქმედებს განთავსების სახელმწიფო პროგრამა. ადამიანებს ათავსებენ იმ ადგილებში, რომლებსაც სახელმწიფო გამოყოფს. ეს ან კომპაქტური ჩასახლების ადგილებია, ან ტერიტორიულ საერთო საცხოვრებლებსა და ორგანიზაციებში არსებული ოთახები", - ამბობს ბოჰდან ზაგორულკო, ფონდ "სხიდ SOS"-ის ლოგისტიკის მენეჯერი.
მაგრამ ბევრი დევნილი პავლოგრადში რჩება. ისინი ამბობენ, რომ აქედან ახლოს არიან თავიანთ სახლებთან და თან საკმაოდ უსაფრთხოდ და კომფორტულად არიან. თუმცა მოახლოებულ საშიშროებაზეც ფიქრობენ.
"უკვე გვეშინია, უკვე ვიცით, რომ (ისინი, რუსები) აქამდეც მოვლენ. და მაშინ, ვისაც თავისი ტრანსპორტი აქვს, მოასწრებს გასვლას. სხვები კი"... - ამბობს ჯერ დონეცკის, შემდეგ კი ზაპოროჟიეს ოლქიდან პავლოგრადში ევაკუირებული ქალი.
"ჩვენ გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ, რა თქმა უნდა, სულის სიღრმეში მაინც გვეშინია, მიუხედავად იმისა, რომ ვდევნით ამ შიშს", - ასე ფიქრობს პავლოდარის სხვა მცხოვრები ქალი, რომლის პათოსსაც ასე ავითარებს კიდევ ერთი თანამოსაუბრე:
"გვეშინია, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალების იმედი გვაქვს".
- დაახლოებით 2024 წლის დასაწყისში, რუსეთის არმიამ გააძლიერა ზეწოლა უკრაინის მთელი 1100-კილომეტრიანი სიგრძის ფრონტის ხაზზე, რომელიც უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარზეა გადაჭიმული: ხარკოვიდან სამხრეთით უგლედარის მიმართულებით და დასავლეთ-სამხრეთ-დასავლეთით მდინარე დნეპრის გაყოლებით ხერსონის ოლქის მიმართულებით.
- სულ მცირე, სამ მიმართულებაზე, ძირითადად დონბასის რეგიონში, რუსეთის ჯარმა, რომელიც კარგად ანაზღაურებადი დაქირავებული ჯარისკაცებით გაძლიერდა, პირადი შემადგენლობის რიცხოვნობისა და ტექნიკის მხრივ არსებული უპირატესობის წყალობით, შეძლო უკრაინის თავდაცვის გარღვევა და წინ წაწევა.
- 1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის არმიის დანაყოფები უგლედარში შევიდნენ.
- 2 ოქტომბერს უკრაინის ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცას“ სარდლობამ დონეცკის ქალაქ უგლედარიდან უკრაინის ქვედანაყოფების გაყვანა დაადასტურა. ეს მოხდა „პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის შენარჩუნების, შემდგომი საბრძოლო მოქმედებებისათვის ახალი პოზიციების დაკავების მიზნით“, - ნათქვამია „ხორტიცას“ განცხადებაში.
- მალე დაკარგვის საფრთხე დაემუქრა დონეცკის ქალაქ პოკროვსკს.
- რუსეთის მიერ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომის 1000-ე დღეს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზთან მდებარე ორ ქალაქს, პოკროვსკსა და კუპიანსკს ესტუმრა და მათი დამცველი ქვედანაყოფების სარდლობასთან გამართა შეხვედრა.
- პოკროვსკი მდებარეობს დონეცკის რეგიონის დასავლეთით. უკრაინელმა სამხედროებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ფრონტზე ყველაზე მძიმე ბრძოლები სწორედ პოკროვსკის მიმართულებით მიმდინარეობს. ამავე დროს, რუსეთის არმია მიიწევს ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკისკენ. ორივე ქალაქი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია.
- გასულ კვირაში გაჩნდა ცნობა რუსეთის ავანგარდის კუპიანსკში შესვლის თაობაზე, მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგე მალევე უკუაქციეს და პოზიციები აღადგინეს.