უკანასკნელი იდეალისტი - ირაკლი შენგელაიას გზა თავისუფლებისკენ

"უწესიერესი ინტელექტუალი" - ასე იხსეენებს ყველა,.ვინც ირაკლი შენგელაიას იცნობდა, თუმცა, გარდა ამ საყოველთაოდ აღიარებული თვისებებისა, ირაკლი შენგელაია ასევე იყო დისიდენტური და ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერი, ერთ-ერთი პირველი და ყველაზე თანმიმდევრული მედასავლეთე პოლიტიკოსი, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს არწმუნებდა საზოგადოებას, რომ არა მხოლოდ ეროვნული, არამედ მასთან ერთად პიროვნული თავისუფლების მიღწევა უნდა წარმოადგენდეს ჩვენს უზენაეს მიზანსო.

ირაკლი შენგელაიამ - მისი მრავალრიცხოვანი მოწაფეებისა და თანამოაზრეების შეფასებით, საქართველოს ეროვნული მოძრაობის უკანასკნელმა იდეალისტმა, რომელიც 2022 წლის 7 ნოემბერს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა, ბოლო ამოსუნთქვამდე უერთგულა საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის იდეას. როგორც საქართველოს უახლესი ისტორიის მკვლევრები ამბობენ, აუწონავია ირაკლი შენგელაიას წვლილი საქართველოს როგორც ანტიკომუნისტურ, ასევე ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

ირაკლი შენგელაია მიტინგზე

1987 წლის 31 ოქტომბერს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე 4 წლით ადრე, თბილისში შეიქმნა ე.წ. არაფორმალური პოლიტიკური ორგანიზაცია „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“, რომელმაც ორ თვეში, 1987 წლის დეკემბრის ბოლოს, დიდუბის პანთეონში მოაწყო საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის აქცია.

ისტორიკოს დიმიტრი შველიძის თქმით, მიუხედავად მონაწილეთა სიმცირისა, ამ აქციამ სათავე დაუდო შემდგომში პერმანენტულად გადაქცეულ მიტინგებს, დემონსტრაციებს, შიმშილობებს, პიკეტებს და მსგავს პროტესტებს: „დისიდენტური მოღვაწეობის ჩარჩოებში მოქცეული ეროვნული მიზანსწრაფვა პოლიტიკურ მოძრაობაში გადაიზარდა და ქუჩაში გავიდა“.

როგორც ამ ისტორიული მოვლენის მონაწილემ, ვახტანგ ძაბირაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, აქციის ორგანიზატორთა შორის იყო საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი შენგელაია.

ვახტანგ ძაბირაძე

„დაახლოებით 60 კაცამდე ვიქნებოდით. პანთეონში მისულებს ასეთი ვითარება დაგვიხვდა: შესასვლელშივე არის ნიკო კეცხოველის საფლავი. ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ აქცია იმართებოდა, ამიტომ მოაწყო კეცხოველის მასშტაბური იუბილე. მთელი პანთეონი სავსე იყო მილიციელებითა და მიყვანილი ხალხით. დიდი იყო პროვოკაციის რისკი. ამიტომ ჯერ დიდუბის მეტროსთან შევიკრიბეთ აქციის დასაგეგმად, შემდეგ უკან დავბრუნდით და, ნაწილობრივ დროის გაყვანის მიზნით, დიდუბის ეკლესიაში პარაკლისი გადავიხადეთ. დიდხანს ითრიეს ფეხი კეცხოველის იუბილეს მონაწილეებმა, მაგრამ სულ ხომ ვერ დარჩებოდნენ?! როცა ეკლესიიდან გამოვედით, პანთეონის შესასვლელი ღია იყო და ჩვენც შევედით და გავმართეთ აქცია. ამ აქციაში მონაწილეობდა ირაკლი შენგელაიაც, რომელიც იმ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე ინფორმირებული და ინტელექტუალური პოლიტიკური მოღვაწე იყო. განსხვავებული ჰქონდა მეტყველების კულტურა, ლექსიკა, ტერმინოლოგია, რომელსაც იყენებდა... ძირითადად მას შემოჰქონდა ეს თანამედროვე პოლიტიკური ლექსიკა თავის გამოსვლებსა თუ დისკუსიებში“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

ირაკლი შენგელაიამ 1971 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინფორმაციო საზომი ტექნიკის ფაკულტეტი, თუმცა არჩეული სპეციალობის გარდა ის ასევე ღრმა ცოდნას ფლობდა მსოფლიო ისტორიის, ლიტერატურის, ფილოსოფიის, პოლიტიკისა და კონსტიტუციური სამართლის სფეროებში. დედაქალაქის სკოლების ან პრესტიჟული ინსტიტუტების ნაცვლად, ირაკლი შენგელაია წლების განმავლობაში მუშაობდა თიანეთის მაღალმთიანი სოფლების სკოლებში, 70-იანი წლებიდან მონაწილეობდა დისიდენტურ მოძრაობაში, იყო 1978 წლის 14 აპრილის დემონსტრაციის აქტიური მონაწილე.

როგორც გაეროში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი და ირაკლი შენგელაიას მეგობარი, კახა ლომაია იხსენებს, სწორედ ირაკლი შენგელაიამ, როგორც ქართული ლიტერატურის ისტორიის მუზეუმის თანამშრომელმა, პირველმა გაასაჯაროვა მწერალთა კავშირში მიხეილ ჯავახიშვილისთვის მოწყობილი სასამართლოს ოქმები.

„ფართო საზოგადოებამ ირაკლი 1989 წლის აპრილში გაიცნო. მაშინ, კინოს სახლში შეკრებილი ასობით ადამიანის წინაშე მან ეროვნული მოძრაობის ბრძოლა ისტორიულ-სამართლებრივ კონტექსტში დაასაბუთა, ხოლო თავად მოძრაობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იდეალების მემკვიდრედ წარმოაჩინა. ამ გამოსვლის აუდიოკასეტებს მთელი თბილისი უსმენდა“, - ამბობს კახა ლომაია.

ირაკლი შენგელაია

ირაკლი მელაშვილმაც, საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტის წევრმა და დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერმა პოლიტიკოსმა, ირაკლი შენგელაია სწორედ იმ პერიოდში (1988 წ.) გაიცნო, როცა აქტიური სტუდენტი იყო და ეროვნულ მოძრაობაში ერთვებოდა:

„ირაკლი შენგელაია იყო ერთ-ერთი იმ იშვიათ ლიდერთაგანი, რომელიც ახალგაზრდებში სამიტინგე მასას და დროშის დამჭერებს არ ხედავდა. მისგან რაც ვისწავლე, იყო ის, რომ ჯერ უნდა გეფიქრა, რა იყო გასაკეთებელი, შემდეგ უნდა გემოქმედა. სულ ცდილობდა ესწავლებინა ახალგაზრდებისათვის, რომ საჭირო იყო ფიქრი, აზროვნება, მოვლენების ანალიზი და არა ბელადებზე უკანმოუხედავი მიყოლა. გვიხსნიდა და გვასწავლიდა, რომ უმრავლესობის მხარეს ყოველთვის არ არის სიმართლე, რომ პატრიოტიზმი მხოლოდ დროშების ფრიალი კი არა, სწორად საქმის კეთებაა და ა.შ. ვერ იტანდა სხვის ბელადობას და ამაზე ხშირად ჰქონდა კონფლიქტები იმ ადამიანებთან, რომლებიც პირიქით, ბელადომანიის დამკვიდრებას ცდილობდნენ საქართველოში. დღეს თითქოს მარტივია ამაზე წერა, მაგრამ ეს მაშინ ბევრისთვის უცხო და მიუღებელი იყო, ეროვნულ მოძრაობაში ყოფნა ძალაუფლებისთვის ბრძოლა ეგონათ“.

ირაკლი მელაშვილი

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორ არინა თავაქარაშვილის თქმით, ირაკლი შენგელაიას მარადისობაში გადასვლით ძეგლი დაედგა 90-იანი წლების საქართველოს ეროვნული მოძრაობის სიწრფელესა და სახელმწიფოებრივ აზროვნებას, რადგან ირაკლი შენგელაია იყო ის პოლიტიკოსი,„ვინც გაბედა, 9 აპრილის ტრაგედიის დღეებში შეექმნა ეროვნული ხსნის კომიტეტი, ვინც არ დააკლო აზროვნება კონსტიტუციის შექმნას, ვინც უშუქო, უგაზო, უწყლო ქვეყანაში გონება შეალია თვითმმართველობის და სახელმწიფოს მოწყობის კანონპროექტების შექმნას, ვინც ბოლომდე ჩაიღვარა ქრისტიანულ-დემოკრატიული იდეის ახალგაზრდებამდე მიტანაში, ვისაც შეეძლო უბრალოდ გადამდგარიყო პარტიის თავმჯდომარეობიდან და სხვებისთვის დაეთმო გზა და მიეცა შანსი, ვინც პოლიტიკური განათლების სამჭედლო შიშველი ხელებით და უანგაროდ შექმნა, ვინც იცოდა იდეური უღალატო მეგობრობა, ვინც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უერთგულა საქართველოს თავისუფლების და სახელმწიფოებრიობის მარადიულ იდეას“.

არინა თავაქარაშვილი დარწმუნებულია, რომ ირაკლი შენგელაიამ თავის დროს გაუსწრო, ხოლო ის, რომ ასეთი პოლიტიკოსი დღეს შესაძლოა ბევრს აღარ ახსოვს, ქართული საზოგადოების ერთგვარი სიმპტომია.

ირაკლი შენგელაია:
  • 1980-90-იან წლებში იყო ეროვნული მოძრაობის ერთ ერთი ლიდერი. სხვადასხვა დროს უძღვებოდა ეროვნული სამართლიანობის კავშირს (1987-1989), რესპუბლიკურ-ფედერალურ პარტიას (1989-1990) და ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირს (1990-93)
  • 1990 წლის 28 ოქტომბერს ბლოკ „თავისუფლების“ (რესპუბლიკურ-ფედერალური პარტია, ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტია, დემოკრატიული არჩევანი საქართველოსთვის-დასი, მწვანეთა პარტია და ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი) შემადგენლობაში მონაწილეობდა უზენაესი საბჭოს არჩევნებში
  • 1991 წ. - ბლოკ „თავისუფლების“ პრეზიდენტობის კანდიდატი
  • 1992 წ. - სახელმწიფო საბჭოს წევრი
  • 1992-1995 წწ. - საქართველოს პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „11 ოქტომბერი“
  • 1992-1995 წწ. - ხელისუფლებისა და მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოთა რეფორმების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო კომისიის წევრი

„ჩვენი სივრცეა ისეთი, სადაც ნიჭიერებას ნაკლებ პატივს სცემენ. როცა ილიამ ნიკოლოზ ბარათაშვილის ნაწერები ნახა, მიხვდა, რომ გზა უკვე არსებობდა და მას უნდა მიჰყოლოდა... ვიდრე არ მოვა ის სხვა ილია, მანამ ირაკლი შენგელაიას განუზომელ წვლილს პოლიტიკურ განათლებაში, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებაში, იმ დროის ახალგაზრდებისთვის უდიდესი ცოდნის მიცემაში, ჩვენი საზოგადოება ნაკლებად აღიქვამს. ის იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ღირსეული და ყველასგან განსხვავებული წევრი, განსხვავებული იმიტომ, რომ მან ინტელექტუალთა ერთობლიობა შექმნა, მან ახალგაზრდებზე იზრუნა. ახალგაზრდებს, რომლებიც მასთან მივედით, ყველას თავი მოგვიყარა და ცოდნა მოგვცა, ცოდნა და სახელმწიფოებრიობისაკენ სწრაფვა სახელმწიფოებრივი აზროვნებით და არა მარტო დროშების ფრიალით“, - უთხრა არინა თავაქარაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ირაკლი ქადაგიშვილი, ნოდარ ნათაძე, ირაკლი შენგელაია (მიკროფონით)

ვახტანგ ხმალაძეს, საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის წევრსა და კონსტიტუციის სპეციალისტს, მრავალწლიანი პოლიტიკური თანამშრომლობა აკავშირებდა ირაკლი შენგელაიასთან, რომელიც, ხმალაძისავე სიტყვებით, ეროვნული მოძრაობის გააქტიურების დროს, გასული საუკუნის 80-იან წლებში, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა.

„ირაკლი შენგელაია მონაწილეობდა ყველა საპროტესტო აქციაში, განსაკუთრებით იმ აქციებში, რომლებიც ეხებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას. ღრმა ერუდიცია, შესანიშნავი ცოდნა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ისტორიისა, ასევე სხვა ქვეყნების განმათავისუფლებელი მოძრაობებისა და იმავდროულად ბრწყინვალე ორატორული ნიჭი, მას აძლევდა საშუალებას, გავლენა მოეხდინა მსმენელ აუდიტორიაზე, რაც იმ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვახტანგ ხმალაძემ, რომლის თქმითაც, ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ირაკლი შენგელაიას წვლილი იმ საკანონმდებლო პროექტების მომზადებაში, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო პირველი მრავალპარტიული არჩევნების ჩატარებამდე.

„მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ 1990 წლის მარტში საბჭოთა საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მან გამოაცხადა, რომ საქართველოს რევკომის მიერ მიღებული ყველა დეკრეტი, დაწყებული 1921 წლის 16 თებერვალს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გამოცხადებიდან და დამთავრებული 1922 წლის 30 დეკემბერს დადებული სამოკავშირეო ხელშეკრულებით, რომელსაც ხელი მოაწერეს რევკომის მემკვიდრე საბჭოების დელეგატებმა, უკანონოა. შესაბამისად, ამ უკანონობის საფუძველზე შექმნილი ორგანოების ნებისმიერი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, არის ბათილი და არ აქვს იურიდიული ძალა. აი, ამ პროექტის ერთ-ერთი ავტორი გახლდათ ირაკლი შენგელაია. ვინც მონაწილეობდა კი არა, ვინც მხოლოდ თვალყურს ადევნებდა საქართველოს შიდა პოლიტიკას, მათთვის ყველასთვის სრულიად ცხადია ირაკლი შენგელაიას როლი“, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

ვახტანგ ხმალაძე

1992-1995 წლების პარლამენტში ირაკლი შენგელაია ხელმძღვანელობდა ადგილობრივი თვითმმართველობის კომისიას და აქტიურად მონაწილეობდა ახალი კონსტიტუციის შემუშავებაში. როგორც ვახტანგ ხმალაძე ამბობს, 1991-1992 წლების გადატრიალების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობა ფაქტობრივად აღარ ფუნქციონირებდა:

„მოამზადა კანონპროექტი, პარლამენტმაც განიხილა, მაგრამ მაშინდელმა საპარლამენტო უმრავლესობამ არაფრით არ მიიღო ეს კანონი, ირაკლისა და ჩვენი ფრაქციის დიდი ძალისხმევის მიუხედავად“.

არინა თავაქარაშვილის თქმით, ირაკლი შენგელაიას მიერ შექმნილი კანონპროექტები თავისი კვალიფიკაციითა და აქტუალობით დროს უსწრებდა.

„მისი აზროვნება დღესაც უსწრებს დროს. ჯერ კიდევ მაშინ თქვა, თვითმმართველობის საძირკვლის გარეშე სახელმწიფოს ფეხზე დადგომა გაუჭირდებაო. მისთვის მნიშვნელოვანი იყო სენატის, ორპალატიანი პარლამენტის, თვითმმართველობის იდეა. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ადგილზე დამკვიდრების სურვილი, ყველა დედაქალაქისკენ არ უნდა მიდიოდეს. თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან, თავიანთი თემებიდან უნდა შეეძლოთ ქვეყნის მართვაში მონაწილეობა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი. ასევე მან ილაპარაკა პირველად პროპორციულ საპარლამენტო სიებზე, არ უნდა იყოს ერთი გრძელი სიაო, მხარეების მიხედვით უნდა შედგესო“, - ამბობს არინა თავაქარაშვილი.

არინა თავაქარაშვილი

„...ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენამდე საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, შექმნას ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული - მხარე - ცალკეული ტერიტორიის, სოციალურ-ეკონომიკური სისტემურობის, სუბეთნიკური და ეთნოგრაფიული ფაქტორების, ისტორიული განვითარებისა და თანამედროვე სუბსიდიარიზმის პრინციპების გათვალისწინებით; თითოეული მხარის სახელწოდება, ადმინისტრაციული საზღვრები, მმართველობის ფორმა ცალკე ორგანული კანონით განისაზღვრება.

ირჩევა ორპალატიანი პარლამენტი - სენატისა და წარმომადგენელთა პალატის შემადგენლობით;

სენატი აირჩევა ერთმანდატიან მაჟორიტარულ სამხარეო-საარჩევნო ოლქებში კვოტირების პრინციპით - თითოეული მხარიდან სამი სენატორითა და ორ წელიწადში ერთხელ სენატის შემადგენლობის მესამედის განახლებით (ეს ნორმა არსებობდა 1995 წლის კონსტიტუციის ე.წ. ჩიგაკოს რედაქციაში, რომელიც მავანთ და მავანთ „დაიწუნეს“ და მიივიწყეს);

წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობა აირჩევა ორ წელიწადში ერთხელ მხარის ამომრჩეველთა რიცხვის შესაბამისი მანდატების რაოდენობით, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული წესით და პროპორციულობის პრინციპის დაცვით.

სრულიად ახლებური საარჩევნო კანონმდებლობით საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გახდება სისტემური რეფორმების გაგრძელების საფუძველი:

განხორციელდება აღმასრულებელი ხელისუფლების სრული ტრანსფორმაცია;

დაიწყება ახალი (საქალაქო, სათემო) თვითმმართველი ერთეულების შექმნა მუნიციპალური (რაიონული) თვითმმართველი ერთეულების გაყოფის გზით (როგორც ეს საქართველოს კანონმდებლობით არის გასაზღვრული), რადგან დაუშვებლად მიმაჩნია ახლადშექმნილ თვითმმართველობათა ისევ რაიონული მუნიციპალიტეტების საზღვრებში მოქცევა;

მოხდება საქართველოს დედაქალაქის - თბილისის - თვითმმართველობის გადემოკრატიულება: არსებული გაურკვეველი რაიონების ნაცვლად უნდა შეიქმნას სავარაუდოდ 40-45 თემი, არჩეული მუნიციპალური საბჭოებით (დედაქალაქის ტერიტორიაზე და მთელს მის აგლომერაციულ ზონაში) და ამავე საბჭოების მიერ საკონტრაქტო საფუძველზე მოწვეული ადმინისტრატორით".
ირაკლი შენგელაია, „პოლიტიკური სისტემა და არჩევნები“, 2010 წ.

კახა ლომაიას თქმით, საქართველოს სამხარეო მოწყობა ირაკლი შენგელაიას ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი იდეა იყო. მისი კონცეფციით, მხარეებს ფართო უფლებამოსილებები უნდა ჰქონოდათ. ეს კონცეფცია ეფუძნებოდა რწმენას, რომ ადამიანებს ყველა მთავრობაზე უკეთ შეუძლიათ თავიანთ სოფლებსა და ქალაქებში არსებული პრობლემების დადგენაც და გადაჭრაც. სახელმწიფოს საამისოდ მხოლოდ პირობების შექმნა ევალება. ქვეყნისთვის მავნებლობად მიაჩნდა კომუნისტებისგან მემკვიდრეობით მიღებული ცენტრალიზაციის მოდელი, როდესაც ადგილობრივი გამგეობები ყველა ადგილობრივი პრობლემის მოგვარებას დედაქალაქიდან ელიან.

ის, რომ საქართველოს ძირითად ტერიტორიულ ერთეულებს დღეს მხარეები - მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და ა.შ. წარმოადგენენ, და არა კომუნისტების მიერ შექმნილი რაიონები, ირაკლის იდეების გამოძახილია. ოღონდ, როგორც ჩვენთან ბევრ სხვა რამეში ხდება ხოლმე, ეს იდეაც ფორმალობად იქცა, ვინაიდან ამ მხარეებს პრაქტიკულად არავითარი უფლებამოსილება არ გააჩნიათ“, - ამბობს კახა ლომაია ირაკლი შენგელაიასათვის მიძღვნილ ვრცელ ჩანაწერში.

კახა ლომაია

1990 წლის სექტემბერში, როცა საქართველო 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული არჩევნებისთვის ემზადებოდა, ჟურნალ „ცისკარში“ გამოქვეყნდა ირაკლი შენგელაიას ინტერვიუ (მომზადებული ჟურნალის კითხვარის მიხედვით), რომელშიც მან გამოთქვა ერთი შეხედვით პარადოქსული, მაგრამ სინამდვილეში უაღესად მნიშვნელოვანი აზრი. ირაკლი შენგელაია ამბობდა, რომ მოახლოებულ არჩევნებში მთავარი იდეა უნდა ყოფილიყო „ყველა უმცირესობაში!“ მისი აზრით, არავის არ უნდა ეცადა სხვა პოლიტიკური ძალის ხმების მიტაცება და საკუთარ ამომრჩეველს დასჯერებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოვლენები ქვეყნისთვის დამღუპველად განვითარდებოდა, რაშიც არ შემცდარა.

ირაკლი შენგელაია, ბლოკი „თავისუფლება“, „ცისკრის“ კითხვარის ძირითადი პუნქტები:

  • ყველა უმცირესობაში! - „ჩვენში გარდამავალი პერიოდია. ამ ეტაპზე ნებისმიერი კონფრონტაცია, როგორც ეროვნული, ასევე სამოქალაქო, დამღუპველია. ჩემთვის მიუღებელია ფსევდოკონსოლიდაციის ყალბი მოწოდება, მაგრამ ასევე ვერ დავეთანხმები დიამეტრალური გამიჯვნის მომხრეებს. გამოსავალი ამ მძიმე ვითარებიდან ასე მესახება - არჩევნები ჩატარდეს ლოზუნგით: „ყველა უმცირესობაში“. რას ნიშნავს ეს?! ყოველ პარტიას, ორგანიზაციას თუ ბლოკს თავისი მომხრეები ჰყავს. მაგრამ არჩევნების პერიოდში არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე პარტიამ სცადოს სხვათა ხმების მიღება, ე.ი. სხვა პარტიის ელექტორატის თავის მხარეზე გადაბირება. მიზანი ამისა გახლავთ უზენაეს არჩევით ორგანოში უმრავლესობის მოპოვება. დღეს ამგვარი დამოკიდებულება საქართველოსათვის მიუღებელია. ყოველ შემთხვევაში, ასე მჯერა. ელექტორატისთვის ბრძოლა სამოქალაქო კონფრონტაციით დამთავრდება, რაც ზიანს მიაყენებს ქართველი ერის ინტერესებს. რაც მთავარია, დღევანდელ პირობებში სრული გამარჯვებისათვის ბრძოლა რომელიმე პარტიის მხრიდან უზურპაციით შეიძლება დასრულდეს. ყველა პარტიამ და ბლოკმა თუ მოახერხა მხოლოდ საკუთარი მომხრეების პროცენტით შესვლა საქართველოს უზენაეს საბჭოში, დეპუტატთა მანდატები განაწილდება მეტ-ნაკლები სიმეტრიით მთელს პოლიტიკურ სპექტრში“.
  • თავისუფლება ეროვნულიც და პიროვნულიც - „პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში, ვუწოდებ პოლიტიკურ ბრძოლას სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის. რასაკვირველია, დამოუკიდებლობის მოპოვება გათავისუფლებაა იმ ოდიოზური სტრუქტურისაგან თუ სისტემისაგან, რომელიც ქართველ ერს თავს მოახვიეს 1921 წლიდან. თუმცა, ისიც არის აღსანიშნავი, რომ არა მხოლოდ ეროვნული, არამედ მასთან პიროვნული თავისუფლების მიღწევა უნდა წარმოადგენდეს უზენაეს მიზანს. საქართველოს მოსახლეობა, თვინიერ ქართველისა, სხვა ხალხების წარმომადგენლობასაც მოიცავს. თავისუფლება ყველასთვის ერთნაირად უნდა ჟღერდეს - თანასწორობა ღვთისა და კანონის წინაშე, და რამდენადაც თავისუფლება იმავდროულად პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, თავისუფალი საქართველოს მოქალაქე პატივს უნდა მიაგებდეს ქვეყნის ეროვნულ და სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს“.
  • მრავალპარტიულობა, როგორც აუცილებელი პირობა - „ამ არჩევნებს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, უნდა უზრუნველყოს მრავალპარტიულობა. რა თქმა უნდა, მრავალპარტიულობა თავისთავად დამოუკიდებლობას ვერ მოიტანს და ამის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, მაგრამ იგი რომ თავისუფალი აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს, ცხადზე ცხადია. აზროვნების თავისუფლება პოლიტიკური თვალსაზრისით მრავალპარტიულობაში ხორციელდება. იმ პრობლემათა გადაჭრა, რომელიც დგას არამარტო ქართველი ერის, არამედ საქართველოს მოსახლეობის და საერთოდ „საბჭოთა მონსტრში“ მცხოვრებ ერებისა და ეროვნებების წინაშე, შეუძლებელია გადაიჭრას სწორედ პოლიტიკური თავისუფლების გარეშე. მრავალპარტიულობის დამკვიდრება არის დასაწყისი მისი მოპოვებისა“.
  • ოხლოკრატიიდან ტირანიამდე - „საქართველოში მძლავრობს ოხლოკრატია. კანონის არარსებობა, ლამის ლინჩის წესების დამკვიდრება ყოველდღიურობაში თავისი სიმახინჯით აირეკლება ადამიანთა მოქმედებაში. ამას ზედ ერთვის პოპულიზმი, რომლის მიდევნაც პოლიტიკური კაპიტალის იოლი დაგროვების საშუალებად იქცა. ოხლოკრატიიდან ტირანიამდე ერთი ნაბიჯია. იგი არ უნდა გადაიდგას. სიმპტომები სამწუხაროდ შეიმჩნევა“.

ირაკლი შენგელაია (მარცნივ)

არინა თავაქარაშვილის თქმით, ირაკლი შენგელაია თავიდან ბოლომდე მყარად იდგა სახელმწიფოებრივ პოზიციაზე და ყოველთვის მომხრე იყო პრობლემის დიალოგით გადაჭრისა. სწორედ ამისკენ მოუწოდებდა დაპირისპირებულ მხარეებსაც და ამის გამო იღებდა ყველა მხრიდან კრიტიკას.

„ბოლოს და ბოლოს საქართველოში, ალბათ, გაიგებენ პიროვნების ფასს, ადამიანები შეძლებენ ერთმანეთის მოსმენას, რაც უნდა მიუღებელ აზრებს ატარებდნენ ისინი, - ამბობდა ირაკლი შენგელაია ჯერ კიდევ 1990 წელს, - შეუძლებელია ადამიანი იყოს თავისუფალი, თუ იგი არ აღიარებს სხვა ადამიანის თავისუფლებას“.

ირაკლი შენგელაიამ არც პარლამენტის ერთგვარი ალტერნატიული სტრუქტურის, ე.წ. ეროვნული კონგრესის არჩევნებს დაუჭირა მხარი.

„ლოიალური ვართ კონგრესში შემავალი უკლებლივ ყველა პარტიის მიმართ, მაგრამ კონგრესის აღიარებას საქართველოს დამოუკიდებლობის გზაზე კონსტიტუციური ბრძოლის ინსტანციად ვერ მივიღებთ“, - განაცხადა მან 1990 წლის სექტემბერში.

ირაკლი შენგელაიამ ასევე ზუსტი ანალიზი გააკეთა დასავლეთის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 1989 წელს.

„მორალურ-ზნეობრივი მხარდაჭერა ყოველთვის იქნება დასავლეთის ქვეყნებიდან, მხოლოდ რეალურ პოლიტიკაში იგი ძნელად თუ განხორციელდება, ყოველ შემთხვევაში უახლოეს ორ-სამ წელიწადს“, - ირაკლი შენგელაიას ამ განცხადების კომენტირებისას ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე ამბობს, რომ იშვიათი სიზუსტის გათვლა იყოო:

„დასავლეთმა საქართველოს მიმართ „რეალური პოლიტიკა“ ფაქტობრივად 1992 წლიდან დაიწყო და ამ მიმართულებით ათვლის წერტილად, შეიძლება, გაეროს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა-მიღება მივიჩნიოთ. სამი წლით ადრე კი („ლიტერატურული საქართველო“, 1989 წლის 20 ოქტომბერი, „ჩვენი გზა თავისუფლებისკენ მიდის“) ირაკლი შენგელაია წერდა: „დასავლეთისთვის ჯერჯერობით მისაღებია ის სტატუს-კვო, რომელიც არსებობს. მას სურს სტაბილური მსოფლიო და არა ბალანსის დარღვევა“.

ირაკლი შენგელაია ზედმიწევნით თანმიმდევრული იყო რუსეთთან მიმართებით, სწორედ ამიტომ, როგორც არინა თავაქარაშვილი ამბობს, სხვა ბევრისგან განსხვავებით, არ დაუჭირა მხარი საქართველოს დსთ-ში შესვლას.

ირაკლი შენგელაია

არინა თავაქარაშვილი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ირაკლი შენგელაია პოლიტიკას ჩამოშორდა და გვერდზე გადგა მხოლოდ იმის გამო, რომ 1995 წლის შემდეგ არჩევნებში აღარ მიუღია მონაწილეობა.

„მას ჰქონდა მწყობრად ჩამოყალიბებული იდეა. ქვეყანას შესთავაზა გზა, განსხვავებული მიდგომები თვითმმართველობის, ტერიტორიული მოწყობის საკითხებში, განსხვავებული იდეა კონფლიქტური რეგიონების დაბრუნებაზე. რა თქმა უნდა, გარკვეული გულისწყვეტა შეიძლება ჰქონდა, რადგან ის გზა, რომელიც ქვეყანას შესთავაზა და, რომელიც განათლებასა და აზროვნებაზე გადის, დიდწილად უარყოფილია, ამ გზას ვერ გაჰყვა ქვეყანა, მაგრამ ქართული სახელმწიფო როცა დაბრუნდება, როცა სრულფასოვნად დაბრუნდება სახელმწიფოებრიობა, ქვეყანა აუცილებლად მიიღებს მის იდეებს როგორც თვითმმართველობასთან, ასევე სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებით. სოციალურ ქსელებში შემხვდა ჯგუფები, რომლებშიც წერენ მადლიერების სიტყვებს და ამაყობენ იმით, რომ თავის დროზე ბლოკ „თავისუფლებას“ მისცეს ხმა. ირაკლი შენგელაია არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი. ასეთ ადამიანებს ეპოქები აფასებენ. ხელისუფლებები, არახელისუფლებები ნაკლებად და ვერ აფასებენ. რაც მეტი დრო გავა და რაც მეტი განათლება შემოვა, მისი იდეები მით უფრო ძლიერ ჩირაღდნებად იქცევიან ქართული სახელმწიფოებრიობისათვის“, - უთხრა არინა თავაქარაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ირაკლი შენგელაია

როგორც კახა ლომაია ამბობს, ბოლო წლებში ირაკლი შენგელაია ბევრს წერდა რუსული იმპერიული პროექტის „ევრაზიულ მოდელზე“, საქართველოში თვითმმართველობის ტრადიციებზე, ევროპის რელიგიური ომების ისტორიაზე, სახელმწიფო ძალაუფლების მიტაცებაზე, წერდა, თუმცა არაფერს აქვეყნებდა:

„ერთხელ ხუმრობით მითხრა, ამას წინათ სურათი გადავიღე, საბუთებისთვის დამჭირდაო. ვუყურებ ახლა ამ სურათს და რომელიღაც ფრინველის ბარტყს ვგავარ, ოღონდ არ ვიცი, რომლისასო“, - ამბობს კახა ლომაია, რომელიც იქვე ამატებს, სწორედ ჩიტივით იცხოვრა, ისე, როგორც სწამდა, დამოუკიდებლად და თავისუფლად, და ჩიტივით უხმაუროდ წავიდაო.

„თითოეულმა ჩვენგანმა ერთურთს უნდა მიანიჭოს თავისუფლება. სხვაგვარად ზედმეტია ერის თავისუფლებაზე საუბარიო“, - ესეც ირაკლი შენგელაიას სიტყვებია, რომლებიც წარმოთქმიდან 32 წლის შემდეგაც გაუგებარია ბევრისთვის.