უკან დასახევი გზის გარეშე: როგორ ცდილობენ კავკასიელი ქალები საზღვარგარეთ გაქცევას

ჩეჩენი დევნილი ბრესტში - საილუსტრაციო ფოტო

გასულ წელს სულ მცირე რუსეთის 15 ათასამდე მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირში. მათი ნაწილი ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ქალები არიან, რეპრესიებისა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზა ევროპაში მოსახვედრად, პოლონეთის საზღვრის გადალახვაა, ბელარუსის მხრიდან, ბრესტის რეგიონში, შემდეგ კი თავშესაფრის მოთხოვნა.

ბელარუსელი უფლებადამცველების ანგარიშებით, პოლონელი მესაზღვრეების პოლიტიკა დევნილების ნაკადის შემცირებისკენაა მიმართული. ამის გამო თავშესაფრის მაძიებლების დიდი ნაწილი ქვეყნის ტერიტორიაზე მოხვედრას ვერ ახერხებს, ამიტომ ნაწილი არალეგალ გადამყვანებს მიმართავს.

ისინი, ვინც ეს გზა გაიარა, ასეთ სქემას აღწერენ: პოლონეთის საზღვრამდე ტაქსით უნდა მიხვიდე, ეს მონაკვეთი 300-600 ევრო ჯდება. საზღვარზე „გადამყვანები“ გხვდებიან. ერთ ადამიანზე 300-1000 ევროს ითხოვენ.

თუმცა, ვინც ამ ხალხს მიენდო და გადაუხადა, ამბობს, რომ საზღვარზე გადასვლა უფრო გამართლებაა, „გადამყვანები“ იოლად ატყუებენ ყველას, ვინც არც საკუთარი უფლებები იცის, არც ევროკავშირის კანონები.

კერძო საუბრებში დევნილებიც და მძღოლებიც ჰყვებიან, რომ ბელარუსსა და პოლონეთის სასაზღვრო პუნქტში ყოველდღიურად 20-30 ჩეჩენი და ინგუში შედის, მათ შორის 2-3 ქალია, ისინი ოჯახურ ძალადობას გაურბიან. საზღვარს მათი მეოთხედი გადადის, ისიც მეორე-მესამე მცდელობაზე. პოლონეთის დევნილთა ბანაკში მხოლოდ ერთეულები ხვდებიან, უმეტესობა გზას აგრძელებს.

ქალები, რომლებიც ტირან ქმრებს გამოექცნენ, თავშესაფრის მიღებაზე უარის შემთხვევაში შინ დაბრუნებას მაინც არ ფიქრობენ. ისინი იძულებული არიან, ფული იშოვონ და „გადამყვანებს“ გაურიგდნენ. ბევრი მათგანი საზღვრის ბელარუსულ მხარეს რჩება. მოტყუებულები და უფულოდ დარჩენილები იძულებული ხდებიან რუსეთში გაბრუნდნენ ან ევროპაში მოსახვედრად ისევ სხვა არალეგალური გზები ეძებონ.

რას ჰპირდება „გადამყვანი“

ლიუდა ინგუშეთიდანაა (სახელი შეცვლილია). ის იხსენებს, რომ „გადამყვანმა“ ინსტაგრამზე იპოვა, თავის პრობლემაზე წერდა - ყოფილმა ქმარმა ბავშვები ევროპაში წაიყვანა. ლიუდას უცნობი გამოეხმაურა, თანაგრძნობის კომენტარი მისწერა, უფლებადამცველად გაეცნო და პოლონეთში გადაყვანა შესთავაზა. მარშრუტი გააცნო და ფასიც - 300 ევრო.

„დაიანამ (სახელი შეცვლილია) ჩემი ნდობა მოიპოვა, მითანაგრძნობდა. ყველა საბუთი გავუგზავნე, ჩემს ბავშვებს რაც ეხებოდა, სასამართლოს გადაწყვეტილებები. დამპირდა, რომ ყველაფერს პოლონურად მითარგმნიდა და ადვოკატის მოძებნასა და ადგილობრივ ინსტანციებთან ურთიერთობაშიც დამეხმარებოდა. გაიგო, რა დანაზოგი მქონდა ინგუშეთიდან პოლონეთში გასაქცევად. მკითხა, დახმარებას ვიღებდი თუ არა და პოლონეთის შემდეგ სხვა ქვეყანაში გადასვლას თუ ვგეგმავდი“, - ჰყვება ლიუდა.

დაიანამ ასევე შესთავაზა, რომ ლიუდას ბავშვებთან ერთად პოლონეთიდან გერმანიაში გადაიყვანდა. ბერლინამდე ჩასვლაში მას კიდევ 1800 ევრო უნდა გადაეხადა.

„ასევე მოითხოვა 100 ათასი რუბლი პოლონეთში „ჩემი საქმის კოორდინაციისთვის“. გადავუხადე, რადგან ამ ქვეყანაში არავის ვიცნობდი და მისი იმედი მქონდა. ანუ სადღაც 2000 ევრო გამომღლიტა. პოლონეთში ჩასულს კი არაფრით დამეხმარა“, - ამბობს ლიუდა.

ლიუდამ თანხის ნაწილის დაბრუნება მოითხოვა. დაიანამ - შენგან არაფერი მიმიღიაო. ლიუდა ამბობს, რომ ბარათი, რომელზეც თანხა გადარიცხა, დაიანას ქმრის ნათესავს ეკუთვნოდა. ის ინგუშეთში ცხოვრობს.

პოლონეთის დევნილთა ბანაკში ლიუდას არაერთხელ გაეგონა „გადამყვანებისგან“ დაზარალებული ადამიანების ამბები. ამასთან, „გადამყვანები“ თავად „კლიენტებს“ ადანაშაულებდნენ, რაც საჭირო იყო, ის არ თქვით თავშესაფრის მოთხოვნისასო.

„კავკაზ.რეალიის“ კორესპონდენტებთან საუბარში დაიანა თავს უფლებადამცველს უწოდებს. ირწმუნება, რომ ფრანგულ ფირმასთან მუშაობს. თუმცა, ფირმას არ ასახელებს. ახალ კლიენტებს ეძებს რეკომენდაციებით, ასევე ინსტაგრამზეც.

აუდიოჩანაწერებიდან დასტურდება, რომ დაიანა ლიუდას მართლაც სთავაზობდა ორ ბავშვთან ერთად საზღვარზე 2 ათას ევროდ გადაყვანას. ამ თანხაში შედიოდა ორიოდე დღით ბრესტში ცხოვრება, ტაქსი საზღვრამდე და „გადამყვანის“ ჰონორარი. იმ პირობით, რომ თუ ქვეყანა ოჯახს შეშვებაზე უარს ეტყოდა, თანხას დააბრუნებდა.

დაიანა ამბობდა, რომ თანხის მიღებისას არც ქვითარს იძლეოდა და არც ხელმოწერილ საბუთს. „რა საბუთი? ვერ ვიგებ? ეს ფული ჰაერშია. ფონდში სიტყვაზე მენდობიან, ანგარიშს არ მთხოვენ, რადგან ნახევრად ლეგალური საქმიანობაა - ბინები, ტაქსი. ხალხისგან თანხას თუ ვიღებ, ამით ისევ სხვას ვეხმარები“.

„ვაინახური ფოსტა“ და ძალადობისგან გაქცევა

მილა ინგუშეთიდანაა (სახელი შეცვლილია). უკვე თვეა, ბავშვებთან ერთად პოლონეთის დევნილთა ბანაკში ცხოვრობს. „გადამყვანებს“ ბრესტში ჩასვლისას დაუკავშირდა და 1000 ევრო გადაუხადა.

„ბრესტში ივნისში ჩამოვედი. იქ გავიგე, რომ მძღოლი უნდა მოვძებნო, რომელსაც უფლება აქვს პოლონეთის საზღვარი გადალახოს. იქ ექვსი პოსტია, თითოეული მხრიდან სამ-სამი. კილომეტრითაც კი არ არიან დაშორებული. მაგრამ გასვლას თითქმის მთელი დღე და ღამე მოვანდომეთ“, - იხსენებს ის. - „ვხედავდი, ერთი ქალი მესამე ცდაზე გაატარეს, მაგრამ მან ერთი ამბავი ატეხა, ხმაურობდა და მესაზღვრეებს თავის უფლებებს ახსენებდა. ის მართლა უბედურ დღეში იყო. ბრესტში კადიროველები მოსდევდნენ“.

ის ამბობს, რომ დევნილთა ბანაკში ყოველდღე იგებენ, რომ საზღვრის გადალახვას კიდევ ერთი ჩრდილოკავკასიელი გოგონა შეეცადა, ისიც ოჯახურ ძალადობას გამოქცეული. ხმები „ვაინახურ ფოსტას“ მოაქვს.

„სასჯელი ჩვენი კანონებით“

მარინა (სახელი შეცვლილია) ჩეჩნეთიდან გაქცევას ორჯერ შეეცადა. პირველად 2013 წელს ორი ბავშვით, ორსული ცდილობდა მოძალადე ქმრისთვის თავი დაეღწია. მესაზღვრეებს ცემის შედეგად დარჩენილი კვალი აჩვენა. ქვეყანაში შეუშვეს, მაგრამ პოლონეთის ნაცვლად მარინა გერმანიაში წავიდა და თავშესაფარი იქ მოითხოვა. 2018 წელს, უკვე დევნილის სტატუსით, ჩეჩნეთში დედის დაკრძალვაზე დაბრუნდა. ეს ქმრის ოჯახმა შეიტყო და მარინას ბავშვები წაართვეს.

მარინა ამბობს, რომ ჩეჩნეთში, ურუს-მარტანის შს რაიონული განყოფილების თანამშრომლებმა სამჯერ დააკავეს და აწამეს. მას ყოფილმა მეუღლემ უჩივლა.

„2018 წლის შემოდგომას პოლიციელები დილის ექვს საათზე დამადგნენ თავზე. პასპორტი და ტელეფონი გამომართვეს, წამიყვანეს და სარდაფში ჩამსვეს, ჩვენი წესებით გსჯითო, რადგან მე არ მქონდა უფლება, ბავშვები მამის ნებართვის გარეშე ქვეყნიდან გამეყვანა“, - იხსენებს ის.

მარინა ჰყვება, რომ სარდაფში დენით აწამებდნენ: „ვინც მაწამებდა, მეუბნებოდა, რომ ისევე უნდა დავტანჯულიყავი, როგორც თითქოსდა ჩემი ქმრის ოჯახი იტანჯებოდა, როდესაც ბავშვები გავიტაცე. მეუბნებოდნენ, რომ ყველას ვარცხვენ. ვერავინ დამიცვა“.

მარინა საცხოვრებლად გროზნოში გადავიდა. შვილებს მხოლოდ დროდადრო ხედავდა. წელს ქმრის ნათესავებმა ბავშვები თავად მიუყვანეს არდადეგებზე. ჰყვება, რომ სამივე დასუსტებული იყო, ავადმყოფურად გამოიყურებოდნენ.

მარინამ მეორედ გაქცევა გადაწყვიტა და აგვისტოს დასაწყისში ბრესტში ჩავიდა. ნაცნობმა ჩეჩენმა მას ვინმე ნიკოლაის ნომერი მისცა. ნიკოლაიმ 600 დოლარი მოითხოვა, „გარანტიას იძლეოდა“, რომ მარინას ბავშვებთან ერთად პოლონეთში გადაიყვანდა.

მეორე პოსტზე მარინას გამოუცხადეს, რომ მას გასვლის უფლება არ აქვს, რადგან გერმანიაში თავშესაფარი უკვე მიეღო. მარინა ნიკოლაისთან დაკავშირებას შეეცადა, მაგრამ მან ტელეგრამზე ექაუნთი წაშალა.

მარინა კიდევ ორჯერ შეეცადა პოლონეთში მოხვედრას, მაგრამ არ გამოუვიდა. ამასობაში 500 ათასი რუბლი დახარჯა და იძულებული გახდა, რუსეთში დაბრუნებულიყო. ამბობს, რომ ეშინია, კადიროველებს ისევ თვალში არ მოხვდეს და ისევ არ აწამონ.

„კავკაზ.რეალიიმ“ პოლონეთის სასაზღვრო დაცვას მიმართა, საიდანაც უპასუხეს, რომ „გადამყვანების“ შესახებ არაფერი იციან.

„თუ ვინმეს სურს პოლონეთში საერთაშორისო დაცვას მიმართოს, მესაზღვრეები მათ განაცხადს ყოველდღე იღებენ. ეს ჩვენი სამუშაოა, მაგრამ სტატუსის მინიჭება უცხოელების საქმეთა სამმართველოს ეხება“, - განაცხადა პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანმა ანა მიხალსკაიამ. მანაც დასძინა, რომ „გადამყვანებზე“ არაფერი იცის.