"უიმედოდ არის" - ზაზა გახელაძე ცხინვალის ციხეში ოჯახს შეახვედრეს

წითელი ჯვრის დახმარებით პატიმარი ზაზა გახელაძე ციხეში ცოლს, ქალიშვილებსა და მამას შეხვდა. ირმა ბუთხუზი რადიო თავისუფლებას ქმართან შეხვედრის დეტალებს უყვება.

მარიამი და ანანო დილიდანვე ემზადებოდნენ. დღეს მამას ვნახავთო - უხაროდათ. პროცედურა წინასწარ იყო გაწერილი. ცხინვალის ციხეში ვიზიტი ოჯახის ორ სრულწლოვან და ორ არასრულწლოვან წევრს შეეძლო. ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ამ შესაძლებლობით უნდა ესარგებლა და ორივე ბავშვი მამის სანახავად წასულიყო. ცოლი თავისთავად, მაგრამ დედა თუ მამა? დედა ძალიან ემოციურია, 260 დღეა თვალზე ცრემლი არ შეშრობია. მასაც ძალიან უნდა ცხინვალში წასვლა, დიდი ხნის უნახავი შვილის ნახვა, მაგრამ... საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ მამის წასვლა ჯობდა. ბავშვები დილიდანვე გზას გაჰყურებდნენ, ნეტავ როდის გამოჩნდებიანო - ამბობდნენ.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მანქანები ქვემო ჭალაში შუადღისთვის გამოჩნდნენ. მანქანაში ზაზა გახელაძის ცოლი - ირმა ბუთხუზი, მამა - მიხეილ გახელაძე და შვილები - მარიამი და ანანო მოთავსდნენ. ცხინვალამდე გზა თითქოს გაიწელა, მაგრამ მამასთან შეხვედრის სიხარული რას არ მოათმენინებდათ.

ყველაფერი კი მას შემდეგ გადაწყდა, რაც ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მუხლით მიუსაჯა.

ოჯახი ცხინვალის ციხეში ზაზასთვის ამანათის გადაცემას, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით ცდილობდა. სწორედ მაშინ შესთავაზეს, რომ ცხინვალში ჩასულიყვნენ და პატიმარი მოენახულებინათ, ამის შესაძლებლობას ზაზა გახელაძის მსჯავრდებულის სტატუსი იძლეოდა.

ყველა დეტალი და პროცედურა წინასწარ იყო გაწერილი. ცხინვალში დაუბრკოლებლად შევიდნენ. ირმას თავიდან უთხრეს, რომ ზაზასა და მათ შორის შუშის ბარიერი იქნებოდა, მაგრამ ბოლოს ისეთი ოთახი შეარჩიეს, სადაც ურთიერთობა უბარიეროდ იქნებოდა შესაძლებელი. ცხინვალიდან დაბრუნებულმა ირმა ბუთხუზმა, რადიო თავისუფლებას ქმართან შეხვედრის დეტალები უამბო.

„პაემნების ოთახი იყო. კეთილმოწყობილი იყო. ჩვენ ციხესთან დაგვხვდნენ, ტელეფონები ჩამოგვართვეს და იქ შეგვიყვანეს. ოთახში, ზაზაც მალევე შემოიყვანეს. ბავშვები ჩაეხუტნენ, ცრემლიანი შეხვედრა იყო. ანანო და მარიამი აქეთ-იქით გვერდით მიუსხდნენ და ორ საათზე მეტი, რაც იქ გავატარეთ, სულ ეფერებოდნენ. წამით არ მოსცილებიან, არ ამდგარან, არ დაღლილან. ზაზას ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ჭრილობა მთლიანად შეუხორცდა. ერთადერთი, რასაც უჩიოდა, კუნთი იყო მოდუნებული და კიბეებზე ასვლა-ჩასვლა უჭირდა, მაგრამ ციხეში სარბენი ბილიკი და ტრენაჟორია და მითხრა, უკვე შემიძლია ვარჯიშიო. ჯანმრთელობით, აღარაფერს უჩივის. ერთადერთი უჩვენობას და უიმედობას უჩივის“.

ზაზამ ირმას ციხეში არსებული მდგომარეობის შესახებაც უამბო. პატიმრებს შორის ურთიერთობა ნორმალურია და ეთნიკური და სხვა ნიშნებით ადამიანების გარჩევა არ ხდებაო.

„ციხის კარები რომ იხურება, იქ უკვე აღარ არჩევენ ადამიანებსო. სადაური ხარ, რა რელიგიის ხარ და ასე შემდეგ. არ მარჩევენო არანაირად, საერთოდ არ მავიწროებენო. პირიქით, სულ მეკითხებიან, ხომ არაფერი გინდა, ხომ არაფერი გაწუხებს, რომ ექიმს დავუძახოთო“.

ირმა ბუთხუზი გვიამბობს, რომ ზაზა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმირებულია. პატიმრებს საკანში ტელევიზორიც აქვთ და ის, რასაც ისმენს, ოპტიმიზმის საფუძველს არ აძლევს.

„ძალიან უიმედოდ არის. ერთადერთი, რისი იმედიც გამიჩნდა, ისიც ორ საათში მომიკვდაო. რუსი ჯარისკაცების დაკავებას გულისხმობდა და მაშინ მიეცა იმედი, რომ გაცვლიდნენ (7 მარტს, შსს-მ სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ძალების ორი შეიარაღებული პირი დააკავა და მალევე გაათავისუფლა). ციხეში იცი, რა სიტუაციაა, ზაზას სულ ეუბნებიან, რომ თქვენი ხელისუფლება სათანადოდ არ მუშაობს და რა გაუხდა თქვენ მთავრობას, რომ ერთი ოსი დათმონ და შენ გაგცვალონო. ზაზას არ ეუბნებიან ვისზეა ლაპარაკი, მაგრამ ეუბნებიან, რომ საქართველოს ოსები ჰყავს დაკავებული და არ გცვლიანო. ზაზას უთქვამს, ვიცი, რომ ოქონის ხატის ამბავზე (საუბარია ოქონის ტრიპტიკონზე, რომელიც საქართველოს მუზეუმშია და მასზე პრეტენზიას დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს) და ჩორჩანის საგუშაგოს აღებაში არ გამცვლიანო. ზაზას კითხვები უჩნდება, თუ მართლა არის ვინმე ოსი საქართველოში დაკავებული, რატომ არ მცვლიანო. ძალიან უიმედოდ არის. ბავშვებს რომ ეფერებოდა, ასე ეუბნებოდა, ალბათ რომ გამოვალ, უკვე დიდები იქნებით და ვეღარ ჩაგეხუტებით და მოგეფერებითო. დაკავებაზე რომ ვკითხე, ასე მიპასუხა - ერთი იცოდე, რომ მე არ მისვრია და არც იქით მხარეს გადავსულვარო. და ამ თემაზე და თავის პრობლემაზე აღარაფერი მითხრა“.

ირმა ბუთხუზი

ცოლმა ქმარს იმის შესახებაც ჰკითხა, თუ რატომ არ გაასაჩივრა დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში, რაზეც პასუხად მიიღო, რომ აზრი არ ჰქონდა, რადგან სასჯელზე ორი წელი დაუკლეს და მეტს აღარ დათმობდნენ.

„ზაზა ამბობს, რომ მე აქ არც პატიმარი ვარ და არც მძევალი, მე აქ სათამაშო ვარ, რომელიც ოსებს საქართველოს მთავრობასთან საჭიდაოდ ვჭირდები, უნდათ, რომ ჩემზე ფსონები მაქსიმალურად დაიდოს და მერე რაღაცაში გამცვალონო. ციხეში სულ იმას მასმენინებენ, ერთი ოსი მაინც გამოუშვან თქვენებმა, რომ შენში გაიცვალოსო“.

ზაზა გახელაძემ და მისმა ოჯახის წევრებმა, პაემნების ოთახში ორსაათ-ნახევარი გაატარეს. ირმა ამბობს, რომ დამშვიდობება, შეხვედრაზე უფრო მძიმე იყო.

„დამშვიდობება იყო საშინელება, დროის შეგრძნება დავკარგეთ და არ ვიცოდით კარს როდის შემოაღებდნენ და როდის გვეტყოდნენ, დრო ამოიწურა და ერთმანეთს უნდა დაშორდეთო. როცა შემოვიდნენ, ისე გააკეთეს, რომ ერთმანეთის წასვლა ვერ დავინახეთ. ერთმანეთთან ზურგით შეგვატრიალეს და ვეღარაფერი დავინახეთ. ისე გააკეთეს, რომ ერთმანეთის გადადგმული ნაბიჯები არ დაგვინახავს, შეიძლება ზაზამ თვალი გამოაპარა ჩვენკენ, არ ვიცი. მისი ბოლო სიტყვები იყო - ნუ გეშინიათ, 12 წელიც მალე გაივლისო“.

ასევე ნახეთ საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის ციხის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს, ოსური მხარე კი - საგუშაგოს აღებას

პაემნის დასრულების შემდეგ გახელაძეებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცხინვალის ოფისში უმასპინძლეს. ირმამ მანქანიდან ცხინვალსაც შეავლო თვალი. ქალაქის ცენტრალური ნაწილი სუფთად გამოიყურებოდა, კედლებს ნატყვიარები ისევ ამჩნევია და ნაომარი ქალაქის კვალი ყველგან ჩანსო, გვითხრა.

წითელი ჯვრის ოფისში ბავშვებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ და გახელაძეებს შეჰპირდნენ, რომ მანდატის ფარგლებში ზაზას მაქსიმალურად დაეხმარებოდნენ. პატიმრობის 260 დღის შემდეგ ზაზა გახელაძემ ცოლ-შვილი და მამა პირველად ნახა. ირმა ბუთხუზი ამბობს, რომ ზაზას უიმედო განწყობის მიუხედავად, თვითონ იმედს არ კარგავს - მგონია, რომ რაღაცა მალე შეიცვლება, აბა, საბოლოოდ ასე ხომ არ გაგვწირავენო.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს ე. წ. საზღვრის დარღვევისთვის, მოგვიანებით ბრალი წაუყენეს სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის მცდელობაშიც და 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.