უილიამ ჰარტი - მოსკოველი მილიციონერი

„გორკის პარკი“ (1983, აშშ, რეჟისორი მაიკლ აპტედი)

13 მარტს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა უილიამ ჰარტი, ამერიკული კინოს ვარსკვლავი, რომელმაც სიცოცხლის ბოლომდე ადამიანური იერი შეინარჩუნა და ჰოლივუდის თოჯინებს არ დაემსგავსა. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილებაა 1995 წლის ბერლინის კინოფესტივალზე ნაჩვენები „ბოლი“, პოლ ოსტერისა და უეინ ვანის „საშობაო ფილმი“, უფრო სწორად პრესკონფერენცია, რომელიც ამერიკული კინოს ამ შედევრის პრემიერის შემდეგ გაიმართა. მთავარი როლების შემსრულებლებმა, ჰარვი კეიტელმა და უილიამ ჰარტმა იქ ნამდვილი პერფორმანსი მოაწყვეს, ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კინომსახიობმა მუდმივად, მთელი ცხოვრება იმუშაოს თავის თავზე - არა იმდენად სამსახიობო ტექნიკაზე, რამდენადაც სწორედ საკუთარი თავის სრულყოფაზე. „არ განმეორდები როგორც არტისტი, თუკი მუდმივად შეიცვლები როგორც ადამიანი!“ - აღნიშნა კეიტელმა, ჰარტმა კი უპასუხა - „ვცდილობ და მგონი ვახერხებ კიდეც. ერთადერთი, რაც ვერ შევძელი, სიგარეტის გადაგდებაა“... ეს თქვა და პრესკონფერენციაზე გააბოლა.

„სევდიანი მზერა“ - ამას მუდმივად აღნიშნავენ ხოლმე, როცა უილიამ ჰარტის სტილზე საუბრობენ. სრულიად განსხვავებული როლები ითამაშა, თუმცა ეს ნაღველი, მაშინაც კი, როცა გულიანად იცინოდა, ვერაფრით მოიშორა. მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია ხომ ცალკე ფილმია - დინამიკური, მოულოდნელი მოსახვევებით და კონტრასტებით. ლოურენს კასდანის „ცხელი სხეულის“ პრემიერის შემდეგ ლამის მამაკაცური ეროტიკულობის სიმბოლოდ მონათლეს. სამი წელი გავიდა და თავად დაანგრია ჰოლივუდის წარმოდგენა „ასპროცენტიან ვაჟკაცზე“ - განასახიერა მოლინა, „გარყვნილებისთვის“ დაპატიმრებული გულუბრყვილო მეოცნებე ჰექტორ ბაბენკოს ფილმში „ობობა-ქალის კოცნა“. ბევრი დღემდე ამტკიცებს, რომ კინოს ისტორიაში უილიამ ჰარტი პირველი მსახიობია, რომელმაც გაანთავისუფლა ჰომოსექსუალის ეკრანული სახე სტერეოტიპებისგან, სქემატურობისგან, წლების მანძილზე დაგროვილი აკვიატებებისგან. თანაც ეს პროცესი თავად ფილმის მსვლელობის დროს გამოხატა - მაყურებლის თვალწინ ერთგვარი „უსქესო ანგელოზიდან“ ცოცხალ ადამიანად გადააქცია თავისი გმირი, მონობისგან, მორჩილებისგან, შიშისგან დაიხსნა.

მხოლოდ ძალიან ჭკვიან მსახიობს შეუძლია გამოხატოს კინოში გმირის გამოღვიძების, სიმართლესთან მიახლოების ეს ეტაპები. ჰარტის ოსტატობაში რომ დავრწმუნდეთ, მის სევდიან მზერას რომ შევხედოთ, მის „ინტელექტუალურ განუმეორებლობას“, ნებისმიერი ფილმი შეიძლება ვნახოთ მისი მონაწილეობით. ყველგან შთამბეჭდავია! მაგრამ დღეს, იმის გათვალისწინებით, რაც ხდება უკრაინაში და, სხვათა შორის, რაც ხდება რუსეთში, გირჩევდით „გაიმეოროთ“ 80-იანი წლების დასაწყისში გადაღებული ამერიკული ტრილერი „გორკის პარკი“. ფილმის პრემიერის შემდეგ გავრცელებულ ვიდეოკასეტებს საბჭოთა მილიცია სახლში თუ აღმოგიჩენდათ, დაგაპატიმრებდნენ „ანტისაბჭოთა პროპაგანდის“ გამო. მაგრამ როგორც კი „პერესტროიკა“ დაიწყო, „გორკის პარკი“ მთლად კინოთეატრებში საჩვენებლად იყიდეს, ალბათ უფრო იმის ხაზგასასმელად, რომ ყველა საბჭოთა მილიციონერი არ ემსახურებოდა ბოროტების იმპერიას და რომ სწორედ ასეთ გმირებს, უილიამ ჰარტის გმირებს უნდა მივბაძოთ. სხვანაირად, უფრო შინაურულად რომ ვთქვათ, იმის დასამტკიცებლაად, რომ „არსებობს ორი რუსეთი“

მოსკოვში, გორკის პარკში, მილიციამ 3 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინა. გამოძიებას იწყებს ოფიცერი ანდრეი რენკო, ჰოლივუდის ისტორიაში პირველი საბჭოთა მილიციელი, რომელიც დადებითი პერსონაჟია და რომლის როლს სწორედ ჰარტი ასრულებს.

ფინეთში გადაღებულ ამ ფილმში (მოსკოვში გადაღების შესაძლებლობა ავტორებს, ბუნებრივია, არ ჰქონდათ), მეტ-ნაკლებად რეალისტურადაა ასახული „ზასტოის“ ეპოქის საბჭოთა სინამდვილე, ის კარიკატურულობა, რომლითაც სცოდავს თითქმის ყველა დასავლური ანტისაბჭოთა ფილმი, „გორკის პარკში“ ნაკლებად შეინიშნება. არის, რა თქმა უნდა, გაზვიადებაც - მოსკოვის ქუჩები სავსეა სამხედროებით, რომლებიც ყველაფერს აკონტროლებენ. მთლად ასე არ იყო იმ დროს. თუმცა ბრეჟნევის ეპოქის ატმოსფერო მაინც ზედმიწევნით ზუსტადაა გადმოცემული. ეს ზამთრის პეიზაჟები, ძალიან ცოცხალი, მგრძნობიარე გამოსახულება ამ ერთი შეხედვით უპრეტენზიო ტრილერს არაფრით არ აძველებს. ხელახლა ვნახე „გორკის პარკი“ და მგონია, იმ დროის სინამდვილე, ყოფის დეტალები აქ უკეთესადაცაა ნაჩვენები, ვიდრე საბჭოთა კავშირზე გადაღებულ ამერიკულ დოკუმენტურ ფილმებში.

უილიამ ჰარტი გვიან შეუერთდა გადაღების პროცესს. თავდაპირველად როლი დასტინ ჰოფმანს უნდა შეესრულებინა, მაგრამ სცენარის წაკითხვის შემდეგ უარი განაცხადა ფილმში მონაწილეობაზე. არ ისურვა „გორკის პარკში“ გადაღება არც რობერტ რედფორდმა - თავიდანვე განაცხადა, რომ არ მოსწონს მარტინ სმითის რომანი, რომლის ეკრანიზაციაა სწორედ აპტედის ფილმი. ბოლოს არჩევანი შეჩერდა უილიამ ჰარტზე, „ცხელი სხეულის“ პრემიერის შემდეგ იმხანად ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ არტისტზე.

„გორკის პარკი“ ფაქტობრივად იკვლევს ადამიანის სინდისს, გამოხატავს სინდისის გამოღვიძებას იქ, სადაც არაადამიანური რეჟიმი მოქმედებს და სადაც მასებმა სწორედ სინდისზე ჩაიქნიეს ხელი. დეტექტივისთვის აუცილებელ სასპენსს სწორედ ეს პროცესი ქმნის და არა თავად სიუჟეტი, თხრობის მანერა, რომელიც დროდადრო შეიძლება ზედმეტად გაწელილად მოგეჩვენოთ. „გორკის პარკი“ პირობითადაა მხოლოდ ტრილერი, სინამდვილეში „ზასტოის“ ეპოქის, აგონიაში მყოფი რეჟიმის ზუსტი ასახვაა - რა ხდება იმ დროს, როცა ყველანაირი იმედი ამოწურულია და ის, რასაც „პროცესი“ ჰქვია, თითქოს სამუდამოდაა შეჩერებული? როგორ ცხოვრობენ ამ დროს უბრალო ადამიანები და ისინი, ვინც წესით ეს ადამიანები უნდა დაიცვან? მნიშვნელოვანია ამ მხრივ ლი მარვინის პერსონაჟიც; ამერიკელები მუშაობენ საბჭოთა კავშირში და ზოგჯერ აქაურ მოქალაქეებზე უკეთ იციან სისტემის ლპობის ჭემარიტი მიზეზები.

„გორკის პარკში“ ყველა ამოიკითხავს ჰოლივუდის საყვარელ თემას - ისტორიას მარტოხელა გმირისა, რომელიც ებრძვის კორუფციას, მაფიას, უსამართლობას. ეს თემა აქ უკვე საბჭოთა სინამდვილესაა მორგებული. ჰყავს კი დღევანდელ რუსეთს ასეთი გმირები? და თუ ჰყავს, რამდენად შეძლებენ ისინი გველეშაპთან ბრძოლას? ამ კითხვებზე თქვენ თავად უპასუხეთ.