უთოთი წამების ძველი და ახალი შემთხვევები

დევნილთა საცხოვრებელი კორპუსი ბაქოს ქუჩაზე

ბაქოს ქუჩაზე, 3-სართულიან სახლში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, მესამე სართულზე ბინა, რომელშიც 30 სექტემბერს ახალგაზრდა ქალი უთოთი აწამეს და გაძარცვეს, დაკეტილია.

ნატა ფუტკარაია ზურგის დამწვრობებით და ტვინის შერყევით ალადაშვილის კლინიკაში მკურნალობს. მისი მდგომარეობა როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური, სტაბილურად მძიმეა.

ოჯახის წევრები და მეზობლები ჰყვებიან, რომ მძარცველები ნატა ფუტკარაძეს შვილების მოკვლით ემუქრებოდნენ. შეშინებულმა ქალმა კი დახმარებისთვის პოლიციას არ მიმართა.

მძარცველებს ჯერ კიდევ ეძებენ სამართალდამცველები. შსს-ში ამბობენ, რომ საქმე აღძრულია ყაჩაღობის მუხლით, გამოძიება მიმდინარეობს და საქმესთან დაკავშირებულ მეტ ინფორმაციას არ გასცემენ. მათ შორის არც იმაზე, აღიძრა თუ არა საქმე მუქარის ფაქტზეც.

რას ყვებიან მომხდარზე მეზობლები

  • ამ ბინაში ნატა ფუტკარაია მეუღლესთან და 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. მეუღლე ტაქსის მძღოლია, თვითონ უმუშევარი, ბავშვები კი სკოლასა და ბაღში დადიან.
  • შემთხვევა დაახლოებით დღის 1-დან 2 საათამდე მოხდა. ამ დროს ნატა სახლში მარტო იმყოფებოდა და მისი ბინიდან კარის მეზობლებს არანაირი ხმაური არ გაუგონიათ.
  • როცა მძარცველები წავიდნენ, ნატა, რომელსაც ეტყობოდა თავზე დაზიანებები და ზურგი ჰქონდა დამწვარი, თავად ჩავიდა მეზობლებთან, რომლებმაც პატრულს შეატყობინეს.
  • პირველ სართულზე მცხოვრები მეზობელი პოლიციაში შეტყობინების ამბავს სხვანაირად ჰყვება: ის ამბობს, რომ სამართალდამცველებს ბავშვების სკოლის დირექტორმა დაურეკა, რომელსაც ნატამ სთხოვა, ბავშვები არავისთვის გაეტანებინა სკოლის მერე და მოუყვა მომხდარის შესახებ.
  • ნატა წარმოშობით სენაკიდანაა, მისი ქმარი აფხაზეთიდანაა დევნილი. ამ მისამართზე, ბაქოს ქუჩაზე ოჯახი დაახლოებით 6 წელია, რაც ცხოვრობს. მანამდე ასევე დევნილებისთვის გამოყოფილ შენობაში, დეპოს დასახლებაში ცხოვრობდნენ.
  • შემთხვევის დროს გათიშული იყო კორპუსის ეზოს შემოსასვლელთან დამონტაჟებული კამერა, რომელსაც შეეძლო გადაეღო მძარცველები.
  • მძარცველები სხვადასხვა ვერსიით იყვნენ 2 ან 3. მათ შენობაში შემოსვლისას სახეზე წვერი მიიწებეს, გაიკეთეს ნიღბები და ჩაიცვეს ბახილები.
  • საწამებლად გამოიყენეს ორთქლის უთო და სახლში არსებული სამზარეულოს დანა.
  • პოლიციამ მეზობლების მხოლოდ ნაწილი დაკითხა.

დაზარალებულმა ნატა ფუტკარაიამ მთავარ არხთან ინტერვიუში თქვა, რომ მძარცველები მისგან დიდი ოდენობის თანხას ითხოვდნენ, რომელიც არ ჰქონდა და წაიღეს ის, რაც ჰქონდა: 3500 დოლარი, 3000 ლარი და ოქროს ნივთები.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, ჩაერთნენ თუ არა დაშავებულისა და დაზარალებულის შვილების ფსიქორეაბილიტაციაში სოციალური მუშაკები. სოციალური მომსახურების სააგენტოში გვითხრეს, რომ მათთან ადგილზე გამოძახებულ პატრულის ეკიპაჟს შეტყობინებით არ მიუმართავთ და სოციალური მუშაკების ჩართვისთვის ეს აუცილებელი პირობაა. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ ვინაიდან ძარცვას არც ერთი ბავშვი არ შესწრებია, სოციალური სამსახურისთვის მიმართვის საჭიროება არ არსებობდა.

უთოთი წამების სხვა შემთხვევები ბოლო წლებში

ბაქოს ქუჩაზე მომხდარი ძარცვისა და წამების შემდეგ საზოგადოება იხსენებდა 90-იან წლებს, როდესაც ყაჩაღობის შემთხვევებს თან სდევდა სასტიკი წამების შემთხვევებიც. ნატას მეზობლებმაც, აფხაზეთიდან დევნილმა ქალებმა გვითხრეს, რომ ასეთი სისასტიკე მათ ვერც კი წარმოედგინათ, რომ კვლავ დაბრუნდებოდა.

უთოთი წამების თანხლებით ყაჩაღობის ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა მედიაში გავრცელებული ფაქტებიდან შეგვიძლია გავიხსენოთ ბოლო წლების მსგავსი შემთხვევები.

2013-2014 წლებში ასევე გავრცელდა ინფორმაცია ადამიანის ცხელი უთოთი წამების შემთხვევების შესახებ ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე და მცხეთის სოფელ ქსოვრისში. ამ შემთხვევებს შსს არ ადასტურებდა.