უთოვლო ზამთრის ზარალი

წელს თოვლმა დაიგვიანა. მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერი იწურება საქართველოში ზამთრის ტურისტული სეზონი ჯერ არ დაწყებულა.

ნინო სვანიძე ოჯახთან ერთად ბაკურიანში დასვენებას აპირებდა, სასტუმროც დაჯავშნა, მაგრამ ისეთი მზე გამოვიდა, გეგმები შეცვალა და ბათუმისკენ გაუდგა გზას.

„ბავშვს სრიალი უნდოდა, მაგრამ 27 -მდე თოვლი არ იქნებაო დაბათუმში წამოვედით. აქ ფაქტობრივად ზაფხულია, 23 გრადუსი. ადგილობრივები არ ბანაობენ, მაგრამ უცხოელი ერთი-ორი შევიდა ცოტა ხნით ზღვაში. მაინც ცივი წყალია, დიდხანს ვერ გაძლებ. ახლა აქ ვისვენებთ, ქალაქში დავდივართ, სასიამოვნოა ზღვის ხმა რომ გესმის და სიმინდის გამყიდველის ყვირილი და სიმღერების ხმა არ ფარავს“, - ამბობს ნინო სვანიძე.

ფოტო, ზღვაზე მობანავე ხალხით, ბათუმში, 23 დეკემბერსაა გადაღებული. მასზე უკრაინელი დამსვენებლები არიან აღბეჭდილნი.

ისინი, ვისი გეგმებიც ზამთრის კურორტებზე არის აწყობილი, უახლოეს დღეებს იმედიანად ელიან. ბაკურიანში 27-ში უნდა მოთოვოს, ჯერჯერობით კი:

„ნოემბერში რომ მოთოვა, მას მერე არ უთოვია. ყინვა იყო და ამის გამო შენარჩუნდა თოვლი. მესტიაში მეტი თოვლიაო, ამბობენ, სხვაგან არსად თოვს, არც ბაკურიანში, არც - გუდაურში. 20 დეკემბერს იწყებოდა ხოლმე ზამთრის სეზონი და ახლა, სავარაუდოდ, 30-ში დაიწყება. 10 დღე ჩავარდა. კურორტისთვის ეს ზარალია, რადგან ბევრს ჰქონდა დაჯავშნილი სასტუმრო“, - ამბობს სამთო-სათხილამურო კლუბ „იქსტრიმის“ მენეჯერი თინათინ რაზმაძე.

ერთ-ერთ სპორტულ სკოლაში კი გვითხრეს, რომ ამინდის გამო ჯერ ისევ თბილისში არიან, თუმცა რამდენიმე სპორტულმა სკოლამ მოსწავლეები მაინც წაიყვანა ბაკურიანში. მართალია, ჯერჯერობით ვარჯიში არ გამოსდით, მაგრამ „სუფთა ჰაერზე არიან“.

მთის კურორტების განვითარების კომპანიაში (ექვემდებარება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს) აცხადებენ, რომ თოვლის დაგვიანებით მიყენებულ ზარალზე ლაპარაკი ნაადრევია.

„ასეთი შემთხვევები ადრეც ყოფილა. შარშან ბაკურიანში ქარის გამო 17 დღე საბაგირო გათიშული იყო, მაგრამ მაინც 500 პროცენტიანი ზრდა გვქონდა ოთხივე კურორტზე“, - განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის პიარ-მენეჯერმა თამთა იაშაღაშვილმა.

მისივე თქმით, ხშირად, როცა სეზონი გვიან იწყება, გვიანვე მთავრდება. იყო შემთხვევები, როცა ზამთრის სეზონი აპრილის ბოლოს დასრულებულა.

ამინდის პროგნოზით, უახლოესი 25 დღის განმავლობაში ბაკურიანში, გუდაურსა და მესტიაში ძირითადად სუსტი თოვლი და მზე, რამდენიმე დღეს კი შედარებით ხვავრიელი თოვაა გამოცხადებული.