უთანასწორო ბრძოლა სახელმწიფოსთან. პატარა ადამიანები განუკითხაობის ქვეყანაში

ვიქტორ დენის და ნიკოლაი დოლგორუკოვის პოსტერი. 1939 წ

დღეს, როცა უკანონოდ მოსმენილი სატელეფონო საუბრის გამო გიჭერენ და ცარიელ ფურცლის გამო გაპატიმრებენ, დროა დანებდე: სისტემა ყოვლისშემძლეა, მათრახი კონდახთან უძლურია. მაგრამ ყველაზე ბნელ დროშიც კი, სისტემა ზოგჯერ მარცხდებოდა, როცა აწყდებოდა სასტიკ წინააღმდეგობას.

ანტისაბჭოთა ქალი ხის ფანერების საამქროდან

1941 წლის 21 ოქტომბერს, მოსკოვის УНКВД-ს ტიმირიაზევსკის რეგიონალური განყოფილების დეტექტივმა, მილიციის სერჟანტმა ტერეხინმა გადაწყვიტა გამოძიების დაწყება მოქალაქე ბაბენკოს საქმეზე, რომლის ქმედებებშიც დანაშაულის ნიშნები აღმოაჩინა.

ტერეხინმა ეს გადაწყვეტილება მოქალაქე რიაზანოვის განცხადების საფუძველზე მიიღო.

1920 წელს დაბადებული, ორი კლასის განათლების მქონე, გაუთხოვარი და უპარტიო ანა ფილიპოვნა ბაბენკოს დანაშაული "უზარმაზარი" იყო.

ის მუშაობდა დამხმარედ მოსკოვის #1 ფანერების ქარხანაში და ლიანოზოვოს საერთოს აცხოვრებელში ცხოვრობდა.

ახლა იქამდე მეტრო მიდის, მაგრამ მაშინ ეს ადგილი პატარა სოფელი იყო, რომლამდეც მატარებლით უნდა მისულიყავი საველოსვკის რკინიგზის სადგურიდან.

მოქალაქე პიოტრ უსტინოვიჩ რიაზანოვიც იმავე საამქროში მუშაობდა, ოსტატის პოზიციაზე.

პარტბიუროს მდივანმა დამავალა მუშების ორგანიზება ხიმკის პორტში წასაყვანად“, - ასე იწყება მისი განცხადება. მისივე მონათხრობიდან ირკვევა, რომ წასვლაზე მოქალაქე ბაბენკომ უარი განაცხადა და „ანტისაბჭოთა პროპაგანდა და აგიტაცია მოაწყო“.

მოსკოვი, შემოდგომა-ზამთარი 1941. კინოქრონიკა.

მოსკოვში იმ დროს მძიმე ვითარება იყო.

30 სექტემბერს, დაიწყო სამხედრო ოპერაცია „ტაიფუნი“, რომლის მიზანი გერმანიის არმიის მიერ სსრკ-ს დედაქალაქის, მოსკოვის აღება იყო. 7 ოქტომბერს მოსკოვის შორეულ მისადგომებთან მყოფი თავდაცვის ძალები ვერმახტის სატანკო დივიზიებმა გაანადგურეს.

9 ოქტომბერს მოსკოვის სამრეწველო საწარმოების დანაღმვა დაიწყეს.

15 ოქტომბერს, თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა, სახელმწიფო დაწესებულებებისა და უცხოური საელჩოების დაუყოვნებლივ ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

ცალკე პუნქტში მითითებული იყო, ზუსტად როდის უნდა დაეჭირათ თითი ღილაკზე.

"მოსკოვთან მტრის ჯარების გამოჩენის შემთხვევაში, დაევალოს НКВД-ს: ამხანაგ ბერიას და ამხანაგ შჩერბაკოვს, ააფეთქონ საწარმოები, საწყობები და დაწესებულებები, რომელთა ევაკუაცია შეუძლებელია, ასევე მეტროს ყველა ელექტრომოწყობილობა (წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გამოკლებით)".

ევაკუაციის ბრძანება გასაიდუმლოებული იყო, თუმცა მოსახლეობამ ამის შესახებ მალევე შეიტყო. 16 ოქტომბერს ქალაქი პანიკამ მოიცვა.

„გერმანელებს რომ სცოდნოდათ, რა ხდებოდა მოსკოვში, 16 ოქტომბერს ქალაქს 500 კაციანი დესანტით აიღებდნენო“, - წერდა მწერალი არკადი პერვენცევი. და განაგრძობდა:

ვხედავდი, როგორ ძარცვავდნენ ქარხანა „ბოლშევიკს“, გზაზე ორცხობილები ეყარა. მესმოდა, როგორც ძარცვავდნენ ხორცკომბინატს. ასიათასობით დაუმორჩილებელი მუშა, არცთუ იშვიათად, უკაპიკოდ დატოვებული, მათი ასიათასობით ცოლი და შვილები, ის ფეთქებადი ელემენტი იყო, რომელსაც შეეძლო მოსკოვის მანამ განადგურება, სანამ მტრის პირველი ტანკი ფორპოსტზე შეიჭრებოდა".

გერმანული კინოჟურნალი Deutsche Wochenschau

19 ოქტომბერს მოსკოვში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაწესდა კომენდანტის საათი. ადგილზე სიკვდილით დასჯიდნენ „პროვოკატორებს, ჯაშუშებსა და მტრის სხვა აგენტებს, რომლებიც წესრიგის დარღვევისკენ მოუწოდებენ“.

უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 22 ივნისის განკარგულებით კი, შემოღებულ იქნა ე.წ. შრომითი სამსახური თავდაცვის სამუშაოების შესასრულებლად, იმ რაიონებში, სადაც საომარი მდგომარეობა იყო გამოცხადებული.

6 ივლისიდან ძალაში შევიდა ამავე პრეზიდიუმის განკარგულებაც, რომლითაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა „ომის დროს ცრუ ჭორების გავრცელება, რომელიც მოსახლეობაში პანიკას გამოიწვევდა".

მოკლედ, სერჟანტმა ტერეხინმა დაიწყო გამოძიება.

თავდაპირველად მან დაკითხა განმცხადებელი და ეჭვმიტანილი.

რიაზანოვმა განაცხადა, რომ 21 ოქტომბერს დილით ის მანქანით ჩავიდა სოფელ ლიანოზოვოში, რათა ქარხნის საერთო საცხოვრებლიდან ოთხი მუშა წაეყვანა.

მათი საცხოვბელი ოთახი შიგნიდან იყო ჩაკეტილი.

„ჩემს მოთხოვნაზე, ოთახიდან შიგნიდან გაეღოთ არავინ გამომემხურა, ვითომ ოთახში არავინ იყო“.

თუმცა, დაჟინებული კაკუნისა და ყვირილის შემდეგ კარი გაიღო.

„ოთახში იყვნენ გოგოები: ბაბენკოვა, პროტასოვა, სუჩკოვა და სამსონოვა. მათ ჩაცმა და მანქანისკენ წასვლა შევთავაზე, ჩემი წინადადების პასუხად კი ყველამ თქვა, რომ ჩასაცმელი არაფერი ჰქონდათ. ამ სიტყვების შემდეგ, ქარხნის დირექტორის დავალებით, ქარხანაში წასვლა შევთავაზე".

ბაბენკოვას გარდა, ქარხანაში წასვლას ყველა გოგო დათანხმდა. მან კი თქვა: „მე არ წავალ შრომით ფრონტზე, რადგან საბჭოთა კავშირში წესრიგი არ არის. აი, მოვა ჰიტლერი და უკეთეს წესრიგს დაამყარებსო“.

ბაბენკომ, რომელსაც რიაზანოვი ჯიუტად უწოდებს „ბაბენკოვას“,ეს ჩვენება უარყო.

ანა ბაბენკოს დასმენის წერილი

მისი მონათხრობით, რიაზანოვს კარს დიდი ხნის განმავლობაში იმიტომ არ უღებდნენ, რომ ეძინათ.

“ეგ სიტყვები კი საერთოდ არ მითქვამს. დამაბრალა, რადგან მილიციას ჩვენი ეჭვები გავუზიარეთ, რომ მოსკოვიდან გაქცევას გეგმავდნენ მუშებისთვის გადასახდელი ფულით“.

უცნობია, მართლაც აპირებდა თუ არა რიაზანოვი ამ ფულით გაქცევას, მაგრამ ასეთი ეჭვები რომ საკმაოდ საფუძვლიანი იყო, ამას ადასტურებს მოსკოვისა და მოსკოვის რეგიონის УНКВД -ს ხელმძღვანელის, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი მაიორის, მიხეილ ჟურავლიოვის ცნობაც დედაქალაქთან მტრის მოახლოების თაობაზე მოსახლეობის რეაგირებაზე.

სამრეწველო საწარმოები ანარქისტულმა გამოსვლებმა მოიცვა. მუშები ითხოვდნენ ხელფასს, დირექტორებს ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ, იტაცებდნენ პროდუქციას, ხშირ იყო ბუნტი და ა.შ.

დიმიტრი ბალტერმანსი. მოსკოვის მახლობლად ტანკსაწინააღმდეგო თხრილების გათხრა. 1941 წლის სექტემბერი-ოქტომბერი

დაკითხვის შემდეგ, სერჟანტმა ტერეხინმა ანა ბაბენკო დააპატიმრა. შემდეგ კი გამოძიება უფროსმა სერჟანტმა აიგენინმა გააგრძელა. ბაბენკო კიდევ ერთხელ დაკითხეს. ამ დაკითხვის დროს, ანამ გაიხსენა, როგორ გამოუცხადა, რიაზანოვმა მუშებს, რომ იმ წლის ორშაბათს, 20 ოქტომბერს, სამსახურში დილის შვიდ საათზე უნდა მისულიყვნენ, რომ ისინი „შრომის ფრონტზე“ წაეყვანათ.

დილის შვიდზე მისვლას იმ მოტივით არ დათანხმდნენ, რომ მაგ დროს მატარებელი არ დადიოდა და მოსკოვამდე 20 კილომეტრი ფეხით უნდა გაევლოთ. ანა სამსახურში 12 საათზე გამოცხადდა და კადრების განყოფილებაში მივიდა, სადაც უნდა შეკრებილიყვნენ. თუმცა იმ დღეს წასვლა მეორე დღისთვის გადაიდო. კატეგორიული წინააღმდეგი არავინ ყოფილა. როგორც ბაბენკო იხსენებდა, გარკვეული უკმაყოფილება შეიმჩნეოდა, მაგრამ ბრძანებას საბოლოოდ ყველა დაემორჩილა და მანქანაში ჩაჯდა.

თუმცა ანა შრომითი ფრინტის ნაცვლად მილიციის განყოფლებაში მოხვდა.

ამ ოქმს ბოლოში ერთი დამატებაც ახლავს, სადაც წერია, რომ ანა ბაბენკომ აღიარა, რომ 1940 წელს იგი გაასამართლეს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის განკარგულებით სამუშაოზე დაგვიანების გამო. რომ მას მიესაჯა სამთვიანი მაკორექტირებელი შრომა შემოსავლის 20 პროცენტის გამოქვითვით.

პოსტერი, 1941. ავტორი უცნობია

1930-იანი წლების ბოლო, სახელმწიფოს მხრიდან შრომით უფლებებზე აგრესიული თავდასხმის პერიოდი იყო.

1938 წლის 20 დეკემბერს შემოიღეს სავალდებულო შრომის წიგნაკები.

ახლა კადრების განყოფილების თითოეულმა თანამშრომელმა იცოდა სხვა თანამშრომლის მთელი "კარიერა", მისი წინა სამუშაო ადგილიდან გათავისუფლების მიზეზები, სამუშაო წიგნში ჩანაწერების მიხედვით გამოითვლებოდა მისი სამუშაო სტაჟიც.

შრომის წიგნაკებს მოჰყვა რეზოლუცია "შრომის დისციპლინის გამარტივების, პრაქტიკის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ“. ხოლო შვებულების აღება მუშებს საწარმოში 11 თვიანი უწყვეტი მუშაობის შემდეგ შეეძლებოდათ.

ახალი კანონით, დეკრეტული შვებულების აღება ქალებს შეეძლოთ მშობიარობამდე 35 კალენდარული დღით ადრე და მშობიარობის შემდეგ 28 დღის განმავლობაში. დეკრეტული შვებულების ფულს კი მხოლოდ მათ უხდიდნენ, ვინც ამ საწარმოში შვიდი თვე მაინც მუშაობდა.

ომის დაწყების წინა, 1940 წელი იყო მოქალაქეთა საბოლოო და სრული დამონების წელი.

მათ დაკარგეს ის მინიმალური შრომითი უფლებებიც, რაც ჯერ კიდევ ჰქონდათ. სამუშაო დრო ერთი საათით გაზარდეს, ხოლო ერთი სამუშაო ადგილიდან მეორეზე საკუთარი ნებით გადასვლა აიკრძალა - ამისთვის ის ორიდან ოთხ თვემდე პატიმრობით დაისჯებოდა.

საპატიო მიზეზის გარეშე გაცდენა ისჯებოდა სამუშაო ადგილზე ექვსთვიანი გამასწორებელი შრომით და ხელფასის 25 პროცენტის დაქვითვით.

ახალ ბრძანებაში დაგვიანებაზე არაფერი ეწერა, მაგრამ მალე გამოვიდა სსსრკ-ს პროკურორის ახალი ბრძანება, რომლითაც უმიზეზოდ დაგვიანება უტოლდებოდა 20 წუთზე მეტხანს „გასეირნებას“, გაცდენას.

ანა ბაბენკო სწორედ ამ ბრძანებით გაასამართლეს.

თუ სამთვიანი სასჯელის პერიოდში ის ისევ დააგვიანებდა სამსახურში, იმავე წლის 23 ივლისის სსრკ უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, შესაძლოა ციხეში გაეგზავნათ.

ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, 3 მილიონზე მეტი ადამიანი გაასამართლეს „დაუსწრებლობის შესახებ ბრძანებულებით“, ხოლო მთლიანობაში, მისი მოქმედების პერიოდში (ის გაუქმდა 1956 წელს), ისტორიკოსების აზრით, 18 მილიონი ადამიანი.

ომის დაწყებისთანავე შრომის კანონები კიდევ უფრო გამკაცრდა. 11-საათიანი დღე ნორმად იქცა.

რიაზანოვისა და ბაბენკოს ჩვენებებში ბევრი ერთმანეთის საწინააღმდეგო რამ ეწერა. ამიტომ, საქმეში მოწმეები დასჭირდათ.

ერთ-ერთმა მოწმემ, კადრების განყოფილების უფროსმა და ქარხნის პარტიული ორგანიზაციის მდივანმა, პოლინა იაშკინამ დაადასტურა, რომ ბაბენკომ მართლაც ისაუბრა საბჭოთა კავშირში წესრიგის არარსებობასა და ჰიტლერზე 20 ოქტომბერს, როდესაც რიაზანოვმა მას შრომის ფრონტზე წასვლის ბრძანება გადასცა.

შემდეგი მოწმედ ბაბენკოსთან საერთო საცხოვრებელ ოთახში მცხოვრები ანტონინა სუჩკოვა მოიწვიეს. მან ბაბენკოს მიმართ ბრალდებები უარყო და თქვა, მისგან ანტისაბჭთა არაფერი მსმენიაო.

გოგონები მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ თბილი ტანსაცმელი და შრომის ფრონტზე წასვლაზეც ამიტომ ამბობდნენ უარს.

გამომძიებელმა მაინც დაადგინა, რომ ბაბენკო ეწეოდა „ანტისაბჭოთა ხასიათის აგიტაცია, რომელიც მიზნად ისახავს საბჭოთა ხელისუფლების ძალაუფლების შელახვას“.

სასჯელი იყო დახვრეტა. ხოლო შემამსუბუქებელ გარემოებებში – თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ სამი წლის ვადით ქონების მთლიანად ან ნაწილის კონფისკაციით.

24 ოქტომბერს ანა ბაბენკო მორიგ დაკითხვაზე დაიბარეს.

უფროსი დეტექტივი მისგან აღიარებას ელოდა, მაგრამ მან კვლავ განაცხადა:

„ჩემ წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ, რადგან ანტისაბჭოთა აგიტაცია არ გამიკეთებია არც საერთო საცხოვრებელში, არც ქარხანაში“.

საბრალდებო დასკვნაში ისევ ეწერა, რომ ანა ბაბენკომ ორჯერ „გამოთქვა ანტისაბჭოთა ხასიათის სიტყვები, რომლებიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების ძალაუფლების შელახვას“ და ამისათვის მისი საქმე გადაეგზავნებოდა ქალაქ მოსკოვის სამხედრო ტრიბუნალს.

თუმცა სამხედრო ტრიბუნალმა საქმე ისევ გამოძიებას დაუბრუნა, რადგან „წინასწარი გამოძიების მასალა საკმარისი არ იყო“.

დაიწყო ახალი დაკითხვები.

5 ნოემბერს კი სერჟანტმა აიგენინმა გამოსცა ახალი გადაწყვეტილება, სადაც ეწერა, რომ „ბაბენკოს დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 მუხლის II ნაწილით დაუმტკიცებელი იყო და საქმე უნდა შეწყვეტილიყო.

დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ

ბაბენკო პატიმრობიდან გაათავისუფლეს აღკვეთის სხვა ღონისძიების არჩევის გარეშე.

როგორ წავიდა ანა ბაბენკოს ცხოვრება, ამაზე აღარფერი ვიცით.

გამომძიებელი აბდულ-კერიმ აიგენინი კი ორჯერ დაჯილდოვდა „სამხედრო დამსახურებისთვის“.

ჩუგუევსკის შეთქმულის გალიფე

1938 წლის თებერვალში НКВД -მ დააპატიმრა ვლადიმერ ვასილიევიჩ ლამბროვი, ხარკოვის ოლქის ჩუგუევსკის რაიონის სოფელ კლუგინო-ბაშკიროვკის დაწყებითი სკოლის მასწავლებელი.

ის დენიკინის ჯარში მსახურობდა. მღვდლის შვილი იყო. მასთან ერთად ჩუგუევსკსა და მის შემოგარენში კიდევ 19 ადამიანი დააკავეს და ყველა მათგანს ბრალი ედებოდა „ანტისაბჭოთა სამხედრო ორგანიზაციის“ წევრობაში.

თუმცა ეს დაპატიმრებები გაცილებით მასშტაბური ოპერაციის ნაწილი იყო.

1938 წლის 10 იანვარს, უკრაინის სსრ-ს УНКВД-ს უფროსის მოადგილე ხარკოვის რეგიონში, სახელმწიფო უშიშროების მაიორმა ლევ რეიხმანი უკრაინის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარს, ისრაელ ლეპლევსკის უპატაკებდა, 1930-1931 წლებში ხარკოვში წარმოშობილი სოციალისტ-რევოლუციური აჯანყებულ-ტერორისტული ორგანიზაცია გავშიფრეთ, ეგრეთ წოდებული "მემარჯვენე და მემარცხენე სოციალისტ-რევოლუციონერთა რეგიონალური გაერთიანებული ბიუროო.

ამავე ბიუროს მიეწერებოდა ტერორისტული თავდასხმების გეგმების მომზადება საბჭოთა ხელისუფლების ლიდერების წინააღმდეგ.

რეიხმანი ასევე იტყობინებოდა, რომ უკრაინული ბიურო მჭიდროდ იყო დაკავშირებული "სოციალისტურ-რევოლუციურ ემიგრაციასთან“, რომლის მეშვეობითაც დამყარდა საქმიანი კონტაქტი ფაშისტური ქვეყნების მმართველ წრეებთან - გერმანიაში, პოლონეთსა და იაპონიაში.

ძიგა ვერტოვის სიუჟეტი "კინო-სიმართლე" No3. სოციალისტ-რევოლუციონერთა სასამართლო პროცესზე. 1920 წ.

დაკავებულ 20 ადამიანს შორის იყო 9 მასწავლებელი, ორი ბუღალტერი, მექანიკოსი, მკერავი, აბანოსა და სამრეცხაო ქარხნის დირექტორი...

და ყველა მათგანი იყო „მიწისქვეშა ორგანიზაციის წევრი, რომელიც აპირებდა საბჭოთა რეჟიმის დამხობას "შეიარაღებული აჯანყების გზით“.ერთ-ერთ ბრალდებულს, მკერავს, ჯაშუშობაში წაუყენეს ბრალი „ერთ-ერთი კაპიტალისტური სახელმწიფოს სასარგებლოდ“.

ორგანიზაციის „ბოროტი გეგმების“ დასადასტურებლად, ვიღაცის ბაღში 1919 წელს დამარხული რვა ფრანგული ხელყუმბარა იპოვეს.

ნაწილმა დანაშაულის აღიარებაზე უარი თქვა. ვლადიმერ ლამბროვმა კი დანაშაული აღიარა.

„მე მღვდლის შვილი ვარ, რევოლუციამდელ ხანაში პროლეტარული რევოლუციური მოძრაობის საწინააღმდეგო სულისკვეთებით ვიყავი აღზრდილი“, - ასე "მოინანია" მან.

ოცივეს, მათ შორის მათაც, ვინც დანაშაულს არ აღიარებდა, დახვრეტა მიუსაჯეს - პირადი ქონების კონფისკაციით.

სასიკვდილო განაჩენის შესახებ მათ ახლობლებს მაშინ არ შეატყობინეს.

მოგვიანებით, ლამბროვის ქვრივი საჩივრებში წერდა, რომ ქმრის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდნენ.

მას შემდეგ, რაც 1938 წლის ნოემბერში ნიკოლაი ეჟოვი შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, 1939 წლის აპრილში კი დააპატიმრეს კიდეც, პრესაში დაიწყო კამპანია ყოფილი НКВД-ს უკანონო მეთოდების გამოსავლენად. ნათესავებმა დაიწყეს განცხადებების წერა და მოითხოვდნენ, გადაეხედათ „ეჟოველების“ მიერ შეთხზული საქმეები.

მასობრივი რეპრესიები შეჩერდა, სასჯელები გადაიხედა, მაგრამ მაგრამ ჩუგუევსკის საქმეში გადასახედი არაფერი იყო, მსჯავრდებულები ცოცხლები აღარ იყვნენ. ნათესავებს კი უარით ისტუმრებდნენ.

ვლადიმირ ლამბროვი 1956 წელს რეაბილიტირდა. სარეაბილიტაციო დოკუმენტებთან ერთად, მისმა ქვრივმა, ქმრის გარდაცვალების მოწმობაც მიიღო.

ქმრის გამოგლოვების შემდეგ, ნადეჟდა ლამბროვამ დაწერა განცხადება კგბ-ს ხარკოვის რეგიონალური განყოფილების უფროსის სახელზე და მოითხოვა მისთვის აენაზღაურებინათ უდანაშაულო მსჯავრდებულის ტანსაცმლის ღირებულება, რომელიც მას დაკავების დროს ჩამოართვეს. სია კი ასე გამოიყურებოდა:

  • ახალი ბეწვის ქურთუკი ნაცრისფერი, ასტრახანის საყელოთი - ფასი 1700 რუბლი.
  • ახალი შალის ქსოვილის პალტო - ფასი 1400 რუბლი.
  • ნახმარი ნაჭრის პალტო - ფასი 400 რუბლი.
  • ხავერდის პერანგი - ფასი 250 რუბლი.
  • ორი უბრალო პერანგი - ფასი 140 რუბლია.
  • ორი წყვილი მამაკაცის ფეხსაცმელი - ფასი 300 მანეთი.
  • ორი წყვილი ახალი კალოშები - ფასი 60 მანეთი.
  • გალიფე შარვალი - ფასი 450 რუბლი.

თავდაპირველად ქვრივს უთხრეს, რომ მისთვის ჩამორთმეული ქონების ღირებულების კომპენსაციას ვერ მისცემდნენ, რადგან ანაზღაურების ვადა გასული იყო.

თუმცა მისი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, მიიღო პასუხი, რომ მის წერილს განიხილავდნენ. ისევ უარი მიიღო, რის შემდეგაც ლამროვამ წერილი მისწერა უკრაინის სახელმწიფო უშიშროების მინისტრს.

ქმრის დაკავებიდან 22 წლის გასვლის მერე და ორწლიანი ბრძოლის შედეგად, ქვრივმა დახვრეტილი ქმრის ქონებისთვის კომპენსაცია მიიღო.

ქვრივმა, როგორც ჩანს, ვერც გაიგო, რომ მისი მეუღლე თავისი სიკვდილით კი არ მოკვდა, არამედ დახვრიტეს.