უზენაესი სასამართლო: იუსტიციის საბჭო პარლამენტს 20-კაციან სიას გადაუგზავნის

უკვე ცნობილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა იმ სიის შემადგენლობა, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უნდა გადაუგზავნოს. მათ შორის არის ხუთი კანდიდატი ძველი, პარლამენტში ჩავარდნილი 10-კაციანი სიიდან და ერთ-ერთი მათგანია იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე. ამავე სიაშია გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე.

ეს არის გრძელი და ძალიან ხმაურიანი პროცესის ნაწილი. პროცესი პარლამენტში სავარაუდოდ ისევ ხმაურით გაგრძელდება.

4 სექტემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭი უყარეს 48 კანდიდატს. კენჭისყრა ორეტაპიანი და ფარული იყო. პირველი ეტაპის შედეგად შეირჩა 20 კანდიდატი და იგივე ოცეული მოხვდა საბოლოო სიაშიც.

ესენია არიან:

  • ალანია თამარ (11 ხმა);
  • გაბინაშვილი მერაბ (11 ხმა);
  • გეწაძე შოთა (11 ხმა);​
  • ერემაძე მირანდა ( 10 ხმა);
  • ვასაძე მამუკა (10 ხმა);
  • ვაჩაძე მაია (11 ხმა);
  • ზამბახიძე თამარ (11 ხმა);
  • თადუმაძე შალვა (10 ხმა);
  • თავაძე ზაზა (10 ხმა);
  • კაკაბაძე ვლადიმერ (10 ხმა);
  • მიქაბერიძე ლევან (10 ხმა);
  • მიქაუტაძე გიორგი (11 ხმა);
  • სილაგაძე პაატა (10 ხმა);
  • სხირტლაძე ნუგზარ (11 ხმა);​
  • ფაფიაშვილი ლალი (11 ხმა);
  • ქადაგიძე ნინო (11 ხმა);
  • ქოჩიაშვილი ლაშა (10 ხმა);
  • ცინცაძე ქეთევან (10 ხმა);
  • წულაძე ალექსანდრე (10 ხმა);​
  • ჯეირანაშვილი გოჩა (10 ხმა).

ეს კანდიდატები ნომინირებული იქნებიან საქართველოს პარლამენტის წინაშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად.

„შერჩეული კანდიდატები თავიანთი კვალიფიკაციითა და კეთილსინდისიერებით შეესაბამებიან იმ მაღალ სტატუსს, რასაც წარმოადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა და ამიტომ, ვულოცავ ყველა მათგანს ამ წარმატებას და ვუსურვებ შემდგომ უკვე საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერასაც...

პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა... პროტესტი, რა თქმა უნდა, ექნება ზოგიერთ ტენდენციურ, დაინტერესებულ სუბიექტს“, - განაცხადა, კენჭისყრის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ის ფიქრობს, რომ შერჩეული 20 კანდიდატი მოიპოვებს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერას.

პროცესს სპექტაკლს უწოდებს საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

„ჩანს კარგად, რომ პროცესი არის წინასწარ დაგეგმილი... სავარაუდოდ, ამ სიაში რამდენიმე ადამიანი ჩავარდება პარლამენტში განხილვის დროს, მათ წინასწარ იციან, რომ სავარაუდოდ ასე მოხდება და ეს ყველაფერი იქნება ერთგვარი სპექტაკლის ნაწილი...

მე არ გამკვირვებია, რომ ამ სიაში მოხვდნენ მიქაუტაძე და ის ხალხი, რომელიც თავის დროზე კანდიდატებად იყვნენ წარდგენილი საქართველოს პარლამენტში...

ყველაფერი არის წინასწარ დაგეგმილი და სამწუხაროდ, სპექტაკლს დაამსგავსეს პროცესი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიასა და მომავალს“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

ჯანეზაშვილი აპირებს, რომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს განსხვავებული მოსაზრება კანდიდატთა სიასთან დაკავშირებით. კენჭისყრაში არ მონაწილეობდა საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე - მან განმარტა, რომ საქართველოში არ იმყოფება.

რა კავშირია ძველ და ახალ სიებს შორის?

20-კაციანი სიიდან 5 კანდიდატი ასევე გვხვდებოდა თავდაპირველ 10-კაციან სიაში, რომელიც პარლამენტში ჩავარდა; ესენი არიან:

  • გიორგი მიქაუტაძე;
  • თამარ ალანია;
  • მერაბ გაბინაშვილი;
  • ნინო ქადაგიძე;
  • პაატა სილაგაძე.

ძველი სიის დანარჩენი ხუთი წარმომადგენლიდან მხოლოდ ორმა ვერ გაიმარჯვა კონკურში - გიორგი ტყავაძემ და ნინო სანდოძემ; კონკურსში აღარ მონაწილეობდნენ დიმიტრი გვრიტიშვილი და მიხეილ ჩინჩალაძე; ხოლო მარიამ ცისკაძემ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.

სწორედ თავდაპირველი 10-კაციანი სიის პარლამენტში წარდგენას მოჰყვა პირველი მწვავე განხეთქილება „ქართულ ოცნებაში“, 2018 წლის დეკემბერში.

ასევე ნახეთ „ქართული ოცნება“ სასამართლოს „კლანმა“ შეარყია

მაშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის აწ უკვე ყოფილი წარმომადგენელი - ეკა ბესელია. მის გარდა, მოსამართლეთა მიუღებელი სიისა და თანმდევი პროცესების გამო, უმრავლესობას სხვადასხვა დროს გაემიჯნა კიდევ არაერთი დეპუტატი, მათ შორის: გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე.

იმ ხანად არაერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საბოლოო შედეგი განსაზღვრავდა „ქართულ ოცნების“ უმრავლესობაში დარჩენა-არდარჩენის საკითხს. მათ შორის იყო დეპუტატი ბიძინა გეგიძეც, თუმცა ის უკვე აღარ დგას ასეთი არჩევნის წინაშე, რადგანაც რამდენიმე დღის წინ თავად უმრავლესობამ გარიცხა თავისი რიგებიდან.

სასამართლო სისტემაში „ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის" ზეგავლენებზე ლაპარაკობდნენ არასამთავრობო სექტორი და ხელისუფლების ოპონენტები. პროცესების კლანის ინტერესების შესაბამისად განვითარებას მუდმივად უსვამდა ხაზს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი: ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე.

ასევე ნახეთ კარლ ჰარცელი: პარლამენტმა ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, რომ მეტი დრო არ დახარჯა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე

სადავო10-კაციან სიასთან დაკავშირებული ხმაურიანი პროცესების შემდეგ, დაიწყო მუშაობა მოსამართლეთა შერჩევის ახალ წესებზე.

2019 წლის 1 მაისს (87 ხმით 33-ის წინააღმდეგ) პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ("საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში).

ეს იყო ასევე ხმაურიანი პროცესი ოპონენტთა უმთავრესი პრეტენზიით, რომ - უმრავლესობამ არ გაიზიარა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილი.

შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ გარდა, ამ პროცესმა ძალიან უკმაყოფილო დატოვა ყველა - პოლიტიკოსები თუ არასამთავრობო სექტორი. მკვეთრად უკმაყოფილო იყო სახალხო დამცველიც, რომელიც დეპუტატებს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდებდა.

ასევე ნახეთ რა (არ) გაითვალისწინა "ქართულმა ოცნებამ" ვენეციის კომისიის დასკვნიდან

ასევე ხმაურიანი იყო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ხანგრძლივი პროცესი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 15 აგვისტოს დასრულდა. არაერთ უხეშ დარღვევაზე ლაპარაკობდნენ საბჭოს არამოსამართლე წევრები - ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, რის გამოც მათ მოსამართლე წევრების მხრიდან ხშირად შეურაცხყოფის ატანაც უწევდათ.

მთელი რიგი ფაქტებისა და სკეპტიკური განწყობების გათვალისწინებით, ბევრი მოელის, რომ კვლავ ხმაურიანი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი პარლამენტში.