ბოლოს, ისევ საგარეო საქმეთა სამინისტროში განგვიმარტეს, რომ:
- ჩინეთის მოქალაქეს საქართველოში ვიზის გარეშე შემოსვლა შეუძლია ყოველ ჯერზე 30 დღის განმავლობაში;
- თუკი ის 30 დღის ამოწურვის შემდეგ გავა ქვეყნიდან და ისევ შემოვა, 30 დღის ათვლა თავიდან დაიწყება.
ჩინეთის მოქალაქეებს საქართველო სავიზო რეჟიმს ცალმხრივად უუქმებს და იმედოვნებს, რომ ჩინელი ტურისტების ჩამოსაყვანად, არცთუ შორეულ მომავალში, ყოველდღიურად 10 ავიარეისი შესრულდება.
მოულოდნელად
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 11 სექტემბერს, მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა, რომ ვიზების გაუქმება ივლისში, ჩინეთში მისი „ძალიან წარმატებული ვიზიტის“ დროს დაიგეგმა და 11 სექტემბრიდან ამოქმედდა.
„მე მქონდა ჩინეთის პრემიერთან საუბარი ტურიზმზეც და [პირდაპირი] ფრენების საკითხზეც... მინდა აღვნიშნო ეფექტურობა ზოგადად ჩინეთის მთავრობის და მათი სისტემის: სულ რამდენიმე დღეში ეკონომიკის მინისტრთან ჩამოვიდა დელეგაცია კონკრეტულად პირდაპირი ფრენების საკითხზე... ჩემი შეხვედრიდან [ჩინეთის პრემიერთან] 2-3 დღეში უკვე დელეგაცია იყო გამოგზავნილი ჩინეთიდან“.
პრემიერ-მინისტრს ყურადღება აღარ გაუმახვილებია, რომ უვიზო რეჟიმი ჩინეთთან ცალმხრივად შემოიღო.
საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ჩინეთში გამგზავრების მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა კვლავ ვიზების აღებაზე უნდა იზრუნონ.
ჩინეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას „ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას“ უწოდებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი. მისი თქმით, ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი და „ალბათ, ყველასთვის სასურველი ტურისტული ბაზარია“, რადგან „ყოველწლიურად ჩინეთიდან სხვადასხვა ქვეყანას 150 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს და მათი დანახარჯები დაახლოებით 300 მლრდ დოლარამდეა“.
ლევან დავითაშვილის თქმით:
- უკვე მიღწეულია შეთანხმება „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზებთან“ [China Southern Airlines] და უახლოეს პერიოდში დაიწყება „მინიმუმ დღეში ერთი ფრენა“.
- მთავრობის მიზანია, რომ იყოს დღეში 10-მდე პირდაპირი რეისი ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან, ეკონომიკური თვალსაზრისით ხელშესახები შედეგის მისაღწევად.
ბოლო წლებში მცირეა საქართველოში შემოსული ჩინელი ვიზიტორების რიცხვი, მათ შორის, ალბათ, COVID-19-ის გამოც, რომელსაც ჩინეთში სხვა ქვეყნებზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ებრძოდნენ.
რადიო თავისუფლებისთვის სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიწოდებული ინფორმაციის თანახმად:
- 2023 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს საზღვარი ჩინეთის 12 700-მა მოქალაქემ გადმოკვეთა;
- 2022 წლის მაჩვენებელია - 7400;
- 2019 წელს - 48 100 [ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 9 წლის განმავლობაში].
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა რადიო თავისუფლებას ვერ მიაწოდა ინფორმაცია საქართველოდან ჩინეთში წასული პირების შესახებ - „სტატისტიკური გამოკვლევის შერჩევის ზომის სიმცირის გამო“.
რისკები, შიშები
გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობის სხდომაზე, 11 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაცხადა, მოულოდნელი აღმოჩნდა უმრავლესობისთვის და მათ შორის არის ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ია თაბაგარი, რომელიც ტურისტული კომპანიის [Living Roots Travel] გარდა, სიღნაღთან პატარა სასტუმრო კომპლექსს ფლობს.
„არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა... რისკები არ უნდა შეფასდეს?! არ უნდა განვსაზღვროთ, რისთვის ვართ მზად?! რისკების შეფასების გარეშე, ასე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არ ვემხრობი...
რუსეთის მოქალაქეების მაგალითს თუ ავიღებთ, ტურისტებად ჩამოსულები დარჩნენ სამუდამოდ... არ გამოვრიცხავ, რომ ჩინელებმაც იყიდონ უძრავი ქონება, გახსნან საწარმოები ან ისე იმუშაონ, რაც პრობლემა იქნება ტურისტული სექტორისთვის“, - ეუბნება ია თაბაგარი რადიო თავისუფლებას და ასევე აღნიშნავს, რომ ჩინელი ტურისტების მიმართ არანაირი პრეტენზია არა აქვს, მაგრამ რუსეთის მოქალაქეების მაგალითი მას საფრთხეების შიშს უჩენს.
და რაში ხედავს პრობლემას? რა აჩვენა რუსეთის მოქალაქეების მაგალითმა? ია თაბაგარი მიუთითებს, რომ:
- რუსეთის მოქალაქეებს „შეუძლიათ, რომ ბიზნესი ისე აწარმოონ, რომ არც დარეგისტრირდნენ და არცერთი კაპიკი არ გადაიხადონ სახელმწიფო ბიუჯეტში“;
- მათ „გააფუჭეს ტურისტული ბაზარი - ნაღდი ფულით იხდიან პატარა სასტუმროებში და თანხას აკლებინებენ იმის ხარჯზე, რომ საბუთს არ სთხოვენ“;
- არავინ იცის, რას უყვებიან რუსი გიდები აქ ჩამოსულ ტურისტებს - „არადა, როგორი მნიშვნელოვანია ეს ქვეყნის მომავლისთვის და პოლიტიკისთვის“.
„იმ [ქართულ] კომპანიებს, რომლებიც 20 წელია მუშაობენ ბაზარზე, არავინ უკეთებს შეღავათს - არც საოჯახო სასტუმროები, არც ტრანსპორტი და არც არავინ“, - ია თაბაგარი ამბობს, რომ საქართველოში ადგილობრივი მცირე ბიზნესის დაცვის ეფექტიანი კანონმდებლობა და ბერკეტები არ არსებობს და საფრთხეების შეგრძნებაც სწორედ ამიტომ ჩნდება.
ასევე ნახეთ ქართველი გიდების დილემაუსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი, ანდრო გოცირიძე გვეუბნება, რომ რუსეთისგან განსხვავებით, ჩინეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და „უვიზო რეჟიმი მეგობარ ქვეყანასთან ყოველთვის მისასალმებელია“, თუმცა, სწორედ რუს ტურისტებთან დაკავშირებული უარყოფითი გამოცდილების გამო, ექსპერტს არ უკვირს, რომ ბიზნესს ახლა უკვე ჩინეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების ეშინია.
„როდესაც ბიზნესს არა აქვს ნათელი წარმოდგენა, რა შეიცვალა და რა შეიძლება ამას მოჰყვეს, ბიზნესი ფრთხილობს და შიში უჩნდება... ქართული ტურისტული ბაზარი ისედაც ძალიან დაზიანდა - რუსული ექსპანსიით. მივიღეთ იაფფასიანი რუსი ტურისტი, რომელიც ძალიან ცოტა ფულს ხარჯავს და არ არის ორიენტირებული მაღალი ხარისხის სერვისზე.
და ასევე, რუსეთის მოქალაქეებმა დაიწყეს ლუკმა-პურის წართმევა ტუროპერატორებისთვის თუ მომსახურების სფეროსთვის - ხშირად არალეგალური მეთოდებით... ჩინური ნაკადებისგან ქართული ბიზნესი ამ კონტექსტშიც უნდა იყოს დაზღვეული“, - ამბობს გოცირიძე და საყურადღებოდ თვლის შრომის ბაზრის მომავალსაც:
„არ არის ცნობილი, რა გავლენა ექნება ვიზების გაუქმებას, მაგალითად, შრომის ბაზარზე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ იაფი ჩინური მუშახელი სხვა ქვეყნებში ძალიან ხშირად ანაცვლებს ხოლმე ადგილობრივ მუშახელს შრომის ბაზარზე, რაც საქართველოში შეიძლება პრობლემატური იყოს, რადგან შრომისუნარიანი მუშახელი საქართველოდან ისედაც გაედინება დასავლეთის ქვეყნებში“.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზეც ანდრო გოცირიძე ამახვილებს ყურადღებას, საგარეო ორიენტირებს უკავშირდება.
ექსპერტი მიუთითებს შექმნილ შთაბეჭდილებაზე, რომ „ნებისმიერი საგარეო-პოლიტიკური თუ ეკონომიკური საკითხი ბოლო დროს საქართველოში დასავლეთთან გაჯიბრების ფონზე, დასავლური მისწრაფებების საწინააღმდეგოდ წყდება“.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იყოს არა დასავლეთის საწინააღმდეგო ნაბიჯი, არამედ სინქრონულად ჯდებოდეს საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ კურსში“, - ეუბნება ანდრო გოცირიძე რადიო თავისუფლებას.
ევროკავშირის ქვეყნებში შესასვლელად, ჩინეთის მოქალაქეებს შენგენის ვიზის აღება მოეთხოვებათ.
ასევე ნახეთ პარლამენტი რისთვის არსებობს? - როგორ შეარჩია მთავრობამ ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორად ასევე ნახეთ „როგორც ჩანს, რაღაც გამოვტოვეთ“ - რაში სჭირდება ჩინეთს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობაჩინეთის მოქალაქეებისთვის ვიზების [ცალმხრივი] გაუქმება ისეთივე მოულოდნელობა იყო, როგორც გადაწყვეტილება ჩინეთთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. 2023 წლის ივლისში გახმაურებული ეს ამბავი სიურპრიზი აღმოჩნდა არა მხოლოდ მოქალაქეებისთვის, არამედ პარლამენტისთვისაც, რომელიც, კონსტიტუციით, ქვეყნის სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს.
ჩინეთისა და საქართველოს უმაღლესი პირების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი დღემდე აჩენს შეკითხვებს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ საგარეო-პოლიტიკურ კურსთან თავსებადობაზე.