უგულავაზე, მელიაზე, ოქრუაშვილზე ჩვენებების მიცემას მთხოვდნენ - 20 ივნისის საქმეზე დაკავებული

20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულმა ზურაბ ბუდაღაშვილმა 27 ნოემბერს, სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ მასთან პენიტენციურ დაწერებულებაში რამდენჯერმე შევიდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები, რომლებიც ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას თხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოჯახის წევრებით ემუქრებოდნენ.

„4 ივლისს დაგვაკავეს, მერე გლდანის ციხეში გადამიყვანეს. 6 ივლისს, ღამის პირველს აკლდა 10 წუთი, ბადრაგს დავუძახე, თითქოს, წამალი მქონდა დასალევი და საათი მაინტერესებდა. ბადრაგმა მითხრა, რომ პირველს 10 წუთი აკლდა. პირველის ნახევარზე კარი გაიღო, კარანტინში 4 ვიყავით. დასალაგებლად შემოვიდნენ. საკანი დალაგდა, საკანში მარტო მე შევედი, დანარჩენი გადაანაწილეს. ვიფიქრე, რადგან პოლიტიკური მუხლი იყო, იგივე მუხლით დაკავებულებს შემოიყვანდნენ. 3-4 წუთში 2 პიროვნება სამოქალაქო ტანსაცმლით შემოვიდა, არც დამალეს, პირდაპირ მითხრეს, მე თუ არ ვიტყოდი ოქრუაშვილზე, მელიაზე და უგულავაზე იმას, რაც მათ უნდოდათ, შენს უკან ხალხი დგას, ძმებიც გყავს და იმათზე იფიქრეო, მითხრეს. ირონიულად გავიცინე, ეს აქამდე კინოში მქონდა ნანახი, ასე პირდაპირ, არც მოერიდნენ ისე მითხრეს. როგორც ჩანს, გაღიზიანდნენ, შენი საქმის შენ იციო და გავიდნენ. როგორც აღმოჩნდება ხოლმე, იმ დერეფანში არც ერთი კამერა არ არის. არავის გავაგებინე, არც ადვოკატს. ამ საქმეზე პოლიტიკური ელფერის შეძენა ხდებოდა და აღარ დავასხი ცეცხლზე ნავთი, ვიფიქრე ცოტას გადახარშავდნენ და აზრზე მოვიდოდნენ. მეგონა, რომ ეს 30 წლის წინ გავიარეთ და უკან თუ დავბრუნდებოდით არ მეგონა, თან ძალიან ღრმად უკან.” - თქვა ბუდაღაშვილმა სასამართლო სხდომაზე.

Ზურაბ ბუდაღაშვილის სასამართლოში მიცემული ჩვენების მიხედვით, მისგან სასურველი ჩვენების მისაღებად ციხეში სამოქალაქო სამოსში ჩაცმული პირების შესვლას ერთჯერადი სახე არ ჰქონია.

“18 ივლისს, იგივე განმეორდა. წარსულშიც ნასამართლევი ვარ და რენდგენივით ვცნობ, ვინ ვინ არის. დადასტურებულად ვიცი, ვინ არიან ეს პიროვნებები, პროკურატურა შემოვიდეს და ვეტყვი ვინ იყვნენ. ყალბი სახელით და გვარებით არიან, სხვა საქმეებზეც მუშაობენ. პროკურატურასთან „ხოდი" გვაქვს და თქვი, სამივეზე თუ არა, ოქრუაშვილზე, ან უგულავაზე მაინცო. სახელი და გვარი ვიცი, მაღალჩინოსანია, პატიმარია და როგორც მითხრეს, მისი სახელი და გვარის გაცხადების უფლება არ მაქვს. პროკურორი თუ შემოვა, სახელს და გვარს დავუსახელებ და რომელ კამერაში ზის, იმასაც ვიტყვი.

6 წელი კი არა 26 რომ მომისაჯონ, ბოლომდე მივყვები! ციხეში ფსიქოლოგიური წამება მიდის! შემოვიდნენ არასამთავრობოები, პატიმრებს დარეკვას, პაემნებს უკრძალავენ.

იცოდეთ, მე ვზივარ ჩემს გამო და ჩემნაირების გამო. ერთ კვირაში ჩემი ძმა აბსურდული ბრალდებით დააკავეს. ეს ჩემზე პირდაპირ სიგნალი იყო, მეორე ძმაზეც დაიწყო მუქარები, გერმანიიდან ჩამოგიყვანთო. თავიდან მითხრეს, პროკურატურიდან ვართო, მაგრამ ზუსტად ვიცი პროკურატურიდან არ იყვნენ. ამას სხვა ორგანო, მაგალითად, სუს-ი აკეთებს“, - განაცხადა ზურაბ ბუდაღაშვილმა.

ასევე ნახეთ ხშირი იყო წიხლებისა და მუშტების რტყმა - ძალადობა წესრიგის სახელით

Როგორც დაკავებული ბუდაღაშვილების დედამ სასამართლოს სხდომის შემდეგ მედიას უთხრა, მისთვისაც მოულოდნელი იყო შვილის განცხადება და მას იმედი ჰქონდა, რომ ორი დაკავებული შვილის მიუხედავად, მესამე ვაჟი მაინც, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, უსაფრთხოდ იყო.

„შეიძლება ამაზე მეტს გაუძლოს ადამიანმა, როცა ორი შვილი ბრალდებული გყავს და მესამე ემიგრანტი? იმ ემიგრანტსაც ემუქრებიან, ეს არ ვიცოდი, აქამდე მყარად ვიდექი ის მიშველის-თქო ვფიქრობდი. ის უარესი საფრთხის ქვეშ არის.

გაგვანადგურებენ? იყოს ეს მაგალითი, რომ მომავალმა თაობამ უკეთესად იცხოვროს. მე მომავალს მაინც დავტოვებ ამ ქვეყანაში. სამი კაცი გავზარდე და არ მეშინია“,- თქვა მაგული გობეჯიშვილმა.

“Ბუდაღაშვილი არის ნამდვილი ქართველი გმირი, რომელმაც ყველაფერი თქვა და გააშიშვლა დღევანდელი ხელისუფლება" - ასე შეაფასა ბუდაღაშვილის სასამართლოს დარბაზში გაკეთებული განცხადება ირაკლი ოქრუაშვილის პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა გურამ ჩალაგაშვილმა. Მისი თქმით, ბუდაღაშვილის ადვოკატმა იცის იმ პირების გვარები და სახელები, ვინც მასზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდა და ბუდაღაშვილი არ არის 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ერთადერთი ადამიანი, რომლისგანაც პოლიტიკოსების საწინააღმდეგო ჩვენების მიღებას ცდილობდნენ საპატიმრო დაწესებულებაში.

Ნიკა მელიასთვის ბუდაღაშვილის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა თვლის, რომ ბუდაღაშვილის დღევანდელი ჩვენება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება რობოკოპებზე, დაშინებასა და ძალოვან სტრუქტურებზე დგას და საქმე, რომელზეც ბუდაღაშვილი ციხეში ზის, აბსურდულია.

“Ბატონი ბუდაღაშვილის არაერთი განცხადება მახსოვს, რომლის თანახმადაც, ის წინა ხელისუფლების მიმართ არ იყო კეთილად განწყობილი და არ სურდა ნაციონალურ მოძრაობასთან რაიმე კავშირის ქონა. Შესაძლოა სწორედ მისი ამ განწყობების გამო აირჩიეს ის და იფიქრეს, რომ მისგან უფრო ადვილი იქნებოდა სასურველი ჩვენების მიღება, მაგრამ ამ ადამიანისთვის ღირსება აღმოჩნდა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ცრუ ჩვენების სანაცვლოდ მიღებული თავისუფლება.”

ასევე ნახეთ ჯგუფურად მოძალადეები თუ "გავრილოვის პატიმრები"

Ზურაბ ბუდაღაშვილის მიერ სასამართლო დარბაზში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა თქვა, რომ სასამართლოს არ შეუძლია დასკვნების ან ვარაუდების გამოთქმა ამგვარ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნულს შესაბამისი რეაგირება მიეცემა და შესაბამის შეტყობინებას გაუგზავნის შესაბამის ორგანოს.

20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულთა საქმის პროკურორის, ვაჟა თოდუას განმარტებით კი, თუკი ბრალდებულის მიერ დღეს სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში დადგინდება დანაშაულის ნიშნები, გამოძიება დაიწყება.

Სამართლიანი გამოძიების იმედი ოპოზიციას არ აქვს. Ნიკა მელია ამბობს რომ ქვეყანაში, სადაც ია კერზაიას საქმე დახურეს, მალხაზ მაჩალიკაშვილი წლებია უშედეგოდ ითხოვს თავისი შვილის მკვლელობის გამოძიებას და სხვა არაერთი მძიმე საქმე თაროზეა შემოდებული, არც ამ საქმის გამოძიებისგან უნდა ველოდოთ შედეგს.

ასევე ნახეთ როცა პატიმრობა "უალტერნატივოა"

32 წლის ზურაბ ბუდაღაშვილი 20-21 ივნისის ღამეს ბრალდების მხარის მტკიცებით, ხელკეტის გამოყენებით არაერთხელ დაესხა თავს სამართალდამცველებს და ძალისმიერად უპირისპირდებოდა მათ.

ოჯახი და დაცვის მხარე ამბობს, რომ ის 20 ივნისის ღამეს დაშავებული გოგოს დახმარებას ცდილობდა და ვიდეო მტკიცებულებაში, რომელიც შსს-მ გაავრცელა, სწორედ ეს პროცესია ასახული.

ბუდაღაშვილი 20-21 ივნისის ღამეს თავადაც დაიჭრა - მას სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

ოჯახი მიუთითებდა, რომ ზურაბ ბუდაღაშვილის დაკავებიდან 20 დღის შემდეგ პოლიციამ დააკავა მისი ძმა გიორგი ბუდაღაშვილი ნარკოდანაშაულის გამო; თუმცა შემდეგ გაათავისუფლა და მერე ისევ დააკავა, ახლა უკვე მტკიცებულებების განადგურების მუხლით.

ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 დაზარალებული ჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის არიან: 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია), შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა 28 პირს, მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს.

20-21 ივნისის აქციისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ 342 პირს შეუზღუდა თავისუფლება, 121-ს შეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა. Დაკავებები დაიწყო 20 ივნიის თამის 19 საათის შემდგომ და გაგრძელდა 21 ივნისს, დილის 9 საათამდე.​