82 წლის ფერმერს, თემურ ლოლაძეს, ლაგოდეხში ეგზოტიკური ხილისა და ბოსტნეულის ბაღი აქვს გაშენებული. ვიდრე მასობრივ მოყვანას დაიწყებდა, რამდენიმე წელი ცდებს ატარებდა. უბუსუსებო კივისთვის, ფიზალისისა (ოქროსფერი კენკრა) და კივანოსთვის (აფრიკული კიტრი) ლაგოდეხის ზომიერად ნოტიო ჰავა და ჰაერის ტემპერატურა ხელსაყრელი აღმოჩნდა.
რატომ გადაწყვიტა ფერმერმა საქართველოსთვის უიშვიათესი ხილისა და ბოსტნეულის მოყვანა და როგორია მისი გეგმები?
თბილისიდან 160 კილომეტრით დაშორებულ, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, ლაგოდეხში, მცხოვრებმა თემურ ლოლაძემ მინი კივის მოყვანა დაიწყო.
მას უბუსუსებო კივსაც ეძახიან. ხილი ტრადიციული კივისგან რადიკალურად განსხვავებული გემოთი გამოირჩევა. ამასთან, ის, ჩვეულებრივ კივთან შედარებით, მცირე ზომისაა და მისი დაგემოვნება კანითაც კი შეიძლება, რადგან ხილს არ აქვს ბუსუსები. ფერმერი გვეუბნება, რომ ნერგი საცდელად აშშ-დან გამოიწერა და აღმოჩნდა, რომ ადგილობრივ კლიმატთან კარგად ადაპტირდა.
ლაგოდეხში ზომიერად ნოტიო ჰავაა და ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ 28 გრადუსია. ზაფხული ცხელია, ზამთარი კი - ზომიერად ცივი. თემურ ლოლაძე ამბობს, რომ ის პირველია, რინც საქართველოში ამ ხილის მოყვანა დაიწყო:
„ჩემმა უმცროსმა ბიჭმა ამერიკიდან შემოიტანა სამი ძირი, თუმცა მე თავიდან გამოვზარდე, შევაჩვიე ლაგოდეხის კლიმატს და მივიღეთ ნაყოფი, რომელიც არის ძალიან გემრიელი. ბევრად სჯობია იმ კივს, რომელიც ლაგოდეხში ხარობს და მოდის. ამ კივს რამდენიმე ჯიში აქვს. ის არის წითელი, ყვითელი, ასევე ნარინჯისფერი და იისფერიც. მე ეზოში 5 ფერის კივი მაქვს. ფერების გარდა, მას განსხავებული გემოებიც აქვს. არის ბანანისა და ანანასის გემოთი, აქვს ნესვის გემოც.
ამ კივის ნაყოფი, მართალია, პატარაა, ვიდრე ჩვეულებრივი კივი, მაგრამ გემოთი განსხვავდება და ძალიან გემრიელია. გარეცხავ და პირდაპირ მიირთმევ, რადგან გათლა არ უნდა. რომ ვთქვა, კილოობით იყიდება, ასე არ არის. 1 კგ 26 ლარი ღირს და ძნელია ყველამ იყიდოს“.
ფერმერი თემურ ლოლაძე გვიხსნის, თუ რატომ გადაწყვიტა განსხვავებული, მინი კივის მოყვანა. ამბობს, რომ კახეთში მოსახლეობის დიდ ნაწილს მცირე მიწა აქვს და ხორბლისა და სიმინდის რაც უნდა კარგი მოსავალი მოიყვანო, გლეხი მაინც წაგებული რჩება, რადგან მცირე მიწის დამუშავება და მოვლა-პატრონობა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე დიდი ნაკვეთების, ხორბალსა და სიმინდს კი ყოველთვის დაბალი ფასი აქვს.
ამიტომ, ფერმერის თქმით, შესაძლებელია მცირე ნაკვეთში ისეთი პროდუქტი მოიყვანო, რომელიც ბაზარზე საკმაოდ ძვირი ღირს და ამით მიწის დამუშავების დროს გაწეული ხარჯიც აანაზღაურო და შედარებით დიდი მოგებაც დაგრჩეს. ლოლაძის თქმით, 1 კგ უბუსუსებო კივი ქართულ ბაზარზე 26 ლარამდე ღირს.
„მაგალითად, თუ სიმინდს მოიყვან 5 ჰექტარზე, შესაძლოა მიიღო 5 000 ლარი, მაგრამ ერთი ჰექტარის მეოთხედზე რომ მოიყვანო იშვიათი და ეგზოტიკური ხილი და ბოსტენული, გაცილებით მეტი შემოსავლის მომცემია. საქართველოსნაირი პირობები ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს და ეს ყველამ უნდა გამოვიყენოთ“.
მინი კივი არ არის ერთადერთი განსხვავებული ხილი, რომელიც ლაგოდეხელ ფერმერს მოჰყავს. ახლახან დაიწყო ფიზალისის, იგივე ოქროსფერი კენკრის მოყვანა.
ეს არის მრავალწლიანი მცენარე. ნაყოფი მრგვალია და ტკბილი. როგორც თემურ ლოლაძე გვეუბნება, ფიზალისს ხალხურ მედიცინაში მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებენ, მდიდარია A, B და C ვიტამინებით. გარდა მისა, მისგან ამზადებენ მარინადს. ამბობს, რომ, კივისგან განსხვავებით, ფიზალისის მოყვანა უფრო რთულია და მცირე მოსავალსაც იძლევა, თუმცა ბაზარზე ერთი კილოგრამის ფასი, შესაძლოა, 60 ლარიც იყოს.
„ჩვენ, უკვე მეორე წელია, ვაწარმოებთ ფიზალისს. უნდა ითქვას, რომ ძალიან რთული მოსაყვანია, ნაყოფი კი - მსუბუქი, მაგრამ როცა 1 კგ 60 ლარამდე ღირს, ის გაწეულ ხარჯებსაც ანაზღაურებს და მოგებასაც ტოვებს“.
თემურ ლოლაძის ეგზოტიკურ ბაღში წელს კივანოც მოვიდა. ეს არის იგივე აფრიკული კიტრი გოგრისებრთა ოჯახდან და მისი სამშობლო აფრიკაა.
კივანო გამოიყენება საკვებად. მისგან ამზადებენ სალათებს და კოქტეილებს. ბაზარზე ერთი კილოგრამის ფასი, დაახლოებით, 28 ლარია.