„აშშ-ის საელჩოს მომართვის შესაბამისად, ჩვენ მყისიერად ავიღეთ „GEO-Group“-ის მიერ წარმოებული სანელებლების სინჯები და ტყვიის მაღალი შემცველობა არ გამოვლინდა ამ კომპანიის „აგროჰაბში“ წარმოდგენილ პროდუქციაში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი მიქაძემ, აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული მიმართვის საპასუხოდ. საქართველოში მცხოვრები ამერიკელებისთვის 25 ოქტომბერს გაგზავნილ ტექსტში საელჩო აღნიშნავს, რომ ადგილობრივი წარმოების სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობაა. დასახელებულია კონკრეტული კომპანიებიც.
ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩო: ქართულ სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობაა„აშშ-ის საელჩოს მიერ ახლახან ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადგილობრივი წარმოების სანელებლების ორ სინჯში (ხმელი სუნელი და ყვითელი ყვავილი) ტყვიის შემცველობა მნიშვნელოვნად აღემატება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაშვებულ მაჩვენებლებს. ორივე პროდუქტი წარმოებულია „GEO-Group“-ის მიერ და ნაყიდია „აგროჰაბში“, - წერია აშშ-ის საელჩოს მიმართვაში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია „ჯეო-გრუპთან“ დაკავშირებით ამერიკის საელჩოს შეტყობინება 2018 წლის ივნისში მიიღო და გიორგი მიქაძე ვარაუდობს, რომ სწორედ იმავე ფაქტებს შეეხება 25 ოქტომბერს დაგზავნილი მიმართვის შინაარსი. მიქაძე ადასტურებს საელჩოს ინფორმაციას, რომ ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა „GEO-Group“-ის პროდუქციაში, რომლის სინჯიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახალციხეში მოქმედ სავაჭრო ობიექტში აიღო. თუმცა, მიქაძის თქმით, ამ შემთხვევაში „ჯეო-გრუპის“ მიერ მიწოდებული ნედლეული დაფასოებული იყო ერთ-ერთი ინდმეწარმის მიერ.
ასევე ნახეთ შეწყდა თუ არა ტყვიის შემცველი სუნელების გაყიდვა?მაგრამ, „აგროჰაბის“ მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერმა, სალომე გველესიანმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აშშ-ის საელჩოს წერილი რამდენიმე თვის წინ მათმა კომპანიამაც მიიღო და მას შემდეგ, სავაჭრო ობიექტმა უარითქვა „ჯეოგრუპის“ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზებაზე. „ინფორმაცია, რომ ჩვენ უკვე აღარ ვყიდით ამ მწარმოებლის სუნელებს, თავადაც გადაამოწმეს. „აგროჰაბში“ ასევე არ იყიდება სხვა ქართული კომპანიების მიერ წარმოებული დაფქული ხმელი სუნელი და ყვითელი ყვავილი“, - განაცხადა სალომე გველესიანმა, 25 ოქტომბერს, აშშ-ის საელჩოს მიმართვის გავრცელების შემდეგ.
„აგროჰაბთან“ საუბრის შემდეგ, რადიო თავისუფლება მალევე დაუკავშირდა კომპანია „ჯეო გრუპს“ (GEO-Group), რომელიც ნახსენებია აშშ-ის საელჩოს 25 ოქტომბრის მიმართვაში. კომპანიის ერთ-ერთმა დირექტორმა, მურმან კაპანაძემ გვითხრა, რომ სულ ცოტა ხნის წინ დაუკავშირდნენ მათ „აგროჰაბიდან“, სადაც „ჯეო გრუპის“ პროდუქცია დღემდე უპრობლემოდ იყიდებოდა. „მეორე დირექტორი წასულია ვითარებაში გასარკვევად. ვფიქრობთ, რომ ეს რაღაც გაუგებრობაა, რადგან ჩვენი პროდუქცია მუდმივად მოწმდება სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ და უკვე შემოწმებული პროდუქცია შედიოდა „აგროჰაბშიც“. შესაბამისად, გამორიცხულია, რომ ჩვენს პროდუქციაში ტყვიის მაღალი შემცველობა იყოს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კაპანაძემ.
ასევე ნახეთ დავით სერგეენკო: ტყვიის მაღალი შეცველობის გამო ადამიანებს იშვიათად სჭირდებათ მკურნალობამას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია აშშ-ის საელჩოს 25 ოქტომბრის მიმართვის შესახებ, სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტმა იმავე დღეს ხელახლა აიღო „აგროჰაბში“ წარმოდგენილი სანელებლების სინჯები. როგორც გიორგი მიქაძე აცხადებს, ჯერჯერობით მისთვის უცნობია, არის თუ არა მათ შორის კომპანია „GEO-Group“-ის პროდუქცია. „შეუძლებელია, რომ მეწარმემ ლაბორატორიულად შეამოწმებინოს ამა თუ იმ სავაჭრო ქსელში შესატანი პროდუქციის აბსოლუტურად ყველა პარტია. თუმცა მას აქვს ვალდებულება, რომ ეს გააკეთოს გარკვეული პერიოდულობით. აკრძალვა-განადგურებას ექვემდებარება პროდუქციის მხოლოდ ის პარტია, რომლის სინჯშიც გამოვლინდა, ამ შემთხვევაში, ტყვიის მაღალი შემცველობა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი.
გიორგი მიქაძის თქმით, კომპანია „ჯეო-გრუპმა“ სხვადასხვა დროს საკუთარი ინიციატივითაც შეამოწმებინა ათეულობით ნიმუში, მაგრამ არ გამოვლინდა ტყვიის მაღალი შემცველობის არცერთი ფაქტი. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმების პროცესი მეწარმეთა წინასწარი გაფრთხილების გარეშე ხორციელდება და წელს ამ ეტაპისთვის აღებული 100-მდე ნიმუშიდან დარღვევა სამ შემთხვევაში გამოვლინდა. შარშან აღებული 187 ნიმუშიდან კი, დარღვევა 33 შემთხვევაში აღირიცხა.