საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების, პედიატრებისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჯგუფებმა იმ 16 ბავშვის ოჯახების შესწავლა დაიწყეს, რომელთა სისხლში ტყვიის ყველაზე მაღალი შემცველობა გამოვლინდა - 30-დან 50-მდე მიკროგრამი დეცილიტრი ტყვია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, საგანგაშოდ ითვლება სისხლში 60 მიკროგრამი დეცილიტრი და მეტი ტყვია.
ექიმების განმარტებით, სისხლში საერთოდ არ უნდა იყოს არანაირი რაოდენობის ტყვია. თუმცა, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოც იყენებს რეკომენდაციას, რომ თუკი სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მიკროგრამ დეცილიტრზე მეტია, ის უკვე აჭარბებს ნორმას - ესე იგი პრობლემა არსებობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ მულტისექტორულმა ჯგუფმა უკვე შეისწავლა სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის მქონე 16 ბავშვიდან ხუთი მათგანი და ასევე, მათი ოჯახის წევრებიც.
ერთ-ერთი პირველი გასვლა წყნეთში ჰქონდათ, სადაც აიღეს გარემოს დაცვის სინჯები, შეამოწმეს ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის პირობები, რომელშიც ეს ოჯახები ცხოვრობენ:
„პირველადი მონაცემებით, ამ ბავშვებს რაიმე ტიპის კლინიკური პრობლემა ამ ეტაპზე არა აქვთ. მათ სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ. როგორც წესი, სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის დროს, ბავშვებს, შესაძლოა, ჰქონდეთ ქცევითი დარღვევები, ყურადღების ნაკლებობა, უჭირდეთ კითხვა და ა.შ. თუმცა, მსგავსი რამ ჯერ არ გამოვლენილა. თუმცა მათი გამოკვლევა გრძელდება. ამ ეტაპზე შემოწმებულია 5 ბავშვის ჯანმრთელობა“, - გვითხრა ლელა სტურუამ.
ქართველ სპეციალისტებს კონსულტაციას უწევს ამერიკელი ექსპერტიც, რომელიც დაავადებათა ეროვნულ ცენტრთან 2015 წლიდან თანამშრომლობს და თითოეული საეჭვო შემთხვევა მასთან ერთად განიხილება.
16-ვე ბავშვს და მათი ოჯახის წვერებს ახლა უფრო დეტალური სამედიცინო კვლევა უნდა ჩაუტარდეთ, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. შესაბამისად, საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას, დრო დასჭირდება. ლელა სტურუამ გვითხრა, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით არსებულ მონაცემებს დაახლოებით ათ დღეში გამოაქვეყნებენ და ეს შედეგები, სავარაუდოდ, დაასწრებს იუნისეფის კვლევის შედეგებს.
რადიო თავისუფლებამ ლელა სტურუას ასევე ჰკითხა, ხომ არ არის სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი, მაგალითად, სიღარიბე, ხომ არ არიან ამ ბავშვებს შორის სოციალურად დაუცველი ბავშვები? რაზეც მან გვიპასუხა, რომ პირველადი კვლევით, სტატისტიკური მონაცემების თანამად, დღეს ამის თქმის საფუძველი არ არსებობს:
„ეს კითხვა ჩვენც გაგვიჩნდა, მაგრამ არა. ეს პრობლემა არ არის დაკავშირებული ამ ფაქტორთან. არც ამ 16 ბავშვში და არც ზოგადად, არ არიან ასე მასიურად სოციალურად დაუცველები“, - აცხადებს ლელა სტურუა.
როგორი იქნება გაეროს ბავშვთა ფონდის მასშტაბური კვლევა საქართველოში და შედეგებს მოელის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი? ლელა სტურუა ამბობს, რომ არადამაიმედებელ შედეგებს არ უნდა ველოდოთ, თუმცა შენიშნავს, რომ თუ პრობლემის მასშტაბი იქნება დიდი და სახელმწიფო მის გადაჭრას პრიორიტეტად დაისახავს, მისი მოგვარება შესაძლებელია.
„როდესაც ამერიკამ 70-იანი წლების ბოლოს გააკეთა პირველი კვლევა, 5-ზე მეტი მიკროგრამი დეცილიტრი ტყვია აღმოჩნდა მოსახლეობის 88%-ში, ხოლო 10-ზე მეტი - 30%-ში. 10 წელში მათ ეს მაჩვენებელი მეოთხედამდე დაიყვანეს. მე ნამდვილად არ ველი 88%-ს ჩვენთან, მაგრამ, ცხადია, ამ პრობლემაზე ყურადღება მისაქცევია და მისი მოგვარება შესაძლებელია“, - აცხადებს ლელა სტურუა რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემაც განაცხადა დამუშავების ეტაპზეა დახმარების სახელწიფო პროგრამა და იმ ამ ბავშვებს, ვისაც სისხლში ტყვიის დასაშვებზე ჭარბი რაოდენობა აღმოაჩნდებათ და დახმარება დასჭირდებათ, მათ ყველაფრით უზრუნველყოფს სახელმწიფო. ეს პროგრამა, მისი განცხადებით, დამტკიცდება პირველივე შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
ასევე ნახეთ რატომ უნდა ვეძებოთ ტყვია შვილებში?მისივე თქმით, 2018 წლის დეკემბრის ბოლოს უკვე დამტკიცდა 5 წლიანი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გულისხმობს, გარემოს მთავარი ფაქტორების უარყოფითი გავლენის შემცირებას ადამიანის ჯანმრთელობაზე. შემდეგი 2 თვის განმავლობაში კი შემუშავდება ტყვიასთან ბრძოლის გრძელვადიანი პროგრამა.