ტფილისის უსახელო კრეისერები

XXI საუკუნეში, როცა, დიდი ხანია, მტკვარში აღარ დაცურავენ ტივები, თბილისელთა მეხსიერებაში ტივი შემორჩა როგორც ქეიფისა და დროსტარების ეგზოტიკური საშუალება, რომლის პოპულარობას დიდად შეუწყო ხელი თბილისობის თეატრალიზებულმა სანახაობამ: შეგუბებულ მტკვარში მოტივტივე კონსტრუქციაზე კინტაურისა და ბაღდადურის ცეკვამ, დუდუკის ტკბილმა ჰანგებმა და იქვე საპატიო სტუმრებისთვის აშიშხინებულმა ცვრიანმა მწვადმა.

არასაქეიფო ტივები

ცხადია, მტკვარზე ტივით ქეიფი უცხო არც ძველ დროში იყო, მაგრამ საუკუნის წინანდელ თბილისში ტივი უფრო მეტად ასოცირდებოდა ყოველდღიურ მძიმე შრომასთან, ვიდრე ქეიფსა და დროსტარებასთან. როგორც აკა მორჩილაძე ამბობს („გაქრები მადათოვზე“), აქ არ იყო საქმე ქეიფისათვის, რადგან „ტივები მოჰყვებოდა ფრონესა, ქსანსა და ლიახვსა, შემოდიოდა მტკვარში, რათა ქცეულიყო ხე-ტყედ ქალაქისათვის. დღემოკლე იყო ამ ქართლის კრეისერთა ცხოვრება – ისინი არსებობდა მხოლოდ წყალზედ, მხოლოდ საგზაო დროით და მერე გახდებოდა ხოლმე კერძი მალაკნის ბირდაბირისა...“

ტივების დაცურება, ტრანსპორტის ეს იაფი და მოხერხებული საშუალება, როგორც ჩანს, საქართველოში უძველესი დროიდანვე იყო ცნობილი, რასაც ხელს უწყობდა ტყეთა მდიდარი მასივებისა და მთის ჩქარი მდინარეების არსებობა.

ქეიფი ტივზე

მრავალი წლის განმავლობაში სწორედ ტივებით ამარაგებდნენ თბილისს ხე-ტყითა და სურსათით, რაზეც წერს კიდეც გერმანელი მეცნიერი იოჰან გიულდენშტედტი, რომელმაც საქართველოში XVIII საუკუნის 70-იან წლებში იმოგზაურა:

„8 მაისს გორიდან და მეტეხიდან თბილისში მოვიდნენ სხვადასხვა ტივები. ისინი შესდგებოდნენ 16 ფიჭვის მორისგან, რომელთა სიგრძე იყო 4 საჟენი, სისქე კი - 1-1,5 ფუტი. ტივებს მართავდნენ ორი ნიჩბით, რომლებიც მოთავსებული იყო ტივის ბოლოებზე, ამ ტივებს მოჰქონდათ ხორბალი და ქერი. მარცვლეულის გაყიდვის შემდეგ ყიდდნენ ამ მორებსაც, თითოს 5 აბაზად ანუ 1 მანეთად“.

თბილისში ტივებით ხე-ტყისა და სურსათის ჩატანა XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა, თუმცა მეტად შთამბეჭდავია XIX საუკუნის 80-იანი წლების სტატისტიკა, რომელიც ინჟინერ ნიკო კვეზერელ-კოპაძეს მოტანილი აქვს თავის წიგნში „გზათა მშენებლობა საქართველოში“:

1884 წელს ბორჯომიდან თბილისში ჩასულა 2 431 ტივი, 1885 წელს - 2 727, 1886 წელს - 2 807, 1887 წელს - 2 510.

ტივის ანატომია

„ძელნი შეწყობილი წყალთა სავალად“ - ასეა განმარტებული სიტყვა „ტივი“ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით, თუმცა მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ როგორი წესით არიან „ძელნი შეწყობილი“. როგორც ეთნოგრაფი ილია მაისურაძე 1969 წელს დაწერილ ნაშრომში „მეტივეობა მტკვარზე“ განმარტავს, ყოველი ტივი 10 ხისგან ანუ მორისგან შედგება.

„მორები უღლით იყო გაერთიანებული. უღელი სიგანეზე გადებული ძელია, რომელზედაც ამობმულია სატივე მორები. მორებს გაკეთებული აქვთ ე.წ. საცხვირეები - წნელის თუ თოკის ჩასაბმელი ნახვრეტები. ამობმა ხდება რიკით ( მკვრივი გამოთლილი ჯოხით), რომელზეც წკნელს ამაგრებენ, მორების ნაცხვირებში ამოატარებენ და უღელზე გადასჭიმავენ, ანუ მოქაჩავენ. იმდენჯერ მოატრიალებენ, სანამ მორი უღელს მჭიდროდ არ ამოებმება. უღელი რცხილის ან უხრავის ხისგან ითლება, წნელად კი ჩვეულებრივ კურატის (ნორჩი ნაძვის) ნედლი ღერო ან თოკი იხმარება“, - წერს ილია მაისურაძე, რომლის თქმითაც, ტივის აგებულებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორი კიდური მორი, რომლებსაც მარქაფებს უწოდებენ:

ტივები მტკვარზე

„მარქაფები თავისი დანიშნულებით განსხვავდებიან ტივის ძირითადი მორებისგან: მარქაფები უღელში არ არიან ჩაბმული, არამედ მარტო ერთი თავით მომიჯნავე მორს ემაგრებიან, ბოლოები კი თავისუფლად აქვთ გაშვებული თოკ-ჩაბმით, რომ საჭირო შემთხვევაში წყალში გაიშალონ ფარფლებივით და ტივი წონასწორობაში მოიყვანონ, დაიცვან გადაბრუნებისა და დაჯახებისაგან. სწრაფი ცურვის დროს მარქაფა მორები მჭიდროდ ეკვრიან ტივის მთავარ ხეებს, მაგრამ როდესაც ტივი თხელ წყალში გაირიყებოდა, მაშინ მეტივეები მარქაფებს მოუშვებდნენ, განზე გასწევდნენ, წყალი ქვეშ შეუდგებოდა, ამოაწვებოდა და ტივს დასძრავდა ადგილიდან“.

უღლის შუა ადგილზე, ცენტრალური მორის (დედა ხის) თავზე დასმულია ხის პალო - ჭოლოკინი - ოთაყვირის ჩამოსაცმელად. ჭოლოკინი, როგორც უღელი, ორია - ტივის თავსა და ბოლოში. შესაბამისად, ორია ორთაყვირიც, რომლითაც ხდება ტივის მოძრაობის რეგულაცია და რომელსაც ნიჩბის დანიშნულება აქვს.

როგორც ილია მაისურაძის ნაშრომიდან ირკვევა, მტკვარზე უფრო ხშირად ერთმანეთზე გადაბმულ წყვილ ტივს აცურებდნენ.

ტივის მართვა

რადგან ტივს ორი ორთაყვირი ჰქონდა, სამართვითაც ორი კაცი სჭირდებოდა: მეწინავე და მებოლოვე. მეწინავეზე იყო დამოკიდებული ტივისთვის მიმართულების მიცემა და მისი დამორჩილება, რის გამოც მეწინავე ფიზიკურად ძლიერი, სწრაფი და მოხერხებული უნდა ყოფილიყო, რათა თავიდან აერიდებინა ყველა ის ხიფათი, რასაც მტკვრის მძლავრი დინება და მდინარის ქვიან-კლდოვანი კალაპოტი ქმნიდა და რომელთა გაუთვალისწინებლობა ტივის დაშლით ან გამორიყვით შეიძლებოდა დასრულებულიყო.

მებოლოეს ნაკლები პასუხისმგებლობა ჰქონდა. ილია მაისურაძის მიხედვით, ის ორთაყვირს იმ მიზნით უსვამდა, რომ მეწინავისათვის შეეთანხმებინა ტივის უკანა ნაწილის მოძრაობა.

დაშლილი ტივები თბილისში

კარგმა მეტივემ ზედმიწევნით იცოდა მტკვრის ხასიათი, მისი დინების თავისებურებები, იოლად პოულობდა დინების მთავარ ძარღვს, რომელშიც ტივი დაუბრკოლებლად მიცურავდა. მეტივემ ასევე იცოდა, თუ სად შეხვდებოდა მორევი („ტრიალა“, „კრუტიელა“) ან ჩქერი („საჩქარი“, „საჩქეფი“), იცოდა მეტად სახიფათო მოსახვევები, რომლებიც თავწყლიდან გადახვევისა და გარიყვის საფრთხეს შეიცავდნენ, იცოდა ქვაყრილითა და ლოდებით მოფენილი ან კლდოვანი ნაპირებით შეზღუდული კალაპოტი და ა.შ. - მოკლედ, სახიფათო ადგილების მთელი გეოგრაფია.

„ძაღლიკბილასთან ნაპირებიდან კლდეები ისეა გამოშვერილი, როგორც კბილები, საჩქარი ადგილია და ტივს თუ ფრთხილად არ ჩაატარებდი, კლდეებს დაეჯახებოდა, მარქაფებს მოგლიჯამდა ხოლმე, ან სულ დაგვიშლიდა. კაციჭამიასთან ისეთი კლდე იყო, რომ ტივი ქვეშ უძვრებოდა. ამ დროს მეტივეები წყალში უნდა გადამხტარიყვნენ ან გაწოლილიყვნენ, თორემ გასრესამდა. ბარგიყარია იმიტომ ერქვა, რომ ესეც ვიწრო გასასვლელი იყო, კლდიანი და, თუ მარჯვედ არ ვიქნებოდით, ტივიდან ბარგს გადაგვაყრევინებდა“, - იხსენებდა ძველ ხელობას ლიკანელი მეტივე კოლა დათუნაშვილი, რომლის მონათხრობი ეთნოგრაფმა ილია მაისურაძემ ჩაიწერა.

მეტივეთა ყოფა

“მიმპალი ფოთოლი მძიმედ უშვებს ორთქლს. მოშორებით მორები ყრია: ზოგი გათლილია წყალზე დასაცურებლად, ზოგი – გაუთლელი. ერთ გაუთლელ მორში ორი ნაჯახია ჩასობილი. მოშორებით მეტივეები ყრიან გამზადებულ ტივზე და ქვევიდან ტანსაბურავები უგიათ. მიმპალი ფოთლები ახლა უფრო მძიმედ უშვებენ ორთქლს. მზე იხრება. საღამოს უნდა ჩაუშვან ტივი“, - ასე აღწერს მეტივეთა შრომას გურამ რჩეულიშვილი 1957 წელს დაწერილ მინიატურაში „მეტივეები ცოლებთან იქნებიან ღამე“, ესენი კი გიორგი ლეონიძის „მეტივეები“ არიან:

„სულ ოთხნი იყვნენ... სახედინჯები,
ქაფიან ჩქერში ზვირთის მჩეხელი...
სულ იყვნენ ოთხნი... იაფინჯები,
ნიგვზის ფოთლები, სველი ფეხები...
მოჰყავდათ ტივი ტურფად შეკრული,
ვით კიდობანი ნესტანჯარისა“.

გურამ რჩეულიშვილი

მეტივეების უმეტესი ნაწილი ძირითადად ხაშურისა და ბორჯომის რაიონების იმ სოფლებიდან იყვნენ, რომლებიც მიწის სიმცირეს განიცდიდნენ და დამატებით სამუშაოს ეტანებოდნენ. ეს სოფლებია: ახალდაბა, ტეზერი, ცხრამუხა, სატიო, ლიკანი, დვირი, ქვაბისხევი და სხვ.

„მეტივეები ჯანმრთელი, დარდიმანდი, გულღია და მხიარული ვაჟკაცები იყვნენ. ეცვათ წინდებში ჩატანებული ფართო ყარამანდული შალვარი და ძველებური ჩოხა-ახალუხი; ფეხზე - ხარაზული ჩუსტები, წვივებზე - პაიჭები ლეკვერთხებითურთ, თავზე ეხურათ ნაბდის ან კრაველის მრგვალი ქუდი, წელზე ერტყათ გობაკებიანი ვერცხლის ქამარი ან აბრეშუმის სარტყელი, ჯიბეში კი ჭრელ ხელსახოცს ატარებდნენ. მეტივის პორტრეტს ამთავრებდა მხარზე გადადებული მეტივური გრძელპირიანი ფართონიღრიანი ცული და ბამბის გრეხილი თოკის ანახევი, რომელსაც თითქმის ყოველთვის მხარიღლივ გადაგდებულს ატარებდნენ. მუშაობის დროს მეტივე ფეხშიშველი და წვივებამდე შალვარაკეცილი იყო, წელს ზემოთ კი შილიფად ეცვა“ („მეტივეობა მტკვარზე“).

არჩილ სულაკაური, გიორგი შატბერაშვილი, გრიგოლ აბაშიძე

მეტივეები, როგორც წესი, 10-12-კაციან ამხანაგობებში ერთიანდებოდნენ. ყველაზე ხანდაზმულ წევრს ებარა ხეების ყიდვა-გაყიდვისა და ანგარიშსწორების საკითხი, ის ჭრიდა სადავო საკითხებსაც. ერთმანეთის მხარდაჭერით, გატანითა და მეგობრობით მეტივეთა ამხანაგობა ძალიან ჰგავდა ჰამქრის წევრთა ერთობას. „წყალმა წაიღოს იმის ქონება, ვინც ვის უღალატოსო“, - ამგვარი ფიცი ჰქონდათ ერთმანეთში ნათქვამი, რასაც იშვიათად თუ ვინმე გადავიდოდა.

თბილისში ტივით ჩასულები უკან ეტლით ბრუნდებოდნენ და, როგორც ყარაჩოღელებს სჩვეოდათ, გზადაგზა ისინიც გვარიანად ქეიფობდნენ ხოლმე და რა გასაკვირია, რომ პირველი სადღეგრძელო „წყლის ანგელოზისა“ ჰქონდათ...

სატივო - ბოლო გაჩერება

„სატიოზე ტივი შევკარ,
ტივი არის ნაძვის ხისა.
ორთაყვირები მოვასხი,
მოსასმელი არის წყლისა.
ჩემო ტივო, მაშინ გაქებ,
რომ ქალაქში ჩასულიყო,
თავს მუშტარი დაგვხვეოდეს,
სხვაზე მეტად გასულიყო“.

ბორჯომ-ახალციხისა და ასპინძა-ადიგენის წიწვოვან ტყეებში მოჭრილი ხეებისგან შეკრული ტივები, როგორც მეტივეთა ამ ლექსშია, ქალაქში - თბილისში - ჩადიოდა, მცირე და დიდ სატივოზე იშლებოდა და შეშად ან ხის მასალად გადიოდა.

„მახსოვს ის დრო, მტკვარზე ტივებით რომ დაცურავდნენ. სოფლებიდან თბილისში მოჰქონდათ ხილი, მოჰყავდათ ფრინველები, ეზიდებოდნენ ჭურჭელს... იმართებოდა ბაზრობა. ტივი უჩვეულო და ორიგინალური ტრანსპორტი იყო. მინახავს ტივზე ღამით ანთებული ჩირაღდნები. მიედინებოდა მტკვარი და ბედს მინდობილი ტივი მიჰყვებოდა მის დინებას“, - ასე იხსენებდა ტივების შემოსვლას თბილისში ცნობილი მხატვარი ლადო გუდიაშვილი.

ლადო გუდიაშვილი მეგობრებთან ერთად

მტკვრის პირზე დაბმულ-ჩარიგებული ან მის ტალღებში მსრბოლი ტივები ძველი თბილისის განუყრელი ატრიბუტი იყო. რამდენიმე ადგილზე გამართული იყო სატივო - ტივების საბმური. ერთი მათგანი უფრო ძველად ვერის უბანში, ბაღის მახლობლად იყო, მეორე კი - მადათოვის კუნძულთან.

იმის გამო, რომ, პოეტის თქმისა არ იყოს, ტივებს მხოლოდ დაღმა დინება შეეძლოთ, მათ შესაჩერებლად საგანგებო ძალისხმევა იყო საჭირო. „ჩუღურეთული მოთხრობების“ ავტორი, არჩილ სულაკაური, ტივის ნაპირზე დამაგრებას ასე აღწერს:

„კბოდეზე თეთრად შეფეთქილი ქოხი იდგა. ქოხის კარი უმალვე გაიღებოდა, თუ ხიდის თაღებში ტივი გამოჩნდებოდა. მეტივეები ღონივრად უსვამდნენ ორთაყვირებს და ტივი თანდათან ნაპირს უახლოვდებოდა, ქოხიდან გამოსული კაცი – მუნჯი თომა – ტივს რიყე-რიყე მისდევდა. მეტივეები მას მსხვილ თოკებს გადაუგდებდნენ ხოლმე, მუნჯი ერთ-ერთს მაინც დასწვდებოდა, დაებღაუჭებოდა და მთელი ძალ-ღონით ცდილობდა ტივის შეჩერებას: ფეხის ქუსლებით რიყის ქვებს ებჯინებოდა, იძაბებოდა, იგრიხებოდა. ვებერთელა ტივი ასე მიათრევდა თომას, ვიდრე იგი მუხრანის ხიდის ახლოს საგანგებოდ დარჭობილ სოლზე არ შემოახვევდა თოკს“ („წყალდიდობა“).

ძველი სატიო

სატივოზე დღედაღამ გაცხოველებული მოძრაობა და ფუსფუსი იყო. აქ ირეოდნენ სატივე მორების აღებმიცემობაში ჩაბმული მეტივეები, ვაჭრები, მექარხნეები და მათი ავან-ჩავანი. მეტივეები თითო ტივში საშუალოდ 10-15 თუმანს იღებდნენ. ცალკე შემოსავალი იყო ტვირთის გადატანა და მგზავრების ჩამოყვანა.

თუ აკაკი წერეთელს დავუჯერებთ, ტივი, როგორც სამგზავრო საშუალება, გამოიყენა დავით ერისთავმა, როცა ბანკის მმართველობიდან ილიას გადასაყენებლად ტივებით ჩამოიყვანა ხალხი ქართლიდან. თუმცა საქართველოს ისტორია იცნობს მტკვარზე ტივით მოგზაურობის უფრო უცნაურ შემთხვევასაც, რომელიც საფუძვლად დაედო მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მცხოვრები ქართველი დრამატურგის, ზურაბ ანტონოვის (1820-1854), კომედიას „ტივით მოგზაურობა ლიტერატორთა“.

პლატონ იოსელიანი

„შესჩვეოდნენ ქართველნი ტივით ჩამოსვლას ქართლით თბილისად... ტკბილია ტივზე ჯდომა და სიარული მტკვრისა გზითა. კნიაზმან გიორგი გაგარინმან, აწ ღოფმეისტერმან, მოინდომა წამოსვლა გორიდამ ტფილისს და ვიარეთ იმ გზით მე და მან 1851 წელსა სექტემბრის თვეში. დილით წამოსული მოვედით ს. გომსა. და მეორესა დღესა, 8 რიცხვსა, ქალაქსა ტფილისსა, ტივზედ მჯდომელნი თავისუფლად და დაუბრკოლებლივ ვიკითხავდით წიგნთა და ვწერდით“, - ასე აღწერა ცნობილმა ისტორიკოსმა პლატონ იოსელიანმა მტკვარზე ტივით მოგზაურობა, რაზეც ზურაბ ანტონოვმა თავისი ცნობილი პიესა დაწერა.

ხე-ტყე, სურსათ-სანოვაგე თუ სხვა საქონელი თბილისში ლამის XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლომდე ჩამოჰქონდათ, თუმცა ზაჰესის აშენებისა და მტკვრის შეგუბების შემდეგ მეტივეები იძულებული გახდნენ, თბილისის ნაცვლად, მცხეთაში დაესრულებინათ თავიანთი მარშრუტი, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ დედაქალაქის ყოველდღიური ყოფიდან სამუდამოდ გაქრნენ ქართლის წყლებიდან დაძრული ნაძვისა და ფიჭვის ტივები - „ტფილისის კრეისერები“, როგორც მათ აკა მორჩილაძემ უწოდა თავის წიგნში „გაქრები მადათოვზე“.