„ჩემი მშობლები უმუშევრები იყვნენ, მე და ჩემი და სკოლაში არ დავდიოდით და ჩვენ არავინ გვივლიდა. დედა და მამა სულ სვამდნენ. ერთი ბოთლი ჭაჭის სანაცვლოდ გაგვიშვეს ქალთან, რომელიც ტრანსპორტში, ბაზრებში და სადგურებზე მათხოვრობას გვაიძულებდა. ადამიანებთან ლაპარაკის უფლება არ გვქონდა. ქალი პირის ამოკერვით გვემუქრებოდა. ახლა ბავშვთა სახლში ვცხოვრობთ, დედას და მამას კი მშობლის უფლება ჩამოართვეს“, - ეს არის 14 წლის მარიას ისტორია, რომელიც სხვა მსგავს 22 ისტორიასთან ერთად განთავსდა არტ-ინსტალაციის ფორმით.
Your browser doesn’t support HTML5
„23 ისტორია განთავსებულია თეთრ ფიგურებზე. ეს არის რეალური ისტორიები საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეების. სამწუხაროდ, არის ასევე ბავშვების ისტორიები, რომლებიც კამპანიის „უხილავნი ჩვენ შორის“ ფარგლებში გამოიფინა. კამპანია, მიუხედავად იმისა, რომ მტკივნეულ თემას ეხება, არის პოზიტიური და დადებითად გამოხატული და იმედი გვაქვს, დააინტერესებს მოსახლეობას. ჩვენი მიზანია, მარტივად აღსაქმელი ფორმით ნახონ, წაიკითხონ და გაიაზრონ, რომ უნდა იყვნენ ფრთხილად“. - არტ-ინსტალაცია, რომელზეც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ანა კაკუშაძე ლაპარაკობს, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში, 30 ივლისს, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს, განთავსდა.
ანა კაკუშაძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების წლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველო აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს, რაც კანონმდებლობის შემუშავებაში, თავშესაფრების მოწყობასა და დაფინანსების ზრდაში გამოიხატება, თუმცა ჯერ კიდევ დაბალია ტრეფიკინგის მსხვერპლთა გამოვლენის მაჩვენებელი:
„არის ბევრი რეკომენდაცია, რომლებიც ხარვეზებს ეხება. ეს არის პროაქტიული გამოძიება, საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის მეტი გამჭვირვალობა და მთავარი რეკომენდაცია ეხება მეტი მსხვერპლის გამოვლენას. ის, რომ არ არის მსხვერპლის მაღალი მაჩვენებელი, არ ნიშნავს, რომ ეს პრობლემა არ არის“.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელ ანა კაკუშაძის ინფორმაციით, სექსუალურ ან შრომით ექსპლუატაციას განიცდიან როგორც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, ასევე საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნების მოქალაქეები. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის აჭარის რეგიონალური კოორდინატორის, ნანა პაპიაშვილის, განცხადებით, ტრეფიკინგი მსოფლიოში მესამე ადგილზეა, იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობის დანაშაულთა შემდეგ. ნანა პაპიაშვილი ამბობს, რომ საზღვარგარეთ ოფიციალურად დასაქმების შესაძლებლობა ნაკლებია, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ კი გაიზარდა შრომითი ექსპლუატაციის საფრთხე, ამიტომ მოქალაქეებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ:
„თუ არის შემოთავაზება სამუშაოს თაობაზე, უნდა გადამოწმდეს სანდოობა: არსებობს თუ არა ეს ორგანიზაცია, როგორი რეპუტაცია აქვს, რამდენად რეალურია ვაკანსია, ან, თუ ენა არ ვიცით და ვერ ვკითხულობთ კონტრაქტს, ხელი არ მოვაწეროთ, არავის ვანდოთ ჩვენი დოკუმენტები“.
კამპანიის „უხილავნი ჩვენ შორის“ ფარგლებში ქუთაისში გაიმართა სამუშაო შეხვედრაც, რომელშიც სახელმწიფო უწყებების, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მსჯელობის მთავარი თემა იყო ტრეფიკინგი და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემები. არასამთავრობო ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენის“ იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერის, დავით ჩხობაძის, განცხადებით, ქუჩაში ბავშვების ცხოვრებას და მუშაობას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის პირველ ადგილზეა რთული სოციალურ-ეკონომიკური გარემო. დავით ჩხობაძის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან არ მოქმედებს მკაცრი აკრძალვები და სერვისების მიწოდებით არ ხდება მსხვერპლი ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესება:
„კერძოდ, არის ფაქტი, როდესაც მეზობელი ქვეყნებიდან შემოდიან ოჯახები, შემოჰყავთ ბავშვები სპეციალურად იმისთვის, რომ მოწყალება ითხოვონ. მნიშვნელობა არ აქვს, რა ეროვნებისაა. არის საერთაშორისო მანდატი, შეთანხმება რომ, როდესაც ჩვენ ამ ბავშვს ვხედავთ ქუჩაში და არის დიდი ალბათობა, რომ ბავშვი ტრეფიკინგის მსხვერპლია, ეს ავტომატურად გვავალდებულებს, რომ გავაკეთოთ რეაგირება. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოახდენს რეაგირებას: არასამთავრობო ორგანიზაცია, თვითმმართველობის წარმომადგენელი, კერძო პირი, სამართალდამცველი თუ ნებისმიერი სხვა. ეს ვალდებულებაა“.
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დასახმარებლად „ვორლდ ვიჟენ საქართველოს“ დღის და კრიზისული ინტერვენციის სამი ცენტრიდან ერთი ქუთაისში მდებარეობს. როგორც დავით ჩხობაძე ამბობს, ცენტრის თანამშრომლები მუშაობენ ყველა ბავშვთან, თუმცა სასურველი შედეგი ყველასთან არა აქვთ, რადგან ცენტრის შემდგომ ცხოვრება მათი არჩევანია. ჩხობაძის თქმით, რთულია ქუჩაში ბავშვთა მოწყალების აღკვეთა, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტის შესახებ ინფორმაციას ყველა შესაბამის უწყებას აწვდიან.
სამეცნიერო ინტელექტუალურ კლუბ „თაობათა დიალოგის“ წარმომადგენელ ნუგზარ კოხრეიძის განცხადებით, ბავშვების პრობლემები იწყება ოჯახიდან და პრევენციის მექანიზმები ქვეყანაში სრულყოფილად არ ფუნქციონირებს.
„როდესაც ბავშვი დღეში, დაახლოებით, 50 ლარს შოულობს, რთულია დაუპირისპირო სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მხოლოდ მათ რჩენაზეა გათვლილი და არა განვითარებაზე, რადგან ადამიანი რაციონალური არსებაა და ითვლის. ამიტომ ვფიქრობ, რომ არსებული მექანიზმები კარგია, მაგრამ მათ სჭირდება განვითარება და პროცესისთვის დაწევა“.
ნუგზარ კოხრეიძისავე აზრით, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დასახმარებლად სხვადასხვა უწყების კოორდინირებული თანამშრომლობა და მრავალმხრივი კვლევაა საჭირო. ამასთან, მნიშვნელოვანია თავად საზოგადოების მზაობა ინდივიდუალურად შეიტანოს წვლილი პრობლემის მოგვარებაში, რადგან ქუჩაში მომუშავე ბავშვებისთვის მოწყალებით თანხის მიცემა პრობლემის გახანგრძლივების ერთგვარი ხელშეწყობაა.