არასდროს ვყოფილვარ კარგი ბავშვი.

იმასაც ვაღიარებ, რომ კარგი ბავშვი ვერც ვერასდროს ვიქნებოდი. როგორ უნდა იყო კარგი ბავშვი, მაშინ როდესაც მოზრდილებს შენს კითხვებზე ადეკვატური პასუხიც კი არ აქვთ?

Your browser doesn’t support HTML5

#2 - ბავშვობა

ჩვენთან მეამბოხე ბავშვი არავის მოსწონს. ხალხისთვის ზედმეტად გაუგებარია, თუ რატომ უნდა იყოს 7 წლის ბავშვი ისეთი მეამბოხე, რომ დაწესებულ ნორმებზე კითხვები გაუჩნდეს.

ვერავინ ვერ მიტანდა, რადგან მე ამ წესებს ვარღვევდი.

მაგალითად, მე-2 კლასში მასწავლებელს ვკითხე, თუ რატომ გვაიძულებდა ყოველ დილით დავმდგარიყავით სახით აღმოსავლეთის მიმართულებით და “მამაო ჩვენო” გვეთქვა 3-ჯერ.

ჩემს კლასში იყვნენ სხვა ეროვნების ბავშვებიც: ქურთები, სომხები, რუსები, იეზიდები; იყვნენ კათოლიკები, მუსლიმები. ისინი იძულებული იყვნენ ელოცათ ქართულად, მიუხედავად იმისა, რომ ეს ლოცვა მათ რელიგიასთან საერთოდ კავშირში არ იყო. მე კი ამაზე კითხვა დავსვი.

მე ყველას მოქმედებას ვაკვირდებოდი. კარგად ვიაზრებდი იმასაც, რომ ირგვლივ უამრავი მტაცებელი იყო და ყველასგან თავი უნდა დამეცვა.

უნდა მებრძოლა ჩემი თავისთვის, რომ ხალხს, ოჯახს, სკოლას და მასებს არ გავეცურებინე ისე, როგორც სხვა ბავშვები.

ჩემი მტრები არ მეზიზღებოდნენ, უფრო გული შემტკიოდა მათზე, რადგან მათ არ იცოდნენ როგორ ეცხოვრათ თავის სხეულთან ერთად. ისინი ბრმები იყვნენ - ვერ ხედავდნენ ცხოვრებას წესების მიღმა, ვერ ხედავდნენ, რა იყო ცხოვრება იდეოლოგიებისა და კერპების გარეშე.

ბავშვობაში მე არასდროს მყოლია მეგობრები. სხვებს მხოლოდ მაშინ ვუმეგობრდებოდი, როცა ჩემს ბავშვურ კვლევებს ვატარებდი და ჩემს ყოფას ვადარებდი მათ ყოფას, მათ ოჯახს - ჩემს ოჯახს.

8 წლის ვიყავი, როცა ამ დაკვირვებებით და შედარებებით მივხვდი, რომ მე სრულიად სხვა, განსხვავებული ბავშვი ვიყავი. ჩემი ცხოვრების წესიც განსხვავდებოდა.

სკოლაშიც და უბანშიც ერთადერთი ბავშვი ვიყავი, ვინც ძროხებს, ქათმებს, კურდღლებსა და ძაღლებს უვლიდა. არა მხოლოდ ვუვლიდი, ჩემს ძროხებთან მეძინა კიდეც.

ბოსელში ცხოველებთან ბევრად მეტი სიყვარული და ჰარმონია იყო, ვიდრე გარეთ, ადამიანებთან. ხშირად დამცინოდნენ, ძროხის სუნი აგდისო.

მაგრამ მაინც კარგია, რაც იყო, იმიტომ რომ სწორედ ამ ბავშვობამ მაქცია იმ ადამიანად, ვინც დღეს ვარ.

მე ვამაყობ ამ ადამიანით, დღევანდელი ჩემი თავით.

მადონას აუდიობლოგი - ეპიზოდი პირველი: ქამინგაუთი