ტრანსგენდერთა ხსოვნის დღეს „კოალიცია თანასწორობისათვის“ სახელმწიფო უწყებებს მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია თანასწორობისათვის“ ეხმიანება ტრანსგენდერთა ხსოვნის დღეს, რომელიც 20 ნოემბერს აღინიშნება და მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოებს მიიღონ შესაბამისი ზომები ტრანსგენდერთა მიმართ ძალადობისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ.

საქართველოში ბოლო წლებში სიძულვილის მოტივით ორი ტრანსგენდერი ქალი მოკლეს. როგორც კოალიციის წევრები აცხადებენ, მათ საქმეში ცალსახად იკვეთებოდა ტრანსფობიური ფემიციდის ნიშნები, რომლის იდენტიფიცირებაც სახელმწიფომ, სამწუხაროდ, ვერ შეძლო:

„ჩვენს საზოგადოებაში ტრანსთემზე ძალადობის ფაქტებმა საგანგაშო ზღვარს მიაღწია. უკანასკნელი ასეთი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც ორ ტრანსგენდერ ქალს შვიდამდე უცნობმა ადამიანმა სასტიკად სცემა. ერთ-ერთი დაზარალებული ყვება, როგორი აგრესიულები იყვნენ მანქანიდან გადმოსული მოძალადეები, რომლებიც ყოველგვარი წინასწარი საუბრის ან შელაპარაკების გარეშე თავს დაესხნენ მას და მის მეგობარს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის ფაქტს წინ უძღოდა ტრანსგენდერი ქალების მიმართ გამოყენებული ტრანსფობიური გამონათქვამები და გინება“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

Your browser doesn’t support HTML5

„თვალი რომ გავახილე, სისხლის გუბეებს ვხედავდი“ - თბილისში ორი ტრანსგენდერი ქალი სცემეს

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ წერილში წერია, ოფიციალურ სტატისტიკასთან შედარებით არასამთავრობო სექტორის მიერ დოკუმენტირებული ჰომო/ბი/ტრანსფობიური მოტივით ჩადენილი ინციდენტების რიცხვი გაცილებით მაღალია. „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“​ (WISG) 2018 წლის კვლევის მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, რესპოდენტთა 88.3% გამხდარა ძალადობის რაიმე ფორმის მსხვერპლი: ფსიქო/ემოციური ძალადობა განუცდია 85.5%-ს, სექსუალური ხასიათის ძალადობა თუ შევიწროება გამოუცდია 61.7%-ს, ხოლო 29.7% გამხდარა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. მიუხედავად ძალადობის გამოცდილების ამგვარი მასშტაბისა, მათგან მხოლოდ 16.8%-ს მიუმართავს სამართალდამცავთათვის, რის მიზეზადაც ყველაზე ხშირად მათი არაეფექტურობა, ჰომო/ბი/ტრანსფობიური რეაქციისა და იძულებითი "ქამინგ აუთის" შიში სახელდება.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის საქმიანობაში ჩანს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისკენ მიმართული პოზიტიური პრაქტიკა და ძალისხმევა, რასაც კოალიციის წევრები დადებითად აფასებენ, ისინი მაინც მიუთითებენ, რომ სამართალდამცავი უწყებების საქმიანობა უკეთეს ინსტიტუციონალიზებას, მსგავსი ტიპის დანაშაულების სისტემურ პრევენციასა და მსხვერპლის დაცვაზე ორიენტირებული მიდგომების შემუშავებას ითხოვს. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მსხვერპლთა ამ კატეგორიისათვის სპეციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მათ შორის გამოძიების შემდგომ ეტაპზეც.

ასევე ნახეთ დანაშაულის მოტივი - გენდერული იდენტობა

„კოალიცია თანასწორობისათვის“ ინფორმაციით, ყველაზე დიდი სისტემური პრობლემა, რომელსაც საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან, გენდერის სამართლებრივი აღიარების საკითხის დაურეგულირებლობაა. რეალურად, მათ არ ეძლევათ საშუალება შეიცვალონ სქესის შესახებ ჩანაწერი მათსავე მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტში. არსებული პრაქტიკა სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებისათვის მოიაზრებს არასასურველ, ძვირადღირებულ და სიცოცხლისთვის საშიშ ქირურგიულ პროცედურებს. სქესის შესახებ ჩანაწერის შესაცვლელად ქირურგიული ჩარევის გზით ანატომიური სქესის შეცვლისა და შესაბამისი დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის მოთხოვნა არღვევს ტრანსგენდერ ადამიანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და სამედიცინო ჩარევის შესახებ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლებებს.

გარდა ამისა, ორგანიზაციის განცხადებით, მაშინ როდესაც ხარისხიან სამედიცინო სერვისზე წვდომის უფლებას კანონმდებლობასთან ერთად ეთიკისა და სამედიცინო სტანდარტებიც უზრუნველყოფენ, ტრანსგენდერი ადამიანების შემთხვევაში ამგვარი წვდომაც შეზღუდულია. ქვეყანაში არათუ ტრანსსპეციფიკური ჯანდაცვის სერვისები, კლინიკური გზამკვლევი ან პროტოკოლიც კი არ მოიპოვება, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანებისათვის ტრანზიციის პროცესში დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცედურას გაწერდა.

სწორედ ამიტომ, „კოალიცია თანასწორობისათვის“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას:

  • უზრუნველყონ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი მულტისექტორული სტრატეგიის შემუშავება, რაც მოიცავს ამგვარი დანაშაულის პრევენციის ღონისძიებებსაც;
  • უზრუნველყონ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლთა საჭიროებების შესწავლა და სათანადო სერვისების დანერგვა.
ასევე ნახეთ გენდერული იდენტობა კლავს?!

ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეიმუშავოს გენდერის სამართლებრივი აღიარების სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურა, რაც დაეფუძნება იძულებითი მოთხოვნებისგან (სტერილიზაცია, სამედიცინო დიაგნოზი, ან ქირურგიული/სამედიცინო ჩარევა) თავისუფალ თვითიდენტიფიკაციას;

„კოალიცია თანასწორობისათვის“ მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსაც და უწყებას მიუთითებს, უზრუნველყოს ტრანსგენდერი ადამიანებისათვის საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა (მათ შორის ფინანსური) და შექმნას შესაბამისი კლინიკური გზამკვლევები და პროტოკოლები.