ტრამპისა და პუტინის სამიტი: ცივი ომის ექო ჰელსინკიში

როცა მიმდინარე თვეში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართება, ისინი ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ ქალაქში, რომელსაც მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მაღალ დონეზე ჩატარებული მოლაპარაკებების მასპინძლობის მდიდარი ისტორია აქვს.

16 ივლისის მოლაპარაკება მეოთხე შემთხვევა იქნება, როცა ჰელსინკი უმასპინძლებს ამ ორი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრას - რითიც გაგრძელდება ფინეთის ისტორიული მემკვიდრეობა, როგორც ნეიტრალური ტერიტორიისა, სადაც ცივი ომის ყოფილი მეტოქეები თავიანთ განსხვავებულ პოზიციებზე მსჯელობენ.

მეორე მსოფლიო ომში ფინეთი საბჭოთა ძალებს ებრძოდა და შემდეგ, 1948 წელს, მოსკოვთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. უფრთხოდა რა თავის ძლიერ საბჭოთა მეზობელს, ფინეთმა თავის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაზე დაუშვა საბჭოთა კავშირის მძლავრი გავლენა, თუმცა ფორმალურად დამოუკიდებლობა შეინარჩუნა.

ჩვენ აქ ჩვენი დღის წესრიგი არ გვაქვს, მაგრამ, ცხადია, როგორც რუსეთის მეზობელ ქვეყანას, გვსურს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაძაბულობის განმუხტვა."
მიკო მაიანდერი

ეს მიდგომა - რომელიც შემდეგ „ფინეთიზაციის“ სახელით დამკვიდრდა - ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდა. ფინეთის მთავრობას სურდა მოქნილი ბალანსი შეენარჩუნებინა ცივი ომის ორ სუპერსახელმწიფოს შორის, და ორივე მათგანი ფინეთს სადაზვერვო ოპერაციების პლატფორმად იყენებდა.

საბჭოთა კავშირს და დასავლეთს შორის მოლაპარაკებების ფორუმად ჰელსინკის შეთავაზება დამკვიდრებულ სტრატეგიად იქცა ფინეთისთვის, რომელიც არც ნატოს შეუერთდა და არც ვარშავის ხელშეკრულებას - რათა ხაზი გაესვა თავისი სტატუსისთვის, როგორც ნეიტრალურ გეოპოლიტიკურ მოთამაშეს.

„ფინეთის პერსპექტივიდან, ეს ჩვენი ნეიტრალობის აქტიური პოლიტიკის ნაწილი იყო“ - უთხრა ფინელმა ისტორიკოსმა, მიკო მაიანდერმა რადიო თავისუფლებას და დასძინა: „ფინეთი ბლოკებს შორის იყო მოქცეული, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და საერთაშორისო დიპლომატიისთვის კარგი სამსახურის შეთავაზებით მან დიდწილად გააძლიერა საკუთარი პოზიცია“.

აღიარება დასავლეთისგან და აღმოსავლეთისგან

ცივი ომის პერიოდში უსაფრთხოების ყველაზე ცნობილი სამიტი ფინეთის დედაქალაქში ჩატარდა 1975 წელს და მისი შედეგი იყო ჰელსინკის ხელშეკრულების გაფორმება. ეს ხელშეკრულება აშშ-ის, საბჭოთა კავშირის და ევროპის 33 სახელმწიფოს ურთიერთობებში რამდენიმე მთავარ პრინციპს გამოკვეთდა - მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობას და ადამიანის უფლებების პატივისცემას.

თავიანთი ქვეყნების სახელით ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯერალდ ფორდმა, ისე საბჭოეთის ლიდერმა, ლეონიდ ბრეჟნევმა. ამასთან, იქ მათ იარაღის კონტროლის შესახებაც გამართეს მოლაპარაკება, რომელსაც სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა „ძალიან სასარგებლო“ უწოდა.

ჰელსინკი, აშშ-ის საელჩო, 1975 წლის ივლისი. ფოტოზე: საბჭოთა კავშირის ლიდერი, ლეონიდ ბრეჟნევი (მარცხნიდან მეორე), აშშ-ის პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი (მარჯვნიდან მეორე), ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერი და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი გრომიკო.

ჰელსინკიში, აშშ-ის ელჩის რეზიდენციის შენობის წინ საუბრისას, ბრეჟნევმა ფორდს უთხრა, რომ მოახლოებულ არჩევნებში საბჭოთა კავშირი რესპუბლიკურ პარტიას უჭერდა მხარს - „ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ საამისოდო“. თუმცა არჩევნებში ფორდი მის დემოკრატ მეტოქესთან, ჯიმი კარტერთან დამარცხდა.

პასუხად, ფორდმა თქვა, რომ ის გამარჯვებას ვარაუდობდა და მხარდაჭერა გამოთქვა „დეტანტის გაძლიერების პროცესის“ მიმართ. ამ კერძო საუბრის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა საბჭოთა მემორანდუმიდან, რომელიც, თეთრი სახლის თანახმად, „აღდგენილ იქნა ბრეჟნევის საფერფლიდან ამოღებული ქაღალდის ნაგლეჯებიდან“ ჰელსინკის იმ დარბაზში, სადაც 1975 წლის სამიტი ტარდებოდა.

ჰელსინკი, 1997 წლის მარტი. აშშ-ის პრეზიდენტი, ბილ კლინტონი ხელს ართმევს რუსეთის პრეზიდენტს, ბორის ელცინს.

1975 წლის სამიტის მასპინძლობა, სადაც ჰელსინკის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, „ფინეთის ადრეული 1970-იანი წლების დიპლომატიის მნიშვნელოვანი მიზანი იყო“ -

უთხრა ჟენევის კვლევითი ინსტიტუტის თანამშომელმა, ფინელმა ისტორიკოსმა იუსი ჰანიმაკიმ რადიო თავისუფლებას და დასძინა: „ეს იყო გზა საიმისოდ, რომ გარკვეული აღიარება მომხდარიყო როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მხრიდან - რომ დიახ, [ფინეთის] ნეიტრალური სტატუსი რეალური იყო“.

ბუში, გორბაჩოვი, კლინტონი, ელცინი

აშშ-ის და საბჭოეთის ლიდერებს შორის ჰელსინკიში შემდეგი შეხვედრა გაიმართა 1990 წლის სექტემბერში - მასში მონაწილეობდნენ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში და საბჭოთა კავშირის ლიდერი, მიხაილ გორბაჩოვი. ეს მოლაპარაკებები თითქმის მთლიანად მიეძღვნა ერაყის შეჭრას ქუვეითში.

ორი წლით ადრე ბუშის წინამორბედი, რონალდ რეიგანი ჰელსინკიში შეჩერდა მოსკოვისკენ მიმავალ გზაზე, სადაც მას გორბაჩოვთან უნდა გაემართა სამიტი. ჰელსინკიში სამდღიანი ვიზიტი

ჰელსინკი, 1990 წლის 9 სექტემბერი. აშშ-ის პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში და საბჭოთა კავშირის ლიდერი, მიხაილ გორბაჩოვი მონაწილეობენ ერთობლივ სამიტში.

რეიგანმა გამოიყენა თავისი ცნობილი სიტყვის წარმოსათქმელად, რომელშიც მან თქვა - „ჭეშმარიტი საერთაშორისო უსაფრთხოება არ არსებობს ადამიანის უფლებების პატივისცემის გარეშე“.

ამ დროისათვის ბოლო სამიტი ჰელსინკიში 1997 წელს შედგა. შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა საკითხების სპექტრი განიხილეს, მათ შორის მოსკოვის ურყევი წინააღმდეგობა ნატოს გაფართოების მიმართ, ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებში.

თეთრი სახლის თანახმად, სამიტმა მაინც მოიტანა გარკვეული შეთანხმება „ნატოსა და რუსეთს შორის თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობის დამყარების მნიშვნელობის შესახებ“.

ორი თვის შემდეგ რუსეთმა და ნატომ ხელი მოაწერეს ისტორიული მნიშვნელობის საგზაო რუკას თანამშრომლობის თაობაზე, რომელიც ცნობილია „ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტის“ სახელით. მაგრამ ამ შეთანხმებას თან ახლდა ურთიერთუნდობლობა და დარღვევების შესახებ ერთმანეთის მისამართით გამოთქმული ბრალდებები, რუსეთის მიერ 2014 წელს უკრაინის ყირიმის ტერიტორიის ანექსირების და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის შემდეგ.

„ხიდების აგება“

ტრამპისა და პუტინის სამიტი, რომელიც 16 ივლისს არის დანიშნული, გაიმართება იმ ფონზე, როცა ვაშინგტონსა და მოსკოვს ურთიერთობას ბევრი საკითხი აყენებს ზიანს - მათ შორის უკრაინის კონფლიქტი, რუსეთის მიერ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა და აშშ-ში გამოთქმული ბრალდებები, რომ რუსეთი ჩაერია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფინეთი ევროკავშირში გაწევრიანდა. ის ნატოს წევრი არ გამხდარა, თუმცა შეუერთდა ალიანსის პროგრამას პარტნიორობა მშვიდობისთვის და ფინეთის სამხედროებმა მონაწილეობა მიიღეს ნატოს სამშვიდობო მისიებში.

მოსკოვსა და დასავლეთს შორის არსებული დაძაბულობის მიუხედავად, ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტიემ შეინარჩუნა პუტინთან ურთიერთობა და ის, ამავდროულად, ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა.

ჰელსინკი, 1999 წლის 22 ოქტომბერი. რუსეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ვლადიმირ პუტინი მონაწილეობს ევროკავშირ-რუსეთის სამიტში.

ისტორიკოს იუსი ჰანიმაკის თქმით, ფინეთის ლიდერები თავიანთ ქვეყანას აღიქვამენ „დასავლეთის მყარ ნაწილად“, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ არ არის ნატოს წევრი.

ისტორიკოსი დასძენს, რომ ფინეთში გარკვეული შეშფოთებაც არსებობს იმის თაობაზე, ამ შეხვედრით მეტისმეტი ლეგიტიმურობა ხომ არ ენიჭება რუსეთს და რუსეთის საგარეო პოლიტიკას. „თუმცა, ვფიქრობ, ამას გადაწონის ის ფაქტი, რომ ... ფინეთის საერთაშორისო წონის გაზრდის ერთადერთი საშუალება დღეს სწორედ მასპინძლის როლის გაწევაა“ - ამბობს ისტორიკოსი.

ჰანიმაკის კოლეგა, ისტორიკოსი მიკო მაიანდერი თვლის, რომ ფინეთის პერსპექტივიდან ძალიან კარგი რამაა ის, რომ ქვეყანასა კვლავაც შეუძლია იყოს ხიდების აგების ადგილი. „ჩვენ აქ ჩვენი დღის წესრიგი არ გვაქვს, მაგრამ, ცხადია, როგორც რუსეთის მეზობელ ქვეყანას, გვსურს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაძაბულობის განმუხტვა. და თუ ამას რაიმეთი წავადგებით, ეს ჩვენთვისაც კარგი იქნება“ - უთხრა მაიანდერმა რადიო თავისუფლებას.