“ეს ომი საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო”. პუტინი კი ”გარიგებაზე უნდა წამოვიდეს. ვფიქრობ, გარიგებაზე არწამოსვლით, ის რუსეთს ანადგურებს”, - უთხრა დონალდ ტრამპმა 20 იანვარს მის კაბინეტში შეკრებილ ჟურნალისტებს.
“რუსეთი საკმაოდ დიდ შარშია. შეხედეთ მათ ეკონომიკას, შეხედეთ რუსეთში ინფლაციის დონეს”, - თქვა მან.
ტრამპმა დაამატა, რომ პუტინი უკრაინასთან ომში “კარგად არ გამოიყურება” და ის “ვერ იქნება კმაყოფილი” ომის მსვლელობით, რადგან უკვე “თითქმის მილიონი ჯარისკაცი” დაკარგა.
ჟურნალისტებმა ტრამპს რუსეთის პრეზიდენტთან შესაძლო შეხვედრაზეც ჰკითხეს და მან დაადასტურა, რომ პუტინს აუცილებლად შეხვდება, თან “რაც შეიძლება სწრაფად”.
ტრამპმა ჟურნალისტების კითხვებს ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში უპასუხა. თავად ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას მას არც რუსეთი და არც უკრაინა არ უხსენებია.
პუტინის “ულტიმატუმი”?
კრემლი ტრამპის სიტყვებს უკვე გამოეხმაურა, წერს გამოცემა “ერბეკა”.
ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა თქვა, რომ კრემლი მზადაა “კონკრეტული შემოთავაზებების მისაღებად” და “სერიოზული დიალოგისთვის”.
იგივე გაიმეორა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც.
რაც შეეხება თავად ვლადიმირ პუტინს, მან ტრამპს გაპრეზიდენტება ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე მიულოცა.
ასევე ნახეთ ნიკოლაი პატრუშევი: "უკრაინა გაქრება, მოლდოვა დაიშლება..."რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე პუტინმა თქვა, რომ მზადაა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან დიალოგისთვის, თუმცა მისთვის “ყველაზე მთავარი კრიზისის პირვანდელი მიზეზის მოგვარებაა”.
მიზანი უნდა იყოს “არა ხანმოკლე ზავი… არამედ ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც დაეფუძნება ამ რეგიონში [აღმოსავლეთ უკრაინაში] მცხოვრები ყველა ადამიანის, ყველა ხალხის კანონიერი ინტერესების პატივისცემას”, - თქვა პუტინმა გამოცემა “ინტერფაქსის” მიხედვით.
უკრაინელმა ჟურნალისტმა ვიტალი პორტნიკოვმა რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებს “ულტიმატუმი” უწოდა.
მან გაიხსენა, რომ უკრაინაში ომის დაწყების დროსაც პუტინი ლაპარაკობდა უკრაინაში მცხოვრებ “ხალხებზე” და მათ “თვითგამორკვევის უფლებაზე”.
ამიტომ, ამტკიცებს პორტნიკოვი, პუტინის მიზანი უცვლელია - მას კვლავ სურს დაიმორჩილოს უკრაინა.
პროპაგანდა ბრაზობს
ტრამპის შეფასებებმა, განსაკუთრებით კი მილიონი დაღუპული ჯარისკაცის ხსენებამ, ძალიან გააღიზიანა კრემლის პროპაგანდისტები.
კრემლი არ ამხელს, რამდენი ჯარისკაცი დაკარგა უკრაინაში. მხოლოდ ბი-ბი-სის რუსულმა სამსახურმა 90 ათასზე მეტი დაღუპულის ვინაობა დაადგინა.
ტრამპმა ეს რიცხვი “უბრალოდ მოროშა, რათა თავი წარმოაჩინოს გმირად, რომელმაც სისხლისღვრა გააჩერა”, - დაწერა ტელეგრამში სამხედრო პროპაგანდისტმა კირილ ფიოდოროვმა.
პროპაგანდისტი სერგეი მარკოვი ამტკიცებს, რომ ამერიკული სპეცსამსახურები ტრამპს “ფალსიფიცირებულ ინფორმაციას აწვდიან”, რადგან უკრაინის დანაკარგები რუსეთისას ვითომდა 2-3 ჯერ აღემატება.
ეს ნიშნავს, რომ “ტრამპს არ ესმის უკრაინის სიტუაცია, ის ვერ მიიღებს უკრაინაზე ადეკვატურ გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, ტრამპისა და პუტინის წარმატებულ მოლაპარაკებებს არ უნდა ველოდოთ”, - წერს იგი.
პირობა ვერ შესრულდა
ტრამპისა და პუტინის შესაძლო მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 12 იანვარს ახსენა ამერიკის პრეზიდენტის მომავალმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა.
ასევე ნახეთ უკრაინა ტრამპის პირველ ვადაში: ჯაველინები, სამხედრო კატარღები, სანქციები რუსეთის წინააღმდეგინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე კი, ტელეკომპანია სი-ენ-ენმა გამოაცხადა, რომ ტრამპმა თავის ახლო გარემოცვას პუტინთან სატელეფონო საუბრის დაგეგმვა დაავალა.
ჯერჯერობით უცნობია, რა პირობებს წამოუყენებს ვაშინგტონი კრემლს. თუმცა, მაგალითად, აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამბობს, რომ ახალი ადმინისტრაცია მოელის დათმობებს როგორც რუსეთისგან, ისე უკრაინისგან.
“თითოეულ მხარეს მოუწევს რაღაცაზე უარის თქმა”, - უთხრა რუბიომ სი-ენ-ენს.
მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა დათმობებს გულისხმობს.
თავად ტრამპსაც არაერთხელ უთქვამს, რომ დათმობებს უკრაინისგანაც მოელის.
ერთ-ერთი ვერსიით, იგი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთისთვის ოკუპირებული აღმოსავლეთ უკრაინისა და ყირიმის დათმობას მოსთხოვს.
ტრამპი გაპრეზიდენტებამდე არაერთხელ დებდა პირობას, რომ უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებდა.