ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება, სახელწოდებით „აშშ-ის მოქალაქეობის მნიშვნელობისა და ღირებულების დაცვა“, აუქმებს მოქალაქეობის მინიჭებას აშშ-ში დაბადებული ბავშვებისათვის, რომელთა მშობლებიც არც მოქალაქეები არიან და არც კანონიერი მუდმივი რეზიდენტები. ეს არის იმიგრაციის ყოვლისმომცველი შეზღუდვის კამპანიის ნაწილი, რომლის შესახებაც ტრამპმა თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს გამოაცხადა.
აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც ძალაში 30 დღეში, ანუ 19 თებერვალს შევა, პოტენციურად აისახება ქვეყანაში ყოველწლიურად დაბადებულ ათიათასობით ბავშვზე, რომელთა მშობლებსაც იურიდიული სტატუსი არ გააჩნიათ. მათ შორის არიან პირები, ვისაც თავშესაფარი მიენიჭათ, მაგრამ ჯერ არ აქვთ მუდმივი რეზიდენტის სტატუსი და უცხოელები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ გრძელვადიანი, H-1B მუშაობის ნებართვა.
უფლებადამცველმა ჯგუფებმა, რომლებიც ტრამპის ამ ნაბიჯს ელოდნენ, უკვე შეიტანეს სარჩელი ფედერალურ სასამართლოში, რათა შეაჩერონ ბრძანების ძალაში შესვლა. მათი აზრით, ეს სასტიკი ბრძანებაა, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის ძირითად ღირებულებებს.
22-მა დემოკრატიულმა შტატმა, კოლუმბიის ოლქთან და ქალაქ სან-ფრანცისკოსთან ერთად, ასევე შეიტანეს მსგავსი სარჩელები.
ასევე ნახეთ „დარჩით მექსიკაში“ - რა ელით აშშ-ში მიგრაციის მსურველებს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიჯეიშ რატოდმა, სამართლის პროფესორმა და ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯის იმიგრანტთა მიმართ სამართლიანობის კლინიკის დირექტორმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ საქმე საბოლოოდ შეიძლება მივიდეს უზენაეს სასამართლომდე, რომელიც მარჯვნივ გადაიხარა მას შემდეგ, რაც ტრამპმა ცხრა მოსამართლიდან სამის დანიშვნა უზრუნველყო თავისი პირველი ვადის დროს.
”ჩემი აზრით, ეს ქმნის სატესტო საქმეს, რომელიც განიხილება ფედერალური სასამართლოების მეშვეობით. არ გამიკვირდება, თუ საბოლოოდ საკითხს უზენაესი სასამართლო განიხილავს“, - თქვა რატოდმა.
აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორება - მიღებული 1868 წელს, მონობის გაუქმებიდან სამი წლის შემდეგ - აცხადებს, რომ „ყველა პირი, რომელიც დაიბადა ან ნატურალიზებულია შეერთებულ შტატებში და ექვემდებარება მის იურისდიქციას, არის შეერთებული შტატების და იმ შტატის მოქალაქე, სადაც ცხოვრობს”.
ამ შესწორებამ გააუქმა 1857 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ აფროამერიკელები არ იყვნენ აშშ-ის მოქალაქეები თავიანთი რასის გამო, და ამის გამო არ სარგებლობდნენ მოქალაქეების უფლებებითა და თავისუფლებებით, მათ შორის - ხმის მიცემის უფლებით.
მე-14 შესწორების ამჟამინდელი ინტერპრეტაცია, რომ მოქალაქეობა ენიჭება შეერთებულ შტატებში დაბადებულ ნებისმიერ პირს, გარდა დიპლომატების შვილებისა, მომდინარეობს 1898 წლის სარჩელიდან, რომელიც შეიტანა ვონ კიმ არკმა - სან-ფრანცისკოში, კანონიერი ჩინელი ემიგრანტების ოჯახში დაბადებულმა პირმა.
ასევე ნახეთ აშშ-ის სასამართლოში პირველი სარჩელი შევიდა მიგრანტების შვილებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამოჩინეთში მოგზაურობის შემდეგ არკს უარი უთხრეს შეერთებულ შტატებში ხელახლა შესვლაზე იმ მოტივით, რომ ის მოქალაქე არ იყო. მან სასამართლოში იჩივლა, სადაც ამტკიცებდა, რომ მე-14 შესწორების თანახმად ის მოქალაქე იყო. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ მიიღო, რაც პრეცედენტი გახდა.
ამ კანონს ბევრი ბოროტად იყენებდა. მათ შორის უცხო ქვეყნების მდიდარი მოქალაქეები, რომლებიც თავიანთ ორსულ მეუღლეებს ან საყვარლებს შეერთებულ შტატებში ტურისტული ვიზებით აგზავნიდნენ, რათა ბავშვს აშშ-ის მოქალაქეობა ჰქონოდა. ეს ტაქტიკა იმდენად გავრცელდა, რომ მას "დაბადების ტურიზმი" უწოდეს.
იმიგრაციის კვლევების ცენტრმა, კვლევითმა ორგანიზაციამ, რომელიც მხარს უჭერს იმიგრაციის შეზღუდვას, შეაფასა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურისტული ვიზების მქონე უცხოელმა ქალებმა 2016 წლიდან 2017 წლის შუა პერიოდამდე 33,000 ბავშვი გააჩინეს. ეს დედები, როგორც წესი, ქვეყანას ბავშვთან ერთად ტოვებენ მაშინვე, როგორც კი ბავშვი პასპორტს მიიღებს.
2019 წლის იანვარში, ტრამპის პირველი ვადის დროს, აშშ-ის პროკურორებმა პირველად წაუყენეს ბრალი „დაბადების ტურიზმის“ ბიზნესის ოპერატორებს. საქმე აღიძრა 19 პირის წინააღმდეგ, რომლებიც ჩინეთის მოქალაქეებს ათიათასობით დოლარს ახდევინებდნენ კალიფორნიაში მშობიარობისთვის.
იმავე წელს „ასოშიეიტედ პრესმა“ გაავრცელა ცნობა, რომ ფლორიდაში ბავშვის გასაჩენად ყოველწლიურად ასობით ორსული რუსი ჩადიოდა.
შემდეგ, როდესაც მათი შვილები სრულწლოვანები გახდებიან, ამერიკის მოქალაქეობის მიღება მშობლებსაც შეუძლიათ. აშშ-ის მოქალაქეობა ბევრს სურს. სხვა თუ არაფერი, აშშ-ის პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ მხარდაჭერა მიიღონ აშშ-ის ადგილობრივი საელჩოსგან დაპატიმრების ან საშინაო კრიზისის შემთხვევაში და ევაკუაციაც კი მოითხოვონ.
თუმცა, „დაბადების ტურიზმი“ შეერთებულ შტატებში არამოქალაქეების მიერ გაჩენილი ბავშვების მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს. სხვები კი არიან ისინი, ვინც თავშესაფარს ან მოქალაქეობას ითხოვენ.
ტრამპი, რომელმაც ანტისაიმიგრაციო პოლიტიკა თავისი საპრეზიდენტო კამპანიის ქვაკუთხედად აქცია, აშშ-ის ავტომატური მოქალაქეობის წინააღმდეგ პირველი ვადის დროსაც გამოვიდა, მაგრამ მაშინ კონკრეტული ზომები არ მიუღია.
ექსპერტები ამბობენ, რომ ტრამპი, რომელიც 2016 წელს ჯერაც გამოუცდელი იყო პოლიტიკაში, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გულდასმით გეგმავდა სადავო კანონმდებლობას თეთრ სახლში შესაძლო დაბრუნების შემთხვევაში.
ტრამპის ადმინისტრაცია ყურადღებას ამახვილებს ექვს სიტყვაზე მე-14 შესწორებაში, რომელიც, მისი თქმით, გამორიცხავს მოქალაქეობას იმ მშობლების შვილებისთვის, რომლებიც არც მუდმივი კანონიერი რეზიდენტები არიან და არც მოქალაქეები.
ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება კონკრეტულად შეეხება იმ დედების შვილებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში უკანონოდ იმყოფებოდნენ და რომელთა მამა არც აშშ-ის მოქალაქეა და არც კანონიერი მუდმივი რეზიდენტი. ის ასევე იმ ჩვილების მოქალაქეობას უარყოფს, რომელთა დედაც შეერთებულ შტატებში ლეგალურად, მაგრამ დროებით იმყოფება - მაგალითად, ტურისტული, სამუშაო ან სასწავლო ვიზით - და რომელთა მამა არც აშშ-ის მოქალაქეა და არც კანონიერი მუდმივი რეზიდენტი.
ასევე ნახეთ აშშ-ის სამხრეთის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდაამერიკის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირმა და იმიგრანტების უფლებების დამცველმა სხვა ჯგუფებმა მაშინვე შეიტანეს სარჩელი და დაგმეს აღმასრულებელი ბრძანება, როგორც არაკონსტიტუციური და არაადამიანური.
„დაბადებითი უფლებების მქონე მოქალაქეობა გარანტირებულია ჩვენს კონსტიტუციაში და აბსოლუტურად ცენტრალურია იმისთვის, რასაც წარმოადგენს ამერიკა“, - თქვა კოდი ვოფსიმ, ACLU-ს იმიგრანტების უფლებების პროექტის დირექტორის მოადგილემ და ამ საქმის მთავარმა იურისტმა. „აშშ-ის მიწაზე დაბადებული ბავშვებისთვის მოქალაქეობაზე უარის თქმა არის უკანონო, ღრმად სასტიკი და ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ღირებულებებს“.
იმიგრანტების უფლებების დამცველმა ჯგუფებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ტრამპის ბრძანება ჩვილების სიცოცხლეს პოტენციურად საფრთხის ქვეშ აყენებს და საშიშროებას უქმნის ადამიანთა მუდმივ ქვეკლასს შეერთებულ შტატებში.
მათი განცხადებით, ასეთ ბავშვებს ცხოვრების კრიტიკულ ეტაპზე შეიძლება უარი ეთქვათ ძირითადი ჯანდაცვის სერვისებზე, ისინი ვერ მიიღებენ სამთავრობო პირადობის მოწმობებს და სხვა საკითხებთან ერთად, არ ექნებათ ხმის მიცემის უფლება.