ტრამპი: აშშ-ის ჯარისკაცები არ დაშავებულან, ირანს ახალ სანქციებს ვუწესებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო განცხადება გააკეთა ირანის მიერ ერაყში აშშ-ის ბაზებზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშთან დაკავშირებით.

"ვიდრე მე ვარ ამერიკის პრეზიდენტი, ირანს არ ექნება უფლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი"- ამ სიტყვებით დაიწყო პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმართვა. "ბედნიერი ვარ რომ არავინ დაშავებულა, არ ყოფილა მსხვერპლი ჩვენი მხრიდან, ყველა ჩვენი ჯარისკაცი დაცულია. წინასწარი შეტყობინების სისტემამ კარგად იმუშავა. ჩვენ განვიცადეთ მინიმალური ზარალი" - განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ აშშ ახალ, მძლავრ ეკონომიკურ სანქციებს უწესებს ირანს და ეს სანქციები შენარჩუნდება, „სანამ ირანი არ შეცვლის თავის ქცევას“.

„ჩვენი დიადი ამერიკული შეიარაღებული ძალები ყველაფრისთვის მზად არიან. ირანი, როგორც ჩანს, შეჩერდა,“ თქვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, თადაცვის და სახელმწიფო მდივნებისა და გენერლების ფონზე მდგარმა ტრამპმა.

„ჩვენი რაკეტები არის დიდი, მძლავრი, ზუსტი, მომაკვდინებელი და სწრაფი. შექმნის პროცესშია მრავალი ზებგერითი რაკეტა. მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს მძლავრი სამხედრო შეიარაღება მოგვეპოვება, არ ნიშნავს, რომ ის უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ არ გვსურს მისი გამოყენება. ამერიკის სიძლიერე - სამხედრო და ეკონომიკური - საუკეთესო შემაკავებელია“, თქვა დონალდ ტრაპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ სურს ნატოს სთხოვოს, უფრო მეტად იყოს ჩართული ახლო აღმოსავლეთის პრობლემებში. ამავე დროს მან დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, რუსეთსა და ჩინეთს მოუწოდა, გამოვიდნენ ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმებიდან.

აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლაზე დადებითი რეაქცია ჰქონდათ საფინანსო ბაზრებს. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, საფინანსო ბაზრებმა ტრამპის გამოსვლა ვითარების დეესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად აღიქვეს.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, 8 იანვრის დილით, ირანმა 15 ბალისტიკური რაკეტა ესროლა ერაყში განლაგებულ იმ სამხედრო ობიექტებს, რომლებზეც აშშ-ის სარდლობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის სამხედროები იმყოფებიან.

სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობა აიღო ირანის ისლამური რესპუბლიკის რევოლუციური გვარდიის კორპუსმა (IRGC), რომლის განცხადებაში ნათქვამია, რომ აინ ალ-ასადის ბაზაზე განხორციელებული თავდასხმა „ყველა მონაცემით სრული წარმატებით“ დასრულდა.

ამასთან, ირანის სახელმწიფო ტელევიზია, ყოველგვარი საბუთის გარეშე, ამტკიცებდა, რომ სარაკეტო იერიშების შედეგად დაიღუპა „სულ მცირე 80 ტერორისტი ამერიკელი ჯარისკაცი“ და განადგურდა აინ ალ-ასადის ბაზაზე განთავსებული შვეულმფრენები, დრონები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა.

ტელეკომპანია „სი-ენ-ენის" თანახმად, პენტაგონში აცხადებდნენ, რომ ირანის მხრიდან სარაკეტო იერიშის შედეგად არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაღუპულა. ჯარისკაცები რომ არ დაშავებულან, ეს დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტმა დღეს, თეთრ სახლში გაკეთებული საგანგებო მიმართვისას.

გუშინვე, სარაკეტო იერიშების შემდეგ ძალიან მალე, აშშ-ის პრეზიდენტმა ტვიტერის საშუალებით განაცხადა, რომ „ჯერჯერობით საქმე კარგად არის“.