ტრამვაი სახელად სურვილი

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ გილოცავთ ახალ წელს და ახალი რუბრიკით „სცენის შედევრები“ გთავაზობთ საუბარს ამერიკული სცენის მთავარ შედევრზე, სახელგანთქმული ტენესი უილიამსის პიესაზე „ტრამვაი სახელად სურვილი“ (“A Streetcar Named Desire”). იმისთვის, რომ ახალ ორლეანში „ელისეს მინდვრებზე“ მოხვდე, ორი ტრამვაი უნდა გამოიცვალო, ტრამვაი „სურვილი“ და ტრამვაი „სასაფლაო“. ასეთი ტევადი სიმბოლოებით იწყება ეს პიესა. სახლი, რომელშიც უბრალო მუშა სტენლი კოვალსკი და მისი არისტოკრატი მეუღლე სტელა ცხოვრობენ, საბოლოო გაჩერებაა კოვალსკის ცოლისდისთვის, სამხრეთელი ლამაზმანის, ბლანშ დიუბუასათვის. როგორ დაუპირისპირდა ერთმანეთს ამერიკული ჩრდილოეთი და სამხრეთი ევროპული აღმოსავლეთი და დასავლეთიდან (პოლონური წარმოშობის სტენლი კოვალსკი და ფრანგული წარმომავლობის ბლანშ დიუბუა); რა საიდუმლოს ატარებს ბლანში; რატომ აღარ მოიყვანა დიუბუა ცოლად სტენლის მეგობარმა მიჩმა, რომელიც მას თითქმის აღმერთებდა; რითია საშიში პოკერის თამაში მეგობრებს შორის; რა ელის კულტურას ინდუსტრიული განვითარებისა და ადამიანის გადაგვარების ეპოქაში; რამდენად ავტობიოგრაფიულია პიესა; რა გაგრძელება ჰქონდა გუსტავ ფლობერისეულ „ემა ბოვარი ეს მე ვარ“, რატომ ვერ თქვა ასე გახსნილად უილიამსმა, „ბლანშ დიუბუა მე ვარო“; რატომ ვეღარ დაწერა უილიამსმა ამ შედევრის ტოლფასი პიესები; რატომაა სტენლი კოვალსკი („მჭედელი“) და ბლანში – დიუბუა („შეშა“); როგორ გაუხსნა კოვალსკის როლმა დიდ ამერიკელ მსახიობს, მარლონ ბრანდოს, გზა ჯერ ბროდვეიზე, თეატრში, და შემდეგ დიდ კინოში; რატომ ვერ აიღო სამგზის ოსკაროსანი ელია კაზანის მიერ უილიამსის პიესის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა „ოსკარი“, რომელიც ფილმის ერთბაშად სამმა მსახიობმა მიიღო (მათ შორის მთავარი როლის შემსრულებელმა ვივიენ ლიმ), — ყველა ამ კითხვას გაეცემა პასუხი გადაცემაში.