ტოჩინოშინი: "ვიჭიდავებ იქამდე, სანამ ამის საშუალებას მუხლი მომცემს. გული არასოდეს დამაღალატებს“

ოძეკი ტოჩინოშინი ქართველ გულშემატკივრებს შეხვდა. სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძე თბილისში სულ რამდენიმე დღით ჩამოვიდა და ოფიციალური შეხვედრებისგან თავს იკავებს, რათა რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს ოჯახის წევრებთან ერთად. ერთგულ ქომაგებთან საუბარი კი ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაგეგმა და დღეს, კავკასიის უნივერსიტეტს ესტუმრა. ელიტარული სუმოს იერარქიის მეორე საფეხურზე მდგომმა ქართველმა სეკიტორიმ უამრავ შეკითხვას უპასუხა. დეტალურად გაიხსენა მაისის ბაშოს უმნიშვნელოვანესი მომენტები - ტურნირის ბოლოს მიღებული მუხლის ტრავმა, მსაჯის საბედისწერო შეცდომა და იოკოძუნასთან არც თუ საამაყო ფანდით მოგებული ბრძოლა.

მაისის სუპერტურნირს გორგაძე სეკივაკეს წოდებით შეხვდა. წინასწარვე იყო ცნობილი, რომ მარტის ბაშოზე დაკარგული ოძეკის წოდების დასაბრუნებლად, თხუთმეტტურიან შეჯიბრებაში მინიმუმ ათი ქულის აღება სჭირდებოდა. ათი ტურის შემდეგ, ქართველი გოლიათის ანგარიშზე ცხრა ქულა იყო და ქომაგები უკვე მისგან არათუ უმთავრესი ამოცანის შესრულებას, „იმპერატორის თასის“ მოპოვებას ელოდნენ. ამის მიზეზი მარტო სტატისტიკა არ იყო. ტოჩინოშინს აშკარად ეტყობოდა, რომ ბაშოს საუკეთესო ფორმაში შეხვდა. ერთადერთი, ტრავმა თუ შეაჩერებდა. ასეც მოხდა... ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ, მუხლში სითხე ჩაუდგა. ექიმების ჩარევის მიუხედავად, უიღბლობას წარუმატებლობაც მოჰყვა - ლევანმა ზედიზედ ორი მოსაგები ბრძოლა წააგო. უფრო ზუსტად, სამი, მაგრამ მესამე მარცხი მასზე და მის მეტოქეზე მეტად, მსაჯების დამსახურება იყო. დამხმარე მსაჯთა კრებამ - მონოიმ ქულა დოჰიოდან გადაგდებულ იაპონელ ასანოიამას აჩუქა, აქაოდა, ტოჩინოშინმა გდების შესრულებამდე ქუსლი გადგა დოჰიოს ხაზს მიღმაო. ეს კი ასე რომ არ იყო, ვიდეოჩანაწერებშიც ჩანს და სუმოს სპეციალისტთა უმეტესობამაც ღიად განაცხადა.

ბოლოსწინა - მეთოთხმეტე ტურში ლევან გორგაძემ მაინც გაინაღდა ოძეკის წოდება, თან უმაღლესი წოდების მეტოქის - იოკოძუნა კაკურიუს ძლევით, ოღონდ ეს ჰენკათი შეძლო. ჰენკა სასტარტო დაჯახებისგან თავის არიდებაა, რაც სუმოს ელიტაში არც თუ ვაჟკაცურ საქციელად ითვლება და ჰენკათი მოგებულებს ხშირად აკრიტიკებენ. გორგაძის მისამართით კი კრიტიკული განცხადება არავის გაუკეთებია. თუნდაც წინა დღეს მისი დაჩაგვრის გამო და რაც მთავარია, იმიტომ, რომ ქართველი სეკიტორი ეშმაკური ტაქტიკის მოყვარულთა შორის არასოდეს მოხვედრილა.

საბედისწერო შეცდომა

„ცხოვრებაში ყველას ეშლება რაღაც. არავის დავძრახავ. უბრალოდ ვიტყვი, რომ მსაჯებმა პატარა შეცდომა დაუშვეს. მაგრამ... რაღა ჩემს შემთხვევაში შეეშალათ?! ძალიან სამწუხარო მომენტი იყო. ასანოიამასთან შეხვედრის შემდეგ, ჩემს კლუბთან ძალიან ბევრი გულშემატკივარი დამხვდა. მეუბნებოდნენ, რომ გამარჯვებული და ოძეკი ვიყავი.

რა თქმა უნდა, იმ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ქულა დავკარგე, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ჩემს თავს ვადანაშაულებ ყველაზე მეტად. ასანოიამასთან დაპირისპირებამდე დასანანი შეხვედრები წავაგე“.

მუხლის ტრავმა

„მაისის ბაშოზე, ათი ტურის შემდეგ ცხრა ქულა მქონდა და რა თქმა უნდა, ჩემპიონობაზე ვფიქრობდი, მაგრამ, ენდოსთან შეხვედრისას მარჯვენა მუხლი დავიზიანე. ამ პრობლემას ადრეც არაერთხელ შევუწუხებივარ. მუხლში სითხე მიდგება ხოლმე. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ერთ ეპიზოდში ისე დავვარდი, მივხვდი, საქმე ცუდად იყო. საშინელი ტკივილები მაწუხებდა. ღამით ვერ ვიძინებდი და ექიმს ვთხოვე სითხე ამოეღო. ვინც სპორტსმენია, კარგად იცის, რომ სითხის ამოღების შემდეგ ტკივილიც იკლებს, მაგრამ სამწუხაროდ, მუხლს ძველებური დატვირთვით ვეღარ იყენებ. ამის ბრალიც იყო, რომ ბოლო ხუთი დღე სრულიად განსხვავებულად წარიმართა“.

ჰენკა იოკოძუნასთან

„დასამალი არაფერი მაქვს, შინაურები ხართ, საქართველოში ვარ, ჩემს ტერიტორიაზე. ჯერ კიდევ წინა დღეს გავიფიქრე, რომ ჰენკა გამეკეთებინა. მსგავსი რამეები არ მიყვარს, მაგრამ... რა ვქნა, გამიჭირდა და გავაკეთე. ნუ დამზრახავთ. თქვენ რა უფრო გაგიხარდებოდათ, რომ მეჭიდავა და წამეგო თუ თუნდაც ასე მოვქცეულიყავი და ოძეკის წოდება დამებრუნებინა? ზოგადად, მეტოქისთვის გამოცლა ნამდვილად არაა ჩემი სტილი. უბრალოდ, ამჯერად სხვა გზა აღარ იყო“.

საფირმო რიტუალი

„ის რიტუალი, რომელსაც შეხვედრის დაწყებამდე ვასრულებ ხოლმე, წინასწარ ნამდვილად არ დამიგეგმია და დამიდგამს. ეს ყველაფერი თავისით მოვიდა. უბრალოდ ასე მოხდა. მართლა მიჭირს თქმა, როგორ. ეს ყველაფერი შიგნიდან მოდის, ჩემი შინაგანი განწყობაა. ნამდვილად არასოდეს მიფიქრია, რომ ვინმესგან გამორჩეული ვყოფილიყავი“.

კარიერის დასასრული

„უკვე ოცდაათ წელს გადავაბიჯე და ვგრძნობ, ნელ-ნელა მიახლოვდება ის დრო, როცა სპორტიდან წასვლაზე უნდა დავფიქრდე. არ ვიცი, როდის იქნება ეს, რამდენიმე თვეში თუ რამდენიმე წელიწადში. მთავარი ისაა, რომ ჯერ-ჯერობით კიდევ შემიძლია ჭიდაობა.

ძალიან მიჭირს, წარმოვიდგინო კარიერის დასასრული. ამიტომ ასე ვიტყვი - ვიჭიდავებ იქამდე, სანამ ამის საშუალებას მუხლი მომცემს. გული არასოდეს დამაღალატებს“.

ტოჩინოშინი კარიერის დასრულების შემდეგ

„ხშირად უკითხავთ, ხომ არ მსურს იაპონიაში კლუბის დაფუძნება და მასწავლებლად მუშაობა. ეს ძალიან რთული იქნება. იმიტომ კი არა, რომ ამისთვის ფინანსებია საჭირო. უბრალოდ, კარიერის დასრულების შემდეგ მე საქართველოში მინდა ცხოვრება. აქ დავიბადე, გავიზარდე და იაპონიაში დროებით ვარ ჩასული, ჩემი საქმიდან გამომდინარე. ვიცი, პრობლემა არ იქნება, მაგრამ... არ მინდა იქ საცხოვრებლად დარჩენა. ჩემს სამშობლოში, ჩემს ოჯახთან ერთად მინდა ვიცხოვრო. მინდა მამას დავეხმარო. აქ მინდა, ვიყო ბედნიერი“.

ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი

მადლობა და ბოდიში გულშემატკივრებს

„სოციალურ ქსელში, ფეისბუქსა და ინსტაგრამზე ძალიან ბევრი გულშემატკივარი მიკავშირდება. ეს საოცრად სასიამოვნოა ჩემთვის, მაგრამ, მიზეზთა გამო ყველასთვის პასუხის გაცემას ვერ ვახერხებ. მინდა თითოეულ მათგანს ამ განცხადებით მოვუხადო ბოდიში და გადავუხადო მადლობა. თქვენ მე მაძლიერებთ. ჩემი თითოეული წარმატება მნიშვნელოვანწილად თქვენი დამსახურებაა“.

ტოჩინოშინმა დარბაზში შეკრებილი გულშემატკივრების ყველა შეკითხვას უპასუხა. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც შეკითხვა არ ჰქონდათ და საყვარელ სპორტსმენს უბრალოდ პატივისცემა და მხარდაჭერა აგრძნობინეს, ან უბრალოდ, მადლობა გადაუხადეს. ერთი მადლობა განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო:

„ერთი წლის წინ, მე და ჩემი ოჯახი ლეიკემიას ვებრძოდით. იმ ჩვენთვის უმძიმეს პერიოდში ლევან გორგაძემ ჩვენი შვიდი წლის ვაჟის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა. დღეს მე და ჩემი სრულიად ჯანმრთელი ბიჭი მასთან შესახვედრად და მადლობის გადასახდელად მოვედით“ - თქვა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა და შვილი სცენაზე აუშვა.