„ტომ სოიერის“ გაგრძელება, ჭკვიანი კატა შერეკილი პატრონით და კრუიფის ფეხბურთი - თბილისში წიგნის ბაზრობა იმართება

წიგნის ბაზრობა

10-12 ნოემბერს თბილისში, „ექსპო-ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში წიგნის ბაზრობა იმართება. ბაზრობაზე ქართული გამომცემლობები მონაწილეობენ. ამ დღეებში მკითხველს შეუძლია წიგნები იაფად შეიძინოს.

წიგნების ბაზრობებისთვის გამომცემლობები მკითხველს ტრადიციულად ახალ წიგნებსაც სთავაზობენ. „სულაკაურმა“ დაბეჭდა ჯონ სტაინბეკის „ედემის აღმოსავლეთით“ და „ტორტილა ფლეტი“. გამოსცა ზაირა არსენიშვილის კიდევ ერთი და ბოლო წიგნიც: „ერთსა კაცსა ბლისკინელსა“.

ზაირა არსენიშვილი საბჭოთა პერიოდის მწერალია, მაგრამ რადგანაც მუდმივად საბჭოთა რეპრესიებზე წერდა, მისი ნაწარმოებები არ იბეჭდებოდა. ეს ავტორი ქართველმა მკითხველმა მისი გარდაცვალების შემდეგ, რომანით „ვა, სოფელო“ აღმოაჩინა. ამის შემდეგ გამოიცა არსენიშვილის სხვა, მანამდე დაუბეჭდავი ნაწარმოებებიც.

„ეს წიგნები მუდმივი ბესტსელერებია, ხალხი კითხულობს. „ვა, სოფელო“ სულ 30 ათასამდე ეგზემპლარი გაიყიდა“, - ამბობს ნუკა ღამბაშიძე, გამომცემლობა „სულაკაურის“ წარმომადგენელი.

ნუკა ღამბაშიძე

ბავშვებისთვის „სულაკაურმა“ დაბეჭდა სვენ ნურდკვისტის ზღაპარი „პეტსონი და ფინდუსი“. პეტსონი შერეკილი ადამიანია, ფინდუსი - ჭკვიანი კატა. ასევე გამოიცა პატრიკ მარია ბინშტაინის „პატარა კლარა“. კლარას ძალიან უნდა დიდი იყოს, ტანითაც და ასაკითაც, თუმცა, ბოლოს ხვდება, რომ დიდობაში ბევრი არაფერი ყრია.

„აზროვნების აკადემიამ“ კი „ტომ სოიერის“ გაგრძელება დაბეჭდა - „ტომ სოიერი საზღვარგარეთ“.

„მარკ ტვენს „ტომ სოიერისა“ და „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალის“ გარდა კიდევ ორი წიგნი აქვს დაწერილი: „ტომ სოიერი საზღვარგარეთ“ და „ტომ სოიერი დეტექტივი“. „ტომ სოიერი დეტექტივი“ უკვე ორ კვირაში გამოვა გასაყიდად, - ამბობს მარიამ ტურძილაძე, „აზროვნების აკადემიის“ მთავარი რედაქტორი, - მალე კიდევ ერთი ახალი წიგნი გვექნება. „პიტერ პენის“ პირველი ნაწილი. თუკი მკითხველს ვერ გაუგია, თუ რატომ აქვს პიტერს ასეთი უცნაური დამოკიდებულება დედების მიმართ, მას ეს წიგნი გასცემს პასუხს. ამ წიგნში არის ახსნილი, როგორ წარმოიშვა ეს პერსონაჟი და რატომ დარჩა ის მარადიულ ბავშვად“.

წიგნის ბაზრობა

მას შემდეგ, რაც პანდემიის თემა აქტუალური გახდა, გამომცემლობა „სიესტამ“ დაბეჭდა ბრიტანელი პუბლიცისტის ლორა სპინის „ჩალისფერი მხედარი“, რომელშიც 1918 წლის ესპანური გრიპის ისტორიაა მოთხრობილი, 5 ქვეყნის მაგალითზე.

დავით კაკაბაძე

„ძალიან საინტერესოდ იკითხება და ძალიან ბევრი ჭკუის სასწავლებელი ამბავია. უამრავი რამის გათვალისწინება შეიძლებოდა, იმ პანდემიას უფრო ყურადღებით რომ მოვკიდებოდით, - ჰყვება „სიესტას“ წარმომადგენელი დავით კაკაბაძე, - კიდევ ერთი საინტერესო წიგნიც გვაქვს, დევიდ შეფის „კარგი ბიჭი“. ეს არის დოკუმენტური რომანი ნარკომანიაზე. წიგნი ეხება მის შვილს, რომელიც სკოლაში ყველაზე ჭკვიანი და ლამაზი იყო, მერე კი ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახდა. ამ წიგნში მოთხრობილია, თუ როგორ იბრძვის მამა შვილის გადასარჩენად“.

„პალიტრა L“-მა გამოსცა ჯეი შეტის „სიყვარულის 8 წესი“ (როგორ ვიპოვოთ, შევინარჩუნოთ და დავივიწყოთ იგი).

„ეს წიგნი მსოფლიო ბესტსელერია. ჯეი შეტი ყოფილი ბერია და წიგნი ვედური ცოდნის მიხედვით დაწერა. წიგნი გვასწავლის საკუთარი თავის სიყვარულს, საკუთარ თავთან, გარე სამყაროსთან ურთიერთობის დალაგებას. მის წაკითხვას ყველა იმ ადამიანს ვურჩევდი, რომელსაც ამ ქაოსურ ცხოვრებაში სიყვარულის დაბრუნება სურს“, - ამბობს „პალიტრა L“-ის წარმომადგენელი თამთა ჯაფარაშვილი.

გამომცემლობა „ინტელექტმა“ თან საკითხავის სერიაში დაბეჭდა „100 ამბავი ამბროსი ხელაიაზე“ და „100 ამბავი ალპინიზმზე“. ასევე გამოსცა ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის, რიჩარდ პაიპსის „კომუნიზმი“, რომელშიც კომუნიზმის დაბადება და მარცხია აღწერილი.

ასე მაგალითად, ამ წიგნიდან შეიტყობთ, რა გააკეთა სტალინმა უკრაინაში, ჩრდილოეთ კავკასიასა და ყაზახეთში გლეხობის წინააღმდეგობის დასაძლევად, როცა ისინი კოლექტივიზაციას უპირისპირდებოდნენ: 1932-33 წლებში ამ რეგიონებში ხელოვნურად გამოიწვიეს შიმშილი: სტალინის ბრძანებით, მთელი სურსათი ამოიღეს და არმიის ნაწილები შემოარტყეს, რათა მშიერი გლეხები საკვების საძებნელად ვერ წასულიყვნენ. ამას 6-7 მილიონი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. ითვლება, რომ ყაზახეთში მთელი მოსახლეობის მესამედი გაწყდა.

წიგნში რიჩარდ პაიპსს მოჰყავს 1937-38 წლების სტატისტიკა. დიდმა ტერორმა პიკს სწორედ ამ წლებში მიაღწია, როცა დღეში, საშუალოდ, 1000 კაცს სჯიდნენ სიკვდილით. შედარებისთვის, წერს პაიპსი, მეფის რეჟიმმა რუსეთში, 1825-დან 1910 წლამდე სიკვდილით დასაჯა 3932 ადამიანი.

ზვიად კვარაცხელია (შუაში).

„ინტელექტმა“ ერთ დიდ კრებულში მოუყარა თავი იმ მოთხრობებსაც, რომლებიც პროექტის „ვწერ მასწავლებლისთვის“ ფარგლებში, სკოლასა და მასწავლებლებზე იწერებოდა.

ასევე გამოსცა იოჰან კრუიფის წიგნი: „ჩემი შემობრუნება“.

„კრუიფი იყო მწვრთნელი, რომელმაც მოაზროვნე ფეხბურთელი წამოწია წინ. დღევანდელი ფეხბურთი სწორედ მოაზროვნე ფეხბურთელზე დგას. დღეს თუ რამე მნიშვნელოვანი იქმნება ფეხბურთში, სწორედ კრუიფის მიგნებებიდან გამომდინარე“, - ამბობს ზვიად კვარაცხელია, „ინტელექტის“ წარმომადგენელი.

გარდა ამისა, „ინტელექტმა“ დაიწყო ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალის გამოცემაც.

„ჟურნალ „ქართული მწერლობის“ გამოცემის მიზეზი ის რეპრესიული პოლიტიკაა, რომელსაც კულტურის სამინისტრო ატარებს თავისუფალი სივრცეების ოკუპაციისთვის, რომ მინისტრმა დაუკვეთოს თემები, მან შეარჩიოს ავტორები და წარმართოს ლიტერატურული პროცესები, - ამბობს ზვიად კვარაცხელია, - ეს ჯერ არც ერთ რეჟიმს არ გამოსვლია. ამის გამო გვინდა, ალტერნატიული ჟურნალი გვქონდეს. ეს ერთ-ერთი საშუალებაა, რომელიც პარტიული ჩარევისგან თავისუფალ სივრცეებს შექმნის. მომავალში სხვა გზებიც გამოჩნდება“.